ავტორი:

ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხში - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში, ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში" და ოპოზიციური ერთობიდან  "განკვეთილები"

ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხში - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში, ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში" და ოპოზიციური ერთობიდან  "განკვეთილები"

ახალი პოლიტიკური სეზონი ოპოზიციისთვისაც ხმაურიანად დაიწყო. ოპოზიციის ნაწილი კვლავაც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს, სხვა ნაწილი ხელისუფლებასთან შეთანხმების გზებს ეძებს. ეს კი მათ შორის სულ უფრო და უფრო მეტ ბზარს აჩენს. ასეა თუ ისე, ბოლო დღეების განმავლობაში პროცესები ისე მიდის, რომ ოპოზიციური გაერთიანების წევრების სამიზნე უფრო ერთმანეთია, ვიდრე მმართველი პარტია.

პარლამენტში შესვლის მოსურნეები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თანამზრახველი გაიჩინონ, მოწინააღმდეგეები კი ცდილობენ, ამ პროცესს მინიმუმ ხელი არ შეუწყონ. პარლამენტში შესვლის მსურველების შესახებ დანარჩენ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი ირაკლი კობახიძეს ახმოვანებენ და სხვების დაყოლიებასაც ცდილობენ. ამასობაში გამოიკვეთა გარიყულების ჯგუფი - “გირჩი” და “მოქალაქეები”. მათთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრაზე გიორგი ვაშაძესთან ერთად, “ლელომაც" უარი თქვა, გუშინ კი “რუსთავი -2"-ზე ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი.

ხაზარაძემ ელისაშვილს ტყუილების გუდა უწოდა, ელისაშვილმა კი, თავის მხრივ, უპასუხა, რომ მას ხალხის ბედი არასდროს ანაღვლებდა და პრობლემებზე ხმა მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო, რაც სისტემა პირადად მას შეეხო. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ გადაცემის მიმდინარეობისას, სტუდიაში დაცვის სამსახურის გამოცხადება გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, "გირჩის" და "მოქალაქეების" ინიციატივით ვადამდელი არჩვენების თემა მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უნდა მიებას და თუ ოპოზიცია მასში გამარჯვებას შეძლებს, მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

"ევროპული საქართველო" და გიგი უგულავა კი საერთოდ, ორი პოლიტიკური სუბიექტის - “გირჩისა” და “მოქალაქეების” ოპოზიციიდან მოკვეთას ითხოვენ.

“ეს არის განგრენა, სიმულაციური პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ პროცესში ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენც გადავიქცეთ სიმულიანტად. ხალხს პურის ფული არ აქვს და იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის ანაღვლებს?” - ამბობს უგულავა ყოფილ თანამოაზრეებზე.

თუმცა თავის მხრივ პრობლემები აქვს "ევროპულ საქართველოსაც", პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკურ ძალას ოთარ კახიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილიც ტოვებენ.

კახიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ, საადვოკატო საქმიანობას დაუბრუნდა და მიმდინარე მოვლენებზე კომენტარებს "ნაკლებად აკეთებს“, თუმცა პარტიის წევრად რჩება, თუმცა ambebi.ge უკვე წერდა, რომ ამ პარტიაში ფინანსური პრობლემებია - როგორც ამბობენ, მას, ვინც პარტიას აფინანსებდა აქამდე, ძალიან არ მოეწონა პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგი.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, საერთოდ, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე ფიქრობს და აღნიშნავს, რომ ადამიანებს ალტერნატიული არჩევანი უნდა ჰქონდეთ.

სულ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის გუშინდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ, “გირჩი” საერთოდ გაემიჯნა ელისაშვილს და დაგეგმილი ინდივიდუალური შეხვედრები მის გარეშე დააანონსა.

მოკლედ, ოპოზიციაში დიდი ქაოსია.

ambebi.ge-ს წყაროს ინფორმაციით, “ყველა პარტიას ჰყავს შუამავალი “ოცნებასთან”, რაც არ უნდა ერთიანობა ითამაშონ, ყველა თავის სიტუაციას ილაგებს და თავის თამაშს თამაშობს - ელისაშვილს სხვა დღის წესრიგი აქვს, “ლელოს” - სხვა", - ამბობს ის და იქვე დასძენს:

“ევროპული საქართველო" შესაძლოა ცოტა ხანში ყოფნა-არ ყოფნის დილემის წინაშე დადგეს. პარტიას ფული არ აქვს, დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, უკიდურესად შეუზღუდა თანხები. პარტიაში 4-5 მოლაპარაკე თავია, არავითარი სტრუქტურა აღარ აქვს შემორჩენილი, დიდწილად აღარც რეგიონალური ოფისები აქვთ. ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებლის", “ლელოსა” და “ევროპული საქართველოს” (თითქოს როგორც მესამე ცენტრის) შესაძლო გაერთიანებაზეც ითქვა, რაც გამორიცხულია. ჩხარტიშვილსა და ხაზარაძეს შორის ისეთი დაპირისპირებაა, ვანო სულაც რომ არ აფინანსებდეს ვაშაძეს, მათ იმდენად პიროვნული აუტანლობა აქვთ, გამორიცხულია, რომ ვაშაძე “ლელოს” დაუკავშირდეს. ვაშაძე, ფაქტობრივად, ვანოს ოჯახის წევრია. "ნაციონალები" ჯერჯერობით გვერდით არიან გამდგარი და ელოდებიან, რა მოხდება. მათაც და “ოცნებასაც” პატარა პარტიების აღგვა სწადიათ და ეს პარტიები გონს თუ არ მოვიდნენ, ალბათ ასეც მოხდება".

