ავტორი:

"კობას რომ უთხრეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო, ვერაფრით დაეჯერებინა... სამართალმა დაიგვიანა!" - დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"კობას რომ უთხრეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო, ვერაფრით დაეჯერებინა... სამართალმა დაიგვიანა!" - დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში, ადეიშვილმა, რომელიც იმ დროს გენერალური პროკურორი იყო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეს დავით ქარსელაძეს დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმს და ოპერატიულ დანაყოფს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები როგორიცაა ე.წ. "ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები, ასევე ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე, აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობებზე აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება.

"ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი რამდენიმე პირთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე განთავსებულმა სამართალდამცავებმა შეამჩნიეს კობა დავითაშვილი, მათი ხელმძღვანელი დაუკავშირდა ზურაბ ადეიშვილს, რომლისგანაც მიიღო დავალება კობა დავითაშვილისათვის თავისუფლების აღკვეთის და მისი საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის შესახებ.

სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

AMBEBI.GE კობა დავითაშვილის მეუღლეს ინგა ბიწაძეს დაუკავშირდა:

- 2 წლის წინ უთხრეს ეს კობას, მაშინ პროკურატურის წარმომადგენლები მოვიდნენ სახლში, რადგან კობა ფეხზე ვერ დგებოდა და თქვეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო. ძალიან ეწყინა ეს კობას, რადგან ზურაბ ადეიშვილს ძალიან დიდ პატივს სცემდა, ისინი მეგობრობდნენ და ვერაფრით დაეჯერებინა, რომ ეს მისი გაკეთებული შეიძლება ყოფილიყო და რომ ზურა გასცემდა ასეთ ბრძანებას. ამბობდა, ადეიშვილი ამას არ გააკეთებდა, ეს მიშა სააკაშვილის გაკეთებულიაო. ზურასთან ძალიან მეგობრობდა, ჭკვიანი ადამიანიაო. კობა ზოგადად პატივს სცემდა ჭკვიან ადამიანებს. ვერ წარმოედგინა, რომ ის ბოროტი შეიძლება ყოფილიყო. ეს მისთვის წარმოუდგენელი იყო, ეს ამბავი არ მიიღო მისმა ტვინმა. სულ ეგონა მიშას დაკვეთა.

- კატეგორიულად გამორიცხავდა ამ საქმეში ზურაბ ადეიშვილის კავშირს?

- მართლა ისე ძალიან ეწყინა, არ ესიამოვნა. ვერ წარმოედგინა ადეიშვილისგან მსგავსი რაღაც. თვითონ აღარ მიაჩნდა ეს საქმე მნიშვნელოვნად. მისთვის ეს იყო განვლილი ეტაპი, მას უნდოდა ამ ბრძოლის შედეგი ენახა. თვითონ ფაქტი კატასტროფული არ იყო მისთვის იმის მიუხედავად, რომ ამის გამო ჯანმრთელობაც შეერყა და ყველაფერიც, მაგრამ იმას უფრო განიცდიდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგა, ამის მოლოდინი ჰქონდა და ეს რომ არ მოხდა, ამას განიცდიდა. კარგი, მცემეს... ჩაიარა ამ ამბავმა, მთავარია ახლა რას ვაკეთებთო. მერე რა რომ მკლავდნენ, ქვეყნის გულისთვის თუ მომკლავდნენ, ეს პატივიაო, ასე ამბობდა.

- ეს განცხადება მას რომ წაეკითხა, რას იტყოდა?

- სამართალმა დააგვიანა. ჩემთვის ძალიან მძიმეა ემოციურად ეს ყველაფერი. მეგონა არ ვიტირებდი, მაგრამ მაინც ვიტირე.

- როგორ ფიქრობთ, ამდენი წელი რატომ არ გააკეთა ეს პროკურატურამ?

- დრო უნდა ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვამბობ, კობასთვის მთავარი სამართალი და სამართლიანობა იყო და უნდოდა ყველა ადამიანისთვის თანაბრად ყოფილიყო ხელმისაწვდომი სამართალი. მართლა ეს იყო მისთვის მთავარი და ასევე ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო. ამბობდა, თუ სამართალმა ვერ იზეიმა ქვეყანაში, არაფერი გამოვაო. ბოლო დროს უფრო მეტი რამე გავიგე კობას შესახებ. როცა შეუძლოდ იყო მაშინ მოყვა ყველაფერი, სამწუხაროდ ეს ვერ ჩავიწერე, არც მიფიქრია რომ ასე მალე გამოგვეცლებოდა, თორემ მართლა ბევრი რამე მიამბო სიკვდილამდე. მანამდე სახლში არ საუბრობდა ასეთ თემებზე, ოჯახისგან მოშორებული ჰქონდა ეს ამბები. ზედმეტად რომ არ ავეფორიქებინეთ, ამას ცდილობდა.

- როცა ეს ამბავი გაიგო, ხომ არ ჰქონდა მცდელობა ადეიშვილს დაკავშირებოდა და გაერკვია?

- არა, არ უცდია. ძალიან სხვანაირი ადამიანი იყო, კობასნაირი ადამინები იშვიათად იბადებიან, არ ჯდებოდა სტანდარტებში. ხომ შეიძლებოდა თავისი არხებით ეძებნა და დაედგინა ყველაფერი, ხომ გაიგებდა, მაგრამ საერთოდ არ ჩაძიებულა. ერთხელ მახსოვს ხუმრობით ვუთხარი, ამდენი დრო გავიდა და მიშას შეურიგდი მეთქი და ამაზე გაგიჟდა, ეს როგორ თქვიო. არ მეგონა ასე რომ გეწყინებოდა, გეხუმრე- მეთქი.

საუკეთესოდ იცნობდა. სამწუხაროდ ვერ მოასწრო რომ ეს ყველაფერი დაეწერა მას. კომახიძე მოდიოდა ჩვენთან სახლში `"პოსტივიდან" და რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა, ასევე რამდენიმე წლის წინ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა თომა ჩაგელიშვილმაც, ძალიან დიდი ჩანაწერი გააკეთა, მაგრამ არც ერთ არხზე ეს მასალები არ გასულა.

ყველა წვრილმანზე საუბრობდა და წესით ეს ჩანაწერები არსებობს და იმედია გამოჩნდება დღის სინათლეზე. კიდევ საკმაოდ ვრცელი ჩანაწერი აქვს ერთ ამერიკელ პოლიტოლოგ ქალს. მან 4 დღე იარა ჩვენთან და ჩაწერა, ის დისერტაციის თემაზე მუშაობდა. იმედია ოდესმე გამოჩნდება ეს ჩანაწერები. თვითონ კომპიუტერთან ტექსტის აკრეფაც უჭირდა ბოლო დროს, კისერიც ძალიან ჰქონდა გაშეშებული და ვეღარ ბეჭდავდა, თორემ თვითონაც უნდოდა ძალიან, რომ ეს ყველაფერი აეკინძა. ჩემთან საუბარში მათრლაც ისეთი რაღაცეები გაიხსენა... ნეტა ჩამეწერა. მთელი ზაფხული აქ იყო თბილისიდან არ გადიოდა, არ მომყვებოდა და მაშინ ჩაწერა ამერიკელმა პროფესორმაც.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა კვლავ შესაძლებელია

სემეკის ვებგვერდზე ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა ამოქმედდა

საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გასული 24 საათის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში