ავტორი:

რატომ მივიდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ პროკურატურაში, რაზე ისაუბრა გამოკითხვისას და რაში ადანაშაულებს მას ბრალდებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი

რატომ მივიდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ პროკურატურაში, რაზე ისაუბრა გამოკითხვისას და რაში ადანაშაულებს მას ბრალდებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი

ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში პროკურატურაში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი და ბუნებრივია, დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან კითხვები მექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, იაკობ ბრეგვაძეს პროკურატურა არიგებს, თუ როგორი ჩვენება მისცეს. ამასთან, ფოფხაძის თქმით, ფოტოგრაფის ჩვენებები გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებსაც არ ემთხვევა და სასამართლოშიც განსხვავებულად საუბრობს.

„იაკობ ბრეგვაძეს არავის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, ზოგადად ისაუბრა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაშიც ცრუობდა, ვინაიდან გამოძიებაში მიცემული ჩვენებებიც ერთმანეთს არ ემთხვევა. აქ მოვიდა და აქ კიდევ სულ სხვა რამე თქვა. ფაქტობრივად, ეს ადამიანი ცრუობს. წინა პროცესზე დასრულდა პროკურორის მიერ პირდაპირი დაკითხვის წესით მისი დაკითხვა, ჩვენ ჯვარედინი დაკითხვის წესით დავკითხავთ, ვიმედოვნებთ, რომ სიმართლე ამოტივტივდება და ყველაფერი ნათელი გახდება საზოგადოებისთვის. შთაბეჭდილება მრჩება, რომ პროკურატურა ცდილობს საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს, თუმცა, ეშლებათ, საზოგადოების დაკვეთა არ არის ვინმე დაისაჯოს, საზოგადოების დაკვეთა პირველ რიგში ისაა, რომ სიმართლე დადგინდეს. ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი პროკურატურაში და ბუნებრივია, დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან კითხვები მექნება. მე ადვოკატი ვარ და ეჭვის შეტანის უფლება მაქვს, მეორე დღეს, ადვოკატებმა ჯვარედინი წესით უნდა დაკითხონ და პროკურატურაში ადის, მაინც და მაინც ახლა მოუნდა ვიზიტი პროკურატურაში, ხომ შეიძლებოდა დღეს მიეყვანათ?

სულ არიგებენ, მაგრამ ეს ბიჭი ვერანაირად ვერ დაარიგეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბებული სტრატეგია ყოფილიყო. დარიგებული რომ არის, ეს ნათელია.

ის ერთ-ერთ ძირითად მოწმედ ითვლება სხვა მოწმეებთან ერთად, მათ შორის, სხვა ძირითად მოწმეებში, რომლებიც ცრუობენ, ეს ერთ-ერთი ამომავალი წერტილია. ამ საქმეში ძალიან ბევრი რამ არ ემთხვევა, ვინაიდან პროცესზე რაც ისაუბრა, გამოკითხვის ოქმებში საერთოდ არ იყო, ყველაფერს ცვლის. რას, როგორ აკეთებს, თავად არ იცის, მაგრამ პროკურატურის სტრატეგიაა ასეთი. იაკობ ბრეგვაძე რა ინფორმაციის მატარებელია, ჩემთვის უცნობია, მაგრამ პროკურატურა მას იყენებს, ცდილობს, რომ წარმატებით გამოიყენოს, ეს აშკარაა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრეგვაძეს ჩვენებები არ შეუცვლია. როგორც ჭკადუა განმარტავს, მან გამოძიების ეტაპზე გარკვეული დეტალები დააზუსტა და ის დღესაც მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„ჩვენების შეცვლას ადგილი არ ჰქონია, ძალიან კარგადაა ცნობილი თოთოეული მისი ჩვენება, ის გამოძიებაში ორჯერ არის დაკითხული, მეორე დაკითხვისას უბრალოდ გარკვეული დეტალები დააზუსტა. ის უპასუხებს ყველა კითხვას, რაც დასმული იქნება, იაკობი უკვე ამ სასამართლო პროცესზე პროკურორების მიერ დაკითხულია, მხოლოდ დარჩენილია დაცვის კითხვები. მან ყველა კითხვას გასცა პასუხი და დღესაც მზად არის, გასცეს პასუხები“, - განაცხადა ჭკადუამ.

ის ასევე განმარტავს, თუ რატომ იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ საღამოს პროკურატურაში. ჭკადუას თქმით, ბრეგვაძეს მისი ფოტოაპარატის განათების წამოღება სურდა უწყებიდან, რაც მას პროფესიული საქმიანობისთვის სჭირდებოდა.

„რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, თუ რატომ არ ვიყავი მასთან ერთად პროკურატურაში, ის არ იკითხებოდა, მას ფოტოაპარატის განათება სჭირდებოდა, რადგან ეს მისი პროფესიული საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მას ავუხსენი, სანამ სასამართლო არ დასრულდებოდა, არ დაუბრუნებდნენ, მან მაინც თხოვა უწყებას და მათგან უარი მიიღო“, - განაცხადა ჭკადუამ.

როგორც იაკობ ბრეგვაძემ გუშინ პროკურატურაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში იმისთვის მივიდა, რომ გაერკვია, როდის დაუბრუნებენ ნივთებს, რომელიც ჩამოართვეს.

“ჩამომართვეს კამერა და ტელეფონი და მაგის გასარკვევად ვიყავი, როდის დამიბრუნებენ. არ ვიცი, როდის დამიბრუნებენ, არ უთქვამთ, ალბათ პროცესი, როცა დასრულდება”, - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, ე.წ. ოქროს მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ სასამართლოში წინა სხდომაზე დეტალურად აღწერა ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ძალადობა.

როგორც ჭიტაძე განმარტავს, ადვოკატების მხრიდან მოწმის დისკრედიტაცია მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ დაკავებულებმა მოსალოდნელი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ.

„დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდების მხარე მოწმე ი.ბ.-ს დაკითხვით გააგრძელებს, რომელიც ჩვენ მიერ პირდაპირი წესით დაიკითხა. მან დაადასტურა ქალაქ მცხეთაში ავტომაგისტრალზე განვითარებული ძალადობის მოვლენები და აღწერა. მასთან ასევე მოხდა ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება და დეტალურად მოხდა მისი მხრიდან აღწერილი თითოეული ის ქმედება, რომელიც ბრალდებულებმა განახორციელეს. მოწმემ კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა, მოწინააღმდეგე მხარეს ის არ იცნობდა და აღწერა მათი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, რაშიც მათ ბრალი ედებათ.

ასევე დღევანდელ სასამრთლო პროცესზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი დაიკითხება, რომელიც მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრებს, მას ფაქტის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე აქვს ექსპერტიზა ჩატარებული, რომელიც ავტომაგისტრალზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

დაცვის მხარის ნებისმიერი განცხადება მოწმეების დისკრედიტაციაზე, მიზნად ისახავს ბრალდებულების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდებას. შესაბამისად, მათი განცხადებები ბუნებრივია, დაცვის უფლებიდან გამომდინარეა“, - აცხადებს ჭიტაძე.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ე.წ. ოქროს მოწმეა. საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

მთვრალმა მამაკაცმა თბილისის ზღვასთან მდებარე საცხოვრებელ ვაგონში ცივი იარაღით ერთი პირი მოკლა - ბრალებული დაკავებულია

თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს - ადვოკატი

"ჩემს სახეს შეხედეთ, მუშტი დამკრა... არ გამოგვიგდია, ბოსელში ცხოვრება მოსწონს" - ქალი, რომელსაც მამამთილზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, აცხადებს, რომ 96 წლის მოხუცი თავად სცემდა