ავტორი:

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში 4 იანვარს გაჩენილ ხანძარს დღემდე უშედგოდ ებრძვიან. ამჯერად ყველაზე მასშტაბური ხანძარია გაგრაში, სადაც, ადგიობრივი მედიის ცნობით, რიგითი მოქალაქეები და მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლი დასახლებულ პუნქტებში არ გავრცელდეს. თუმცა, 9 იანვრის ღამის მონაცემებით, ხანძარი საფრთხეს უქმნიდა რესტორან გაგრიფშს, ჟოეკვარას პარკს და სანატორიუმ "მოსკოვს", რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის ტარსაზე მდებარეობს.

რამდენიმე დღეა ხანძარი მძვინვარებს გალის, გუდაუთის, ტყვარჩელის, ეშერას, გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში. ქართული მხარის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, აფხაზური ე.წ. ხელმძღვანელობა დახმარებაზე უარს აცხადებს. მათი თქმით, ადგილობრივი სამსახურები საქმეს თავს ართმევენ. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთს ხანძართან საბრძოლველად, თბილისის დახმარება არ სჭირდება.

ადგილობრივი მოსახლეობის არაერთი თხოვნის, მიმართვისა და გავრცელებული განცხადების მიუხედავად, დაეხმაროს მთავარი მოკავშირე სახანძრო ავიაციით, რუსული ვერტმფრენები ჯერ არსად ჩანან. ფაქტობრივად, განადგურებულია უნიკალური ფიჭვის ტყე და სხვა წიწვოვანი თუ ფოთლოვანი მცენარეები. ასევე, გალისა და ოჩამჩირის რაიონებში, ციტრუსისა და თხილის პლანტაციები, რაც ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

"30 წლის წინ დავტოვე იქაურობა, ნინოშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი და წლების განმავლობაში სანატორიუმ "ჟოეკვარაში" ვმუშაობდი. ცეცხლმოკიდებული გაგრის ტყის კადრებს რომ ვუყურებ, როგორ უახლოვდება დასახლებულ პუნქტს, როგორც ადგილობრივები ვეძახდით, ექიმების კორპუსებს, რესტორან "გაგრიფშს", გული მეფლითება, ასე მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ტყვიების წვიმაში ზურგსუკან რომ კარი გამოვიხურე და ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები გამოვკეტე, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობა გავატარე... ჰოდა, ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებ და გული მიკვდება, რომ ვერაფერს ვაკეთებ.

რამდენიმე ახლობელმა მითხრა, ჩვენთვის ისედაც დამწვარი არ იყო ეს 26 წელიაო?! არა, არ ყოფილა, ჩემი მშობლებისა და მეუღლის სახლშიც სხვა ცხოვრობდა, უამრავი მოსახლე გამოიცვალა, სიზმრად მქონდა გადაქცეული იქაურობისთვის ერთი თვალის შევლება, მაგრამ დასაწვავად, ჩასაფერფლად არ მემეტებოდა. სადღაც დარჩენილი იმედი, რომ იმ სამოთხეში ჩემი შვილიშვილები მაინც დაბრუნდებოდნენ, არ დამიკარგავს... ალბათ ამიტომაც ვთქვით უარი სახლის გაყიდვაზე, როდესაც იქაურებმა შემოგვთვაზეს, - თანხა დაგვისახალეთ და გადავიხდით, რომ მშვიდად ვიცხოვროთო. ჩვენს უკანასკნელ იმედს საფასური ვერ დავადეთ. იმედია, წვიმა წამოვა და რასაც ჯერ არ შეხებია ცეცხლი, იმას მაინც გადაარჩენს, თორემ ისინი რისი ჩამქრობი არიან, აგერ ჩანს. ეს რამდენიმე დღეა ტელევიზორს თვალს ვარიდებ, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში გაგრიდან დევნილი ელიკო გუგავა.

"გთხოვთ, რამე პეტიცია გავაკეთოთ, გამოუშვას რუსეთმა ვერტმფრენები. ლევ კვიცინიას იმედზე გადაიბუგა აქაურობა, "გაგრიფშს" უახლოვდება ხანძარიო და ხვალ ნაშუადევამდე არც ელიან წვიმას. წარმოგიდგენიათ, რა დარჩება იქამდე ამ ქალაქისგან?! დენის სადენები დაიწვა უკვე და ნახევარი ქალაქი უშუქოდ იყო, სად რა მიაერთეს და როდის გაითიშება, არავინ იცის", - წერს ადგილობრივი ინტნერნეტ-მომხარებელი, მედეა ქიშმარია.

"დაწერეს, რომ რუსეთი თანახმაა დახმარებაზე, რას ელოდებიან ჩვენები, რატომ არ შემოჰყავთ, მართლა დივერსიაა, თუ რა უნდა ვიფიქროთ?! ვის რაში აწყობს ეს გადამწვარი ქვეყანა, რა ტურიზმს უნდა ველოდოთ, რა ეკონომიკის განვითარებას?! მართლა ბაზებისთვის გვამზადებენ, თუ რა ხდება?!" - კითხულობს კიდევ ერთი ადგილობრივი, ასმათ კვიცინია.

"ხალხო, საკმარისია ლოცვა და წვიმაზე ოცნება, რაღაც გავაკეთოთ, თორემ ამოვიგუდებით, ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, მოსთხოვოს თავის მთავარ მოკავშირეს, დაგვეხმაროს, დაგვეხმაროს სანამ გვიანია. მოხალისეთა ჯგუფმა "ანა სოფიამაც" დაწერა, მზად ვართ დახმარებისთვისო, არავინ გამოხმაურებია, მაშინ, როდესაც წყლის ყოველი წვეთი მნიშვნელოვანია, ცეცხლმოკიდებულ ქვეყანაში ვცხვრობთ, ყოველ წუთს ახალი რაღაც იწვის და ესენი გაიძახიან - ყველაფერს ვაკოტროლებთო. მართლა არაფერი მესმის, ვერ აქრობ თავად და ითხივე რა დახმარება ვინმესგან!" - წერს ადგილობრივი მედეა ტუიბა.

სააგენტო "სპუტნიკს" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმციით, გაგრაში ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ინფორმაცია სააგენტოს სახანძრო-სამაშველო რაზმის გაგრის შტაბის ხელმძღვანელმა, დავით ბგანბამ მიაწოდა.

"ხანძრები ჯერ არ ჩამქრალა, რადგან ეს არის ტყის მასივი - დიდი ტერიტორია. თუმცა, საცხოვრებლ სექტორს არაფერი ემუქრება. წვიმა დიდად ვერ დაგვეხმარა, მხოლოდ ცოტა შეამცირა გავრცელების სიჩქარე", - განაცხადა ბგანბამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ხანძრის მასშტაბზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ, დაახლოებით, ეს 100 ჰექტარია. ამჟამად ხანძარია გაგრაში, კერძოდ მამზიშხას მთაზე, ყველა დანარჩენ ადგილზე კი ჩამქრალია.

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა

ერთი ვერსიით, გაგრაში, ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, სომეხი ინვესტორების ბიზნესინტერესები იკვეთება - რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც რამდენიმე დღეა ხანძრებს ებრძვიან