ავტორი:

"ერთი წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ. დედა 5 წლისას გარდამეცვალა, მამა არასდროს მინახავს" - ცნობილი ექსპერტის რთული ბავშვობა და ბრძოლით მოპოვებული წარმატება

"ერთი წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ. დედა 5 წლისას გარდამეცვალა, მამა არასდროს მინახავს" - ცნობილი ექსპერტის რთული ბავშვობა და ბრძოლით მოპოვებული წარმატება

"დღეს ჩემთან სტუმრად იყვნენ ჩემები, რომელთა ბებია-ბაბუებმა უდედმამო და პატარა შიმშილისგან და უჰაერობისგან მიხსნეს... ყოველთვის მყავდა გვერდით ადამიანები, რომლებიც პატარას და ობოლს ზღვის და ჰაერის მაგიურ ძალას მიზიარებდნენ და ზაფხულობით ბათუმის ოროთახიან, მოცუცქნულ ბინაში თავის საძინებელს, სიკეთით გაბრწყინებულები მითმობდნენ... ჰოდა, მინდა, რომ ამ ქვეყანაში ეს სიკეთე და ამ სიკეთის კეთებით ბედნიერი ადამიანები დაბრუნდნენ. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“, - ეს პოლიტიკური ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის "ფეისბუქპოსტია", რომელიც ამ ცოტა ხნის წინ, პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ქალბატონ ხათუნას ვთხოვეთ მოეთხრო თავისი თავგადასავალი, რაზეც დაგვთანხმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით და მას სრულიად სხვა რაკურსით წარმოგიდგენთ.

- ქალბატონო ხათუნა, გულისამაჩუყებელი პოსტი გქონდათ. ნამდვილად არ ვიცოდი იმის შესახებ, თუ ბავშვობაში მშობლების სითბო გაკლდათ...

- დიახ, უდედმამოდ გავიზარდე. ერთი წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ. დედა 5 წლისას სარკომით გარდამეცვალა. დავრჩი ბებიების და დეიდების ამარა. მიუხედავად იმისა, რომ მამას სხვა ოჯახი არ ჰყოლია, არასდროს მინახავს, 2016 წელს მისი საფლავი პირველად ვნახე...

- სამწუხარო ამბავია... მას არ ჰქონია სურვილი, რომ ენახეთ?

- ეს ჩემი ცხოვრებიდან კიდევ ერთი გაკვეთილია, რომელიც მინდა, ბევრ ადამიანს გავუზიარო. არავის აქვს უფლება, შვილს მამა წაართვას და მამას - შვილი, ამ ურთიერთობებში ჩადგომის უფლება არავის აქვს. არავინ, არასდროს უნდა გამოიყენოს შვილები, შვილიშვილები, საკუთარი სისხლი და ხორცი თავისი გულისტკენის მოსაშუშებლად და იარაღად იმ ადამიანთან ბრძოლაში, რომელიც ერთ დროს მათი ოჯახის წევრი იყო, იმიტომ, რომ იმაზე უზენაესი ურთიერთობა, რაც მშობელსა და შვილს შორის არსებობს, იქ ჩადგომის უფლება არავის აქვს!..

დედის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ გავიგე, რომ მამას ჩემთან ურთიერთობის მცდელობები ჰქონდა, მაგრამ რადგანაც დედა დაშორდა, ამის გამო, ბებიას შიში ჰქონდა, რომ მისთვის მამას ჩემი თავი არ წაერთმია. ამიტომ, ჩემები მის მცდელობებს, მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაჩემი მართალი იყო.

- რას გულისხმობთ?

