ავტორი:

"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება

"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება

ბოლო დროს მისი ფეისბუქ-ლექციები ათასობით ინტერნეტმომხმარებლის ყურადღებას იპყრობს და მის ახალ ვიდეოს ყოველ დღე დიდი ინტერესით ელოდებიან. მის ვიდეოებს ასიათასობით, ზოგიერთს კი მილიონამდე ნახვა, ათასობით გაზიარება და კომენტარი აქვს, ახალგაზრდა ექიმი უცნობ ადამიანებს რჩევებს აძლევს, დისტანციურად მკურნალობს და პანდემიის პერიოდში ემოციების მართვას ასწავლის.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ონკოლოგია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის რეზიდენტი, ამავე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს იმუნოლოგიაში, თბილისის სამედიცინო აკადემიაში ბიოქიმიასა და ფარმაკოლოგიას ასწავლის სტუდენტებს, ხოლო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში - ბიოქიმიას.

კოვიდპანდემიის დროს ეს ყველაფერი დროებით შეაჩერა და პაციენტებზე გადაერთო სრულად. იმისთვის რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმი ახლოს გაგაცნოთ, AMBEBI.GE-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

- გიორგი, ამდენ საქმეს ერთად როგორ ასწრებთ, არ გიჭირთ?

- ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ასევე ვარ მოსამზადებელი ცენტრის დამფუძნებელი და პედაგოგი, ვამზადებ სტუდენტებს და ექიმებს ამერიკის სალიცენზიო გამოცდებისთვის, ამასთან, ჩვენს მომავალ რეზიდენტებს შესაბამისი გამოცდებისთვის.

  • რატომ არ ემართება ყველას კოვიდი?

- მედიცინა რატომ აირჩიეთ?

- დედაჩემის გამო. მეათე კლასში ვიყავი, დედას იმუნური სისტემის სიმსივნე დაუდგინა - ჰოჯკინის ლიმფომა. ძალიან მძიმედ იყო. შესაბამის მედიკამენტებს და მკურნალობას ვერ იღებდა, რადგან ფინანსურად გვიჭირდა, იმ პერიოდში ინფორმაციის მიღებაც ჭირდა, ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთში ვცხოვრობდით და იქიდან კომუნიკაციის პრობლემა სულ გვქონდა. ამიტომ, გვიწევდა თვითმკურნალობა და საკუთარი თავის იმ მდგომარეობაში ასე გატანა.

- ალბათ გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა...

- კი, იმუნური სისტემის სიმსივნის დროს იმუნური სისტემა ვეღარ იცვას ორგანიზმს, ბევრი დაავადება ვითარდება. ამიტომ ხშირად ჰქონდა ფილტვების ანთება, შუაყურის ანთება, თავი თითქმის სულ სტკიოდა და ჩვენთან ყოველდღე სასწრაფო იყო...

როცა ბავშვი ხარ და ამ ყველაფერს უყურებ, ჯერ ძალიან განიცდი, რაღაც გზებს ეძებ, მაგრამ პატარა ხარ და პრობლემების პირისპირ უძლური ხდები... მოკლედ, ჩემი პროფესიული არჩევანი სწორედ იმ პერიოდში გავაკეთე, გადავწყვიტე, ექიმი გამოვსულიყავი.

- ცოტა ხნის წინ თქვენს "ფეისბუქზე" ერთ-ერთი პოსტით დედა გაიხსენეთ და რეზო ინანიშვილის მოთხრობიდან თქვენი ისტორიის მსგავსი ეპიზოდი გქონდათ მოტანილი... ბევრი ვერ მიხვდა, რომ ის დედათქვენზე არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მონათხრობი ახლოს იყო თქვენ მიერ გადატანილთან... მწერლის სიტყვების შემდეგ წერდით "დედა სკოლის პედაგოგი, ყველაზე გულწრფელი, მზრუნველი და დარდიანი ადამიანი იყო. ნათელში იყავი, დე, სულ მახსოვხარ და მიყვარხარ"...

- რეზო ინანიშვილის მოთხრობის ეპიზოდში რაც არის გადმოცემული, ზუსტად ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც... მოკლედ, როგორც გითხარით, დედის ავადმყოფობის პერიოდში დავიწყე ძალიან დიდი მონდომებით სწავლა, რატომღაც ერთადერთ გამოსავალს მხოლოდ იმაში ვხედავდი, რომ რაც შეიძლება, კარგად მესწავალა. იყო პერიოდი, როცა 24 საათის განმავლობაში ვსწავლობდი და ვმეცადინეობდი... ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში, სადაც გავიმარჯვე, პირველი ადგილი დავიკავე.

მერე კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. საუკეთესო სამეულში მოვხვდი და სწავლა დავიწყე. პირველი კურსიდან მეექვსეს ჩათვლით, ყველა საგანში ათიანები ავიღე და ვიყავი წარჩინებული სტუდენტი. მეორე კურსზე ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა...

გიორგი ღოღობერიძე პირველ ოპერაციაზე 2017 წელს

დედაჩემს ბევრ რამეში ვგავარ. დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო. მისი ცხოვრების მოწოდება და პრინციპი იყო მოსწავლეები და მათ განათლებაზე ზრუნვა. ოღონდაც, თავის საქმე გაეკეთებინა, უკან არაფერზე იხევდა. გითხარით, რომ მის ორგანიზმში სიმსივნის გამოვლენის შემდეგ, ხშირად ფილტვების ანთება ემართებოდა, სახე უშუპდებოდა, კუნთები, სახსრები, თავი სტკიოდა, ფეხზე ძლივს იდგა და მაინც სკოლაში მიდიოდა, ბავშვებს გაკვეთილებს არ უცდენდა. მოწოდებით მასწავლებელი იყო, საკუთარ მოსწავლეებს შვილებში (მე და ჩემს დაში) ვერ არჩევდა. ყველა უყვარდა... საკმაოდ ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან...

- დასანანია ნამდვილად... ინტერნეტსივრცეში რამდენიმე თვის წინ აღმოგაჩინეთ. როდის დაიწყეთ ვიდეოლექციები?

- როგორც გითხარით, ლექტორი ვარ და დიდი გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით. ჯერ კიდევ სოციალურ ქსელში არ ვიყავი, რომ ჩემი მოსწავლეები მყავდა. ხოლო როდესაც უკვე სოციალურ ქსელში ლექციები დავიწყე, მაშინ ეს გვერდი განკუთვნილი იყო სტუდენტებისთვის და ექიმების ხარისხის გაზრდისთვის. ეს იყო ჩემი თავდაპირველი მიზანი, მაგრამ მერე ისე დაემთხვა, რომ საზოგადოებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა და ფართოდ ასე გამიცნეს. კოვიდი დაწყებული იყო, მაგრამ მასზე არცკი ვსაუბრობდით, მერე აუდიტორიამ ამ ვირუსზე საუბარიც მოითხოვა და კოვიდზეც გადავედი...

არ ვიცი, როგორ გადმოვცემ ამას, მაგრამ ფაქტია ეს ყველაფერი უკვე ჩემს ცხოვრებად იქცა. დავეხმარო სხვას, ასეთია ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი.

  • ეს ყველა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეთ - მულტისისტემური ანთებითი სინდრომი

- როდესაც საუბრობთ, ხშირად "შენობით" მიმართავს მაყურებელს, მაგრამ ამას ისე აკეთებთ, რომ სულაც არ არის გამაღიზიანებელი. ასეთი მიმართვის ფორმა სპეციალურად შეარჩიეთ?

- ლექციებს სულ ამ სტილში ვატარებ. როდესაც კონკრეტულ ადამიანს ელაპარაკები, მისთვის უფრო ახლობელი ხდები, ის ინფორმაციაც, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შინაურულობის განცდას ტოვებს... საერთოდ, ბარიერი ექიმსა და პაციენტს შორის სულ არსებობს, მეც ბავშვობაში ეს გამომივლია, როცა პაციენტი ვყოფილვარ და ეს ბავშვობიდან მახსოვს.

- ზოგიერთ ექიმს არ სიამოვნებს, როდესაც პაციენტი თავის დაავადებასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას უსვამს, ამას თითქოს მის კომპეტენციაში ჩარევად მიიჩნევს. არადა, ასე სულაც არ არის. ხშირად პაციენტს უნდა, რომ დაავადება ექიმთან ერთად მართოს და კითხვების დასმა ამიტომ სჭირდება. ამაზე რას ფიქრობთ?

- გაურკვევლობა ყველაზე დიდ სტრესს იწვევს. ჩემთანაც არის ხოლმე შეკითხვები, რადგანაც სამედიცინო ტერმინები ხშირად პაციენტებში გაუგებრობას იწვევს, მაგრამ პაციენტის კითხვებზე გაბრაზება არ შეიძლება.

ერთხელ დედის ავადმყოფობისას მეც გამოვცადე - ექიმმა საკმაოდ უხეშად მოგვმართა: ცოტა მოგვშორდით, მეც არ დავსხივდეო... შეეძლო ამის რბილი ფორმებით მოწოდება, რომ საკუთარი თავი არ ჩაეგდო ამ მდგომარეობაში... თითოეული უხეშად ნათქვამი სიტყვა ხომ ადამიანს განსაკუთრებით ამახსოვრდება?!

- კოვიდპანდემიის დროს რას მიხვდით? ეს ხომ სრულიად განსხვავებული რამ არის მსოფლიო მედიცინის პრაქტიკაში.

- ექიმობა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა, მაგრამ პანდემიის დროს მეტად მნიშვნელოვანი გახდა. კოვიდმა აჩვენა, რომ ექიმების არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამყაროში.

- ვაქცინაციაზე რას გვეტყვით, რა შედეგებს მოიტანს, როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი საქართველოში?

- ვაქცინაცია არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი... არადა, ამ ეტაპისთვის ერთადერთი საშუალება, რაც ჩვენს ხელთაა, რომ პანდემია დაასრულოს, სწორედ ვაქცინაა. მაგრამ მეორე მხრივ ჯერ მცირე დროა გასული და საკმარისი კვლევები არ ჩატარებულა, რომ ადამიანები მის უსაფრთხოებაში საბოლოოდ დარწმუნდნენ.

- რას ურჩევთ და უსურვებთ 2021 წელს AMBEBI.GE-ს მკითხველს?

- ერთადერთი, რასაც ვუსურვებ, ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღონ. ცოდნა ეს არის ძალა, რომელსაც ბევრი პრობლემის გადწყვეტა და პიროვნების დაცვა შეუძლია. კი, ეს წყვეტს ბევრ რამეს.

"საქმე არ არის ადვილად გადასაწყვეტი..." - რას წერდა რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს გახელაძის საქმეზე და რა უპასუხა მას საქართველოს პატრიარქმა დატყვევებულის გათავისუფლების შემდეგ

"მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა" - ამირან გამყრელიძე

"არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც "სინოფარმით" არიან აცრილები" - იმნაძის თქმით, დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს