ავტორი:

"არადემოკრატიულ რეჟიმებს აქვთ სურვილი, დასუსტდეს ამერიკა, მაგრამ..." - როგორ შეიძლება ისარგებლონ რუსეთმა და ჩინეთმა აშშ-ს კრიზისით და რამდენად აისახება ეს ვითარება საქართველოზე

"არადემოკრატიულ რეჟიმებს აქვთ სურვილი, დასუსტდეს ამერიკა, მაგრამ..." - როგორ შეიძლება ისარგებლონ რუსეთმა და ჩინეთმა აშშ-ს კრიზისით და რამდენად აისახება ეს ვითარება საქართველოზე

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება - დემოკრატი თეთრ სახლს 20 იანვარს ჩაიბარებს. აშშ-ში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს, როგორიცაა 6 იანვრის შეტაკებები კაპიტოლიუმში, მას შემდეგ კი დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის მეორეჯერ გამოცხადება, მთელი მსოფლიო ინტერესით აკვირდება. არეულობამ ყველაზე დემოკრატიულად მიჩნეულ ზესახელმწიფოში გააჩინა ეჭვები როგორც ქვეყნის, ასევე - დემოკრატიის მიმართ, შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს აშშ დრამატულად სუსტდება, რითიც შესაძლოა, რუსეთისა და ჩინეთის მსოფლიო როლი განსაკუთრებით მომძლავრდეს. არსებობს თუ არა მართლაც ამის საფრთხე და როგორ შეიძლება, ასეთი სიძნელეების ფონზე საქართველომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის საკუთარი როლი წინ წამოსწიოს? ამ ყველაფრის შესახებ AMBEBI.GE-ს საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე ესაუბრება.

- თავისთავად ცხადია, რომ პროცესები, რომელიც აშშ-ში განვითარდა, საასიამოვნო არ არის, თუმცა შორს ვარ ასე ვთქვათ, აპოკალიფსური სცენარიდან, რაც ამერიკის სახელმწიფოსთან და ზოგადად, დემოკრატიასთან დაკავშირებით. მესმის ხოლმე. ის, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმში ვიხილეთ, იყო იმ რადიკალიზაციის შედეგი, რაც სამწუხაროდ, ბოლო შეინიშნებოდა აშშ-ში - გვახსოვს საპროტესტო აქციები, რომელიც მერე გადაიზარდა დარბევებში, რადიკალური ორგანიზაციების გამოჩენა, იგივე "ანტიფა“ და სხვები. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თავის დროზე სათანადო ყურადღება არ მიექცა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია რადიკალიზაციაში გადავიდა, ამან იჩინა თავი და ამ შედეგამდე მივიდა. ზოგადად, ამიტომაცაა პოლარიზაცია საშიში, რომ ის შეიძლება, ძალიან ცუდი მიმართულებით განვითარდეს.

სამწუხაროა ისიც, რომ თავის დროზე პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა ამ საფრთხის შეჩერება, ეს კი არა, მისმა ზოგიერთმა განცხადებამ პირიქით, ამ პროცესს ხელი შეუწყო. თუმცა ვიხილეთ ისიც, თუ როგორ მუშაობს და როგორ უნდა მუშაობდეს კრიზისის დროს დემოკრატიული ინსიტუტები, რადგან ძალიან ნათლად გამოჩნდა, თუ რაოდენ აქტუალურია, ხელისუფლება არ იყოს კონცენტრირებული ერთ ხელში და ის იყოს დაბალანსებული და გადანაწილებული; რაოდენ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ყველაფერმა ამან კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა მოგვიტანა. იმავდროულად, ვნახეთ ძალიან სამაგალითო სახელმწიფოებრივი აზროვნება, პოზიცია, რაც დაიკავა იმავე, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, სხვა სახელმწიფო მოღვაწეებმა როგორც დემოკრატიული, ასევე - რესპუბლიკური პარტიიდან. ერთ-ერთი საუკეთესო ამ სიტუაციაში იყო არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართვა ერისადმი, რომელიც მართლაც გამაერთიანებელ გზავნილებს შეიცავდა.

თავისთავად ცხადია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია როგორც აშშ-სთვის, ისე ყველასთვის და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, აღმოიფხვრას სწორედ ის პოლარიზაცია, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო - მოხდეს საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების აღმოფხვრა. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მისია, რომლის შესრულებასაც ის შეეცდება. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ იგი ამას წარმატებით შეასრულებს; ამოცანაა ზოგადად, დემოკრატიის განმტკიცება როგორც აშშ-ში, ასევე, დემოკრატიის განმტკიცების ხელშეწყობა იმ ქვეყნებშიც, რომელთაც განვითარების დემოკრატიული გზა აქვთ არჩეული. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ბაიდენის უმთავრესი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი.

- დონალდ ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი. როგორც ცნობილია, სენატი საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე. თუმცა ეს რაღაცებს მაინც ცვლის - ხომ არ შეიძლება, ბაიდენის ინაუგურაციისთვის კიდევ იყოს დაძაბული ვითარება და როგორ აისახება ეს მთლიან სურათზე?

- დიახ, ტრამპი მართლაც პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი. რაც შეეხება სენატს, სენატი შვებულებაშია და 19 იანვარს გამოდის, რაც, ფაქტობრივად, ემთხვევა ბაიდენის ინაუგურაციას. დაძაბულობები, სამწუხაროდ, მოსალოდნელია და ამაზე თავად აშშ-ის ოფიციოზი ლაპარაკობს, ამიტომაცაა ვაშინგტონში უკვე გამკაცრებული ზომები. თუმცა დარწმუნებული ვარ, აშშ ამ კრიზისს წარმატებით გადალახავს. რას ვგულისხმობ წარმატებით გადალახვაში? - კრიზისი შეიძლება, ნებისმიერ სახელმწიფოში მოხდეს, მაგრამ სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, თუ რამდენად შეუძლია, გაუმკლავდეს კრიზისს და როგორი გამოდის ის კრიზისიდან - დასუსტებული თუ გამარჯვებული. აშშ ის სახელმწიფოა, რომელსაც ბევრი კრიზისი გადაულახავს და როგორც წესი, კრიზისიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოდის, ვიდრე მანამდე იყო. ამ კრიზისს ძალიან ღრმა ფესვები აქვს და საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება მის აღმოფხვრას. ამიტომაც ვამბობ, რომ სწორედ ეს იქნება ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამას, ამ პოლარიზაციის დაძლევას მოახერხებს. პოლარიზაციის ტალღა და მისი რადიკალიზაციაში გადასვლის საფრთხე არ არის მხოლოდ აშშ-ში, არამედ, ძალიან აქტუალურია მთელ მსოფლიოში.

- თქვენ ახსენეთ, რომ შორს ხართ გარკვეული აპოკალიფსური სცენარებისგან. შეგიძლიათ, კონკრეტულად დაასახელოთ? და თუ ეს გლობალური მასშტაბის ხედვებია, მაშინ რისი თქმა შეგიძლიათ თქვენი მხრივ - როგორ შეიძლება, რუსეთმა და ჩინეთმა იხეირონ აშშ-ში შექმნილი კრიზისული ვითარებით?

- აპოკალიფსურ სცენარებში ვსაუბრობდი იმაზე, რომ წავიკითხე ძალიან ბევრი შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატია ვერ მუშაობს, დემოკრატია კრიზისს ვერ უმკლავდება, აშშ-მ საბოლოოდ დაკარგა ლიდერობა და ა.შ. კატეგორიულად არ ვეთანხმები, პირიქით, თუ რამე ვნახეთ ჩვენ, ვნახეთ ის, რომ დემოკრატია კრიზისის პერიოდშიც მუშაობს და სწორედ დემოკრატიის საშუალებით შეიძლება მსგავსი კრიზისების განმუხტვა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს ლიდერის ფუნქციები არ დაუკარგავს და პირიქით, ის კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მანამდე იყო.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს უკავშირდება იმას, რაც ვთქვი - ძირითადად, სწორედ ავტორიტარული რეჟიმებისგან იყო, ასე ვთქვათ, "ტაშის შემოკვრა“ იმასთან დაკავშირებით, რომ "აი, ნახეთ, ამერიკაში რა ხდება“ და "ამერიკა დაიქცა“. ნამდვილად არ არის ასე საქმე, მესმის, რომ არადემოკრატიულ რეჟიმებს და ზოგადად, დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს აქვთ იმის ცდუნება, რომ ასე ვთქვათ, ხელი ჩასჭიდონ რაღაცას და დაამტკიცონ, რომ დემოკრატია არ მუშაობს, თუმცა რეალურად, ასე არ არის. მათ შორის, იმ პროცესებში, რომელიც აშშ-ში მიმდინარეობდა, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ამის ბრალი იყო, მაგრამ ასევე იყო გარე ფაქტორებიც. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც "ანტიფაში“ იყო, ძალიან ახლო კავშირები ჰქონდა მოსკოვთან. დიახ, ანტიდემოკრატიულ რეჟიმებს აქვთ სურვილი, დასუსტდეს ამერიკა, რადგან ეს საერთოდ, მსოფლიოში დაასუსტებს დემოკრატიას, მაგრამ ახალი ადმინისტრაცია, ის პროფესიონალი კადრები, რომლითაც ის კომპლექტდება, ყოველ შემთხვევაში, ახლა ვინცაა გაცხადებული, უმაღლესი კალიბრის პროფესიონალები არიან, რომლებიც არაჩვეულებრივად იცნობენ საერთაშორისო გარემოს, არაჩვეულებრივად იციან ეროვნული უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, ყველა ის საკითხი, რაც უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, ეს კრიზისი ძალიან მალე გადაილახება - დღეს არ არის მარტივი სიტუაცია, მაგრამ დემოკრატია იმიტომაა ძლიერი, რომ მას შეუძლია კრიზისში მუშაობა და მისი გადალახვა.

- ანუ, რაიმე კონკრეტულ სარგებელზე ვერ ვილაპარაკებთ, რაც შეიძლება, რუსეთმა და ჩინეთმა ახლა მიიღონ, გარდა ნარატივების შექმნისა?

- დიახ, გეთანხმებით, რადგან მე მგონია, რომ ამაზე შორს ვერ წავა, დარწმუნებული ვარ იმ გუნდის სიძლიერეში, რომელიც მოდის.

- სტაბილიზაციას ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდება, თქვენც ბევრი ისაუბრეთ ბაიდენის ადმინისტრაციის სავარაუდო გამოწვევებზე. ეცლება თუ არა მის ადმინისტრაციას საერთოდ, სამხრეთ კავკასიისთვის და საქართველოსთვის და როგორ შეიძლება, ბოლოდროინდელი მოვლენები ჩვენზე აისახოს?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ამ ყველაფრის აღმოფხვრას დრო სჭირდება, ისევე, როგორც ძალიან დიდი ძალისხმევა და თავისთავად ცხადია, რომ ახალი ადმინისტრაციისთვის ეს ყველაზე წინ იქნება. თუმცა როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის გაძლიერებაზე, ეს გლობალური თემაა. ბაიდენის ადმინისტრაციამ ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ეს დაასახელა, იგეგმება დემოკრატიების სამიტის ჩატარება და ასე ვთქვათ, ახალგაზრდა დემოკრატიების მხარდაჭერის გაძლიერება. ვფიქრობ, ამ კონტექსტში ეს საქართველოსთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია - თავისთავად ცხადია, რომ ასეთი დახმარება საქართველოს სჭირდება. აქვე დავამატებ, რომ ბაიდენიც და მისი ადმინისტრაციის წევრებიც არაჩვეულებრივად იცნობენ საქართველოს, იციან როგორც შიდა, ასევე გარე გამოწვევები და საფრთხეები, ასევე, არაჩვეულებრივად იცნობენ რუსეთს - ანუ, აქ ნაკლები მოლოდინი მაქვს გარკვეული ილუზიებისა და რუსეთისადმი რომანტიკული დამოკიდებულების. პირიქით, მათ ძალიან კარგად იციან ყველა ის საფრთხე, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეები და ის ჰიბრიდული ტექნოლოგია, რასაც რუსეთი სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. ამიტომ ვთვლი, რომ მათი ინტერესი ამ რეგიონის მიმართ იქნება, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ - მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ბაიდენი არის არა მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც რამდენჯერმეა ნამყოფი საქართველოში, არამედ ის ადამიანიც, ვისი ვიცე-პრეზიდენტობის დროსაც საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას დაპირდნენ. ასე რომ, წინაპირობები საკმაოდ კარგია. თავისთავად ცხადია, ჩვენზეც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, რადგან ახალ ადმინისტრაციას უამრავი პრობლემა აქვს, რომელიც უნდა მოაგვაროს და ამ ნუსხაში რამდენად წინ წამოწეული და პრიორიტეტული იქნება საქართველო, ეს ჩვენზეცაა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია საქართველოს ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც უნდა გვქონდეს - ძალიან აქტიური, - ასევე ცხადია, იმ შიდა სიტუაციაზე, რაც ქვეყანაში იქნება. უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია კრიზისის გადალახვა, რადგან დღეს საქართველოში ნამდვილად არის პოლიტიკური კრიზისი და უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც ამის დაძლევა შეუძლია; ასევე ის, რომ კი, ჩვენ გვჭირდება დახმარება, მაგრამ იმავდროულად, მაქსიმალურ ძალისხმევას ვახმართ, რომ გავხდეთ უკეთესი დემოკრატია და ისეთი სახელმწიფო, რომელიც მართლაც იმსახურებს ლიდერობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ასე რომ, ჩვენ ჩვენი გამოწვევები და თუ შეიძლება ითქვას, ჩვენი საშინაო დავალებები გვაქვს, რაზეც დიდადაა დამოკიდებული, რამდენად აქტიური იქნება აშშ საქართველოსთან მიმართებაში, წინაპირობები კი ძალიან კარგია.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ჯერჯერობით ვაქცინებზე დაპირებებია, არ მუშაობენ - დიახ, ღარიბი ქვეყანა ვართ, უნდა ვიაროთ, სადაც შეგვიძლია ვიმათხოვროთ, სადაც ფულია გადასახდელი, უნდა გადავიხადოთ..." - ჯანდაცვის ექსპერტი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"