- არ არსებობს ბუნებაში ძალა, როცა მშობელს შვილის ნახვა, მის გვერდით ყოფნა უნდა და ამაში რაიმე შეაკავებს. მის ქმედებას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს მისთვის დღემდე ვერ მიპატიებია. თუმცა იმ ფაქტორმა, რომ ჩემგან შორს იყო და არ ვუნახივარ, ჩემს ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ისე მოხდა, რომ სრულიად ახალგაზრდა, 24 წლის ასაკში უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი. მხოლოდ მე და სულხან მოლაშვილს გვქონდა მედიასთან ურთიერთობის უფლება და როცა ტელევიზიით მიწევდა გამოსვლა, ძალიან დიდხანს, თავში სადღაც მიტრიალებდა, რომ ჩემს გამოსვლას მამა უყურებს, რომ დამინახავდა, გამოჩნდებოდა... თუმცა ერთგვარი შურისძიების მომენტიც იყო, - მიუხედავად იმისა, რომ დამტოვე, ფეხზე დადგომა მაინც შევძელი და ახლა ასე გესაუბრები - მეთქი! - ეს ყველაფერი უკვე მერე გავაცნობიერე.

- ე.ი. ისე გაიზარდეთ, რომ მისი ფოტოც არ გინახავთ?

- არა. ეს მუდმივად იწვევდა კითხვას - ოჯახში ფოტოები მაინც რატომ არ იყო? მაგრამ ხომ ვამბობ, ამ თემას ჩვენთან ტაბუ ედო... მამაჩემი ცოცხალი რომ იყო, ეს 16 წლისამ შემთხვევით გავიგე... დედის გვარზე ვარ. პასპორტში არც მამის გვარი მაქვს და არც მისი სახელი. დაბადების მოწმობაში კი მამის სახელი და გვარი ბუნებრივია, ეწერა და ეს მოწმობა ხელში მაშინ ჩამივარდა, როდესაც 16 წლის ასაკში ბავშვთა პოლიკლინიკიდან მოზრდილთა პოლიკლინიკაში გადავდიოდი. მე და დეიდა ვიყავით, საბუთები უეცრად ჩემს ხელში აღმოჩნდა და ასე ვნახე სამშობიაროს მიერ გაცემული ჩემი დაბადების მოწმობა. ასე აღმოვაჩინე მამაჩემის რეალური გვარი და სახელი...

ხათუნა ლაგაზიძე დედასთან ერთად

- მართლაც რა რთული პერიოდები გამოგივლიათ...

- კი, ბევრისთვის დაუძლეველ ბარიერები, მაგრამ სხვა მხრივ, ამან მეორე სუნთქვა გამიხსნა. ეს ის არის, როცა ნეგატივი შეგიძლია, პოზიტივად აქციო. კი ვიყავი უდედმამო, მაგრამ ყველგან წარმატებული და პირველი - მოსწავლე, სტუდენტი. არასდროს დავუშვებდი იმას, რომ ვინმეს შევცოდებოდი და ამის გამო თუნდაც ნიშანი აეწია ან დაუმსახურებელი უპირატესობა მიმეღო.

- დედა გახსოვთ?

- ბუნდოვნად, ერთი კადრი კი მყარად მაქვს მეხსიერებაში დარჩენილი - როგორ ველოდი ხოლმე ფანჯარასთან დედის სამსახურიდან დაბრუნებას... და ასევე მახსოვს მისი გასვენების დღე, - ზაფხული იყო, ეზოს ყვავილები დავუკრიფე და მის ცხედარს გვედით დავუწყვე...

დედა წარმატებული ქალი იყო, ამიერკავკასიის საბავშვო ბაღების მიმართულებით ერთ-ერთ თანამდებობაზე მუშაობდა. ვიდრე ცოცხალი იყო, ოჯახში მატერიალურად ძლიერად ვიყავით. მერე ეს ყველაფერი ერთბაშად გაქრა და სიტუაცია შეიცვალა...

მეურვეობა ბებიამ და დეიდებმა აიღეს, ერთ-ერთი დეიდა, დედის შემდეგ მალე გარდაიცვალა, მეორე დეიდა არ გათხოვდა და გამზარდა. ის დეიდა ახლაც ჩემს გვერდითაა...

- მოკლედ, მან და ბებიამ აიღეს თქვენზე მეურვეობა...

- ვცხოვრობდით როგორც სტატისტიკური საბჭოთა ოჯახი, ბებია პენსიას იღებდა, დეიდა სკოლაში მუშაობდა და სკოლის ხელფასი ჰქონდა. ეს ყველაფერი იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ყველას გაჭირვება მოეძალა...

80-იანი წლების ბოლოს კი ჩემი ობლობის პენსიას ბებია იმისთვის ინახავდა, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად მასწავლებლებთან მოვმზადებულიყავი და როგორც არ უნდა გაგვჭირვებოდა, ამ თანხას არ ვხარჯავდით. ბებიას პენსია და დეიდის ხელფასი არ იყო საკმარისი, რომ ხელგაშლილად გვეცხოვრა... იმისთვის, რომ თანხები დაგვეზოგა, მეთერთმეტე კლასში ერთი მასწავლებლიდან მეორესთან ფეხით დავდიოდი...

უკვე 90-იან წლებში იყო, პერიოდი, როცა შაქრიანი ჩაი ჩვენთვის ფუფუნება იყო... სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელიც ჩამიცვამს და თავი არასდროს მიგრძვნია დაჩაგრულად. ვიცოდი, რომ მქონდა მიზანი და იმისთვის ვიბრძოდი და ვმუშაობდი. პატივისცემას ვგრძნობდი, როგორც თანატოლებისგან, ასევე მასწავლებლებისგან. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სამი უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე - მაქვს ფილოლოგის, სამართალმცოდნის და თეატრმცოდნის დიპლომები. სტუდენტობის პარალელურად, ყოველთვის ვმუშაობდი... დღეს მე ვასწავლი სტუდენტებს - თუ ბავშვობაში სხვების დახმარებისთვის გამოწვდილ ხელს ველოდი, დღეს მე ვუხდი სხვა ადამიანებს ხელფასს და ვამაყობ ამით, ჩემს სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ანგარიშგასაწევი სპეციალისტი ვარ...

- 90-იან წლებში ყველას უჭირდა, ქვეყანა უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა, თუმცა ამ გასაჭირს თქვენი ოჯახური მდგომარეობაც ემატებოდა...

- ეს ინტერვიუ არაფრითაა გამორჩეული - ჩემი თაობის სტატისტიკური წარმომადგენელი ვარ. მათგან ბევრმა შეძლო, იმ პირობებში დიდი წარმატებისთვის მიეღწია... ის მიზანდასახულობა და ზრდის სურვილი ახლაც მომყვება: პანდემიის პერიოდში იელის უნივერსიტეტის სერტიფიკატი ავიღე. ასეა, არასდროს დანებდე და გქონდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების იმედი, ეს უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ ასეთი დამოკიდებულებით შევძლებთ ფეხზე წამოდგომას.

- თქვენს ცხოვრებაში იმ მძიმე პერიოდში ალბათ იყვნენ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებიც კეთილი ფერიების როლს თამაშობდნენ და დღეს იმ ეპიზოდებს ნათელ წერტილებად იხსენებთ და მგონი, ამას გულისხმობდით კიდეც თქვენს სტატუსში...

- გაჭირვების წლები მნიშვნელოვნად გადაგვატანინეს ჩვენმა ნათესავებმა გურიიდან, თუშეთიდან და სვანეთიდან. ნათესავები გვყავს ბათუმში და რომ არ გვქონდა საშუალება ფასიან კურორტზე წავსულიყავით და დასვენებაში ფული გადაგვეხადა, დედის ბიძაშვილებთან ჩავდიოდით. ისინი მთელი წელი დანაზოგს აკეთებდნენ, რომ ღირსეულად დაგვხვედროდნენ. ბათუმის ოროთახიან ბინაში ერთს გვითმობდნენ. ეს იყო ჩემი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება და მთელი წელი ამ მოლოდინით ვცხოვრობდი... ასევე შეუძლებელი იყო, გურიიდან დედის ნათესავებს, ზამთარში წინასაახალწლო ნობათი არ გამოეგზავნათ. თუშეთიდანაც გვიგზავნიდნენ... დედას ბიძაშვილებს ლამის შეჯიბრი ჰქონდათ გამოცხადებული, რომ ჩვენ შიმშილი არ გვეგრძნო. დედას ნათლულების ადამიანური სიკეთეც დაუვიწყარი იყო, რასაც დაფასება და დანახვა უნდა. ეს არის ჩვენი საზოგადოების განუმეორებელი ხიბლი, რითიც ასე ერთმანეთის თანადგომით დღემდე თავი გაგვაქვს. რომ არა ეს ფენომენი, ჩვენი ერი აქამდე ვერ მოვიდოდა. და უკიდურესად სამწუხაროა, რომ ჩვენი ეს უნიკალური უნარი საზოგადოების პოლიტიკურ ბანაკებად ხელოვნური დაყოფის, ურთიერთგაუტანლობის და შუღლის შედეგად იკარგება.

ახლა პოპულარულია დასავლეთიდან შემოსული სამოქალაქო სოლიდარობა, არადა, თანადგომა - ჩვენში ეს ისტორიულად არსებული მთავარი ღირებულებაა...

- თქვენი ცხოვრების მთავარი მიღწევად რას მიიჩნევთ?

- ჩემს ოჯახს და შვილს... ანაც თავის თაობის ტიპური წარმომადგენელია საკუთარი უნიკალური უნარებით, შესაძლებლობებით და სიღრმეებით, ისეთით, როგორიც ჩვენს თაობას არც დაესიზმრებოდა. 12 წლის არის და 5 ენა იცის. ცოტა ხნის წინ ჩინურში საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო (მგონი, თავის ასაკში ყველაზე პატარამ). ამ თაობას ეს უნარები აქვს, სხვა ეპოქის თაობაა და ვისურვებდი, რომ მათში ეს მონაცემები არ ჩაკლან. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაინახოს ისინი და შეუქმნას განვითარებისთვის საუკეთესო პირობები. ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა. ანა 9 წლის იყო, მადლენ ოლბრაიტს რომ შეხვდა.

საოცარი ინგლისურით ესაუბრა, ოლბრაიტმა ჩათვალა, რომ ამერიკელი იყო და იქაური ჯორჯიიდან. უთხრა, - შენს ასაკში აეროპორტში ყვავილებს ვყიდდი, ცხოვრებაში ამდენს მივაღწიე და შენ ასეთი საფუძვლებით ბევრს მიაღწევო! მყავს ორი შვილიშვილიც, ორი უსიმპათიურესი და უკარგესი ბიჭი: თემი და ნიკო მასხულიები, ასევე ძალიან პოპულარულები თავის თაობაში. ჩვენი ვალია, ამ უნიკალური შესაძლებლობების თაობას განვითარების საშუალებასთან ერთად, საკუთარი შესაძლებლობების რწმენაც მივცეთ.

ამ ინტერვიუს მთავარი ღირებულება ის არის, თუნდაც იმ კუთხით, რომ ჩემი ამბავი ბევრი ადამიანისთვის მაგალითი იყო, თუ როგორ შეიძლება შედგე წარმატებულ ადამიანად, პროფესიონალად, სწორედ იმ დროს, როცა ამისთვის არანაირი ხელსაყრელი გარემო პირობა არ გაქვს. ეს განსაკუთებით მინდა, გაიგონ და მოისმინონ იმ ახალგაზრდებმა, ვინც დღეს ამ ქვეყანაში საკუთარ თავს და პერსპექტივას ვერ ხედავენ.

ვიმეორებ, ჩემი ბავშვობა, სტუდენტობა და წარმატება იმის ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება, მძიმე პირობებშიც კი, არ წაიქცე, ჩამუხლულიც წამოდგე, სვლა და ბრძოლა გააგრძელო საკუთარი მიზნისკენ.

ვინც ახლა პესიმიზმს მოუცავს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს წარმატების საფუძვლები, ვეტყვი, რომ ყოველთვის, ყველა დროში არსებობდა და არის წარმატების საშუალება და გარემოებები. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ - ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის! და გჯეროდეთ, რომ გამარჯვებისკენ სვლის მთავარი იარაღი - ძალა თქვენშია!

შვილიშვილები: თემი და ნიკო მასხულიები

საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება - რა განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ?

"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი

"ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ის რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს" - მეუფე დიმიტრი