შევიდა თუ არა ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხში და კრიზისიდან რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, ამაზე ambebi.ge-სთან პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:

- ოპოზიციურ ფლანგზე დიფერენცირება და განსხვავებული პოზიციების გამოკვეთა, მოსალოდნელიც იყო, რადგან “გირჩიც” და ელისაშვილიც თვლიან, რომ ამ შემთხვევაში უმჯობესია ოპოზიციამ მიიღოს მაქსიმუმი იმისა, რასაც ისინი შესაძლებლად თვლიან, ანუ მათ მიაჩნიათ, რომ რიგგარეშე არჩევნები, მით უმეტეს იმ ფორმატით, რა ფორმატითაც წინა არჩევნები ჩატარდა, არაფრის მომცემია და თანაც ”ოცნება” ამ ნაბიჯს არ გადადგამს. ამიტომ მათი პოზიცია ისაა, რომ იქედან მაქსიმუმი მიიღონ. დანარჩენი ოპოზიციისთვის, ჯერჯერობით რიგგარეშე არჩევნები რჩება პირველ საკითხად, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად.

ოპოზიციის ეს ნაწილი რიგგარეშე არჩევნებს თუ ვერ მიიღებს, მაშინ შესაძლებელია არც საარჩევნო კოდექსის და ადმინისტრაციის ცვლილება მოხდეს, ისინი მიდიან ვა ბანკზე. გულწრფელად გითხრათ, მეეჭვება, რომ “ოცნება” რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდება და მას ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ აქვს. ის, რომ ერთპარტიული პარლამენტი ოდიოზურია და ჩვენს პარტნიორებში აღშფოთებას გამოიწვევს, ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, უფრო პირიქითაა. შესაბამისად, ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის აკვიატების მძევლად შეიძლება იქცეს...

ერთი სიტყვით, ”ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს დასავლეთში. ქვეყნის შიგნით კი ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს ის ძალა, რომ პერმანენტული და ისეთი მასშტაბის აქციები გამართოს, როგორც ეს 2008-2011 წლებში იყო. მეორეს მხრივ, ემოციები, განსაკუთრებით დებატებში, როდესაც პოლიტიკოსები გამოდიან, მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ერთმანეთის მიმართ უნდა იყოს უფრო აკადემიური დამოკიდებულება, დებატების ფორმა უნდა იყოს უფრო აკადემიური, თორემ თუ ასე გაგრძელდება, არაა გამორიცხული ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ წავიდეს პროცესი, მთლიანად ოპოზიცია დაზარალდეს. ამ დისკრედიტაციის გზა უკვე დაადგა ოპოზიცია.. ეს კი, ჩემი აზრით, “ოცნებას” და "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხელს.

დღეს "ნაციონალებს" კომფორტული პოზიცია აქვთ, ამ კაკაფონიაში ყველაზე კომფორტულად ისინი გრძნობენ თავს. მათ გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ ისინი, ვინც პირიქით, მათგან დისტანცირებას უნდა ცდილობდნენ. ან რატომ ჩაერევიან? მათ ძალზე სწორი პოლიტიკა აქვთ არჩეული. თუ ვინმეს ხელს აძლევს ის, რაც ხდება ოპოზიციაში, ზოგადად, ეს არის ორი პოლიტიკური დაჯგუფება - "ნაციონალური მოძრაობა" და “ქართული ოცნება”.

ადრე ვთქვი, ისევ შუას გაკრეფის პროცესი მიდის-მეთქი და თუ ასე გაგრძელდა, ასეც მოხდება. ყველაზე ცუდი, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, "ნაცების" გარდა დანარჩენი ოპოზიციის ქმედაბაა, რომელთაც, ჩემი აზრით, ვერ გაუანალიზებიათ, რეალურად რა ვითარებაა ქვეყანაში, პარტნიორებთან და ზოგადად, რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში და რა - არა. არ მესმის, როგორ ვერ ხვდებიან ამდენს? “ქართული ოცნება” თუ არ წავიდა რიგგარეშე არჩევნებზე, მაშინ რას ღებულობენ ამით? ან რა მორალზე და რა ზნეობრიობაზეა საუბარი, მიიხედ-მოიხედონ და გუშინდელი თავიანთი ბიოგრაფია გაიხსენონ. დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე, რომელ მორალზეა ლაპარაკი?

დღეს ისეთი ვითარებაა, ხვალ რომ პატიოსანი არჩევნებიც ჩატარდეს, ძალიან გამიკვირდება, ამ პატარა პარტიებმა ის პროცენტებიც კი მიიღონ, რა პროცენტებიც მიიღეს... ხალხი ქუჩაში შიმშილმა და ეკონომიკამ თუ გამოიყვანა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ოპოზიციას დაუჭერს მხარს, ასეთ შემთხვევაში სხვა ფაქტორები წამოვა წინ და არა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ამიტომ, ოპოზიციას ამისი იმედიც ნუ ექნება.

ავტორი: ანა გიორგაძე

"ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ" - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის აქციების გადადებაზე

"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს