ავტორი:

"ამ დაავადებამ ყველაფერი დაავიწყა, პროფესიის და ფორტეპიანოზე დაკვრის გარდა..." - რას ყვება ნანიკო ხაზარაძე მამაზე და რატომ დაიმსახურა საზოგადოების კრიტიკა

"ამ დაავადებამ ყველაფერი დაავიწყა, პროფესიის და ფორტეპიანოზე დაკვრის გარდა..." - რას ყვება ნანიკო ხაზარაძე მამაზე და რატომ დაიმსახურა საზოგადოების კრიტიკა

რამდენიმე თვის წინ, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე "ფეისბუქის" ერთი პოსტის გამო, ინტერნეტ საზოგადოებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. პოსტი მის 81 წლის მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს ეხებოდა. ტელეწამყვანი წერდა, რომ მამას აქვს დემენცია, რომელიც მწვავე ფორმებით მიმდინარეობს - ავადმყოფს დრო, სივრცე, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადექვატური ქცევა, უპირველესად მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.

ამიტომ, ტელეწამყვანმა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სწორედ ამ საქციელის გამო, საზოგადოების ნაწილმა ნანიკოს ვერ გაუგო და მკაცრად გააკრიტიკა.

AMBEBI.GE ტელეწამყვანს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორია მამის ახლანდელი მდგომარება, ასევე, როგორ უმკლავდება დაავადებას:

- მამაჩემი ოჯახური ტიპის სახლშია, სადაც ბენეფიციარები ცხოვრობენ. მამა ცალკე ოთახშია. სანამ იქ გადავიყვანდი, გარემოსთან გაუცხოება რომ არ ჰქონოდა და თან წამოსულიყო, ვუთხარი, რომ 21-დღიანი "საგზური" მქონდა და დასასვენებლად უნდა წამეყვანა... იქ რამდენიმე თვეა, რაც დაბინავდა და ფაქტია, თავს კარგად გრძნობს, მეტი სიმშვიდე მოიპოვა...

იმ სახლში პროფესიონალები მუშაობენ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო განათლება აქვთ და რაც მთავარია, ასეთ პაციენტებთან მოპყრობის წესები იციან. მამას იქ აქვს თავის კაბინეტი და კარზე უწერია - პროფესორი ხაზარაძე, თეთრი ხალათი აცვია და დილაობით სხვა ბენეფიციარებთან შემოვლას აწარმოებს.

- თავადაც ექიმია, ხომ?

- კი, სულით ხორცამდე ექიმია, ზოგადი ქირურგი, პროფესორი. მინიჭებული აქვს თავისი საქმინიანობიდან გამომდინარე, ემირიტუსის წოდება. მთელი ცხოვრება ოპერაციებს მუცლის ღრუს ნებისმიერ პათოლოგიაზე აკეთებდა. ამ დაავადებამ თითქმის ყველაფერი დაავიწყა, გარდა მისი პროფესიისა და ფორტეპიანოზე დაკვრისა... იმ დღეს ერთ-ერთ ბენეფიციარს ძირმაგარა ისე დაუმუშავა, რომ ადამიანი პრობლემისგან გათავისუფლდა. იქაურ თანამშრომლებს ლექციებს უტარებს. გაოცებულები არიან, იქაც ამბობენ - ამ დაავადებამ მის პროფესიას ვერაფერი დააკლოო. ძალიან შეუყვარდათ. მოკლედ, შედარება არ არის, დამშვიდდა.

- მასტან ყოველი ვიზიტისას, ვიდეოს უღებ და სოციალურ ქსელში ათავსებ, საიდანაც კარგად ჩანს, რომ მამას, ყველაფრის მიუხედავად, მართლაც შენარჩუნებული აქვს ძველი პეწი და ღირსება...

- კარგად აღზრდილი, კულტურული, ზრდილობიანი, მოსიყვარულე, თბილი და ბევრი კარგი თვისებით შემკული ადამიანია. მისი მსგავსი იშვიათად მინახავს... ამასთან, უკიდეგანოდ განათლებულია, სიტყვა არ არსებობს, რომ მასზე ამომწურავი ინფორმაცია არ მოგაწოდოს.

ცნობილი ქირურგის, ეგანატე ფიფიას მოსწავლეა და დღემდე ეგნატე მისი ღმერთია ადამინობის და მედიცინის მიმართულებით. მოკლედ, ყველანაირად, მისი გაზრდილია. თან, ეგნატე ჩვენი ნათესავიც იყო, მისი ვაჟი მამიდაჩემის ქმარი გახლდათ.

- მამას დემენცია როდის დაეწყო?

- ჩემთვის მამას ეს დაავადება ხილული საქართველოში კორონავირუსის შემოსვლის პირველ დღეებში გახდა... შემდეგ კი დემენციის შესახებ ბევრი რამ წავიკითხე. მას სხვადასხვა განშტოება და სახელწოდება აქვს, რაზე საუბარსაც ახლა არ ვაპრებ, თუმცა ერთს ვიტყვი, ხალხში ადრე მას უმეტესად სკლეროზს ეძახდნენ...

გასულ წლამდე სულ მუშაობდა, ლექციებს რამდენიმე უნივერსიტეტში კითხულობდა. ერთხელ ჩემმა მამიდაშვილმა მითხრა - დათოს იქნებ უთხრა, ნუღა იმუშავებს, სახლში დაჯდესო. როგორც ირკვევა, ქართულ ჯგუფში შედიოდა და ლექციას რუსულად კითხულობდა და პირიქით... რაღაც ნიშნები უკვე ჰქონდა... ეს გვიან გავიგე.

მერე ასეთი ფაქტი მოხდა: ღამის 11 საათზე ადგა და უნივერსიტეტში ლექციებზე წავიდა, ორიენტაცია დროში დაკარგა და მივხვდი, რომ საქმე არ იყო კარგად. ამას მოჰყვა ის, რომ კარის გასაღები ბევჯერ დაკარგა, ერთხელ დასახმარებლად მაშველებიც მოვიდნენ... შემდეგ ვუთხარი - მამა გასაღები მომეცი, საკეტი უნდა გამოვაცვლევინო-მეთქი. სხვა გზა არ იყო. იმის მერე სახლიდან აღარ გასულა...

- ბევრმა გაგკიცხა, როდესაც შეიტყო, რომ მამა საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანე...

- საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ვინც ქარ-ცეცხლში გამატარა, შემდეგ ყველამ იმ დაწესებულების ტელეფონის ნომერი მომთხოვა, სადაც ახლა მამაჩემია... ასე რომ, იქ ახალი ბენეფიციარები გაჩნდენ და ისინი იმ ადამიანების მშობლები, ნათესავები არიან, ვინც მლანძღავდა.

ჩემი თანამშრომლები დამემოწმებიან, ეთერში რომ ვიყავი და მამას ზარს ვერ ვპასუხობდი, ეთერიდან გამოსულს, მისი 150 გამოტოვებული ზარი მხვდებოდა. გადავურეკავდი სახლში და მეუბნება: სახლში წამიყვანე! - სახლში ხარ, მამა, სად წაგიყვანო? - გახარიაა ახლა აქ და ვერაფერს ვაკეთებ... ასეთ რარაცებს მეუბნებოდა. ჰალუცინაციები ჰქონდა, ანუ ტელევიზორში რაც ხდებოდა და რასაც უყურებდა, ის იყო მისი ყოველდღიურობა. ამასთან, "შტეფსელს" აფუჭებდა, ტელევიზორს რაღაცას უზიანებდა. მივიდოდი, გავასწორებდი, დავალაგებდი, ავალაგებდი, წამოვიდოდი და მერე თავიდან იწყებოდა იგივე.

აივანზე გასვლის მცდელობაც ჰქონდა. აივანს გისოსები აქვს, მაგრამ საფრთხე მაინც იყო... მოგვიანებით დედაც გააცოცხლა, გარდაცვლილ დას ელაპარაკებოდა... მერე უცებ ყველანი ისევ მიცვალებულები იყვნენ... ეს ახლაც აქვს... ამ ყველაფრის შემდეგ, მივხვდი, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, რაღაც უნდა შემეცვალა... და ასე შევცვალე...

