ავტორი:

ნეკა დოროყაშვილმა ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნა - "ჩემ ბიზნესს არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან"

ნეკა დოროყაშვილმა ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნა - "ჩემ ბიზნესს არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან"

მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა, რომლის სახელიც საზოგადოებამ ბოლო პერიოდში ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახური სკანდალის შემდეგ გაიგო, სპორტული ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნა. ტანსაცმლის ხაზი, რომელიც საბავშვო და ზრდასრულების სპორტულ სამოსს აწარმოებს, მოდელის სახელს ატარებს, ნეკა დოროყაშვილი კი NEKA-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია.

ბრენდის დაფუძნების შესახებ უფრო ვრცლად მოდელმა და დიზაინერმა "იმედის დღეში" ისაუბრა.

"ბავშვობიდან ვხატავდი და დიდი ხანია მინდოდა ჩემი ბრენდი შემექმნა. მაგრამ ისე მოხდა, რომ არ მქონდა ამისთვის შესაბამისი დრო, რადგან საკმაოდ შრომატევადი პროცესია. პანდემიის დროს, როგორც ყველა, ჩემი სამოდელო საქმე შენელებული ტემპით მიმდინარეობდა და შესაფერისი დრო იყო შემექმნა ჩემი კოლექცია.

ბევრი დიზაინერი, ბევრი ბრენდი ასე იწყებს - როცა რაღაც გინდა, ეძებ და არ არის, გიჩნდება სურვილი გააკეთო. საახალწლო განწყობისთვის კომფორტული, თბილი, საახალწლო თემატიკის სამოსი მინდოდა, დავიწყე მოძიება და ქართულ ბაზარზე ვერაფერი ვნახე. გავაკეთეთ 12 სხვადასხვა მოდელი, პრინტებზე კი ლიცენზია გვაქვს ნაყიდი. კოლექციის დაწყებამდე, გავედი შუამავალ კომპანიებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან ექსპორტზე გავიტანოთ პროდუქცია. მომავალში ვგეგმავთ ჩვენი სათავო ოფისი გადავიდეს ნიუ იორკში და იქ მოხდეს კოლექციების წარმოება, რადგან იქ არის ჩვენი შუამავალი კომპანია.

ეს არის ჰუდები, სპორტული ორეულები, კაბა-ჰუდები... პრინტები მაღალი ხარისხისაა და რეცხვაში არ ფუჭდება, მატერიალები არის დათბილული და ფერებში ფართო არჩევანი გვაქვს" - აღნიშნა დოროყაშვილმა და განმარტა, რომ სამოსი მისივე დაფუძნებულ ატელიეში იკერება.

მოდელმა არ ისურვა პირად ცხოვრებაზე და გასულ წელს მისი ოჯახის ირგვლივ განვითარებულ სკანდალურ მოვლენებზე ესაუბრა, თუმცა შეკითხვაზე, გულშემატკივრობს თუ არა ჩოგბურთს, როგორც სპორტს, უპასუხა:

"ტელევიზორის საყურებლად არ მცალია, ბოლო რამდენიმე თვეა გადართული ვარ ჩემს საქმიანობაზე, თუმცა თუ გადის ჩოგბურთის თამაში, ვუყურებ" - აღნიშნა დოროყაშვილმა.

მისივე თქმით, საახალწლო კოლექციის შემდეგ, NEKA-ს ბრენდი საგაზაფხულო კოლექციის შექმნაზე დაიწყებს მუშაობას. მოდელისა და დიზაინერის თქმით, მომავალში გეგმავს საკუთარი კოსმეტიკური ხაზიც გააკეთოს.

აღსანიშნავია რომ, მას შემდეგ რაც დოროყაშვილმა 2020 წლის დეკემბერში საკუთარი ბრენდის დაფუძნების შესახებ განაცხადა, ბევრი კრიტიკული გამოხმაურების მოსმენაც მოუხდა. გაჩნდა კითხვები მისი ბიზნესის ფინანსური კაპიტალის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რის გამოც დოროყაშვილს განმარტების გაკეთებაც კი მოუხდა "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა პირადში ან მიუძღვნა საჯარო კომენტარი ჩემს გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა, რომ კიდევ მიწევს ამ თემებზე საუბარი და ვინმესთვის რამის ახსნა, ძალიან შემაწუხებელია, როდესაც სიმართლე შენს მხარეს არის, თუმცა საზოგადოებაში სხვა განწყობები ჭარბობს. საწყენია, რომ ქვეყანაში, სადაც ასეთი გაჭირვება სუფევს და ძალიან ძნელია ბიზნესის კეთება ახალგაზრდა ადამიანებისათვის, მითუმეტეს პანდემიის აკრძალვების და შეზღუდვების პირობებში ადამიანი მაინც ახერხებს საინტერესო ბიზნესწამოწყებას ჩაუყაროს საფუძველი და ძალიან მოკლე დროში ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად ახერხებს ბიზნესის გამართვას, მას კი ამისთვის კიცხავენ...

დღეს ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს კაპიტალის მოსაზიდად ბიზნესის წამოწყებისათვის. თუ საკმარის ენერგიას, შრომას და თავდაუზოგავ ძალისხმევას ჩადებ ადამიანს შეგიძლია ნულიდან შეადგინო ბიზნეს გეგმა, შექმნა პროტოტიპი, მოიზიდო კაპიტალი, დაიწყო ბიზნესი და შემდეგ თავდაუზოგავი და გაუჩერებელი შრომის ხარჯზე შეძლო შენი გეგმის სისრულეში მოყვანა. მათთვის ვინც დაინტერესებულია ჩემი ბიზნესის ფინანსური ისტორიით მას არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან..." - წერს დოროყაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.