ავტორი:

"კავკასიური მშვიდობის იდეა ჰქონდა გამსახურდიასაც, შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც... რას გულისხმობს ზურაბიშვილი?" - რა კითხვებს წარმოშობს ერდოღანის ინიციატივა

"კავკასიური მშვიდობის იდეა ჰქონდა გამსახურდიასაც, შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც... რას გულისხმობს ზურაბიშვილი?" - რა კითხვებს წარმოშობს ერდოღანის ინიციატივა

უკანასკნელი დღეებია, საკმაოდ დიდ ყურადღებას იქცევს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ე.წ. კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის ჩამოყალიბების იდეა, რომლის ინიციატივითაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი გამოვიდა. ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა, რომელიც მან 22 დეკემბერს, "ელჩების კონფერენცია 2020-ის“ ფარგლებში გააკეთა.

"მეორე გამოწვევა ამ წლის იყო კონფლიქტი ჩვენ რეგიონში - ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზე არის დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორები, ყველა, ჩვენს გარდა და ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საზოგადოების ნაწილში ამ განცხადებამ აღშფოთება იმიტომ გამოიწვია, რომ ე.წ. ექვსეულის პლატფორმის ნაწილად მოიაზრება რუსეთის ფედერაციაც, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანითაა დაკავებული და სხვა სირთულეების შექმნის გარდა, კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.

საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაციიდან მალევე გამოეხმაურნენ, მათი თქმით, "მორიგ უსაფუძვლო აჟიოტაჟს“, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის გამოსვლას.

"ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

  • "ექვსეულის პლატფორმა“

რა ინიციატივით გამოვიდა რეჯეფ თაიფ ერდოღანი? თურქეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან დაახლოებით 2 კვირის წინ გააკეთა, უკავშირდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში "ექვსეულის პლატფორმის“ შექმნას.

თურქეთის პრეზიდენტი, რომელმაც ეს განცხადება ბაქოში ყოფნისას გააკეთა, სადაც მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნების გამო გამართულ აღლუმსა და საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო, ამგვარი პლატფორმის შექმნას რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით განიხილავს.

ერდოღანის იდეით, შესაძლებელია, რეგიონის განსავითარებლად გაერთიანდნენ აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში - სომხეთი.

  • რამდენად რეალისტური და მისაღებია კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის შექმნა?

პოლიტიკის ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის თქმით, მსგავსი ფორმატი არ შედგება და მისი თქმით, თუ მართალია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არ ემთხვევა ერდოღანის ინიციატივას, "საჩხუბარი არაფერია“.

"თუ სიმართლეს ამბობენ, არაფერი არ არის საჩხუბარი, მოდით, ასე ვთქვათ - ეს იქნება კიდევ ერთი აურზაური არაფრის გამო. ისედაც, სიტყვაზე ისიც რომ დავუშვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი დათანხმებოდა ერდოღანს და იმავე ინიციატივაზე ესაუბრა, ეს ინიციატივა არ გამოვიდოდა. პირველი, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზალკალიანმა თქვა, რომ არ შედგება მსგავსი ფორმატი, სანამ რუსეთი არ შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს, გასაგებია, რომ იგულისხმა დეოკუპაცია და მეორე: სომხეთი და აზერბაიჯანი ასე მარტივად ერთ ფორმატში ვერ დასხდებიან. ამით მე მგონი, ყველაფერია ნათქვამი“, - აღნიშნა შარაშენიძემ.

კითხვაზე, რატომ არ იყო ხაზგასმულად ნათქვამი, თუ რაზე საუბრობდა კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილი და რომ ეს არ იყო კერძოდ თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივის გამოძახილი, პასუხობს, რომ პრეზიდენტი ხანდახან უცნაურად საუბრობს, თუმცა ის, რომ საქართველო რეგიონის ნაწილია, უნდა გვახსოვდეს.

"ქალბატონი სალომეს ასე ვთქვათ, კომუნიკაციის უნარზე ნუ ვილაპარაკებთ, ხანდახან უცნაურად ლაპარაკობს ხოლმე... თუმცა თუ გავიხსენებთ მის გამოსვლას პარლამენტის სესიის გახსნაზე, იქ ისაუბრა სწორედ იმაზე, რომ საქართველომ უნდა გაააქტიუროს თავისი როლი და ადგილი უნდა იპოვოს რეგიონში. ასე რომ, მასაც აქვს მსგავსი მოსაზრებები, რაშიც ცუდი არაფერია - საქართველო რომ რეგიონის ნაწილია, ეს უნდა გვახსოვდეს, ჩვენ არ ვართ და ვერ ვიქნებით ვერასდროს ამერიკის შეერთებული შტატების 51-ე შტატი. სამწუხაროდ, ბევრი ასე უყურებს ხოლმე სიტუაციას, თითქოს ამერიკის შტატი ვიყოთ, რაც ასე არ არის, ჩვენ რეგიონში ვართ აქედან გამომდინარე, ყველა პრობლემებითა და უპირატესობებითაც. უნდა ვიპოვოთ ბალანსი იმ საქართველოს შორის, რომელიც ამ რეგიონის ნაწილია და ამას ვერ გავექცევით, და იმ საქართველოს შორის, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის. ევროპა და რეგიონი - ბალანსი უნდა მოვნახოთ და ზედმეტად არც ერთში უნდა გადავიდეთ, რადგან დამაზიანებელი იქნება, თავისთავად ცხადია, როგორც რეგიონიდან ბოლომდე მოწყვეტა, ასევე, რა თქმა უნდა, უარის თქმა ევროპულ ინტეგრაციაზე“, - აცხადებს შარაშენიძე AMBEBI.GE-სთან.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე საუბრობს როგორ ერდოღანის ინიციატივაზე, ასევე თავად სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზე. ის სკეპტიკურად უყურებს პლატფორმის შექმნის განხორციელების შანსებს, როგორც ამჟამინდელი გარემოებების, ასევე, ისტორიული გამოცდილების გამო.

"თურქეთისგან პირველად არ გვესმის მსგავსი ინიციატივა, მახსოვს, კავკასიური პაქტის იდეა 2008 წელსაც გაჟღერდა. ახლა რაც მოვისმინეთ, ბაქოში გაკეთებული გაცხადება "ექვსეულის“ შესახებ, გულწრფელად რომ გითხრათ, არარეალისტურად მეჩვენება მარტივი მიზეზის გამო: რუსეთის ფედერაცია, რომელიც არსებულ კონფლიქტებში დაინტერესებული მხარეა, ამასთანავე, საქართველოს შემთხვევაში არის უშუალოდ ჩართული და ოკუპანტი, ვერანაირად იქნება ვერც უსაფრთხოების, ვერც სტაბილურობის გარანტი; მით უმეტეს, ის ვერ იქნება მომრიგებელი და შუამავალი, რადგან საქართველოს შემთხვევაში ეს ოკუპანტი სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები უშუალოდ აქვს ოკუპირებული. ამიტომ, აქ საუბარი იმ პლატფორმაზე, რომელიც გამორიცხავს დასავლეთის ფართო ჩართულობას და რუსეთს მოქმედების ფართო არეალს აძლევს, ჩვენთვის დამაზიანებელია. დარწმუნებული ვარ, ამაზე საქართველო არ დათანხმდება და არც უნდა დათანხმდეს.

თავად თურქეთს რაც უკავშირდება, ზოგადად, ჩვენთვის თურქეთის ჩართულობა მისასალმებელია, რადგან ჩვენთვის თურქეთი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით სხვა სახელმწიფოებზე და მითუმეტეს, რუსეთის ფედერაციაზე, ამიტომ, ეს პრობლემაა. კიდევ ერთია, რომ თუ სულ უახლოეს ისტორიულ გამოცდილებას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ვერ იმუშავა ვერც ერთმა ფორმატმა, რომელიც შექმნილი იყო (სხვათა შორის, თურქეთი მაშინაც იყო ამის ერთ-ერთი ინიციატორი თუ თანაინიციატორი, იმავე, შავი ზღვის თანამშრომლობაზე), - სწორედ რუსეთის დესტრუქციული პოზიციების გამო.

"რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნათქვამს: ჯერ ერთი, როგორც გავიგეთ, ეს არ შეეხებოდა კონკრეტულად ერდოღანის ინიციატივას და აქ ლაპარაკია რაღაც სხვაზე. მე მგონი, ამ შემთხვევაში ელემენტარულად, უფრო ნათლად უნდა აიხსნას, რა იგულისხმება ამ სხვაში. ზოგადად, კავკასიური მშვიდობის იდეა ახალი არ არის, რადგან ასეთი იდეა ჰქონდა ზვიად გამსახურდიასაც, ედუარდ შევარდნაძესაც, მიხეილ სააკაშვილსაც... რას გულისხმობს პრეზიდენტი, რა იდეაზე აქვს საუბარი - მე მგონი, აქ ცოტა მეტი სიცხადე უნდა შემოვიტანოთ, მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საქართველოს მოსახლეობას და მხოლოდ ამის მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რამდენად განხორციელებადია ან რამდენად სჭირდება მხარდაჭერა ამ იდეას. ჯერჯერობით, აქ უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე - პასუხი, ამ ინიციატივაში არაფერია სიცხადე. ასე რომ, ალბათ აქ კითხვა უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტთან უნდა გადამისამართდეს, რას გულისხმობს ის თავის იდეაში. გასაგებია, რომ ეს არ არის ერდოღანის იდეის მხარდაჭერა, რაც მოვისმინეთ უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, მაგრამ კითხვაა ის, თუ რა იგულისხმება კონკრეტულად“, - აღნიშნავს ფხალაძე.

  • როგორ აღიქმება საქართველოს პარტნიორების მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია?

თენგიზ ფხალაძე AMBEBI.GE-სთან ხაზს უსვამს, რომ პარტნიორების მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები აღიქმება, როგორც ქვეყნის ოფიციალური პოზიცია.

"რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, თავისთავად ცხადია, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი დიდ ყურადღებას აქცევს სახელმწიფოს მეთაურის განცხადებას, რადგან სახელმწიფოს მეთაურის განცხადება არის სახელმწიფო მეთაურის განცხადება და ის ნებისმიერ შემთხვევაში მოხვდება ყურადღების ცენტრში, იქნება ეს პოლიტიკური თუ ანალიტიკური წრეები. ამიტომაც ვამბობ, რომ როდესაც რაღაც განცხადება კერთდება, ეს ცხადი, გასაგები უნდა იყოს და კარგად უნდა გვესმოდეს, რაზეა ლაპარაკი, რადგან ეს არ არის კერძო პირის განცხადება, ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოს მეთაურზე, რომლის ყველა სიტყვა, ყველა ზეპირი თუ წერილობითი განცხადება, მით უმეტეს საერთაშორისო ასპარეზზე აღიქმება, როგორც ქვეყნის პოზიცია, ქვეყნის მიერ გაკეთებული განცხადება. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გათვალისწინება და სიცხადე“, - აცხადებს ფხალაძე.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, თორნიკე შარაშენიძის თქმით, როგორც წესი, ქვეყნის პრეზიდენტის გამონათქვამები გადაჭარბებულ სკანდალს იწვევს ხოლმე. შარაშენიძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პარტნიორებმა სალომე ზურაბიშვილის კომენტარები ასე სერიოზულად არ უნდა აღიქვან.

"ვინც საქართველოს რეალობას კარგად იცნობს, უნდა ხვდებოდნენ მშვენივრად, რომ ასე ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილი ხშირად დამოუკიდებლად მოქმედებს ხოლმე და მისი განცხადებები ხანდახან მაინცდამაინც საქართველოს მთავრობასთან შესაბამისობაში არ არის. ეს უნდა იცოდნენ მათ, ვინც საქართველოს რეალობას იცნობს. 1-2-ჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მის განცხადებას საქართველოს ხელისუფლება ღიად არა, მაგრამ საქმით გამიჯვნია“, - აღნიშნავს შარაშენიძე.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოცამდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟის და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ" - კობახიძე

"სომხეთი და საქართველო "კავკასიური ექვსეულის“ ფორმატის წინააღმდეგ გამოდიან" - რას წერს თურქული გამოცემა

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე უარს ამბობს