ავტორი:

შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეები, ბადრი ესებუას საუკუნის ყაჩაღობა და მისი მიმბაძველის "სოციალური მანიფესტი" -  წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულები

შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეები, ბადრი ესებუას საუკუნის ყაჩაღობა და მისი მიმბაძველის "სოციალური მანიფესტი" -  წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულები

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მთელი წელი პანდემიური შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრობდა, მოხდა არაერთი დანაშაული, რამაც ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. გთავაზობთ წლის ყველაზე გახმაურებულ კრიმინალურ ამბებს:

  • გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა

ქართველი საზოგადოება შეძრა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობამ. დაკარგულ ბიჭს 4 დღე უშედეგოდ ეძებდნენ. გიორგი 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ერთ-ერთ აგარაკზე ანი გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იყო და მას შემდეგ ვერ პოულობდნენ. ვინც იმ წვეულებაზე იყო, ყველა დუმდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალგაზრდებმა კარგად იცოდნენ, რაც მოხდა იმ საბედისწერო დღეს. სამწუხაროდ, 22 ივნისს გიორგის ცხედარი მტკვარში იპოვეს. მალევე გაირკვა ისიც, რომ ახალგაზრდებს შორის იმ დღეს აგარაკზე დაპირისპირება მოხდა, მართალია გიორგი შაქარაშვილი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა, მაგრამ იმ ღამით მასთან ერთად კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წამოსვლა ერთად გადაწყვიტეს. იმ იმედით, რომ ტაქსს ქუჩაში გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით გაუყვნენ. თუმცა მალე მათ ჯერ "მერსედესის" მარკის მანქანა მიადგა, მერე ცოტა ხანში "ტოიოტა ქამრიც" გამოჩნდა და ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისიც გაირკვა, რომ აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ ახალგაზრდებს დასახმარებლად ნაძალადევის რაიონიდან რამდენიმეკაციანი სპორტსმენების ჯგუფი ჰყავდა ჩამოყვანილი და სწორედ ისინი ჩაერთნენ ამ კონფლიქტში.

გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა კი გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი "ტოიოტა ქამრიდან“ გადმოსული მდევრების გამოჩენისას დაიკარგა. გამოძიებით დადგენილია, რომ "ტოიოტა ქამრის“ ხუთმა მგზავრმა, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც გიორგი იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. ისინი ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული უამრავი დაზიანება კი სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია ბრალდებული. მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალი 5 პირს წარედგინა: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს და ისინი ახლა განაჩენის მოლოდინში არიან. უკვე დასრულდა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვანის სასამართლო პროცესი და ექვსიდან სამს, ლ.შ-ს, ნ.ც-სა და გ.მ.-ს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობა და ძალადობაში მონაწილეობა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ასევე ბრალდებულ ნ.ქ.-ს; რაც შეეხება კიდევ ორ ბრალდებულს, ზ.ხ-სა და ა.ქ-ს, მათ გამოძიება ედავებოდა, როგორც ჯგუფურ ძალადობას, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მოსამართლემ ამ ორ ბრალდებულს 6 წლითა და 9 თვით აღუკვეთა თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე:

- ჩვენ ძალიან დიდ თანაგრძნობას ვგრძნობთ დღემდე საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის, გვიკავშირდებიან პირადადაც, სოციალური ქსელებითაც და ალბათ ამ ხალხის თანადგომამ გადაგვატანინა ეს ყველაფერი. იყო ძალიან დიდი თანადგომა ჟურნალისტებისგან, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ არა მათი ასეთი აქტიურობა, ჩვენ რას ვიზამდით, რა უნდა ექნა ერთ კაცს, მირიან ნიკოლაძეს, მაშინ როცა კონკრეტულმა არხმა სცადა ამ თემის პოლიტიზირება, მაგრამ არ გამოუვიდა. მოხდა საოცარი მხარდაჭერა მედიის და ხელიდან გამოტაცება ჩვენი ტრაგედიის ამ ბინძური კამპანიისთვის და ამისთვის გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენ, ჟურნალისტებს. ასევე ბევრი რამის ლუსტრაცია მოხდა ჩემთვისაც, როგორც პროფესიონალისთვის. მადლობელი ვარ, რომ ასეთი კვალიფიციური პროფესიონალების ხელში რომ მოხვდა ეს საქმე და მივედით იქ, სადაც დღეს ვართ. ჯერ ერთი განაჩენი გვაქვს სახეზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა, წინ არის სასამართლო პროცესები და ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენებს. რადგან ყველა დეტალი და მტკიცებულებები ვიცი ამ საქმის, ვიცი გამოძიების ხარისხი, შესაბამისად, მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ყველა ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

  • თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ძალიან რეზონანსულია პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე. გოგონა 18 ივლისს დაიკარგა და 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ მისსავე ავტომობილში იპოვეს. ოჯახი პირველივე წუთიდან აცხადებს, რომ გოგონა მოკლული იყო და საქმის გამოძიებას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე დაიხურა, დღემდე მათ ბევრ კითხვაზე პასუხი კვლავაც არ აქვთ. გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ამ ხნის განმავლობაში ოჯახი არ გაჩერებულა, უწყებიდან უწყებაში დადიოდა და დაგროვილ კითხვებზე პასუხებს ითხოვდა. დასახელდა მკვლელობის რამდენიმე მოტივი. ყალბი აღმოჩნდა ე.წ. სატელიტის ფოტოებიც, რომლითაც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ 18-დან 22 ივლისამდე პერიოდში ბაჩალიაშვილის ავტომობილი მაწევანის ტყეში არ იდგა და ის თითქოს მკვლელობის შემდეგ მიიტანეს ადგილზე. სატელიტის ფოტოების ფალსიფიკაციის ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ექსპერტი დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გაყალბებული მტკიცებულებები გადასცა. ფურცხვანიძე ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა ციხიდან. ასევე გახმაურდა ვერსია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის პირადი ფაილები გაშიფრა, რის გამოც ის თავიდან მოიცილეს.

პროკურატურამ ხუთთვიანი ძიების შემდეგ, 17 დეკემბერს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა და თქვა, რომ გოგონამ თავი მოიკლა. პროკურატურის ვერსია კატეგორიულად მიუღებელია გარდაცვლილის ოჯახისთვის. საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატები სასამართლოში გაასაჩივრებენ. ოჯახი ირწმუნება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. იხილეთ სტატიები ბაჩალიაშვილის საქმეზე

  • წლის სკანდალი

გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით რამდენიმე თვის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. მთავარი საგამოძიებო უწყება მათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ედავება. დაკავებულებს ბრალი დაახლოებით 3 500 ჰას ოდენობის ტერიტორიის, საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებათა პროცესში, საქართველოს საწინააღმდეგოდ, მის ფარგლებს გარეთ მიქცევასა და საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლის - დავითგარეჯის დაკარგვის საფრთხის შექმნას ედავება.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებს საზღვროს დადგენის კომისიაში საქმიანობის მთელ პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, თუმცა ისინი საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს, სავარაუდოდ, უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიებამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოაჩინა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. ბრალდების მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. დაკავებული პირებისთვის წაყენებული ბრალი უმძიმესია. ბრალდებულები ციხეში გამოკეტილები ახლა გამოძიების დასრულებას და სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს წინა ხელისუფლებისთვის ანგარიშსწორების სურვილით წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, მელაშვილი და ილიჩოვა კი პოლიტპატიმრები არიან.

  • წლის, მეტიც, საუკუნის ყაჩაღობა

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეკავა, სატელევიზიო არხების პირდაპირ ეთერში აცხადებდა თავის მოთხოვნებს - ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის დასატოვებლად უსაფრთხო დერეფანს. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცავებმა მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლეს, თუმცა თავდამსხმელის მოთხოვნა დააკმაყოფილეს. როგორც მოგვინაებით გაირკვა, ის ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუა იყო, რომელიც ბანკის შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გალდავა იყო. მასთან და კიდევ ორ მძეველთან ერთად ბადრი ესებუამ ბანკის ტერიტორია ფულით სავსე ჩანთით დატოვა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამივე მძევალი გაუშვა და თანხით გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა. 12 დეკემბერს კი ზუგდიდში შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ბიძინა ესებუას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. უწყების განცხადებით, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას ძებნილ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიცია მას უთვალთვალებდა.

იხილეთ ასევე: "მეშინია, ჩემი შვილი დაკავებისას არ მოკლან" - საუკუნის ყაჩაღობის რა ახალ დეტალებს ასაჯაროებს ძებნილი ბადრი ესებუას მამა

  • თავდასხმა სანთებელით

ბადრი ესებუას მიმბაძველი მალე გამოუჩნდა, ზუგდიდის ბანკზე თავდასხმიდან ერთ თვეშ, 20 ნოემბერს, ანალოგიური ხელწერით - ხელში ხელყუმბარით ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკორსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. ლევან ზურაბაშვილი ითხოვდა ჟურნალისტებს გაეხმაურებინათ მისი მოთხოვნები, რომელიც ასეთი იყო:

აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში;

ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში;

ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ.

თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა და ისიც დააკავეს. მალევე გაირკვა, რომ ზურაბაშვილს იარაღი არ ჰქონია და მას მეტი დამაჯერებლობისთვის ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა ხელში. ისიც გაირკვა, რომ ის აზარტული თამაშებით დაზარალებული პირია, რომელმაც სახლი სწორედ თამაშის გამო დაკარგა, ახლა კი იმ ბოლო საცხოვრებელსაც ვალების გამო კარგავდა, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობს. ლევან ზურაბაშვილი ახლა პატიმრობაშია, ექსპერტები მის ფსიქიურ მდგომარეობას სწავლობენ.

საქმის გამოძიება გრძელდება. იხილეთ სტატიები ზურაბაშვილის საქმეზე

სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?

სად იმყოფებიან ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იმ გემზე დააკავეს, რომელსაც 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა? -  ბორტზე სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებმა გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს

"მეკითხებოდნენ, როდის მომწერა მარიამმა, საათები და წუთები აინტერესებდათ, უნდათ, წონასწორობიდან გამომიყვანონ" - რატომ დაკითხეს თამარ ბაჩალიაშვილის დედა?