ავტორი:

"ვერ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს მესამედაც მოუწიოს პოლიტიკაში დაბრუნება" - ექსპერტი

"ვერ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს მესამედაც მოუწიოს პოლიტიკაში დაბრუნება" - ექსპერტი

როგორც ambebi.ge-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე მართლაც გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელშიც არაერთ საკითხს შეეხო. მასში საუბარია, როგორც მისი პოლიტიკაში მოსვლის, ისე წასვლის მიზეზებზე.

"ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს... მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას", - აცხადებს ის.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ambebi.ge-სთან პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს:

- ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, როცა ივანიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი გააკეთა და მიდის პოლიტიკიდან... მან ადრეც იგივე თქვა, ყველაფერი კარგადაა, ამიტომ აღარ არის საჭირო მისი პოლიტიკაში ყოფნა და წავიდა. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, უცებ აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ძალზე რთული ვითარება იყო და პოლიტიკურ ასპარეზს დაუბრუნდა...

იქ იყო ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ივანიშვილმა თქვა, დროზე თუ არ დაბრუნდებოდა, პარტიას დაკარგავდა და ამიტომ დაბრუნდა. ამიტომ არ არის გასაკვირი უკვე მეორედ წასვლა, მაგრამ დაბრუნდება თუ არა ისევ, ეს რთული სათქმელია. ვინაიდან ერთხელ იყო ასეთი პრეცედენტი, ამას მეორედაც ვერ გამორიცხავ.

ფაქტია ერთი, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ვითარება - სოციალური იქნება, ეკონომიკური, თუ სხვა. ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ქართველიც კი გეტყვით, რომ ძალიან რთული გაზაფხული გველოდება, ამიტომ ხელისუფლებას სჭირდება არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება, რათა ქვეყანა ძალიან მძიმე და ღრმა კრიზისში არ შევიდეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა ორმაგად და სამმაგად გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ამ წასვლას უფრო შევაფასებდი ასე, რომ ივანიშვილმა პასუხისმგებლობას თავი აარიდა და ბრძოლის ველი მიატოვა, უფრო ამას ჰგავს ეს წასვლა.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ იგივე რთული ვითარება თუ შეიქნა, ისევ მობრუნდეს და იმავე შინაარსის განცხადება გააკეთოს, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გააკეთა - მოვალ და ყველაფერს დავალაგებო.

- რა ელის “ქართულ ოცნებას” ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ და გამოუვა თუ არა მას ხელისუფლებისგან სრული დისტანცირება?

- თქმა უნდა, მას არ გამოუვა დისტანცირება და არავინ ამას არ მიიღებს. პირველ რიგში, ამას არ მიიღებს ის გუნდი, რომელიც ხელისუფლებაშია. ივანიშვილი რეალურად თუ წავიდა და მართლაც რომ არ ჩაერიოს პოლიტიკაში, მისადმი დამოკიდებულება იქნება ისეთი, რომ ხვალ და ზეგ თუ საჭირო გახდება, ის დაბრუნდება და მაინც ის გადაწყვეტს ყველაფერს, ისევე, როგორც სააკაშვილი აკეთებს უკრაინიდან. თვითონ შესაძლოა, მართლა უნდოდეს წასვლა, მაგრამ საზოგადოება რეალურად არ მიიღებს მის ამ გადაწყვეტილებას, ჩათვლის, რომ მისი წასვლა ისეთივე იქნება, როგორიც იყო პირველი წასვლა.

რაც შეეხება, რა გავლენა ექნება ამას "ქართულ ოცნებაზე", ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, თუ რა ვითარება იქნება გუნდში. როგორი ერთგვაროვანიც არ უნდა იყოს გუნდი, ეს პოლიტიკაა და როდესაც ლიდერი მიდის, იქ ჩნდება სხვადასხვა დაჯგუფებები და ეს აუცილებლად გაჩნდება. დაჯგუფებები არ გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ეს გუნდი ჩათვლის, რომ კი თქვა, მაგრამ არ წასულა.

მეორე ფაქტორია ის, რომ თუ წავიდა, რეალურად ვინ აკონტროლებს პარლამენტს? პარლამენტმა თუ თქვა, რომ მან ახალი ლიდერი მიიღო და აღიარა მისი ლიდერობა, მაშინ ყველაფერი რიგზეა. კი, ვიღაცები წავლენ, გადავლენ, გადაჯგუფებები იქნება... როგორც ჩანს, პარტიას ეყოლება ახალ ლიდერად ის, ივანიშვილი ვისაც აკურთხებს, მაგალითად, კობახიძეს, რამდენად ჩათვლიან პარტიაში მას ლიდერად, არ ვიცი... თუ პატიაში მიიჩნიეს, რომ ივანიშვილი ნამდვლად წავიდა, ვფიქრობ, ყველა თავისკენ ეცდება გადაქაჩოს გავლენა და დაიწყება შიდა დაპირისპირებები"

"საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა "ფაიზერის" ვაქცინით გახდება შესაძლებელი" - რაზე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს

"სად არის დასავლეთი ამ პროცესში?" - როგორია პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის შედეგები და როგორ აისახება შექმნილი ვითარება საქართველოზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"