ავტორი:

"ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარია" -  როგორ ეხმაურება მსოფლიო რუსი ოპოზიციონერის დაკავებას?

"ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარია" -  როგორ ეხმაურება მსოფლიო რუსი ოპოზიციონერის დაკავებას?

17 იანვარს, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. შეგახსენებთ, ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს. ნავალნის დაკავებას მსოფლიო ეხმაურება.

"შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული. მისივე თქმით, ალექსეი ნავალნის დაკავება რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ფიგურების გაჩუმების მცდელობას წარმოადგენს.

“თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენტული ხმის, არ ახორციელებენ ძალადობას და არც უსამართლოდ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. რუსი ხალხი, ისევე როგორც ყველა, იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ასპარეზს, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებას სამაგიეროს მიზღვევას შიშის გარეშე,“- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

მაიკ პომპეო ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები კრემლის კრიტიკოსის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომელიც ცდილობს კონკურენციის გაწევას საარჩევნო პროცესში. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.

მომხდარს გაოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელიც. ის რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ალექსეი ნავალნის უფლებებს და დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ის. სასამართლო სისტემის პოლიტიზირება მიუღებელია", - წერს ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“.

ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. "რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაკავება სრულიად მიუღებელია. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს და თუკი მას არ გაათავისუფლებენ, საჭიროა, ამ აღმაშფოთებელი აქტის საპასუხოდ შემზღუდავი ზომების დაწესება განვიხილოთ," - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ აქვეყნებს.

"ალექსეი ნავალნის დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ რუსეთის ხელისუფლება მის გაჩუმებას ცდილობს", - ამის შესახებ Amnesty International-ის მოსკოვის ოფისის დირექტორის, ნატალია ზვიაგინას, განცხადებაშია აღნიშული.

მისივე თქმით, ნავალნის დაკავება ხაზს უსვამს მის მოწამვლასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების აუცილებლობას.

"მისი დაკავება მხოლოდ ხაზს უსვამს მის მიერ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიების აუცილებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სახელმწიფო აგენტებმა მოწამლეს, რომლებიც უმაღლესი დონის ბრძანებით მოქმედებდნენ”, - აღნიშნა ზვიაგინამ.

მისივე თქმით, Amnesty International-ი ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრად მიიჩნევს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

"Amnesty International-ი ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრად მიიჩნევს და მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. რუსეთის ხელისუფლებამ კრიტიკოსების მიმართ დაშინებისა და პოლიტიკური დევნის კამპანია უნდა დაასრულოს,“ - აცხადებს ნატალია ზვიაგინა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ის დაკავებულებიც, რომლებიც ალექსეი ნავალნის აეროპორტი ელოდებოდნენ.

მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია

10 ახალი ქვეყანა ერთ კვირაში - ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი უკვე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები