ავტორი:

სამი ტრადიციული და იაფად მოსამზადებელი კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს

სამი ტრადიციული და იაფად მოსამზადებელი კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს

როგორ შეხვდეთ ახალ წელს და რომელია ტრადიციული კერძები, რომლებიც ჩვენ სუფრას უნდა ამშვენებდეს. ქეთი კვიჭიძე - გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელია. საინტერესო ამბების გარდა, ქეთი ჩვენს მკითხველს სამი კერძის რეცეპტს გაუმხელს, რომლითაც შეგიძლიათ მცირე ბიუჯეტის ფარგლებში, სუფრა გემრიელი და ტრადიციული გახადოთ.

- 2020 წელი ძალიან რთული იყო. მომავალ წელს, როგორც მომავლის იმედს, ყველანი სულმოუთქმელად ველით. ჩვენს წარმოდგენაში, როგორც შევხვდებით ახალ წელს, ისეთივე წელი გვექნება, ამიტომ ვცდილობთ, ბევრი ტკბილეული გვქონდეს, როგორც ტკბილი წელის სიმბოლო, ბევრი საჭმელი გვქონდეს, როგორც ბარაქის სიმბოლო.

საქართველოს ყველა კუთხეში სუფრის სხვადასხვა ტრადიცია გვხვდება, მათ შორის საახალწლოდაც. მაგალითად, გურიასა და სამეგრელოში, გოჭი და საცივი ჰქონდათ სუფრაზე, ეგნატე ნინოშვილიც საკალანდო სუფრაზე გოჭს, ხაჭაპურებს, საცივს და გოზინაყს აღწერს.

გურიაში გურულ ღვეზელს კალანდაზე აუცილებლად გამოაცხობდნენ, თითოეულ ოჯახის წევრს თითო ღვეზელი ერგებოდა, ღვეზელი მთვარის ფორმის ცხვებოდა, ყველთან ერთად მოხარშულ კვერცხს დაჭრიდნენ და ჩადებდნენ შიგნით, როგორც ნაყოფიერების სიმბოლოს.

ზემო აჭარაში სირაბაჯს (ლაბა) მოამზადებდნენ, ქობულეთისკენ იახნის, საცივს, აჩმას გამოაცხობდნენ.

იმერეთი, რა თქმა უნდა, იმერული ხაჭაპურით იწონებდა თავს. საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში ხინკალი იყო უპირობო ტრადიციული კერძი. დღეს უკვე დასავლეთი იქნება თუ აღმოსავლეთი, ახალ წელს საცივი საქართველოს ყველა რეგიონში მზადდება.

ადრე საცივი ქათმისგან მზადებოდა, რადგან ინდაური გვიან პერიოდში შემოვიდა საქართველოში. წელს რადგან პანდემია მძვინვარებს და ეკონომიური კრიზისია, შეგიძლიათ ქათმისგან მოამზადოთ, თუ თქვენი ბიუჯეტი ინდაურს ვერ გაწვდება.

გაგიზიარებთ ქობულეთური იახნის რეცეპტს, რომელიც ძალიან გავს ხარჩოს

  • იახნი

1 კილოგრამი საქონლის მკერდი და რბილი ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და მოვხარშოთ.

3 თავი ხახვი ალყა-ალყად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ, ნახევარ ჩაის კოვზ ზაფრანასთან და ნახევარ ჩაის კოვზ შავ პილპილთან ერთად.

300 გრამი ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ ნახევარი ჩაის კოვზი ზაფრანა, ერთი კოვზი ხმელი დაფქული ქინძი და მოვზილოთ ხელით კარგად, სასურველია ზეთიც გამოვუყვანოთ.

მოხარშულ ხორცში ჩავუშვათ ნიგოზი, მოშუშული ხახვი, დანაყილი 3 კბილი ნიორი, მარილი გემოვნებით და ვადუღოთ. ღომთან ერთად მივირთვათ.

იახნის თვითღირებულება 32 ლარია.

  • თევზის ბუღლამა

1 კილოგრამი თევზი (სასურველია თართი, თორუჯი ან ზუთხი, მაგრამ ორაგულიც შეგიძლიათ)

1 კილოგრამი ჩერი პომიდორი

4 თავი ხახვი მსხვილად ჩავჭრათ

ქინძი 7 ძირი

დაფნის ფოთოლი 2 ცალი

წიწაკა ერთი მთლიანი

ბაჰარი 2 -3 ცალი

მარილი გემოვნებით

ეს ყველაფერი, დაჭრილ თევზთან ერთად, ფენა-ფენა ჩავალაგოთ ქვაბში, მოვასხათ 2 ჭიქა თეთრი ღვინო, დავახუროთ თავზე და ვხარშოთ, ვიდრე მზად არ იქნება. სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ცივად გამოწურული წიპწის ზეთი (ღვინის და ზეთის გემო ძალიან მოუხდება თევზს).

კერძის მომზადება, ქართულ ორაგულს თუ შეიძენთ, 20 ლარი დაგიჯდებათ.

  • ფელამუში

დაგჭირდებათ 1 ლიტრი ყურძნის წვენი, სასურველია საფერავი ან ადესის, რომელშიც გახსნით 100 გრამი სიმინდის და 100 გრამი ხორბლის წვრილ საცერში გაცრილ ფქვილს, დადგამთ დაბალ ცეცხლზე და ადუღებთ, ვიდრე არ შესქელდება და არ დაიდუღებს.

500 გრამი გატარებული ნიგოზი და თხილი ჩავაფინოთ სასურველ ფორმაში, ზემოდან დავასხათ მზა ფელამუში, გაციებულს მოვაყაროთ ისევ დატეხილი ნიგოზი და დავჭრათ სასურველ ფორმებად (ფელამუშის ნამცხვარი გამოგივათ).

ფელამუშის მომზადება 30 ლარამდე დაგიჯდებათ

"როგორც იქნა, ერთმანეთს შევხვდით" - სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

რა ღირს ანუკი არეშიძის ქურთუკი, რომელშიც თბილისის მერის მეუღლე ბოლო დღეებში გამოჩნდა - სამოსი MONCLER-ის კოლექციიდანაა

რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა