ავტორი:

იტალიაში მოხუცთა პირად ასისტენტად მომუშავე ქართველები, შეიძლება ვაქცინაციის პირველი ტალღისას აცრან

იტალიაში მოხუცთა პირად ასისტენტად მომუშავე ქართველები, შეიძლება ვაქცინაციის პირველი ტალღისას აცრან

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. რამდენიმე თვის წინ, გაჩნდა იმედი, რომ თანამედროვე მედიცინამ ეს ამოცანაც დაძლია და სულ ცოტა ხნის წინ, რიგმა ქვეყნებმა, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაიწყეს. საჭირო გახდა პრიორიტეტების გადანაწილება, თუ ვინ, მოსახლეობის რომელი კატეგორია უნდა აიცრას პირველ რიგში. როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, შესაძლოა, პრიორიტეტულ კატეგორიაში საზღვარგარეთ, ოჯახებში დასაქმებული ქართველებიც აღმოჩნდნენ.

იტალიაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ სტარტი 21 დეკემბერს აიღო. საწყის ეტაპზე, ლაპარაკია, Pfizer ვაქცინის 1 833 975 დოზაზე. პროცესი ოთხ ფაზად იქნება დაყოფილი. ვაქცინაციის პირველი ფაზა, მარტის დასაწყისში უნდა დასრულდეს, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტი საავადმყოფოებისა და მოხუცებულთა სახლების სამედიცინო და მომსახურე პერსონალს, 80 წელს გადაცილებულ პირებს და მძიმე პათოლოგიების მატარებელ პაციენტებს მიენიჭათ. თუმცა, გამოიკვეთა პრეტენზიები, რომელთა მიხედვითაც, აღნიშნულ კატეგორიებს, კიდევ ერთ სფეროში დასაქმებული პირები უნდა დაემატონ და ესენი არიან მოხუცებულთა პირადი ასისტენტები.

"მოვითხოვთ, რომ იტალიის მთავრობამ, ოჯახებში მომუშავე მომვლელების კატეგორია, გაუთანაბრონ საავადმყოფოების, მოხუცებულთა თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურე პერსონალს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ კატეგორიასთან, ანუ მოსახლების ასაკოვან ნაწილთან. ამ მოთხოვნით ჩვენ ვუერთდებით სხვა ევროპული ასოციაციების (Efsi, Efta, Effe) მოთხოვნას“, - განაცხადა ასოციაცია "დომინას“ გენერალურმა მდივანმა ლორენცო გასპარინიმ.

სწორედ მოხუცებულთა თავშესაფრების მომსახურე პერსონალთან გათანაბრებას ითხოვენ პროფკავშირთა ყველაზე დიდი გაერთიანებებიც CISL, Uil, CGIL. მათი განცხადებით, "ლოგიკასაა მოკლებული, რატომ არ უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი საავადმყოფოების დასუფთავების სამსახურებში დასაქმებულ პირებს და ასევე კერძოდ დასაქმებულ მომვლელებს, რომლებიც დახმარებას უწევენ მოსახლეობის ყველაზე ფაქიზ და რისკის ქვეშ მყოფ ნაწილს, ჩვენს მოხუცებს“.

ლაპარაკი 461 600 ერთეულ დოზაზე, რადგან ბოლო მონაცემებით, იტალიაში სწორედ ამდენი ლეგალი მომვლელია რეგისტრირებული.

2019 წლის მონაცემებით, ოჯახებში დასაქმებულთა რაოდენობა 407 000 გახლდათ. აქედან ყველაზე მეტი - ლომბარდიის (63.5 ათასი), ემილია-რომანას (45.1 ათასი), ტოსკანას (41.8 ათასი), ვენეტოს (35.9 ათასი), ლაციოსა (35.6 ათასი) და პიემონტის (33 ათასი) რეგიონებში.

ქალაქებიდან ლიდერობენ: მილანი, ტურინი, რომი, კალიარი და ფლორენცია. 2020 წელს, ზემოთ აღნიშნულ რაოდენობას, ახალი კანონის წყალობით, კიდევ 54 600 ლეგალი დაემატა, სულ ჯამში - 461 600.

"მომვლელების დიდი ნაწილი მოხუცებულებთან ერთად ცხოვრობს და მათთან პირდაპირი კონტაქტი აქვს: ეხმარებიან მათ ჰიგიენის დაცვაში, კვებავენ, აძლევენ მედიკამენტებს... ეს არის იმ ტიპის სამუშაო, რომელიც არ ექვემდებარება დისტანციური მუშაობის სისტემას, ამიტომაც ამ სფეროში დასაქმებულ პირებს უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი ვაქცინის მისაღებად“, - აცხადებენ პროფკავშირების წარმომადგენლები.

ეს საკითხი დიდ ინტერესს იწვევს ქართველ ემიგრანტთა შორის, რადგან მოგეხსენებათ, იტალიაში ქართველთა დიდი ნაწილი, სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული. პროფკავშირებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მიმართვას, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით პასუხი არ მოჰყოლია, მაგრამ სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, ინფორმაცია მუდმივად ახლდება და რეალურია, რომ ოჯახებში დასაქმებულმა პირებმა ვაქცინის დოზა, სხვა სექტორებში დასაქმებულებზე ადრე მიიღონ. წყარო

ავტორი: ნინა მამუკაძე სპეციალურად იტალიიდან

ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე