ავტორი:

თბილისის პირველი "ცათამბჯენის" და საფლავის ქვებით ნაგები ცნობილი შენობების ისტორია - როგორ შეიცვალა დედაქალაქის არქიტექტურა საბჭოთა პერიოდში

თბილისის პირველი "ცათამბჯენის" და საფლავის ქვებით ნაგები ცნობილი შენობების ისტორია - როგორ შეიცვალა დედაქალაქის არქიტექტურა საბჭოთა პერიოდში

გმირთა მოედანზე მდებარე 11-სართულიან შენობას შეიძლება თბილისის პირველი ცათამბჯენიც ვუწოდოთ, რადგან 1938 წელს, როცა ის აშენდა დედაქალაქის ყველაზე მაღალი შენობა იყო. მასში დედაქალაქის ცნობილი და გამორჩეული ადამიანები ცხოვრობდნენ.

როგორი ისტორია აქვს საბჭოთა კავშირის 1930-იანი წლების არქიტექტურის ნიმუშს და ამ პერიოდში აშენებულ რამდენიმე მნიშვნელოვან შენობას - ამასთან დაკავშირებით AMBEBI.GE-სთან პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი საუბრობს.

- თავიდან, როდესაც ის აშენდა, "100-ბინიან სახლს" და "11-სართულიანს" ეძახდნენ. როცა ვინმე ასე იტყოდა, ყველა აუხსნელადაც მიხვდებოდა, რომ საუბარი გმირთა მოედანზე არსებულ ამ შენობაზე იყო, რომლის ავტორიც არქიტექტორი კალაშნიკოვი და მასთან ერთად, სევეროვი იყო.

უნდა ითქვას, რომ ცალკე ამ 11-სართულიანი შენობის გამოკვეთა სწორი არ იქნება, რადგან მეტ-ნაკლებად იმავე პერიოდში აშენდა მთავრობის სახლი; დინამოს სტადიონის ძველი ვარიანტი, რომელსაც ე.წ. ქურდიანის სტადიონს ეძახდნენ და არა ის, რომელიც ახლაა; იმელის შენობა; წიგნის სახლი მარჯანიშვილის ხიდთან; ცოტა მოგვიანებით აშენდა ცირკის შენობა; ამ პერიოდში აშენდა კინოთეატრი რუსთაველიც და ბარათაშვილის საცხოვრებელი სახლიც.

ეს ის პერიოდია, როცა არქიტექტურამ ცოტა სახე იცვალა. 30-იან წლებში ლოზუნგი - "ხელოვნება მასებს" უნდა შეცვლილიყო ლოზუნგით - "მასების ხელოვნებისკენ"

მაშინ ითქვა, რომ არქიტექტურა უნდა ყოფილიყო უფრო დიადი, უფრო ძლიერი, უფრო მონუმენტური, უფრო პომპეზური, ვიდრე - მანამდე. იქამდე არქიტექტურა სიმარტივით და სისადავით გამოირჩეოდა.

ამას თავისი ახსნა ჰქონდა კომუნისტური რეჟიმის მხრიდან - მათ ჩათვალეს, რომ საბინაო პოლიტიკა და პრობლემა უკვე გადაწყვეტილი იყო და უნდა გადასულიყვნენ უფრო ლამაზ და ესთეტიკურ არქიტექტურაზე, სიმარტივე უნდა შეცვლილიყო ესთეტიკაგარეული არქიტექტურით.

მთავარი ამოცანა, რომელიც არქიტექტორებსა და არქიტექტორთა ჯგუფებს დაუსახეს, იყო ის, რომ საბჭოთა პერიოდის არქიტექტურას რომ შეხედავდი, ეს ცხოვრების ანარეკლი უნდა ყოფილიყო, თუ რამდენად ბედნიერია საბჭოთა ადამიანი, რა კარგ პირობებში ცხოვრობს და ა.შ. ამიტომ მივიღეთ სხვანაირი ტიპის არქიტექტურა, მანამდე არსებულთან შედარებით მართლა უხვად დეკორირებული, თვალისთვის უფრო საამო საყურებელი და ა.შ.

ზუსტად ამ პერიოდშია აშენებული ეს 100-ბინიანი სახლი. შეიძლება, ერთი კომპლექსის ნაწილი არ იყოს, მაგრამ გმირთა მოედანზე არსებული ნაგებობები ანსამბლურობას ქმნის: 11-სართულიანი სახლი, ცოტა მოგვიანებით ცირკის შენობა, შემდეგ ზოოპარკში შესასვლელი, მერე - 40-50-იანი წლების ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი. მაშინ საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რომ რომელიმე ობიექტი ცალკეულად არ ყოფილიყო განხილული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რასაც სრულიად უგულებელჰყოფს დღევანდელი არქიტექტურა.

თუ გადახედავთ სტალინური არქიტექტურის ამ პერიოდს, მოსკოვშიც და კიევშიც აუცილებლად ნახავთ იმის ანალოგებს, რაც თბილისში 11-სართულიანის სახით აშენდა. ერთი ვერტიკალი კოშკის სახით და მერე შენობების განივი ჰორიზონტალური განვითარება - ასეთი ტიპის შენობები მოსკოვშიცაა და კიევშიც. ეს, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთიანი ხელწერა იყო, რაც თავისთავად, თბილისზეც აისახა.

ცათამბჯენი ამ შენობას არასდროს რქმევია, შეიძლება, ბოლოს ვინმემ დაუძახა. "11-სართულიანი", "100-ბინიანი სახლი", მას კიდევ ეძახდნენ "საცხოვრებელ კომბინატს" - მაგრამ „ცათამბჯენი“ ნამდვილად არა. მაშინ ეს თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იყო, თუმცა ტერმინი გვიანდელია.

კიდევ გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ საბჭოური პრაქტიკით, ამ სახლში მთლად „უბრალო“ ადამიანები არ ცხოვრობდნენ, აქ თავი მოიყარა ინტელიგენციის ნაწილმა - ცხოვრობდა მწერალი მიხეილ კვესელავა, მსახიობი გიორგი შავგულიძე, მსახიობი შალვა ღამბაშიძე და სხვა ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი

მიდიოდი და ბინას ყიდულობდი - მაშინ ასე მარტივად არ იყო საქმე, როგორც წესი, ამ ბინებს სახელმწიფო არიგებდა და თვითონ განკარგავდა და განაგებდა, რომელ სახლში ვინ უნდა შეეშვათ. ასეთი ტიპის შენობები, სადაც სახელოვნებო თუ ინტელიგენციის ელიტის წარმომადგენელთა ოჯახებია თავმოყრილი, არა მარტო 11-სართულიანში, არამედ სხვაგანაც არსებობს. იქ გამოკრულ აბრებს რომ გადახედოთ, შთამბეჭდავი სიაა.

- არქიტექტორზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- კალაშნიკოვი იმ პერიოდის თბილისის მნიშვნელოვანი არქიტექტორია, ანალოგიურად - სევეროვიც. თუ მანამდე, მეფის რუსეთის დროს ნაკლები არქიტექტორები გვყავდა და ძირითადად უცხოელები, საბჭოთა პერიოდში იყო ასეთი პრაქტიკა, რომ სხვადასხვა არქიტექტორი საბჭოთა კავშირის საზღვრებში, სხვადასხვა ადგილას აშენებდა. არ იყო აუცილებელი, რომ ადგილობრივი, აქ დაბადებული ყოფილიყო.

მაგალითად, იმავე პერიოდში აშენებული იმელის შენობა არათბილისელმა არქიტექტორმა - ალექსეი შჩუსევმა ააშენა და ეს მსოფლიო დონის არქიტექტორია. მეორე მისი შენობა იყო (და არის, თუმცა, ძალიან გადაკეთებული სახით) ბათუმის „ინტურისტის“ შენობა. ეს ის ადამიანია, რომელმაც ასევე, მოსკოვში წითელ მოედანზე ლენინის მავზოლეუმი დააპროექტა და ა.შ.

1930-იანი წლები ასევე თბილისის პირველი გენგეგმის პერიოდია, რის შემდეგაც ქალაქი ძალიან მკვეთრად შეიცვალა როგორც ლანდშაფტის, ასევე არქიტექტურის თვალსაზრისით.

ამ პერიოდში ძალიან ბევრი სასაფლაო გაუქმდა - კათოლიკური იქნებოდა, რამდენიმე სომხური სასაფლაო, ვერის და ა.შ. კომუნისტებმა ამას პრაგმატულად შეხედეს და ეს საფლავის ქვები სამშენებლო მასალად გამოიყენეს

ამიტომაა, რომ იგივე, ცირკთან არსებულ ქვებს შორის, რომელიც პატარა გალავნის სახითაა გამოყენებული, იგივე, იმელის შენობაშიც ეს საფლავის ქვებია გამოყენებული. 11-სართულიანის შემთხვევაში ასეთი ქვები განსაკუთრებით შენობის ქვედა რეგისტრშია, სადაც წარწერიან ქვებს უბრალოდ, ამოატრიალებდნენ ხოლმე, შენობის ფასადზე კირით აკრავდნენ და სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ - ესეც არ არის ლეგენდა და რეალობაა, რომ საფლავის ქვები რამდენიმე მნიშვნელოვან შენობაში სამშენებლო მასალადაა გამოყენებული.

- ამ ცნობილი 11-სართულიანის ბინადრები ბოლო წლებში წუხდნენ გმირთა მოედნის ესტაკადის გამო, ზოოპარკის გადატანის შემდეგ კი, ტერიტორიაზე დამატებითი კორპუსების აშენების შიში ჰქონდათ...

- ესტაკადამ ნამდვილად შელახა ამ შენობის არა მხოლოდ ვიზუალური მხარე (რადგან არის წერტილები, საიდანაც მისი რეალური, სრული აღქმა უკვე შეუძლებელია), არამედ, ამ სახლში მცხოვრები ადამიანების პირობები გააუარესა. ის ხმაური, რაც ახლა მათ სახლებში შედის, მტვერი, რომელსაც ისინი სუნთქავენ (და ეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, დავაკებული ტერიტორიაა და იქ გამონაბოლქვი ისედაც კონცენტრირებული იყო ხოლმე), რა თქმა უნდა, ამ ესტაკადის არსებობამ მკვეთრად გააუარესა. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც 13 ივნისის ტრაგედია მოხდა, ამ შენობის სარდაფები, პირველი სართულები და ეზო მთლიანად დატბორილი იყო.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ქაოტური მშენებლობა, ამას უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქალაქგეგმარების რეალური გადაწყვეტილება და გენგეგმის რეალური ამოქმედება სჭირდება. თუ ნებისმიერ ფოტოს აიღებთ, რომელიც გადაღებულია 70-იან ან 80-იან წლებამდეც და სადაც აღნიშნული 11-სართულიანი სახლი ძალიან კარგად ჩანს, ნახავთ, რომ მის უკან განაშენიანება არ არსებობს; მაგრამ თუ იმავე წერტილიდან დღეს გადავიღებთ ფოტოს, ეს იმის მაგალითია ზოგადად, რას აკეთებს ქაოტური განაშენიანება.

ამიტომ, ეს განაშენიანება თუ დღეს 11-სართულიანის მხარეს არსებობს, ისევე, როგორც ტელევიზიის შენობის უკანა მხარეს, თუ პოლიტიკა არ შეიცვალა, შეიძლება, იგივე გაჩნდეს ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიაზეც

ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ქალაქისთვის, სადაც ისედაც გაუსაძლისია ცხოვრება, სწორედ ქაოტური გეგმარების და განაშენიანების თვალსაზრისით, იმ კუნძულებთან მიმართებაში, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა - ამ შემთხვევაში საუბარია ვერეს ხეობაზე და ზოოპარკის ტეროტირიაზე, - ძალიან სწორად იყოს გადაწყვეტილება მიღებული, ქალაქის სასიკეთოდ - აქ მხოლოდ დიდ რეკრეაციაზე საუბარი შეიძლება ყოველგვარი მინიმალური ჩარევის გარეშე, ეს არაა ის ტერიტორია, სადაც შეიძლება, რაღაც შენობა-ნაგებობების აშენებაზე ვიფიქროთ.

ფოტოები: საქართველოს ეროვნული არქივი; გიორგი ნიკოლიშვილი, გიორგი ჟამერაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

სოფელ ოფურჩხეთში ნამახვანჰესის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა - რა პრობლებებზე საუბრობენ ადგილობრივები

"სად იყო საზოგადოება, როცა ქალბატონ ჯულიეტამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონარა კინწურაშვილი გამოეთხოვა წუთისოფელს?" - გიორგი კალანდია გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება