ავტორი:

"ჩემი მეუღლე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა თრომბით. მისგან კარგი შვილი დამრჩა..." - ინტერვიუ, რომელიც სულ სხვა ხატია დეკანოიძეს გაგაცნობთ

"ჩემი მეუღლე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა თრომბით. მისგან კარგი შვილი დამრჩა..." - ინტერვიუ, რომელიც სულ სხვა ხატია დეკანოიძეს გაგაცნობთ

არ მიყვარს ჩემზე ლაპარაკიო და კარგა ხანს თავს იკავებდა ინტერვიუზე, თუმცა ამ ფორმატზე მაინც დაგვთანხმდა. წლების წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ აქტიურ პოლიტიკაში იქნებოდა ჩართული, მეტიც, უცხო ქვეყნის პოლიციის რეფორმის გატარებას თუ მიანდობდნენ. ყველაზე მეტად პოლიტიკოსში გულწრფელობას ვაფასებო, - ამბობს და წუხს, რომ ასეთი ბევრი არ გვყავს. პანდემიის გადამკიდე, ლამის ყოველდღე იტესტება და როგორც კი საშიშროება გადაივლის, მონატრებული ყველას ჩაეხუტება. ambebi.ge-ს საკუთარ თავზე უამბობს პოლიტიკოსი, საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი და პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, ასევე უკრაინის ეროვნული პოლიციის ექსუფროსი ხატია დეკანოიძე:

  • ბავშვობიდან - პოლიტიკაში მოსვლამდე

- ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამორჩეული. კარგად ვსწავლობდი, ხალისიანი ბავშვობა მქონდა, ბებია-ბაბუასთან ვატარებდი დიდ დროს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. თბილისში, საბურთალოზე გავიზარდე. მერე იყო სტუდენტობა, საკმაოდ რთული ეტაპი... რა ვიცი, როგორც ყველა, ისე ცხოვრობდა ჩვენი ოჯახი. 1994 წელს ჩავირიცხე ჯავახიშვილში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე და წითელ დიპლომზე დავამთავრე. მერე იყო “ვარდების რევოლუცია”... სახელმწიფო სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობებზე ვიმუშავე, მათ შორის - აღმასრულებელ ორგანოში, მთავრობაშიც... არავინ არაფერში დამხმარებია გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრება მშობლების თანადგომა მქონდა. გამორჩეული მშობლები მყავს, მათთვის ყოველთვის მთავარი ის იყო, რომ კარგი განათლება მიგვეღო, გვეშრომა, პასუხისმგებლობა გვქონოდა, შეცდომებსა და გამოწვევებს გავმკლავებოდით. ვფიქრობ, მათ ეს მისია შეასრულეს...

ადრე ალბათ ვერც წარმოვიდგენდი აქტიურ პოლიტიკაში რომ ვიქნებოდი, იქ დამენახა ჩემი თავი. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიმუშავე, საერთაშორისო პროექტებშიც ვმონაწილეობდი... აქტიურ პოლიტიკაში მაშინ ჩავერთე, როცა მოლდოვადან ჩამოვედი და 2018 წელს გავხდი ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი. ჩემი სურვილი იყო გარკვეული წვლილი შემეტანა იმ ბრძოლაში, რასაც ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ჰქვია. ჩვენ ხომ ყველა ჩვენებურად ვიბრძვით, გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის.. მე პირადად, რაც მამოძრავებს ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულელების მიხედვით საზოგადოების დაყოფა და მტრობა დასრულდეს, იყოს კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, განვითარება, კეთილდღეობა... ეს მამოძრავებს და ამისთვის ვარ პოლიტიკაში, ამისთვის ვიბრძვი. ვფიქრობ, თუ მოვინდომებთ, ყველას შეგვიძლია საკუთარი მისიის შესრულება...

  • "მისგან კარგი შვილი დამრჩა..."

- ძალიან მიჭირს და არ ვეხები ხოლმე ტრაგედიას, რომელიც ჩემს ოჯახში დატრიალდა. 2016 წელს ჩემი მეუღლე და თორნიკეს მამა ძალიან ახალგაზრდა, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა თრომბით. ეს დღემდე დიდი მწუხარებაა ჩვენს ოჯახში. იმ დროს უკრაინაში ვიყავი, ის ამერიკის მოქალაქე იყო და იქ გარდაიცვალა. მისგან კარგი შვილი დამრჩა... თორნიკეს არ უყვარს საკუთარი თავის გაშინაარსება და მეც ვცდილობ და ვერიდები ხოლმე მასზე ლაპარაკს. ჩვენ მეგობრები ვართ, ის დიდია, ზრდასრული ადამიანი. გამოვიდა ისე, რომ დღეს მარტო მე და თორნიკე ვართ. 22 წლისაა ჩემი ბიჭი, წელს ამთავრებს უნივერსიტეტს, მარკეტინგს სწავლობს. ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ყველანაირად ცდილობს, კარგად დაამთავროს, იმუშაოს...

  • "ოღონდ ახლობელი ადამიანები იყვნენ კარგად..."

- გამორჩეულად კარგი მეგობრები მყავს, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში. ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო არ მრჩება არაფრისთვის - არც ოჯახისთვის, არც მეგობრებისთვის... ვფიქრობ, ამ რთულ სიტუაციაში - პოლიტიკურ კრიზისში, პანდემიაში, მეგობრები და შიანურები გადაგალახინებენ ხოლმე გამოწვევებს.

რახანია არც ჩემი მშობლები მინახავს, ორივე რისკის ჯგუფშია და ვერიდები მათ. უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ სიფრთხილეს ვიჩენ და მაქსიმალურად აღჭურვილი დავდივარ. შევიძინე და ტესტს ხშირად ვიტარებთ მე და ჩემი შვილი. შეძლებისდაგვარად ვცდილობ თავის დაცვას, რათა ჩემს გამო გარშემომყოფები არ დაზარალდნენ და სხვა ადამიანებს არ შევუქმნა საფრთხე.

პანდემიამ დამაფიქრა იმაზე, რომ ყველანი გაცილებით უკეთ ვცხოვრობდით და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება გვქონდა. ხანდახან ალბათ არ ვაფასებთ ხოლმე კონკრეტული დღის მონაკვეთს. ახლა რომ ვუფიქრდები, როგორ მაკლია ჩემი მშობლები, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს... ასაკში არიან, სულ ვფრთხილობ და მეშინია, მათ არაფერი დაემართოთ. ოღონდ ახლობელი ადამიანები იყვნენ კარგად... ეს ჩაკეტილობა ალბათ მძიმედ აისახება ჩვენს რეალობაზე. მართლა მიჭირს ამ ჩაკეტილობაში ცხოვრება ისევე, როგორც ყველას, მე ხომ განსაკუთრებული არ ვარ. მით უმეტეს, ძალიან გამიჭირდა საზღვრების ჩაკეტვის ამბავი, ვინაიდან ხშირად ვმოგზაურობდი სამსახურიდან გამომდინარე. ადამიანები სოციალური არსებები ვართ და ამიტომ ეპიდემია ყველას გაგვიჭირდა, რა თქმა უნდა..

  • უკრაინაში

- უკრაინაში პოლიციის უფროსის თანამდებობა როცა შემომთავაზეს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე. საქართველოდან მიგვიწვიეს რეფორმატორთა გუნდი. ეს უშუალოდ პოროშენკოს შემოთავაზება იყო. მაშინ ამერიკულ დიდ პროექტში ვიყავი ჩართული. რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევა და პრობლემა იყო რეფორმის გატარება და უკრაინის მილიციის პოლიციად გადაკეთება. ოპერატიული სამძებრო საქმიანობის განხორციელება ნამდვილად არ არის ადვილი. იყო შინაგანი სიფრთხილე, რა თქმა უნდა, თორემ შიში საერთოდ არ მახასიათებს. ეს პერიოდი ჩემთვის გამორჩეულად საამაყო იყო. ვფიქრობ, უკრაინას დავუტოვეთ სახეშეცვლილი პოლიცია. სამწუხაროდ, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ბოლომდე ვერ მოხერხდა მისი ფორმირება. ჩემთვის საამაყო ის არის, რომ დღეს თუ ხედავენ უკრაინელ პოლიციელებს და პოლიციის ახალ მანქანებს, ამაში ჩემი წვლილია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იქ ყველას კარგი კუთხით ვახსოვარ. რეფორმის ერთი ტალღა დასრულდა და იქედან ჩემი ნებით წამოვედი, გადავდექი. არ იყო პოლიტიკური ნება და უკრაინაში არ მოხდა სასამართლო და პროკურატურის რეფორმა. უკრაინული ენა მესმის, ვლაპარაკობ კიდეც...

  • ქალი პოლიციელი

- ქალი პოლიციელი - ყოველთვის არის ამაში დაბრკოლებები, სტიგმაა და ითვლება, რომ ეს მასკულინურია, კაცის სამუშაოა. მიმაჩნია, რომ ნელ-ნელა ეს სტიგმაც გადაილახა. იყო სირთულეები... ადამიანი, განსაკუთრებით ქალი ყოველთვის აწყდები ამ სირთულეებს, დაბრკოლებებს, იყო ყოველდღიური გამოწვევებიც, მაგრამ ვფიქრობ, როცა ასეთი განსაკუთრებული მისია გაქვს, მიზნის მისაღწევად ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა გიწევს, ამას არასდროს შევუშინებივარ.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქალებს აქვთ დიდი გამოწვევები და ყოველთვის აწყდებიან სტიგმებს, სტერეოტიპებს, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლაში.

  • რაც მეამაყება

- ყველაზე წარმატებული ჩემს ცხოვრებაში ალბათ ის იქნება, რომ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს ნორმალურ და თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებაში შევიტანო ჩემი წვლილი. მოკრძალებულად რომ გითხრათ, ძალიან ამაყი ვარ, რომ წვლილი მაქვს შეტანილი საქართველოში, ასევე უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელებულ რეფორმებში. ეს არ არის საკმარისი და მთავარ მიღწევად ჩავთვლიდი იმას, რომ ჩემს სამშობლოში იყოს ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სჭირდება თითოეულ ჩვენგანს, არა - რომელიმე კონკრეტულ პარტიას და პოლიტიკოსს. მინდა საქართველო გათავისუფლდეს ამ არაფორმალური მმართველობისგან, მერე ვნახოთ... მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ეს გახლეჩილობა, რაც ჩვენს საზოგადოებაში არებობს, შეწყდეს.

არასდროს მინანია, "ნაციონალი" რომ ვარ, პირიქით... ეს ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილება იყო. ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ იმ გუნდს, რომელსაც თავისი მემკვიდრეობა აქვს, პასუხისმგებლობას ვიღებ იმ სიმძიმეებზეც და შეცდომებზეც, რომელიც იყო. ვფიქრობ, გუნდმა თავისი წილი პოლიტიკური ფასი გადაიხადა მაშინ, როდესაც არჩევნებში დავმარცხდით. შესაბამიად, მიმაჩნია, რომ ეს არის პარტია, რომელიც საქართველოს ისტორიაში არჩევნებში დამარცხების შემდეგ შედგა როგორც პოლიტიკური პარტია და უფრო მეტიც - გაიზარდა. ჩვენი სტაბილური ამომრჩეველი გვყავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დავამარცხოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ამომრჩეველი გაიზარდოს, დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ჩვენს შეცდომებზე ვისწავლეთ, დავარწმუნოთ იმაში, რამდენად დიდი საფრთხეა არაფორმალური მმართველობა და ოლიგარქია. ჩვენი მთავარი მიზანია, რაღაცნაირად მოვშალოთ ადამიანების დაყოფა პოლიტიკურ კლასებად და დავამკვიდროთ იმის კულტურა, რომ გამარჯვებული დამარცხებულს აღარ დევნის. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბევრ ადამიანს ვესაუბროთ. რაც შეეხება ენმ-ს მეორედ მოსვლას, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში პოსტოლიგარქიული მომავალი იქნება ოპოზიციური კოალიცია, რაც დემოკრატიის ძალიან კარგი ხარისხის მაჩვენებელია.

პოლიტიკოსის ყველაზე კარგ თვისებად გულწრფელობა მიმაჩნია. მთავარია, გულწრფელი ვიყოთ ჩვენს მოქალაქეებთან და ვისაუბროთ იმაზე, რაც ადამიანებს აწუხებთ. სხვათა შორის, გულწრფელი პოლიტიკოსი ბევრი არ გვყავს... ასევე ნიშვნელოვანია, ჩვენ არ შევუწყოთ ხელი პოლიტიკური დაპირისპირების გაღვივებას და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოლარიზაცია დასრულდეს, რასაც ამ ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. ყოველთვის მაქვს ის განცდა, რომ როდესაც გამოვდივარ, მიყურებენ და მისმენენ, ყველას ველაპარაკო, ყველასთვის უნდა ვიყო და ვიბრძოლო, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ პოლიტიკურ ბანაკშია და ვინ ვისი მომხრეა.

  • "როგორც კი პანდემია დასრულდება..."

იყო დრო, როდესაც ბევრს ვვარჯიშობდი, ბავშვობიდან ძირითადად ვცურავდი და დავრბოდი. ახლა, ამ კორონას გადამკიდე, ყველაფერი დაკეტილია და ძალიან მაკლია ფიზიკური აქტივობა. როგორც კი პანდემია დასრულდება, ეგრევე ყველას ჩავეხუტები - ჩემს მშობლებს, მეგობრებს... ძალიან მომენატრა შიშის გარეშე ადამიანებთან ურთიერთობა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. მინდა, ყველაფერი მალე დასრულდეს და ჩემს მშობლებთან ვიყო.

რა საინტერესოა ჩემი თავის გვერდიდან დანახვა... ალბათ ხატიას ვურჩევდი ემოციების ჩაქრობას, რომელიც ყოველთვის ჭარბობს მასში. ზოგადად ვფიქრობ, რომ ცუდი ადამიანი არ არის ხატია.

"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

გახარიას კიდევ ერთმა კადრმა დატოვა თანამდებობა - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტიდან წავიდა

"აღიარეს, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში" - ექსპერტი