ავტორი:

"ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განვიხილავთ" - ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციისა და ვირუსის მესამე ტალღის შესახებ

"ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განვიხილავთ" - ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციისა და ვირუსის მესამე ტალღის შესახებ
  • განიხილება თუ არა ჩინური ვაქცინის შემოტანა?

ამ პერიოდისთვის ჩინურ ვაქცინას საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა არ გააჩნია - შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განიხილავს, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ გააკეთა.

ტიკარაძის განმარტებით, ცალსახად საუბარია “ფაიზერისა“ და “ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, რომელთა შეძენაც “კოვაქს პლატფორმიდან“ ხდება. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

“როგორც კი სარწმუნო წყაროდან გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ საჯარო გავხადეთ. როგორც კი, გვექნება შემდეგი დასტური იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვაქცინის მოწოდებას შესძლებს “კოვაქს პლატფორმა“, ამასაც გავასაჯაროებთ. ნებისმიერი პროცესი თანმიმდევრულად წარიმართება. ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად მიიღებენ საჭირო რაოდენობის ვაქცინას. ალტერნატიულ ბაზრებზე გვაქვს საუბრები, მაგრამ ალტერნატიული ბაზრებს გარკვეული რისკები გააჩნიათ. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვართ საკმაოდ ფრთხილად. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოცემულ პროტოკოლს მივყვებით, რადგან ეს არის ყველაზე უსაფრთხო გზა ვაქცინაციის მიღებისათვის“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

  • ვინ აიცრება პირველ რიგში?

„კოვაქს” პლატფორმიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მიღებული და დადასტურებული, რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანა მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას, თუმცა მინისტრის განმარტებით, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მას სხვა ვაქცინაც დაემატოს.

„რაც შეეხება „კოვაქს“ პლატფორმასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ინტენსიური მზადება. ინტენსიური მზადების ფაზაში საჭირო იყო და გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანი არის საკანონმდებლო ცვლილება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პარლამენტთან. გუშინ გაიმართა უკვე პარლამენტში პირველი საკომიტეტო შეხვედრა, რაზეც ცვლილებებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. დაინიცირდა კანონი და იანვრის ბოლომდე გეგმურად გვექნება შეტანილი ყველა ის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შეუფერხებელ შემოტანას საქართველოში.

ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში „ფაიზერის“ ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ „ასტრაზენეკაზე“ მისაწვდომობაც გაუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს „ფაიზერის“ ვაქცინა თუ რომელიმე სხვა ვაქცინა, ყველა ვაქცინაციას ესაჭიროება თავისი ეტაპობრიობა და ასევე, გარკვეული პორციული შემოტანა ქვეყანაში. ამას აკეთებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი არის საკმაოდ რთული პროცესი და მხოლოდ ცივი ჯაჭვის არსებობა არ განაპირობებს თუ რა მოცულობის ვაქცინების შემოტანა იქნება შესაძლებელი საქართველოში.

ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე, როგორც სხვა კომპონენტებში არ გვქონია არანაირი გართულება, ამ კომპონენტში ჩვენს მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა ყველა იმ რაოდენობაზე, რა მოცულობის შესყიდვის საშუალებაც იქნება მსოფლიო ბაზარზე. შეფერხება საქართველოში არსებული ან არარსებული პირობების გამო მოსახლეობას არ ექნება,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში 100 ათასი მედიკოსი არ გვყავს - აქედან გამომდინარე, შემოტანილი ვაქცინა პროპორციულად იმ რისკ ჯგუფებზე განაწილდება, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან იქნება შეთანხმებული.

ამასთან, ტიკარაძის აზრით, მედიკოსები ვაქცინაცია მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინაციის სანდოობას მოსახლეობაში.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გაიდლაინები და პრიორიტეტები. ამას ყველა ქვეყანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ათანხმებს. განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები და მოწყვლადი ჯგუფები. პირველ რიგში, ყველა ქვეყანა სტატეგიულად გეგმავს, რომ არ დაინფიცირდნენ მედიკოსები, რათა მათ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა შესძლონ. პრიორიტეტში ყველა ვარიანტში მედიკოსები არიან. მედიკოსები ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ზრდის ვაქცნაციის სანდოობას მოსახლეობაში. შემდგომში ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები და ასევე პენსიონერები. ჩვენ ამ პროცესს გეგმაზომიერად მივყვებით“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

  • მესამე ტალღა

ჯანდაცვის მინისტრის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსის მესამე ტალღას ქვეყანა ინფექციის შეკავების ეპიზოდში, უფრო მეტად ეფექტურად უნდა შეხვდეს.

„მაშინ როდესაც მსოფლიო მესამე ტალღაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ამისათვის აუცილებელია, გამოვიყენოთ და გავითავისოთ მსოფლიოში არსებული გამოცდილება. მესამე ტალღისთვის, არა მხოლოდ მზადყოფნის კომპონენტში, არამედ მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა ინფექციის გავრცელება მინიმალურად მოხდეს. აქცენტი ამაზე უნდა ავიღოთ და უფრო მეტად ეფექტურები უნდა ვიყოთ ინფექციის შეკავების ეპიზოდში. სავარაუდოდ, მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან", - განაცხადა ტიკარაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნიკა მელიამ თქვა, თვის ბოლოს შევხვდეთო - ძალიან პატიოსანი სიტყვაა" - ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართავს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"