ავტორი:

"ელექტროენერგია გრაფიკით აქვთ, ისიც იმდენად დაბალი ძაბვით, რომ მაცივარსაც ვერ რთავენ" - "მაინინგის მაფია" აფხაზეთში, ენერგოკრიზისის ფონზე

"ელექტროენერგია გრაფიკით აქვთ, ისიც იმდენად დაბალი ძაბვით, რომ მაცივარსაც ვერ რთავენ" - "მაინინგის მაფია" აფხაზეთში, ენერგოკრიზისის ფონზე

ენერგოკრიზისი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სულ უფრო ღრმავდება. კრიპტომოვაჭრეების წინააღმდეგ ადგილობრივ მოსახლეობაში დაწყებული პროტესტის შემდეგ ე.წ. სამართალდამცველებმა მათ სამუშაო ობიექტები დაუხურეს და გამოაცხადეს, რომ რეგიონში მაინინგი უნდა აიკრძალოს.

გასულ კვირას, ადგილობრივი მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ყველა ქარხანა და კრიპტოსავაჭრო ობიექტი უნდა დაეხურათ, რის შემდეგაც მოსახლეობისთვის დენის მიწოდების შეფერხება უნდა აღმოფხვრილიყო.

"ხელმძღვანელობა" მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ დენის ხარისხი გაუმჯობესდებოდა და გრაფიკიც აღარ იქნებოდა, თუმცა დაპირების მიუხედავად ხაჯიმბას გუნდმა ვერ შეძლო, მაინინგისთვის პირდაპირი ბრძოლა გამოეცხადებინა.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, "ხელისუფლება ცდილობს, ხალხი მოატყუოს, თითქოს უკანონობას ებრძვის, სინამდვილეში კი, ინფრასტრუქტურა ჩუმად შემოაქვს და კრიპტოვაჭრობის იატაკქვეშეთში გადატანა უნდა, რასაც აკეთებს კიდეც, რადგან ასეთი ბიზნესის გარდა, აფხაზეთით არავინ დაინტერესდებოდა და ამიტომ ეპოტინებიან...".

მათივე მოსაზრებით, ყველაფერი იქით მიდის, რომ რუსული კომპანიები ენერგოსისტემის შესყიდვის შესახებ გააკეთებენ განცხადებას.

"სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა მიიღო ქვეყანაში მაინინგის აღჭურვილობის შემოტანის გადაწყვეტილება, ოღონდ ეს მოხდა ჩუმად, კერძო პირის მიკროავტობუსით და ამის ამსახველი კადრებიც არსებობს... თუმცა საზოგადოება ერთიანობის პრინციპით ვერ მოქმედებს, რათა მომხდარი გააპროტესტოს, რადგან ელემენტარულად, დენიც კი არ აქვთ, რომ ინფორმაცია მიიღონ..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი მანუჩი ტუჟბა.

მაინინგი აფხაზეთში მასშტაბური ენერგოკრიზისის მთავარ მიზეზად სახელდებოდა, რომლის გამოც, მოსახლეობას ელექტროენერგია დღე-ღამეში, სულ რამდენიმე საათით მიეწოდება.

apsnypress.info-ს ცნობით, 2020 წლის 20 ოქტომბერს ხელისუფლებამ მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის შეტანა შეზღუდა, 1-ელ დეკემბერს კი, მაინინგი აკრძალა, თუმცა კერძო, პირი, ირაკლი ხურხუმალი აცხადებს, რომ მან მაინინგისთვის საჭირო მსხვილი პარტიის შემოტანაზე "ნებართვა ოფიციალურად მიიღო", საუბარია, 1 000-მდე ერთეულზე, რომელიც სოხუმში არსებულ ერთადერთ კერძო სადგურში, რეჰიდროელექტროსადგურზე, "სოხუმი-ჰესზე" უნდა დამონტაჟებულიყო".

"ირაკლი ხურხუმალი (მიკროავტობუსის მძღოლი, რომლითაც აღჭურვილობა აფხაზეთში შემოჰქონდათ) ამბობს, მე მაშინ დავიწყე ამ საკითხზე მუშაობა, როდესაც ეს საქმიანობა დაშვებული იყო და რატომ უნდა დავზარალდე, თანხა მაინც ამინაზღაურონ, რადგან მთლიანობაში, 400 000 ათასი დოლარის ღირებულების საქონელზეა საუბარიო... საიდან მოიტანა ამხელა თანხა კერძო პირმა, რომ არაფერი ვთქვათ, მის ტრანსპორტირებაზე, უსაფრთხოების წესებზე და შემოტანაზე... ვინ დამაჯერებს, რომ ამაში რუსული ხელი და ფული არ ურევია, ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად?.. ასეთ პარადოქსულ ვითარებაში ვცხოვრობთ. უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს, მაგრამ პასუხი არავის აქვს" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი მარიანა ჯანჯულია, რომლის თქმითაც, ხურხუმალისთვის აღჭურვილობა არავის ჩამოურთმევია და ამ დრომდე მის ფარეხში ინახება.

ენერგეტიკოსი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, გია არაბიძე მიიჩნევს, რომ თუ აფხაზეთში დენის საფასური არ გაიზარდა და რეგულაციები არ გამკაცრდა, რეგიონს ნამდვილად ემუქრება წყვდიადში დარჩენა. მისივე თქმით, იანვრის შუა რიცხვებში "ენგურჰესში" აუცილებელი სარემონტო სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებშიც, სადგური დაიკეტება, ეს კი, დიდი ალბათობით, აფხაზეთში დენის გრაფიკს გაზრდის.

"აფხაზეთში გრაფიკიც "ენგურჰესის" აუცილებელი რემონტის გამო დაწესდა. რეგიონში ბოლო დროს ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა და რუსეთმაც უთხრა, არც ჩვენ გვაქვს იმდენი რესურსი და ამიტომ, ვიდრე "ენგურჰესის" რეაბილიტაცია მოხდება და სრული დატვირთვით ამუშავდება, კეთილი ინებეთ და გრაფიკზე გადადითო...

აფხაზეთში, ბოლო, დაუზუსტებელი მონაცემებით, 200 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ყოველთვიურად 2 მილიარდ კილოვატსაათს მოიხმარენ. შედარებისთვის, 1,5 მილიონიანი თბილისი კი - 2,9-ს. დენის მოხმარების გაზრდის მიზეზი არის ბიტკოინების უზარმაზარი ქსელი, რომლის შენახვაც სხვაგან ძვირი ჯდება, აფხაზეთში სიმბოლური ე.წ რეგულაციების გამო, ძალზე იაფი;

"ენგურჰესის" სარემონტო სამუშაოებისას აფხაზეთს მთლად ჩაბნელება არ ემუქრება, მაგრამ ელექტროენერგია გრაფიკით ექნება. დანარჩენი დეტალების გახმოვანებას ვერიდებით, უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად უშუქოდ არ დარჩებიან. მაშინაც იმდენად დაბალი ძაბვაა, მაცივარსაც კი ვერ რთავენ, ღომის გასაკეთებლად, 90-იანი წლების დანარჩენ საქართველოში რომ მსხვილსპირალიანი "პლიტები" გვქონდა, იმას რთავენ. ბუნებრივი აირი არ აქვთ. არადა, გათბობა ხომ უნდათ... რა ქსელმა და ენერგომომარაგებამ უნდა გაუძლოს. აღრიცხვა და გადახდა არ უნდათ, გამოსავალი რჩება გრაფიკი და ასეც იქნება" - ამბობს არაბიძე.

"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე

რას პასუხობს გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რომელიც ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს

"რუსულ-სომხური ბიზნესი მოდის... ასე გააგრძელეთ ბატონო ბჟანია, ძალიან "ეროვნული" გეგმები გქონიათ" - აფხაზეთში რუსები ტურისტულ კომპლექსს აშენებენ