ავტორი:

ძალადობა, ყვირილი, ჩხუბი 5 წლის შვილის თანდასწრებით - "ტვ პირველი" ოჯახური კონფლიქტის საქმეზე უმძიმეს კადრებს ავრცელებს

ძალადობა, ყვირილი, ჩხუბი 5 წლის შვილის თანდასწრებით - "ტვ პირველი" ოჯახური კონფლიქტის საქმეზე უმძიმეს კადრებს ავრცელებს

"ტვ პირველი" ერთ-ერთი საქმის დეტალებს ასაჯაროებს, რომელიც ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ უმძიმეს კადრებში ჩანს, რომ კონფლიქტის შემსწრე 5 წლის გოგონაა, რომელიც მშობლების ჩხუბის დროს მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარდება.

ბავშვის მამა თურქი ბიზნესმენია, რომელიც 31 წლის ქართველ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს და საქმეზე გამოძიებას ითხოვს. მამაკაცის თქმით, პოლიციას უკვე წარუდგინა მტკიცებულებები, სადაც მისი ინფორმაციით, ჩანს, რომ მეუღლე მასზე ძალადობს.

"როდესაც ნახავენ იმას, რომ ოჯახში არის კონფლიქტი, ჰგონიათ, რომ მოძალადე მაინცდამაინც მამაკაცია. არაერთხელ სრულიად უკანონოდ გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. ამის შემდეგ დაიწყო ვიდეომტკიცებულებების ჩაწერა და სწორედ ამის შემდეგ წარუდგინა პროკურატურამ მაია ხაბულიანს ბრალი" - ამბობს "ტვ პირველთან" საუბრისას მამაკაცის ადვოკატი.

თურქი ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მისი მეუღლის მეგობარი მამაკაცი პოლიციელია და დასჯის არ ეშინია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ბავშვის ნახვის უფლება არ აქვს.

"როგორც კი შევდივარ, ბავშვი ჩემთან მოდის. მე ვუკეთებდი მას სულ საჭმელს. ეს ადამიანი, ბავშვის დედა, ღამე დაკარგული იყო-ხოლმე, დილის 6 საათზე მოდიოდა ნასვამი, ბავშვი რომ მიდიოდა მასთან, აგდებდა..." - ამბობს თურქი ბიზნესმენი.

ტელეკომპანიასთან საუბარში კონფლიქტის არსებობას ადასტურებს ქალი, რომელიც ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. ის ამბობს, რომ დედას შვილის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა.

"რამდენიმე თვე ბავშვი არ ჰყავდა დაბანილი. ერთხელ მისი დაქალი მოვიდა და იმანაც შენიშნა, რომ დასაბანია ბავშვიო. შევიყვანე თოთო ბავშვი ვაბანავე, ყველანაირად ვეხმარებოდი" - ამბობს ძიძა "ტვ პირველთან" საუბარში.