ავტორი:

"ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" - სალომე ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას "ფეისბუქით" პასუხობს

"ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" - სალომე ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას "ფეისბუქით" პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ჭორვილაში ცხოვრებასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის განცხადებას აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას "ფეისბუქზე" ავრცელებს:

"ჭორვილა თუ არა ჭორვილა! პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა "ლიდერების" განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.თურმე "ფსიქიკურად" შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა.

შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს. ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში 15 წელი არ იცხოვრებდა.

"ჭორვილიდან ხალხი მორბის. მის ქონებას ემუქრებოდა საფრთხე, მისი ქონება ნაშოვნია თაღლითური მეთოდებით, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანის გადაგდებით, ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის, მაგრამ ის თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მისი ერთადერთი დაცვა იყო ჭორვილაში ყოფნა. თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად. მისი ხელისუფლებაში ყოფნა იყო და არის ერთადერთი გარანტია ქონების დაცვის, მაგრამ როგორც თადარიგიანმა კაცმა, როგორც ალღოიანმა ბიზნესმენმა, მან დაუშვა ის მომენტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, თუ ოპოზიცია მოიპოვებს და ჩვენ მოვიპოვებთ ვადამდელ არჩევნებს, მის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრება, მის მილიარდებსაც საფრთხე დაემუქრება“, – განაცხადა ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

"ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ" - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის აქციების გადადებაზე

"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს