ავტორი:

"ზურას ათი წლის ასაკში ბარძაყის ძვლის დაშლა დაეწყო, ეს სიმსივნე იყო! გადარჩა და მაშინ იწამა დედამ ღმერთი" - გოგლა ჟვანია მშობლებსა და უმცროს ძმაზე

"ზურას ათი წლის ასაკში ბარძაყის ძვლის დაშლა დაეწყო, ეს სიმსივნე იყო! გადარჩა და მაშინ იწამა დედამ ღმერთი" - გოგლა ჟვანია მშობლებსა და უმცროს ძმაზე

2020 წლის 4 დეკემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა. ის არასდროს საუბრობდა ჟურნალისტებთან, მით უფრო, შვილის სიკვდილის გამოუძიებელ საქმეზე, მოუშუშებელ ტკივილსა და შეუხორცებელ ჭრილობაზე. თუმცა წუთითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს. შეიძლება ითქვას, ერთადერთი ინტერვიუ (რომელიც 6 საათს გაგრძელდა) "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, მე, ეკა ასათიანს მომცა, თუმცა მისივე თხოვნით სრულად არასდროს დაბეჭდილა - ნაწილი გაზეთში გამოქვეყნდა, ნაწილი კი წიგნში "წერილები ზურაზე".

დიდი დარდი გაიყოლა ქალბატონმა რემამ, რომელიც ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, იმდენად სათნო, ყურადღებიანი, სხვების სულსა, ფიქრსა თუ გონებაში ჩამწვდომი, რომ მსგავსი იშვიათია... ამას ყველა აღიარებს, ვინც ქალბატონ რემას იცნობდა და ისიც მუდამ სალაპარაკო და საარაკოა, თუ როგორ უყვარდა მას საქართველო, ოჯახი, მეუღლე და რა ღირებულებებით აღზარდა შვილები.

კიდევ ერთხელ ვეწვიე შარტავას ქუჩის 18ა-ს, სადაც ქალბატონი რემა ცხოვრობდა და დაკეტილი ბინა მისმა უმცროსმა ვაჟმა, გოგლა ჟვანიამ გაგვიხსნა და ისევ ვისაუბრეთ ქალბატონ რემაზე.

გოგლა ჟვანია:

- ამ ბინაში გაატარა დედაჩემმა მთელი ცხოვრება. ეს არის ეზო, სადაც დედაჩემის დაბადებიდან ორ წელიწადში, 1935 წელს, სამი სახლი აშენდა. აქ ცხოვრობდნენ ექიმები, მეცნიერები, ხელოვანები.... შესანიშნავი გარემო იყო ურთიერთობებისთვის, რაც მოგეხსენებათ, აყალიბებს ადამიანს. დედაჩემი 1933 წელს დაიბადა და ასე დაიწყო მისი რთული და საინტერესო ცხოვრება. ერთი წლისა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. რემა ერთადერთი შვილი იყო. შეიძლება ითქვას, ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, დედ-მამა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსის მიდამოებში იყვნენ დაბადებული და ნიკოლოზის დროს გადმოსახლდნენ საქართველოში, მე-20 საუკუნის დასაწყისში. სკოლაც რუსული დაამთავრა დედაჩემმა, მაგრამ აბსოლუტურად ქართული ცნობიერება ჩამოუყალიბდა.

- ვიცით, რომ ამაში განსაკუთრებული წვლილი მამათქვენს, ბუსა ჟვანიას მიუძღვის.

- კი, ნამდვილად, ბუსამ შეაყვარა და სისხლით ხორცამდე აგრძნობინა ქართველობა. მათ შორის დიდი პატივისცემა, მეგობრობა იყო. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სიტუაცია გვქონდა ოჯახში - ბებია, დედაჩემის დედა, რომელმაც რემა გაზარდა, ათეისტი იყო. ამავე დროს გახლდათ ძალიან წესიერი კომუნისტი, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა საბჭოთა იდეოლოგიის და მთელი ცხოვრება ემსახურებოდა ამ რწმენას. მამას კი სძაგდა ბოლშევიზმი, რის გამოც ხშირად კამათს შევსწრებივართ. მამის მხრიდან ჩემი ერთადერთი ბიძა 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო, ბოლშევიკებმა გადაწვეს ჩვენი სახლი ლეჩხუმში და კომუნისტებისადმი მამის დამოკიდებულება, ჩვენთვის, ბავშვებისთვის, სრულიად გასაგები იყო.

მე ბებიას გაზრდილი ვარ, ყველაზე მეტი დრო სწორედ ჩემს ებრაელ ბებიასთან მაქვს გატარებული, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ათეისტი იყო. თავის დროზე არც დედაჩემი იყო მორწმუნე. მას ღვთის რწმენა ცხოვრების გარდამტეხ პერიოდში გაუჩნდა, ძალიან დრამატულ ვითარებაში. ზურა ათი წლის იყო, როცა ბარძაყის ძვლის დაშლა დაეწყო. ეს სიმსივნე იყო! მაშინ 5 წლისა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რატომ იყო დედაჩემი ხშირად თვალცრემლიანი. ეს ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. ბოლოს ლოკალური დაზიანება დაუდგინდა და ზურას ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ოთხი ოპერაცია დასჭირდა და დიდხანს ფეხი თაბაშირში ჰქონდა. ზურა გადარჩა და მაშინ იწამა დედამ ღმერთი. როგორც წესი, გასაჭირის დროს მეტად უახლოვდები უფალს...

მაშინ შერეულ ოჯახებს ბავშვები რუსულ სკოლაში შეჰყავდათ, რემამ, რასაკვირველია, ქართულში შეგვიყვანა. მიაჩნდა, რომ ეს საქართველოა და არა საბჭოთა კავშირი. ზურას ოცნება ბავშვობიდან საქართველოს დამოუკიდებლობა იყო და მეც მის გავლენას განვიცდიდი, იმავეზე ვოცნებობდი. შემდეგ ზურას პოლიტიკური საქმიანობა ამ მთავარ ოცნებას უკავშირდებოდა, რომ გვეცხოვრა დამოუკიდებელ, ნორმალურ ქვეყანაში, სადაც შევძლებდით საკუთარი ადგილის პოვნას.

- თქვენ და ზურა მაინც განსხვავებული ძმები იყავით, დედასთან დამოკიდებულებაც განსხვავებული გქონდათ?

- ზურა ჩემზე ბევრად ემოციური იყო, თუმცა საზოგადოების წინაშე გაწონასწორებული ჩანდა. არადა, ფეთქებადი ხასიათიც ჰქონდა. მე პირიქით, უფრო გაწონასწორებული ვარ, ნელ-ნელა და თანდათან ვბრაზდები...

- ქალბატონი რემაც ამბობდა, ზურა გაბრაზდებოდა რაღაცაზე, აფეთქდებოდა და ხუთ წუთში ბოდიშს მიხდიდაო.

- კი, ასეთი იყო ზურა. ჩვენი საუბრებიც მწვავე გახდა, როცა პოლიტიკაში წავიდა, დღევანდელი გადასახედიდან კი სწორად აკეთებდა ყველაფერს. ხშირად ცხარე კამათი გვქონია.

- რაზე კამათობდით?

- მე მაღიზიანებდა წრე, რომელთანაც მას ურთიერთობა უწევდა. ვხედავდი, რომ ისინი მხოლოდ თავიანთ მდგომარეობასა და ფულზე იყვნენ დახარბებული და ჩემთვის ძნელი ასატანი იყო. ამას დედაც განიცდიდა. გარდა ამისა, ათასი სიბინძურე და ჭორი ვრცელდებოდა ზურას შესახებ, რაც ოჯახსთვის მძიმე დარტყმა იყო.

- ესე იგი, ოჯახში ნანობდით, რომ ზურამ პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა?

- პოლიტიკა ძალიან ბინძურია და ის საქართველოში დღესაც ასეთია. ამისთვის გვენანებოდა ადამიანური ღირებულებებით და სულ სხვა ფასეულობებით აღზრდილი ზურა, რომელსაც ბავშვობის ოცნების ასრულება სურდა. თუმცა გვიხაროდა მისი წარმატება, დედას კი გამუდმებით ეშინოდა, რომ ზურა არ მოეკლათ... იყო ანონიმური ზარი, გაფრთხილება, რომ ზურას მოკლავდნენ. ზურა მაინც დიდ საქმეებს აკეთებდა და გამარჯვებული გამოდიოდა სიტუაციებიდან. ქვეყანა, პრაქტიკულად, წუმპიდან ამოჰყავდა, რაშიც ბევრი ხელის შემშლელი ჰყავდა. საბოლოოდ შეუშალეს კიდეც ხელი და სულ სხვა გზით წავიდა ქვეყანა. ახლა ის ნამდვილად არ ჰგავს იმას, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდით. აი, აქედან გამომდინარეობდა დედაჩემის შიშიც. თუმცა ეამაყებოდა, რომ ზურა იყო პერსონა, ვინც ძლიერ პარლამენტს ჩაუყარა საფუძველი...წაიკითხეთ სრულად