ავტორი:

"დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ..." - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ

"დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ..." - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო წირვა-ლოცვისას ქრისტიანულ საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა და ღვთის სიყვარულზე იქადაგა.

როგორც მან აღნიშნა, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, ღმერთი მზად არის, მიიღოს და ჩაიხუტოს.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს გრძელდება შობის წმინდა დღესასწაულის აღნიშვნა. თქვენ იცით, რომ წმინდა ეკლესია ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნავს შობის დღესასწაულს და კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ამ უდიდეს მოვლენაზე, რომელსაც წმინდა მამები სამყაროსა და ადამიანის მეორედ შექმნას ადარებენ. გილოცავთ ყველას ამ დღეს!

ამ დიდი მოვლენის შემდეგ შეიცვალა სამყარო, იმიტომ, რომ ადამიანი გახდა სათნო ღვთისა; ის დიდი უფსკრული, რომელიც იყო ღმერთსა და ადამიანს შორის გადალახულია, ადამიანს ეძლევა საშუალება, როგორც პეტრე მოციქული წერს, რომ გახდეს თანაზიარი ღვთაებრივი ბუნებისა (2 პეტრე, 1,4).

აი, ასეთი საოცარი რამ არის. ღმერთმა დაუბრუნა ადამიანს შვილება ღვთისა. თქვენ გახსოვთ იგავი უძღებ შვილზე, როცა ბრუნდება უძღები შვილი - რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, ამიერიდან ღვთისთვის ის არის შვილი და მზად არის, მიიღოს, ჩაიხუტოს იგი, მიუხედავად მისი დიდი დაცემულობისა, თუკი ადამიანი მოინანიებს და დაბრუნდება.

ძალიან ბევრ რამეზე გვაფიქრებს ეს დღე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და საყვარელია ადამიანი ღმერთისთვის.

დღეს ვფიქრობთ ასევე იმაზე, რაც იყო წაკითხული წმინდა სახარებაში. აი, ამ დიდებულ მოვლენას - შობას უფლისა - იმის მაგივრად, რომ მოჰყოლოდა მობრუნება ერისა და იმჟამინდელი საზოგადოებისა, მოჰყვა დევნა, ტანჯვა და განსაცდელები უფალ იესო ქრისტეს დაბადების პირველივე დღიდან. დღეს სახარებაში იყო ნათქვამი, რომ ჰეროდე მეფეს როცა უთხრეს, რომ დაიბადა სავარაუდო მოცილე მისი ტახტისა, შეეშინდა და გადაწყვეტს, ბეთლემში დახოცოს ყველა ჩვილი ორ წელზე ნაკლები ასაკისა. ამ საშინელებას ჩაიდენს, მაგრამ ჩვილი უფალი იესო ქრისტე იქ არ აღმოჩნდება, იმიტომ, რომ ანგელოზი გააფრთხილებს წმინდა იოსებს და იგი განარიდებს ოჯახს. ისინი გარბიან ეგვიპტეში და იქ იმყოფებიან ჰეროდეს სიკვდილამდე. შემდეგ ბრუნდებიან და მკვიდრდებიან ნაზარეთში.

აი, ამას გვიამბობს დღევანდელი სახარება. კიდევ ერთხელ ვფიქრობთ სიტყვებზე, რომელსაც მოციქული ამბობს:

„ბოროტებასა ზედა ძევს სოფელი ესე“. მართლაც, დასტურდება ეს. ანგელოზებმა იგალობეს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა“, რაც ნიშნავს, რომ მშვიდობა მოვიდა ქვეყანაზე ღმერთსა და ადამიანებს შორის, „და კაცთა შორის სათნოება“ - სათნოე ეყო უფალს ადამიანის მოდგმა, ვარსკვლავი გამოჩნდა. თითქოს ამ ყველაფრის შემდეგად გულისხმა უნდა ეყოთ, მათ შორის - ჰეროდესაც და სხვებსაც, მაგრამ იწყება ასეთი ბოროტმოქმედება, რომელიც გრძელდება იესო ქრისტეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაშინ ყველაფერი ქნეს იმისათვის, რომ მოეკლათ ჩვენი უფალი იესო ქრისტე. მართალია, ის მკვდრეთით აღდგა, მაგრამ მის მოსაკლავად ყველაფერი გაკეთდა.

ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და დღესაც ასეა. ძირითადად, ამბობენ, რომ იესო ქრისტეს სწავლება - ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური სწავლება, ერთ-ერთი სწავლებათაგანი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია სხვა აზრი გვქონდეს, შეგვიძლია, მივიღოთ ან არ მივიღოთ, ადამიანი თავისუფალია და ისე წარმოაჩენენ ამას, როგორც ადამიანურ სწავლებას. ძირითადად, აქამდე დადის ხოლმე ადამიანთა წინააღმდეგობა.

ამაზე მშვენივრად პასუხობს სწორედ დღეს წაკითხული პავლე მოციქულის ეპისტოლე. იგი ამბობს, რომ ეს არ არის ადამიანური სწავლება. საქმეც სწორედ ესაა. მოციქული ამბობს, რომ „ის სახარება, რომელსაც მე თქვენ გახარებთ, არ არის კაცობრივი, არ არის ადამიანური, მეც კაცისგან როდი ვისწავლე ეს ყველაფერი, არამედ თავად უფალ იესო ქრისტეს გამოცხადებით მეუწყაო“. თქვენ იცით, რომ პავლე მოციქული მდევნელი იყო ქრისტიანობისა. იგი გახლდათ ორთოდოქსი ებრაელი და დიდი სჯულის მეცნიერის მოწაფე. შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ სასწაულებრივად მოაქცია და ხდება მოციქული. პავლე თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი იყო. მართლაც, მან უშუალოდ ქრისტესაგან მიიღო სწავლება ქრისტესა და ეკლესიის შესახებ. ამიტომ მისი ეს მტკიცებულება, ეს სიტყვები განსაკუთრებით ძლიერად ჟღერს. დღეს ჩვენც შეგვიძლია პავლე მოციქულთან ერთად ვთქვათ, რომ ის, რაც სახარებაში წერია, არ არის კაცობრივი, არ არის ადამიანის მოგონილი და ადამიანის შემოქმედება. ეს არის ძე ღმერთის, განკაცებული ღმერთისა და სულიწმინდის მიერ მოცემული სწავლება.

რა ადასტურებს ამ ყველაფერს? - მთელი ეკლესიის ისტორია. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რა ძალები უპირისპირდებიან ეკლესიას მთელი საუკუნეების განმავლობაში - ეს არის საშინელი ადამიანური ძალები და, რა თქმა უნდა, ამ ძალების უკან დგას დემონური ძალები. ჩვენ განსაკუთრებით გვახსოვს ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდი. ასეთი დევნა მგონი არცერთ ეპოქაში არ ყოფილა ეკლესიის წინააღმდეგ; მიზნად იყო დასახული სრულიად აღგვა პირისაგან მიწისა ეკლესიისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერცერთმა ამ იმპერიამ და იდეოლოგიამ ამას ვერ მიაღწია. ის ყველაფერი - მათი სწავლებაც, მათ იდეოლოგიაც - დღეს დავიწყებას არის მიცემული, ქრისტეს სიტყვა კი დღეს ჟღერს მთელ მსოფლიოში, ის ეხება ადამიანთა გულებს საოცრად და რაც მთავარია, ის ცვლის ადამიანს. აი, ეს არის მთავარი.

აი, ამ ყველაფერზე ვფიქრობთ ჩვენ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო. თუ ჩვენ ასე მივიღებთ ქრისტეს სიტყვებს, დავიმარხავთ ჩვენს გულებში, მივიღებთ, როგორც ღმერთის სიტყვებს და, ამასთანავე, შევიგრძნობთ, რომ ეს არის ღვთაებრივი სწავლება, ამისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ვიცხოვროთ ამით; მარტო თეორიულად ადამიანს ვერ დაარწმუნებ, შენს თავსაც ვერ დაარწმუნებ, რომ ეს მოდის ღვთისგან. მაშინ მოდის ეს დიდი სულიერი გამოცდილება, რომელსაც შეუძლია გადალახოს ყოველგვარი ადამიანური წინააღმდეგობა, განსაცდელი, მაშინ შემოდის ეს საოცარი დასტური და ღვთაებრივი სიხარული, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავძლიოთ განსაცდელიც, მწუხარებაც და შევიგრძნოთ ღვთის სიყვარული.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვას, ლოცვა-კურთხევას. ღმერთმა ინებოს, შევიგრძნოთ, რომ სიტყვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ეს არის ღმერთის სიტყვა და ვიცხოვროთ ამით. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ჩვენ არა მარტო მარადისობისკენ გაგვეხსნება კარი და გზა მარადიული სიცოცხლისთვის, არამედ აქვე, მიწიურ ცხოვრებაშიც მოგვეცემა საშუალება, რომ ჩვენს გულებში ცათა სასუფეველი დამკვიდრდეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნით უკუნისამდე, ამინ!“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

"ორ სატვირთო მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა" - ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე

"ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტის მიღება, მკურნალობის ხარჯებს მთავრობა არ აფინანსებს" - 5 თვის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება

საპატრიარქო - ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ" გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა