ავტორი:

"მგლოვიარე, ნამტირალევი თვალებით ჩავუჯექი გიას მანქანაში და წავყევი ცოლად" - ერთი დიდი სიყვარულის ისტორია

"მგლოვიარე, ნამტირალევი თვალებით ჩავუჯექი გიას მანქანაში და წავყევი ცოლად" - ერთი დიდი სიყვარულის ისტორია

ამჯერად გიამბობთ ოჯახზე, რომელიც დიდი სიყვარულით შეიქმნა და სწორედ საახალწლოდ... ოჯახზე, რომელიც ტრადიციას არასდროს არღვევს და მუდამ შინ ხვდება ახალ წელს, და ოჯახზე, ვისთვისაც ყოველი წლის ქრისტეშობა მღელვარება და დიდი სიყვარულია. ამ ღირსეულ ოჯახს შესანიშნავად ვიცნობ, იგი ჩემი ცხოვრების ნაწილიც არის და მისი თითოეული წევრი - მუდამ საამაყო.

დღეს ჩვენი ამბის გმირი ჟურნალისტებისთვის ყველაზე სიტყვაძუნწი რესპონდენტის (თუმცა არა მარტო მათთვისაა სიტყვაძუნწი), საქართველოს საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელის, ამჟამად ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის - გია გეგუჩაძისა და მისი მეუღლის - ლელა ყამარაული-გეგუჩაძის ოჯახია. 2020 წლის 31 დეკემბერს მათი ერთად ყოფნის 20 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღს, პანდემიიდან და საყოველთაო რეგულაციებიდან გამომდინარე, ფიზიკურად არ დავსწრებივარ, მაგრამ გულგრილად მაინც ვერ ავუვლიდი გვერდს დიდი სიყვარულის ამბავს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, იოტისოდენადაც არ გახუნებულა! და კიდევ, ვერაფრით გამოვტოვებდი გია გეგუჩაძის ცხოვრების წინასაახალწლო თარიღების კასკადს, რომელიც ოჯახისთვის ლამის ჯადოსნურადაა ქცეული - იმდენი დამთხვევაა, ერთი ოჯახისთვის შეიძლება მეტისმეტად უცნაურადაც მოგეჩვენოთ.გიას ოთხი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი პირველი ქორწინებიდან და ვაჟები - მეორე ქორწინებიდან. ვიდრე გია და ლელა შეუღლდებოდნენ, კარგა ხნით ადრე, გეგუჩაძეებთან დღესასწაული 28 დეკემბრიდან იწყებოდა - ამ დღეს დაიბადა გიას უფროსი ვაჟი - გიორგი, თუმცა კალენდარულად მასზე გვიან - 29 დეკემბერს დაიბადა გიას შვილებს შორის ყველაზე უფროსი, სამი ძმის ერთი და - ულამაზესი თამუნა, რომელიც დღეს თავად არის უბედნიერესი დედა და მეუღლე. გიასა და ლელას უფროსი ვაჟი - გეგი 30 დეკემბერს არის დაბადებული და მართალია, უმცროსი - საბა 20 თებერვალს გაჩნდა, ნაწილობრივ ისიც უკავშირდება დეკემბერს. 18 დეკემბერს მისი ანგელოზის - საბა განწმენდილის ხსენების დღეა, 19 დეკემბერი კი, ნიკოლოზობაა და გეგის ანგელოზი დღე, მას ნათლობის სახელად ნიკოლოზი უწოდეს.

მახსოვს, ერთხელ გიამ მითხრა კიდეც, თუ რამე კანონზომიერებას ეძებ ამაში, ეს იგივეა, რომ ახლა იატაკზე მიმოვაბნიოთ ასანთის ღერები (გაიხსენა მხატვრული ფილმი "წვიმის კაცი") და მერე უცებ ვიკითხოთ: რამდენი ღერი დაიყარა და რატომო? ლოგიკა არ არის. ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, უბრალო დამთხვევაა. ეგ არის, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზად აეწყო, მოზაიკასავით, მაგრამ რთულიცაა: მეც, ლელასაც და ბავშვებსაც უდიდესი სამეგობრო გვყავს და ამდენი ხალხის გასტუმრება არ გინდა? 27 დეკემბრიდან სულ სამზადისში ვართ, ახალი წლის ჩათვლით, სულ სუფრაა გაშლილი და თუნდაც არ დალიო, გადაბმულად ამდენი დღე სუფრასთან ჯდომა იოლი არაა. თუმცა დიდი სიხარულია: ეს ნიშნავს, რომ ოჯახი სრულფასოვანი ცხოვრებით - მეგობრებითა და ნათესავებით ცხოვრობსო. მართლაც, გიასთვის და მისი ოჯახის თითოეული წევრისთვის ნათესავიცა და მეგობარიც, ფეხბურთის პარალელურად, ყოველთვის აღმატებულ ადგილს იკავებს, თუმცა წლევანდელმა პანდემიამ ურთიერთობებში ყველას შეგვიშალა ხელი...

რაც შეეხება მათ 2000 წლის 31 დეკემბერს დაოჯახებას, მათი სამწლიანი სიყვარულის შესახებ, ცხადია, ვიცოდი, მაგრამ... მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანაც ბოლო პერიოდში აღარ ურთიერთობდნენ. მახსოვს, გიასთან 2001 წლის ღამის პირველის ნახევარზე მისალოცად დავრეკე. ერთმანეთს მივულოცეთ და უცებ მეუბნება, კიდევ გაქვს რაღაც მოსალოციო. ცოტა არ იყოს, დავიბენი, მაგრამ დიდხანს არ გამაწვალა - ლელა მოვიყვანე ცოლადო, უცებ დააყოლა. არაფრით ვუჯერებდი და მოვითხოვე, დამალაპარაკე-მეთქი. ყურმილში ლელას ხმა რომ გავიგონე, სიხარულისგან კინაღამ ავტირდი... დიდი დრო იყო გასული, უკვე გეგი ჰყავდათ, როდესაც ჩავეკითხე, მაინცდამაინც 31 დეკემბერს რატომ გადაწყვიტე ცოლის შერთვა-მეთქი და, - მაგის ზუსტი პასუხი არც მე ვიცი, თუმცა შემთხვევით არაფერი მომხდარა, არც ჟენია ლუკაშინივით (პოპულარული საახალწლო ფილმის - "ბედის ირონია ანუ გაამოთ" მთავარი გმირი - ი.ხ.) აღმოვჩენილვარ სხვა ოჯახში. შეგნებულად მივედი და... კი ხედავ, ყველაფერი როგორც დასრულდაო.

  • "მოვიჩქაროდი შენკენა..."

იმ პერიოდში გიას მშობლები მოსკოვში, ქალიშვილთან ცხოვრობდნენ. გია პირველ მეუღლეს კარგა ხნის გაცილებული იყო და თბილისში, შინ მარტო ცხოვრობდა. 31 დეკემბერს მეგობრებთან ერთად ერთ-ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდა და უცებ გამოაცხადა, ლელა უნდა ვნახოო. მეგობარი გაიყოლა და ღამის 10 საათზე ლელას შინ მიაკითხა. კარი ლელამ გაუღო, მაგრამ გიას უცებ გაახსენდა, რომ მანქანაში ვარდები დარჩა. ლელას მოუბოდიშა, მთავარი დამავიწყდაო (რა იყო "მთავარი", არც უთქვამს), მანქანასთან გაბრუნდა და მალევე ვარდებით დაბრუნდა უკან. ლელამ გია შინ შეიპატიჟა და მაშინ შეიტყო, რომ ოჯახი მგლოვიარედ იყო - იმ დღეს ლელას გამზრდელი დეიდა დაუკრძალავთ. გიამ იხტიბარი არ გაიტეხა და ლელას დედას - ქალბატონ მარიტას ლელას ხელი, ლელას კი - ცოლობა სთხოვა, თან წაუმღერა: "...მოვიჩქაროდი შენკენა, ტოტებს არხევდა ქარიო..." - მიყვარდა და იმიტომ ვუმღერე, სხვათა შორის, გაჭრა და გამომყვაო, - ლელას მოყვანის ამბავს რომ მიამბობდა. ლელასაც ვკითხე, ნუთუ მანამდე ეჭვადაც არ გქონდა, რომ შეიძლებოდა მოსულიყო და ხელი ეთხოვა-მეთქი? - ნამდვილად არაფერი ვიცოდი. ეგ კი არა, გინდ დაიჯერე, გინდ არა, მგლოვიარე, ჩასისხლიანებული, ნამტირალევი თვალებით ჩავუჯექი გიას მანქანაში და წავყევი. ახლაც არ ვიცი, როგორ გადავწყვიტე ასე უცებო, - მიპასუხა. გააგრძელეთ კითხვა