ავტორი:

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?

დღეს ქართველი საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ისტორიკოსი და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, საუბრობს იმ ეპოქაზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე პირველად დაფიქსირდა ხუთჯვრიანი დროშა თბილისის თავზე, ეს არის 1339 წლით დათარიღებული ანგელინო დულსერტის მაიორკაზე შექმნილი საზღვაო რუკა.

ისტორიკოსის თქმით, ქალაქის სიმბოლოსთან ჩანს წარწერა "ტიფილის" და იქვე ქვეყნის სახელიც წერია - "Georgiania". რუკა საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.

- სამწუხაროდ, შემონახული არ არის, თუ როგორი იყო ქართული დროშა, ამიტომაც ამან თავის დროზე დისკუსია გამოიწვია განსაკუთრებით იმის გამო, რომ იერუსალიმის ჯვაროსნების გერბი ხუთჯვრიანი იყო და მეგონა, რომ უცხოურ რუკებზე არსებული ეს დროშა ფანტაზიის ნაწილი იყო. თუმცა, როდესაც საკითხი ღრმად შევისწავლე მივხვდი, რომ ეს დროშა, მხოლოდ ერთ რუკაზე არ არის, სხვაგან, შუასაუკუნეების რუკებზეც არის გამოსახული...

ამ რუკაზე ადრინდელია კიდევ ერთი რუკა, რომელიც დაახლოებით, 1321 წელით არის დათარიღებული - პიეტრო ვესკონტეს შავი ზღვის რუკა, რომელიც ამჟამად ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება და საქართველოს ტერიტორიებზე, პირველად ჩანს საქართველოს დროშები, სადაც სოხუმის თავზე ამ ხუთჯვრიანი დროშის ვარიანტი ჩანს. რაც იმას ადასტურებს, რომ აფხაზეთი მაშინაც საქართველოს შემადგენლობაში იყო.

აფხაზეთი ქართული წიაღში იყო, თუმცა შემდეგ რაღაცები იცვლება, მაგრამ ისტორიულად, სოხუმი დიდი ხნის განმავლობაში იყო ქართული ქალაქი. სოხუმის თავზე ძალზე ხშირად იყო დროშები, რადგან ის საპორტო ქალაქი იყო.

დაახლოებით მეცამეტე საუკუნემდე დროშები არც ევროპაში ფიქსირდება. რომაელების დროს იყო სტანდარტები, რომ ბრძოლის დროს დაენახათ, როგორ იყო გამიჯნული სამხედრო ძალები. სწორედ ამ დროიდან ჩანს დროშები საქართველოს ტერიტორიებზე. ქართული დროშის რამდენიმე ვარიაცია არსებობს, რადგან შუა საუკუნებში სტანდარტი არ არსებობს, სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი დროშა ძალიან ხშირად ფიქსირდება.

არ არსებობს წყარო, რომელიც დაასაბუთებდა, რომ ეს არის ჩვენი ქართული დროშა, მაგრამ თუ იმდროინდელ ევროპულ დროშებს დავათვალიერებთ, დროშები ყველგან სწორად არის მითითებული. ეს იყო საზღვაო რუკები, რადგან როდესაც გემები ერთმანეთს ხვდებოდნენ, უნდა სცოდნოდათ, მტერი იყო თუ მოყვარე, ან ქალაქს რომ უახლოვდებდნენ, სანაპიროზე უნდა დაენახათ, რომელი ქვეყნის ქალაქს უახლოვდებოდნენ.

- ხშირად გვესმის სამფეროვანი დროშის გარშემო კამათი, ის უფრო ეროვნულია თუ არა, ან რატომ არის ასე მივიწყებული?

- დიახ, მეც მიმაჩნია, რომ ძველი სამფეროვანი დროშაც არის ისტორიული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა არ არის სახელმწიფო დროშა. ეს სამი ფერი და ის დროშა, გადასაგდები და დასავიწყებელი არ არის. ხშირად უნდა გამოვიყენოთ, როგორც ეროვნული ფერი, რადგან საქართველოს პირველი რესპუბლიკის, შემდეგ 90-იანების და გვიანდელი დროშა, უფრო ხშირად უნდა ფიგურირებდეს ქართველი საზოგადოების ცხოვრებაში.

მაგალითად, 26 მაისი ყოველთვის უღიმღამოდ აღინიშნება, არადა, საზოგადოებას შეუძლია, როგორც დღევანდელი ხუთჯვრიანი დროშა, ასევე სამფეროვანი დროშა გამოიყენოს. ასეთ დღეს მუდმივად არ ვიყოთ იმის იმედად, თუ სახელმწიფო რას გააკეთებს. დროშა არის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი სიმბოლო და დასავიწყებელი არ არის.

ბელარუსში, ლუკაშენკო იყენებს კომუნისტების დროინდელ დროშას, რომლისგანაც ნამგალი და ურო მოხსნა, ეროვნული დროშას კი, თეთრისა და წითელის შეხამებით, ოპოზიცია ატარებს, ანუ იმ ქვეყანაში ეს ორი სიმბოლო დაპირისპირებულია. საქართველოში კი ამის არავითარი საფუძველი არ გვაქვს, მით უფრო, რომ არაერთი მიზეზი გვაქვს ისტორია გავაცოცხლოთ 25 თებერვალს, ან 26 მაისს.

ამით საზოგადოებაც იგრძნობს, რომ ეს თარიღები მნიშვნელოვანია. 26 მაისზე ვერ ვიტყვი, რომ სახალხო დღესასწაული გახდა-მეთქი. ამ დროშის გამოფენით ერთმანეთს ვაჩვენებდით, რომ ასეთი დღეები ერთად უნდა ვიზეიმოთ.