ავტორი:

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი

ახალი ზელანდიისგან გააანსხვავებით, სადაც ახალ წელს უკვე ზეიმობენ, ჩვენ 2021-ს საათებიღა გვაშორებს. ყველა სირთულესა და განსაცდელს ალბათ ძველი წელი თან წაიყოლებს, უკეთესი და ლამაზი მომავლის იმედი კი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. ისიც, ვისაც შევეხმიანეთ, უკეთესის მოლოდინშია და გვეუბნება, რომ ის უნიკალური გამოცდილება, რომელიც მიმავალმა წელმა მოგვცა, ცოდნაში გაგვამყარა და გამოგვაწრთო, ამ წელს პრობლემების გადაწყვეტაში უცილებლად დაგვეხმარებაო.

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დუშეთში შევეხმიანე. ჩვენი მეურნე რესპონდენტი, ისევე, როგორც წინა წლებში, მოკრძალებულად და ოჯახურ გარემოში ხვდება ახალ წელს. ბატონ გიორგის იმ დროს დავურეკე, როდესაც ცხენებს კაზმავდა.

- ბატონო გიორგი, მიილია პანდემიური 2020-იც... თქვენთვის რით იყო მნიშვნელოვანი და გამორჩეული ეს წელი?

- ძალიან საინტერესო წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე რთული გამოდგა 2020. სირთულე, თავის თავში საინტერესოობასაც გულისხმობს. ისეთი გამოცდილება მივიღეთ მთელმა კაცობრიობამ... დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ყველაფერს, ანალიზს ვკითხულობდი, თვალს ვადევნებდი ასევე საზოგადოებრივ რეაქციას და ალბათ ყველამ ამ წელიწადს ძალიან დიდი უნიკალური გამოცდილება მივიღეთ. რაც უარყოფითი იყო ამ წელიწადს, ამავე დროს, საინტერესოც იყო თავისი შინაარსით.

- კონკრეტულად თქვენს ოჯახშიც იყო მნიშვნელოვანი სიახლე – ორგზის პაპა გახდით...

- დიახ, კირა დაიბადა, ანას მეორე შვილი, რომელიც ახლა თვეზე ცოტა მეტისაა.

- ხომ არ აპირებს თქვენთან მოსვლას და მოლოცვას ქალბატონი კირა, ერთად შეხვდებით ახალ წელს?

- არა, პანდემიის პირობებში ძალიან ვფრთხილობთ და განსაკუთრებით, ბავშვებთან.

- როგორ ხვდებით ახალ წელს, რამე გამორჩეული ტრადიცია ხომ არ გაქვთ და საერთოდ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს დღე?

- ვერ ვიტყვი, რომ ახალი წლის ტიპიურად შეხვედრის რამე ტრადიცია მაქვს, ფაქტობრივად, არაფერი, ჩვეულებრივ, ოჯახურ გარემოში ვხვდებით. დიდი წვეულებებიც არ არის ჩემი სტილი და არც მაინტერესებს. ასე რომ, ვართ ძალიან მშვიდად. ამ თვალსაზრისით, პანდემიურმა ფორმამ ბევრი არაფერი შეცვალა ჩვენთან.

- საახალწლო სამზადისში თუ ხართ ჩაბმული, მაგალითად, ნაძვის ხე თუ მორთეთ, კერძების მომზადებაში თუ იღებთ მონაწილეობას, მეუღლეს თუ ეხმარებით...

- არა, ნაძვის ხის მორთვა არ მიხარია და ამას მაკა აკეთებს. არც არაფერი სამზადისი გვაქვს, არც საგანგებო სუფრის გაშლა... ბუნებრივია, ოჯახის წევრები 12 საათზე ერთმანეთს მივულოცავთ და თითო ჭიქას ავწევთ. არც ამ წელს და არც სხვა წლებში, ნამეტანს არაფერს ვაკეთებთ.

- გინდათ თუ არა, როცა სახლში პატარები არიან, მათ საახალწლო განწყობა უნდა შეუქმნათ, ალბათ...

- თემოს და თომას ნაძვის ხით შეექმნებათ განწყობა, იმხიარულებენ სათამაშოებით, თორემ 12 საათზე მათ უკვე სძინავთ, მართლა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთი ძალიან ჩვეულებრივი დღეა ჩვენთვის.

- მეკვლეც არ გეყოლებათ, ტრადიციისამებრ?

- მეკვლე ის არ არის, ვინც პირველი შემოვა? ოდესღაც ვინმე ხომ შემოვა... ტრადიციულად მართლა არაფერი გვაქვს დაგეგმილი, არც მეკვლეობას ვგეგმავთ და არ ვარჩევთ, ვინ იქნება.

- რას ელით ამ წლისგან, რა სურვილები გაქვთ, ახდენას რომ ინატრებდით?

- ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს იმის შესაძლებლობა, ის დიდი პრობლემები, რაც იყო შარშან, დავძლიოთ იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ როგორც ადამიანებმა, ისე - პოლიტიკოსებმა, კულტურამ... ეს ცოდნა, ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ. ამ წლის დადებითი მხარე იქნება იმაში, რომ რა პრობლემებიც გავიარეთ და რამაც გამოცდილებასა და ცოდნაში გაგვამყარა, ამ პრობლემების გადაჭრის წელიწადი იქნება, ჩემი აზრით და მიხარია, რომ ასე იქნება.

- ასტროლოგიას, როგორც მეცნიერებას თუ აღიარებთ? ხარის წელიწადი მოდის, რომელიც შრომის, სიმშვიდისა და ძლიერების სიმბოლოა...

- რა მინდა გითხრათ... მე მჯერა, რომ ასტროლოგიაში გარკვეული ცოდნა არის ჩადებული, მაგრამ თანამედროვე ადამიანმა რამდენად იცის ამ ცოდნის გამოყენება, ამაში ეჭვი მეპარება. ასტროლოგია ძალიან ძველი ცოდნის დარგია. სავარაუდოდ, ძველად იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ამის ცოდნა გააჩნდათ, ხოლო ჩვენი თანამედროვე ადამიანები არ ვიცი, რამდენად ერკვევიან მასში. რანაირადაც ისინი პირველად აღიქვამდნენ სამყაროს, მისი ადეკვატური იყო ასტროლოგია, მაგრამ ის აღქმაა, თავისთავად, დაკარგული. ასე რომ, მე არ ვიცი, ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს რამდენად შეგვიძლია ასტროლოგიის გამოყენება. ამაში ცოტა ეჭვი მეპარება.

- ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის გაძღოლის გარდა, ხელსაქმე გეხერხებათ და თითქმის ყველაფერს თქვენი ხელით აკეთებთ. ამ პანდემიის ჟამს რას საქმიანობთ?

- მაგალითად, გუშინ ჩემმა მეგობრებმა ჩემთან, დუშეთში მოიყვანეს ცხენები და მათთვის ვაწყობდი და ვაწყობ რაღაცეებს, მათ საცხოვრისს. ცხენები ჩვენია, საერთო და მომავალი ბიზნესის ნაწილი.

- რა ბიზნესს იწყებთ?

- ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში... საცხოვრისი მე არ ამიშენებია, რაღაცეები კი გავაკეთე, უფრო მითითებებს და რჩევებს ვაძლევდი, რა როგორ გაეკეთებინათ.

- ახლა რას საქმიანობთ?

- რას და, ერთი ცხენი მყავს შეკაზმული, მეორე უნდა დავიჭირო და შევკაზმო, თან თქვენ გელაპარაკებით.

- ვიცი, ცხოველები გიყვართ, ერთი მათგანი ამასწინათ, მეც გავიცანი ვეტკლინიკაში...

- კი, მართლა ძალიან მიყვარს ცხოველები. ეგ ცუგა, თქვენ რომ გაიცანით, დუშეთის მოსახვევებში ვნახე, ძალიან პატარა ლეკვი იყო, რომელიც შუა ტრასაზე მოდიოდა და ძაან გაბედულადაც. შემეშინდა, მანქანას არ გაეტანა, ჩავისვი და წამოვიყვანე. მის გარდა, სამი ძაღლი, 4 კატა და 2 ცხენი მყავს.

- რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ისევ თქვენ ხართ პრეზიდენტი?

- მე მახარებს თქვენი ეს შეგრძნება და ეს დიდი პატივია ჩემთვის.

- მაშინ, მიულოცეთ ქართველ ხალხს ახალი წელი, პრეზიდენტისეულად...

- ძალიან მიყვარხართ და ჩემთვის პატივი იყო თქვენი სამსახური. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება სირთულეების გადაწყვეტის წელიწადი და ვიყოთ მხნედ. აი, ასე მოგილოცავთ.

- ჩვენც გილოცავთ, ვიყოთ მხნედ და იმედიანად.

"გიორგი გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში - მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო" - გია ვოლსკი

პარლამენტთან აქცია - "არა ოკუპანტის ამნისტიას" მიმდინარეობს (LIVE)

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე პირი