- თუმცა როგოც ვთქვით, დიდი რისხვა დაიმსახურე... ემოციურად რას გრძნობდი მაშინ?

- ყველაზე მეტად ახლობელი ადამიანების აგრესია მეწყინა, ამან გული მატკინა. ვინც ყველაზე კარგად იცოდა, რა პრობლემის წინაშეც ვიდექი, მათ საოცარი რაღაცები დამიწერეს... უცხოებისგან არა, რადგანაც, ყველა აქვს უფლება, იფიქროს ისე, როგორც უნდა, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. თუმცა, იმდენი ადამიანის გულშემატკივრობაც ვნახე, რომ მას არც კი შეედრება რამდენიმეს წყევლა-კრულვა. მხარი დამიჭირეს ემიგრანტებმა, ქალებმა, რომლებიც უმეტესად ასეთ პაციენტებს უვლიან. მამხნევებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ მამას ახლა სწორედ ეს სოციალიზაცია სჭირდება.

- ისე, სანამ იმ საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანდი, მისთვის მომვლელი რომ აგეყვანა, არ გიცდია?

- მყავდა არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც მამას უვლიდა, თავს დასტრიალებდა, მაგრამ ისიც ვერ გაუმკლავდა... ამ დაავადების პირობებში, სახლში უცხო ადამიანი ვერ იგუა, მაგრამ როგორც კი თავისი სახლიდან გავიდა და სხვა გარემოში აღმოჩნდა, მშვიდად არის. ამ დაავადებას სწორედ სიმშვიდე უნდა...

- საერთოდ, როგორი ურთიერთობა გქონდა მანამდე მამასთან?

- მამა და დედა ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც 6-7 წლის ვიყავი და მას მერე ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა შაბათ-კვირას მამასთან ვიყავი ხოლმე. მეორე ოჯახი არც მას და არც დედას არ შეუქმნიათ... მამა მუდმივად ჩემზე ღელავდა, სტრესში იყო, აინტერესებდა, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. მობილურები რომ შემოვიდა, სულ მირეკავდა... ვცდილობდი, მშვიდად ეცხოვრა, თორემ ჩემს ტემპს რომ აყოლოდა, ისე ნერვიულობდა, შეიძლებოდა, ახლა ცოცხალი არც ყოფილიყო...

- შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდი ამ დაავადების მქონე ადამიანების ოჯახის წევრებს?

- რთულია მშობლის ამ მდგომარეობაში ხილვა. რკინის ნერვები გჭირდება ადამიანს. უწყინარი კითხვა დღეში შეიძლება, 70-ჯერ დასვას, ადგილზე ვერ ჩერდება, მოძრაობს, სულ სადღაც მიდის, სულ რაღაც უნდა შენგან, სულ აუდიენცია სჭირდება. ამას ყველა ვერ შეძლებს. ასევე მუდმივად სცივათ, ჩათბუნება უნდათ და აპრილ-მაისშიც გათბობის ჩართვაა საჭირო... მოკლედ, მაქსიმალური ყურადღება სჭირდებათ, დაახლოებით ისეთი, როგორც ბავშვებს, მაგრამ თუ გინდა, რომ კარგად იყვნენ, მათ გვერდიდან არ უნდა მოსცილდე... მოკლედ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ამ ადამიანებს დახმარება, ისე უნდა აღმოვუჩინოთ. ახლა მამა გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, აღარ ღელავს, რაც მეც ცოტათი დამშვიდების საფუძელს მაძლევს...

მთავარი ფოტო: ზინა ბარნოვი

"საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნად... ამან შეიძლება ცუდი როლი ითამაშა, რადგან ვაქცინა ჯერ დაბალშემოსავლიანებს გადასცეს" - იმნაძე

"თუ მკაცრად არ გაკონტროლდება რეგულაციების დაცვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეპიდაფეთქებას აპრილის თვეში" - რა შეიძლება მოჰყვეს შეზღუდვების მასშტაბურ შემსუბუქებას?

GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა