ავტორი:

რომელი ცნობილი ბიზნესმენის სარძლოა ნინი ქარსელაძე - მომღერლის შეყვარებულის ოჯახი ქონების წართმევაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდა

რომელი ცნობილი ბიზნესმენის სარძლოა ნინი ქარსელაძე - მომღერლის შეყვარებულის ოჯახი ქონების წართმევაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდა

მომღერალი ნინი ქარსელაძე შეყვარებულია - მისი რჩეული 38 წლის თაზო ჯახუტაშვილია.

"ინსტაგრამზე" ნინი ხშირად აქვეყნებდა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა მის სახეს საგულდაგულოდ ფარავდა. ახლახანს კი, ზურა ხაჩიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნინი შეყვარებულს დაბადების დღეს ტორტით ულოცავს და ასე გამჟღავნდა ქარსელაძის საიდუმლო.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით წარმოშობით ბათუმელი ჯახუტაშვილი ბავშვობიდან თბილისში ცხოვრობს. მას უკვე ჰყავდა ოჯახი, მეუღლეს დაშორდა და ორი შვილი ჰყავს. ჯახუტაშვილის ფოტოები არც ერთ სოციალურ ქსელში არ იძებნება, თუმცა მისი მიკვლევა საიტ Одноклассник-ზე შევძელით.

წყარო AMBEBI.GE-ს უყვება, რომ თაზო 3 წლის იყო, როცა მამა დაეღუპა, დედა კი მეორედ დაოჯახდა და ჯახუტაშვილი ფაქტობრივად მამობილმა, ბიზნესმენმა თამაზ ნიჟარაძემ გაზარდა.

თაზო ჯახუტაშვილის სახელი და გვარი პანამის იმ დოკუმენტებში ფიგურირებს, სადაც გამოქვეყნებულია ქართველი მილიონერების სია. ამ სიაში ვხვდებით ისეთ ცნობილ სახელებსა და გვარებს, როგორებიცაა: ბიძინა ივანიშვილი, დავით იაკობაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, კობა ნაყოფია და სხვები...

კონკრეტულად რა ბიზნესს ფლობს ჯახუტაშვილი, ან ამჟამად რას საქმიანობს, ცნობილი არ არის, თუმცა "პანამის" დოკუმენტებში ასევე იძებნება მისი მამობილის - თამაზ ნიჟარაძისა და ნახევარძმის ზურაბ ნიჟარაძის გვარები.

ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე

ნიჟარაძეებს ეკუთვნოდათ ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც ცნობილია, ნიჟარაძეები აღნიშნული ბიზნესის წართმევაში "ნაციონალების" ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ სახეს დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდნენ და აღნიშნულ საქმეზე, ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე, კეზერაშვილს ბრალიც წარედგინა.

მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ "თამაზ ნიჟარაძე და ზურაბ ნიჟარაძე ფლობდნენ კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ს, რომელიც 2002 წლიდან სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან” გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. ასევე, თამაზ ნიჟარაძისა და ზურაბ ნიჟარაძის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იყო ,,MISSION INVESTMENT LIMITED“, რომელიც მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით სარგებლობდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამუშავების ექსკლუზიური უფლებით და იღებდა შემოსავალს ამ უფლების გაცემისთვის. გარდა ზემოთ ხსენებულისა, თამაზ ნიჟარაძე, 2010 წლის მდგომარეობით, 52.5%-იან წილს ფლობდა შ.პ.ს ,,მეტალექსში“, რომელიც 2003 წლიდან 2028 წლამდე იჯარით ფლობდა ფოთის პორტის N5 ნავმისადგომს, საიდანაც ახორციელებდა მშრალი ტვირთების გადამუშავებას.

ეს იყო ნიჟარაძეების ბიზნესი, რომელიც დავით კეზერაშვილის ინტერესის სფეროში მოექცა, აქედან გამომდინარე, 2010 წლის 14 აგვისტოს დავით კეზერაშვილი თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და ძალადობის გამოყენების მუქარით კატეგორიულად მოსთხოვა ხსენებულ კომპანიებში მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების თავის სასარგებლოდ დათმობა. მოთხოვნის პარალელურად, 2010 წლის 15 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე თამაზ ნიჟარაძის საცხოვრებელ სახლში და მის გარე პერიმეტრზე, უკანონოდ განლაგდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც თამაზ ნიჟარაძეს არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ახორციელებდნენ მასზე მუდმივ თვალყურს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას" - იუწყებოდა პროკურატურა 2015 წელს.

თამაზ ნიჟარაძის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იხსენებდა:" როდესაც კეზერაშვილმა ნიჟარაძე "პიქსელის" შენობაში დაიბარა, დაემუქრა, თუ მის ბიზნესს სხვადასხვა კომპანიის სახელზე დროულად არ გააფორმებდა,“სისხლის გუბეებს" დააყენებდა. მისთვის უთქვამს, საქმის კურსში არიან ადე (ანუ ადეიშვილი) და მერაბიშვილიო. კეზერაშვილმა სოდ-ის მაღალჩინოსნების დახმარებით მიითვისა ნიჟარაძის ქონება, იარაღად გამოიყენა სოდ-ი, რომელსაც იმ პერიოდში ჭელიძე ხელმძღვანელობდა. მან ხუთი თვის განმავლობაში ჩაუსახლა ნიჟარაძეს პოლიციელები, რომლებმაც დაუფარავად უთხრეს ბიზნესმენს, გაქცევის მცდელობის შემთხვევაში შენი ლიკვიდაცია გვაქვს დავალებულიო" - ამბობდა ხაჭაპურიძე ინტერვიუში. ადვოკატის თქმით, ნიჟარაძეების ოჯახმა ათეულობით მილიონი დოლარის ქონება დაკარგა.

რაც შეეხება მომღერალ ნინი ქარსელაძეს, ის მის ახალ შეყვარებულზე საუბარს თავს არიდებს. ჩვენს კითხვას მან ასე უპასუხა: "ახლა არ შემიძლია საუბარი, არ მინახავს რას წერენ, არ მცალია მაგისთვის და არ წამიკითხავს. ბიძაჩემს, მერაბ ჟორდანიას კორონავირუსი აქვს..."

თაზო ჯახუტაშვილის შესახებ ინფორმაციის გასაგებად ნინის მამინაცვალს ზურა ხაჩიძეს დავუკავშირდით:

"ნინის პირად ცხოვრებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ნინის საქმეა და ვისთანაც ის ბედნიერი იქნება, იქ ვიქნებით...

- დიახ, თუმცა ამ ადამიანზე გავრცელდა ინფორმაცია რომ პანამის საიდუმლო დოკუმენტებში იძებნება, როგორც მილიონერი...

- ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან კარგი ადამიანი. მე არავის ფულს არ ვითვლი და პირველად მესმის ამასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი ადამიანია და მივესალმები მათ ბედნიერებას".

ნინი ქარსელაძეს არასოდეს მოსწონდა პირად ცხოვრებაზე საუბარი და წლების წინ ზუკა ხუროძესთან რომანის გამო, მომღერალს რთული დღეების გადატანამ მოუწია. მაშინ ამბობდნენ, რომ ნინი ქორწინდებოდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვაჟის ოჯახმა ნინი მამის წარსულის გამო დაიწუნა. წლების შემდეგ ნინი ერთ-ერთ ინტერვიუში ზუკას შესახებ იხსენებდა, რომ ისინი ორი წელი იყვნენ შეყვარებულები და ამ დროის განმავლობაში, როდესაც შეყვარებულს ტელეფონზე ესაუბრებოდა, ესმოდა ზუკას მშობლები მისი მისამართით ცუდ რაღაცებს ამბობდნენ. საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.