ავტორი:

"ბურთი და მოედანი“ ბროდვეიზე, სტალინისტი იპოლიტე და სტალინის ქალიშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟების ამბავი - ცნობილ ქართველებს გადახდენილი სახალისო ისტორიები

"ბურთი და მოედანი“ ბროდვეიზე, სტალინისტი იპოლიტე და სტალინის ქალიშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟების ამბავი - ცნობილ ქართველებს გადახდენილი სახალისო ისტორიები

საახალწლო დღეები გრძელდება და, მიუხედავად პანდემიისა, ვცდილობთ, სადღესასწაულო განწყობა, შეძლებისდაგვარად, შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, საამისოდ, ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ქართველების ცხოვრებიდან ხალისიანი ამბების მოსმენა ნამდვილად არ გვაწყენდა.

  • გიგა ლორთქიფანიძის სახალისო ამბები

ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არც იცის, რომ ქართული თეატრისა და კინოს სახელოვანი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე კინოს პირველად ძალიან პატარა ასაკში "შეხვდა“ - 5 წლის იყო, გერმანელების საქართველოში ცხოვრებაზე რეჟისორ ლეო ესაკიას გადაღებულ პირველ ხმოვან ფილმში - “შაქირი“ კოლმეურნეობის თავმჯდომარის შვილის როლი რომ შეასრულა. ფილმი მეც არ მინახავს, მაგრამ ბატონი გიგას მონათხრობით ვიცი, რომ იქ ერთი ასეთი ეპიზოდია: პატარა ბიჭი (გიგა ლორთქიფანიძის გმირი) ხის სათამაშო ცხენზე ზის და მღერის, - "აინ, ცვაინ, დრაინ...“ ამ დროს მას უახლოვდება კულაკის ცოლი, აწვდის კანფეტს, ბიჭმა კი ქალს უარი უნდა უთხრას - მაშინდელი იდეოლოგიით, კულაკის კანფეტის ჭამა როგორ შეიძლებოდა! 1932 წელი ყოფილა, ცხოვრება ჭირდა, ჰოდა, გადაღებისას, რამდენჯერაც გაუწოდა "კულაკის ცოლმა“ ბიჭს კანფეტი, პატარა გიგამ იმდენჯერვე გამოართვა. გაბრაზდა ლეო ესაკია, შეიყვანა ბიჭი ბუფეტში, ნახევარი კილოგრამი კანფეტი შეაჭამა და მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა ამ უკანასკნელმა "კულაკის ცოლს“ კანფეტზე უარი.

რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, თურმე, მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ 12 წლის ასაკში ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. ვერაფერმა გატეხა, ადამიანების მისდამი სიბრალულმა კი საშინელი პროტესტის გრძნობა გაუჩინა, - არავის შევაბრალებინებ თავსო და, სკოლა რომ დაამთავრა, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა...

ახლა სწორედ ბატონი გიგას ხის ფეხთან დაკავშირებულ ამბავს მოგიყვებით. მის უახლოეს მეგობარს, ბევრის უსაყვარლეს მწერალს ნოდარ დუმბაძეს ძალიან უყვარდა, თურმე, ბატონი გიგას ფეხზე ხუმრობა. - სხვისგან აუცილებლად მეწყინებოდა, მას კი ვპატიობდიო, - მითხრა. ერთხელ რესტორნიდან გამოსულან. ძალიან მაგრად წვიმდა. ნოდარ დუმბაძე იქვე, შენობას შეჰფარებია, გიგა ლორთქიფანიძე კი, მთვრალი, წვიმაში იდგა და ვიღაცას დაუსრულებლად ელაპარაკებოდა. თურმე, დიდ წყალში ჩამდგარა და ვერც გრძნობდა. მობეზრებია ბატონ ნოდარს მისი ლოდინი და რამდენჯერმე დაუძახნია, - გიგა, წამოიო! ბოლოს ვეღარ მოუთმენია და მიუძახნია, - სანამ ტოტი არ ამოგივა მაგ ხის ფეხზე, აღარ დეიძრები ადგილიდანო?!

"ბურთი და მოედანი“ ბროდვეიზე

იცოდით, რომ უდიდესი რეჟისორი და მსახიობი ჩარლი ჩაპლინი საკუთარ კინოკარტოთეკაში შესანიშნავი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, გუგული (ყარამან) მგელაძის ფილმს - "ბურთი და მოედანს“ ინახავდა? ის კი ნამდვილად გეცოდინებათ, რომ ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს გენიალური იპოლიტე ხვიჩია, რომელსაც ხშირად ქართველ ლუი დე ფიუნესს - ფრანგ კომიკოსს უწოდებენ, არადა, ვფიქრობ, სადავო საკითხია, ვინ უფრო დიდი იყო - იპოლიტე თუ - ლუი...

ერთხელ ბატონმა გუგული მგელაძემ მიამბო:

- 1965 წელი იყო. იმხანად საქართველოში ტურისტად ჩამოსული, ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მსახიობი ნუგზარ შარია კინოსტუდიის ეზოში შემხვდა - მანქანას რეცხავდა. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და უცებ მეუბნება, - კაი რათაც უნდა გითხრაო და დაიწყო მოყოლა: ნიუ-იორკში, ბროდვეიზე მოვდივარ და უცებ კინოთეატრის თავზე რეკლამა შევნიშნე. ხატია კოვბოი ფართო შლაპით. გავგიჟდი - ზედგამოჭრილი იპოლიტეა! ერთი კი გავიფიქრე, ბროდვეიზე იპოლიტეს რა უნდა-მეთქი?! ამ დროს წავიკითხე წარწერა - "ბურთი და მოედანი“. აშკარად იპოლიტეა! უკანასკნელი გროშებით ვიყიდე ბილეთი და კინოთეატრში შევედი. სეანსი დაწყებული იყო. უცებ ეკრანზე იპოლიტე გამოჩნდა და ინგლისურად დაიწყო ლაპარაკი. ისეთი ხარხარი ამივარდა, ვეღარ გავჩერდი. დარბაზი იცინოდა, მე კი - ვხარხარებდიო!

სხვათა შორის, ამბობენ, იპოლიტე ხვიჩია სტალინისტი იყო და ხრუშჩოვს სტალინის სიძულვილს ვერ მიუტევებდაო. როცა ხრუშჩოვი ბრეჟნევმა შესცვალა, ბედნიერმა იპოლიტემ, თურმე, შეძახილით, - ხომ უტირეს ყოფის დღე, ხომ მოუგრიხეს კისერიო! - კინოსტუდიის პავილიონის მეორე სართულიდან კიბე ასკინკილით ჩაირბინა...

  • "მამა და ვოროშილოვი"

რადგან სტალინი ვახსენე, სტალინთან დაკავშირებულ ერთ ამბავსაც მოგიყვებით. ბატონმა გუგული მგელაძემ მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის ჯერ სამსახიობო, შემდეგ კი - სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. მოსკოვში სწავლისას იგი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და იმავე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა ისტორიკოსი გრიგოლ მარგიანი, რომელიც მოგვიანებით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და პოლიტიკოსი გახდა.

კინორეჟისორმა გუგული მგელაძემ მასთან დაკავშირებული ერთი შემთხვევა გაიხსენა:

- გრიშა მარგიანი ზორბა სვანი ბიჭი იყო. უნივერსიტეტში მისი თანაკურსელი იყო იოსებ სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ჯუღაშვილი, შემდგომში - ალილუევა. სვეტლანამ გრიშა თავის დაბადების დღეზე, შინ დაპატიჟა. გრიშა მორიდებული კაცი იყო და წვეულებაზე არ მივიდა. მეორე დღეს სვეტლანამ გრიშას უსაყვედურა, - რატომ არ მოხვედი დაბადების დღეზეო? გრიშამაც უპასუხა, - მომერიდაო. სვეტლანა გაოცდა, - კი მაგრამ, რისი მოგერიდა, იქ უცხო არავინ მოსულა, მხოლოდ მამა და ვოროშილოვი იყვნენო (კლიმენტ ვოროშილოვი - რუსი სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, სსრკ-ის მარშალი და თავდაცვის სახალხო კომისარი...). "მამას“ გაგონებაზე გრიშა ადგილზე შექანებულა და კინაღამ ცუდად გამხდარა, სხვათა შორის, კარგა ხნის განმავლობაში მას ამ ამბის გახსენებაც კი ჟრუანტელს გვრიდა, თურმე!

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"მსოფლიოს განგსტერები მართავენ... მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი" - რა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ?

"ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რას ჰყვება თამთა ჭელიძე ოჯახის დანგრევის შემდგომ დეპრესიაზე?

"გაიღიმე სიყვარულო, არაფერია შენს ღიმილზე უფრო ლამაზი" - როგორ ცხოვრობს რომანტიკოსი იტალიელი ფეხბურთელი სპინაცოლა, რომელმაც მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა