ავტორი:

"ჩემი მიზანი იყო, ბავშვებისთვის პრობლემები შემემსუბუქებინა... შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა" - 14 წლის გოგონას ინოვაციური პროექტი ბავშვთა სახლების დასახმარებლად

"ჩემი მიზანი იყო, ბავშვებისთვის პრობლემები შემემსუბუქებინა... შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა" - 14 წლის გოგონას ინოვაციური პროექტი ბავშვთა სახლების დასახმარებლად

პროფესია კონკრეტულად ჯერ არ აურჩევია, მაგრამ სამომავლოდ განათლების მიღებას ბიზნესის კუთხით ფიქრობს. ბიზნესმენეჯერობა მინდა და საკუთარი კომპანიის გამართვა, - ამბობს ელენე გელაძე, რომელიც 14 წლის არის, "ევროპული სკოლის" მეათეკლასელია და 4 თვის წინ გადაწყვიტა, რომ საქართველოში არსებულ ბავშვთა სახლებს დახმარებოდა. მიზანს მიაღწია... თუ როგორ შეძლო ეს და როგორ უძღვება ამ საქმეს, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.

"2019 წელს, როდესაც "ევროპულ სკოლაში" გადავედი და სწავლა IB სექტორზე დავიწყე, როგორც ამ სექტორის მოსწავლეს, პერსონალური პროექტის გაკეთება დამევალა. ერთ-ერთი თემა, რასაც საინტერესოდ ჩავთვლიდი, უნდა ამერჩია, რაც ჩემი პერსონალური იდეა იქნებოდა. ავირჩიე "ბავშვთა სახლები", მაგრამ წელს პანდემიის პირობებში, რა თქმა უნდა, იქ სტუმრობა არ მოხერხდა.

ამიტომ გადავწყვიტე, ვებგვერდი (orphanagesingeorgia.000webhostapp.com) შემექმნა, სადაც განთავსდებოდა ინფორმაცია ბავშვთა სახლების შესახებ და ასევე ინფორმაცია, თუ როგორ შეეძლო ხალხს მათი დახმარება პანდემიის პირობებში," - გვეუბნება ელენე გელაძე, რომელსაც თემის არჩევისას ინსპირაცია იმან მისცა, რომ 2015 წლიდან თავის ოჯახთან ერთად, ხშირად დადიოდა ბავშვთა სახლებში.

მზრუნველობამოკლებული პატარებისთვის მიჰქონდათ - ტანსაცმელი, სათამაშოები და ისეთი მნიშვნელოვანი ნივთები, რომელთა გამოყენება მუდმივად შეეძლოთ. როდესაც უკვე პერსონალური პროექტისთვის მზადება დაიწყო, ვებგვერდის შესაქმნელად სამი პროგრამული ენა ისწავლა.

"საქმეში სკოლის პროგრამული ექსპერტი დავიხმარე, მაგრამ ვებგვერდის უმეტესი ნაწილი ჩემი შექმნილია. ის ინგლისურ ენაზეა, რადგან ინგლისურ სკოლაში ვსწავლობ. თან, მინდოდა, ჩემი ვებგვერდი ინტერნაციონალურიც ყოფილიყო. ამიტომ იქ ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურად არის. მომავალში ვეცდები, ქართულად და სხვა ენებზეც გავაკეთო," - აღნიშნავს გოგონა.

- პროექტმა რა შედეგი გამოიღო?

- უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ... თავიდან "ფეისბუქზე" ჯგუფი შევქმენი, რომ ამ საკითხზე ადამიანებთან საუბრის საშუალება მქონოდა, მათთვის ინფორმაცია მიმეწოდებინა. მერე კითხვარი გავაკეთე, თუ რომელი ბავშვთა სახლები აინტერესებდათ. საერთოდ, რა ინფორმაცია ჰქონდათ, ამა თუ იმ ბავშვთა სახლზე. ეს ჩემს პროექტს დაეხმარებოდა, რომ უფრო საინტერესო გამხდარიყო.

როდესაც უკვე ვებგვერდი შევქმენი, დავაკავშირე გუგლანალიტიკსთან, სადაც იმის სტატისტიკას მაჩვენებდა, თუ რამდენ ქვეაყანაში ნახეს და გაეცნენ ჩემს ნამუშვარს. შედეგი მართლა გამაოგნებელი და გასაოცარი იყო... ვებგვერდი ბევრ ქვეყანაში ნახეს, მათ შორის - აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეტში, ესპანეთში. ცხადია, მეტი მნახველი საქართველოში ჰყავდა. ეს ყველაფრი სასიხარულო იყო, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი ჩვენს ქვეყანაში ბავშვების დახმარება იყო და ასევე მნიშვნელოვანი, ხალხს გადაერიცხა ბავშვთა სახლებისთვის თანხები.

- ეს პროცედურა პირდაპირ საიტიდან ხერხდება?

- კი, იქ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული, თუ როგორი სახით შეიძლება, რომ ბავშვებს დახმარება აღმოუჩინონ, ყველაზე მეტად რა ესაჭიროებათ მათ და ა.შ. ბევრმა ადამიანმა გამომიგზავნა კიდეც გადარიცხული თანხის ქვითარი. გადარიცხულიდან ყველაზე დიდი თანხა 500 ლარი იყო... ბავშვთა სახლებს ხშირად ვეკონტატქებოდი, ინფორმაცია რომ მიმეწოდებინა და ძალიან გახარებულები იყვნენ, რომ მათ ანგარიშზე ამდენი თანხა გადაირიცხა.

- ე.ი. ამ ყველაფერს დამოუკიდებლად უძღვები?

- კი, პროექტი დამოუკიდებლად, დაახლოებით 4 თვეში გავაკეთე და სასურველ შედეგსაც ჩემით მივაღწიე... უნდა გითხრათ, რომ საიტზე ჯერ მხოლოდ სამ ბავშვთა სახლზეა ინფორმაცია ატვირთული, თუმცა ინფორმაცია სხვა ბავშვთა სახლების შესახებაც დაემატება. ამჯერად, თითოეულ სახლს იქვე უწერია ანგარიშის ნომერი და ვისაც რომელს უნდა, იმას ურიცხავს. თანხის ჩარიცხვა ნებსმიერი ქვეყნიდანაა შესაძლებელი.

- ნამუშვარი პედაგოგებმა როგორ შეგიფასეს?

- 4 თებერვალს სკოლას პროექტი უნდა წარვუდგინო. შემდეგ ის უცხოეთში გაიგზავნება და უკან რამდენიმე თვეში დამიბრუნდება.

- შენი მაგალითიდან გამომდინარე, სამოქალაქო აქტივისტობას ემოციურად რა მოაქვს?

- ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი თანატოლების მხარდაჭერაა. ამ პროექტში, როგორც გითხარით, ჩემი მთავრი მიზანი იყო და არის, ბავშვებისთვის პრობლემები შემემსუბუქებინა, დავხმარებოდი. საერთოდ კი, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის მიზანი ეს უნდა იყოს... ვისურვებდი 2021 წელს ეს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს.

თოვლი, ნისლი, მთაში - ზვავსაშიშროება - მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე