ავტორი:

"ქველმოქმედება დასაფასებელია, თუმცა ბავშვების იდენტიფიცირება, ვისაც ვეხმარებით, ბევრ პრობლემას იწვევს" - რას წერს სახელმწიფო ინსპექტორი?

"ქველმოქმედება დასაფასებელია, თუმცა ბავშვების იდენტიფიცირება, ვისაც ვეხმარებით, ბევრ პრობლემას იწვევს" - რას წერს სახელმწიფო ინსპექტორი?

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ამბობს, რომ საქველმოქმედო აქციების გაშუქებისას არ უნდა მოხდეს ბავშვების, ასევე მათი მშობლების იდენტიფიცირება.

როგორც თოლორაია "ფეისბუქზე" წერს, ეს შეიძლება ბავშვთა ბულინგიზ მიზეზი გახდეს.

"დღეს ძალიან ბევრი პოსტი წავიკითხე, რომლებიც ქველმოქმედებას ეხება. პოსტებს თან ერთვის ქველმოქმედების ამსახველი ფოტოები, სადაც აღბეჭდილია ბავშვებიც. ბავშვების ფოტოები ძირითადად დაბლარულია, თუმცა ჩანან მათი მშობლები. მშობლების ვინაობით ბავშვების იდენტიფიცირება, დამეთანხმებით, ძალიან მარტივია.

ცხადია ქველმოქმედება მისასალმებელი და დასაფასებელია, თუმცა იმ ოჯახების (ბავშვების) პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით იდენტიფიცირება, ვისაც ვეხმარებით, ბევრ პრობლემას იწვევს, პირველ რიგში ბავშვებისთვის.

ეს შესაძლოა გახდეს მათი ბულინგის, დისკრიმინაციის ან/და მათ მიმართ სიბრალულის გაჩენის მიზეზი, რაც ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახება.

სწორედ ამ ზიანის თავიდან ასაცილებლად, ბავშვის უფლებათა კოდექსში გაჩნდა სპეციალური მუხლი, რომელიც კრძალავს ბავშვის პერსონალურ მონაცემთა შემცველი ისეთი დოკუმენტის ან ჩანაწერის რაიმე ფორმით გასაჯაროებას, რომელიც უკავშირდება ღარიბი ოჯახის სოციალურ დახმარებას ან საქველმოქმედო პროგრამაში ბავშვის მონაწილეობას და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა, მსგავსი შინაარსის ინფორმაციას.

გთხოვთ, ამ სენსიტიურ საკითხს ყველა ჩვენგანი მოვეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით!" - წერს ლონდა თოლორაია.