ავტორი:

"10 წლის წინ, პაოლო იაშვილს წესი მე ავუგე" - რა შემთხვევაში უშვებს ეკლესია გამონაკლისს და თვითმკვლელს წესს უგებს

"10 წლის წინ, პაოლო იაშვილს წესი მე ავუგე" - რა შემთხვევაში უშვებს ეკლესია გამონაკლისს და თვითმკვლელს წესს უგებს

თვითმკვლელობა, ანუ სუიციდი საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა, რაც მიუტევებელი ცოდვაა. მართლმადიდებელი ეკლესია თვითმკვლელებს წესს არ უგებს, თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, რასაც სასულიერო პირები ითვალისწინებენ და არაერთი თვითმკვლელისთვისაც აუგიათ წესი.

AMBEBI.GE დაინტერესდა სწორედ ამ საკითხით - რა გამონაკლის შემთხვევებში ხდება თვითმკვლელებისთვის წესის აგება. ამაზე განმარტება დეკანოზ პეტრე კოლხს ვთხოვეთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" ასეთი რამ დაწერა:

"გლდანის რაიონში, დევნილების კორპუსში მეექვსე სართულიდან 18 წლის ბიჭი გადმოხტა. მეოთხეზე რკინის მოაჯირმა შეაფერხა, რასაც ჩაებღაუჭა. ძალიან მოინდომა გადარჩენა, მაგრამ სხეულმა ვერ გაუძლო და მიწას დაენარცხა... დარწმუნებული ვარ, ის წამები, როცა მოაჯირს ებღაუჭებოდა, მის საქციელს ნანობდა... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმედია წესის აგება შესაძლებელი გახდება! ტრაგედია ის არის, რომ ასეთ პატარა ასაკში, სიცოცხლე არ გვინდება!" - წერდა სასულიერო პირი.

"ზოგადად ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური მომენტია. თვითმკვლელს თუ ერთი შანსიც კი გამოუჩნდა, რომ გადარჩეს, გადარჩენას დაუფიქრებლად ცდილობს - ის უკვე ნანობს არა იმას, რომ ცოდვა ჩაიდინა, არამედ რომ სიცოცხლეზე უარს ამბობს. ამ შემთხვევაში ეკლესია მოწყალეა და ამ გარდაცვლილისთვის წესის აგება ხდება. თუმცა წესის აგებაც, რომ გითხრათ, უფრო ნუგეშისმომცემი მისი ახლობელი ადამიანებისთვისაა. დანარჩენი უფალმა უკეთ იცის, ცოდვას ვის აპატიებს და ვის - არა..." - გვეუბნება პეტრე კოლხი.

- კანონიკაში არ არის მითითებული, რომ თვითმკვლელს წესი აეგოს?

- სახარებაში, როდესაც მოციქულები ქრისტეს ეკითხებიან, რა ცოდვა ეპატიება ადამიანს, ქრისტე პასუხობს, - ადამიანს ნებისმიერი ცოდვა ეპატიება, გარდა თვითმკვლელობისა. თვითმკვლელობა სულიწმინდის გმობის ერთ-ერთ ფაქტორად განიხილება და როგორც წესი, ის უპატიებელი ცოდვაა, საუკუნო სასჯელი... მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ეკლესია განიხილავს პუნქტებს, რა მდგომარეობაში, რა სიტუაციაში, რა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მოიკლა ადამიანმა თავი, როგორი იყო მისი ფსიქოლოგიური ფონი, თუ ის გაწონასწორებულ მდგომარეობას ვერ აკმაყოფილებდა, პასუხს არ აგებს თავის ნაბიჯებზე...

აქვე დავამატებ - წესის აგება სულის ცხონების გარანტი ან "სამოგზაურო ბარათი" არ არის ცათა სასუფევლისკენ. უამრავ უღირსს აუგეს წესი, თუნდაც კომუნისტების შემდგომ პერიოდში, ვისაც ეკლესიაში ერთი სანთელიც არ აუნთია, მაგრამ ეს არ არის გადამნწყვეტი - ნებისმიერი ადამიანი განისჯება მისი სულიერი, შინაგანი მდგომარეობით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წესი გარდაცვლილს ჭირისუფლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი არ უნდა აეგოს, არამედ ამას გარდაცვლილის სულიერი მდგომარეობა უნდა ითხოვდეს.

- თქვენ თავად თუ აგიგიათ წესი თვითმკვლელისთვის?

- ასეთი ფაქტი მახსენდება: ვიცით, რომ 30-იანი წლების რეპრესიების პერიოდს ემსხვერპლა პოეტი და გენიალური ადამიანი პაოლო იაშვილი, რომელმაც სანადირო თოფით მოიკლა თავი. მას წლების განმავლობაში ეკლესიამ წესი არ აუგო, მაგრამ ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 10 წლის წინ, გამონაკლისი დაუშვეს, უწმინდესმა კურთხევა მომცა, მივსულიყავი დიდუბის პანთეონში და პოეტის საფლავზე წესი ამეგო... ასეთი ბედნიერება ჩემს ბიოგრაფიაში არც ყოფილა - პაოლო იაშვილს წესი მე ავუგე...

ფოტო geonecropol.com

მეორე არანაკლებ საინტერესო ფაქტია, როდესაც ჩვენმა პატრიარქმა, ასევე 10-12 წლის წინ, გალაკტიონ ტაბიძეს წესი თავად აუგო. მერე კი ატყდა ფანატიკოსებში ჩოჩქოლი - როგორ შეიძლება, თვითმკვლელისთვის წესის აგებაო?! მაგრამ ასეთ დროს, უნდა გავითვალისწინოთ მაშინდელი რეჟიმი, არსებული სიტუაცია, რა პირობებში ცხოვრობდა ადამიანი და რა წნეხს უძლებდა.

ხშირად ადამიანმა შეიძლება ვერ გადალახოს ეს წნეხი და თვითმკვლელობას მიმართოს, როგორც მოხდა გალაკტიონის, პაოლოს შემთხვევაში. ალბათ, გახსოვთ კიდეც იაშვილის წერილი, რომელიც თვითმკვლელობამდე ქალიშვილს დაუტოვა:

"ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.

არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა“ - წერდა პაოლო შვილისადმი მიწერილ წერილში.

მას რეჟიმი, მწერალთა კავშირი აიძულებდა, დაესახელებინა უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც რეპრესირებისთვის სჭირდებოდათ. პაოლომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთა - თვითმკვლელობას მიმართა, რითაც სხვა ადამიანები გადაარჩინა. მე თუ მკითხავთ, მისი მხრიდან ეს უფრო გმირობა იყო და ვფიქრობ, პატრიარქმა ობიეტურად შეაფასა ეს მდგომარეობა. მაშინ სამების საკათდერო ტაძარში ვმსახურობდი და უწმინდესმა ლოცვა-კურთხევა მომცა, დიდუბის პანთეონში მისთვის წესი ამეგო...