ავტორი:

"ინფიცირების შემთხვევათა 10-ჯერ შემცირებას კიდევ 2 თვე დასჭირდება" - მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით, საქართველო დეკემბერში მსოფლიოს 1-ელ ათეულში იყო, განახევრებულია

"ინფიცირების შემთხვევათა 10-ჯერ შემცირებას კიდევ 2 თვე დასჭირდება" - მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით, საქართველო დეკემბერში მსოფლიოს 1-ელ ათეულში იყო, განახევრებულია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ნაწილზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში მსჯელობა მიმდინარეობს და დამატებითი გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, ამ კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„შემსუბუქებასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვმსჯელობთ. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას და საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას. რაც შეეხება დღევანდელ ეპიდმდგომარეობას, დღევანდელი მონაცემები გვაძლევს საფუძველს, დავადასტუროთ, რომ არის ინფექციის მნიშვნელოვანი კლება. დღეს სტაციონარში 3499 ადამიანი გადის მკურნალობას, ჯამში 10 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. ექიმები წარმატებით მართავენ პროცესს", - აღნიშნა ტიკარაძემ.

ინფექციის კლებისა და ეპიდვითარების გაუმჯობესების შესახებ საუბრობს ასევე "ჯეოქეისის" მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ზვიად კირტავა. მისი თქმით, მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით, დეკემბერში მსოფლიოში პირველ ათეულში ვიყავით, დღეს განახევრებულია.

"აშკარაა, რომ გაუმჯობესება გვაქვს. 28 ნოემბერს შეზღუდვების შემოღების შემდეგ ვივარაუდეთ, რომ სადღაც 20 დეკმებრისთვის მოხდებოდა დადებითი დინამიკის გამოვლენა და მართლაც ასე მოხდა. ახალი შემთხვევების რაოდენობა ამ პერიოდში განახევრდა - 5,500-დან 2.300-მდე, ხოლო ბოლო დღეებში - უკვე 1000-1500-ს ჩამოსცდა.

ამავდროულად აშკარაა, რომ ინფიცირების ყოველდღიური აბსოლუტური მაჩვენებლები მკვეთრად არის დამოკიდებული ჩატარებული ტესტირების რაოდენობაზე, რაც დასვენების დღეებში გაცილებით დაბალია და უფრო სწორია და გასაგები იქნება, ორი მნიშვნელოვანი ინდიკატორის დინამიკა რომ ავიღოთ:

  • ბოლო ორ კვირაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 მილიონ მოსახლეზე გადათვლით, რაც 1-10 დეკემბრის შუალედში 14,000-ზე მეტი იყო.

მაშინ საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიო ლიდერადაც კი გვევლინებოდა - ახლა კი ის მნიშვნელოვნად დაქვეითდა და 8 იანვრისთვის უკვე 4,000-მდე ჩამოვიდა, თუმცა შემდეგ დაქვეითება შეჩერდა.

  • არანაკლებ მნიშვნელოვანია კორონავირუსზე პოზიტიური ტესტების მაჩვენებელი, რომელიც საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში - დეკემბრის დასაწყისში, სასურველი 4-5%-ის ნაცვლად, 20-30% შორის მერყეობდა.

ამიტომ, ამ დროს ჩვენი ინფორმირება ინფიცირების რეალურ ციფრებზე ძალიან აცდენილი იყო რეალურ გავრცელებას, რომელიც სავარაუდოდ ყოველდღიური 4,000-5,000 შემთხვევის ნაცვლად 10-15,000 ან მეტიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა კი სწრაფი და PCR ტესტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის წყალობით, უკვე პოზიტიური ტესტების მაჩვენებელი 8-9%-ია და მალე, იმედია, ჯანმოს მიერ რეკომენდებულ 5%-საც მიაღწევს. რაც იმის გარანტია იქნება, რომ სრულ სურათს ვფლობთ ინფიცირების რეალურ ციფრებზე.

გარდა გამოვლენის აუცილებლობისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება გახდება რეალური. სხვათა შორის, ევროპის დიდ ნაწილში ბოლო ორი კვირის ინფიცირების დასახელებული მაჩვენებელი კვლავაც ძალიან მაღალია (ჩეხეთი, ლიეტუვა, ირლანდია, სლოვენია, ბრიტანეთი, ასევე ისრაელი - 10,000-ზე მეტი) და ევროპის ოცამდე ქვეყანაში კოვიდ-დადებითი ტესტების მაჩვენებელიც 10-25%-ია.

ეს ეპიდემიოლოგიური გაუმჯობესება დაეტყო სიკვდილობის მაჩვენებლსაც. ბოლო 2 კვირაში მილიონ მოსახლეზე გადათვლით ეს მაჩვენებელი უმაღლესი იყო 25 დეკემბერს - 152 (მსოფლიოში პირველ ათეულში ვიყავით), ხოლო ახლა თითქმის განახევრდა - 82. მაშინ როცა დიდ ბრიტანეთში, ჩეხეთში, პორტუგალიაში, სლოვაკეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ლატვიასა და უნგრეთში იგი 150-225 შორის მერყეობს.

თუმცა, ყოველდღიური სიკვდილობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, მაინც მაღალი 15-25 ფარგლებში რჩება..." - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ზვიად კირტავა.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევათა 10-ჯერ შემცირებას კიდევ 2 თვე დასჭირდება.

"ოქტომბერში, ერთ თვეში მოხდა შემთხვევების გაათმაგება და ნოემბრიდან მივიღეთ კოლოსალურად მზარდი წნეხი ჯანდაცვის სექტორზე. შემთხვევების 10-ჯერ შემცირებას ორ თვეზე მეტი დასჭირდება, უეჭველად. ბატონ ამირანს ვეთანხმები, სანამ დღიური შემთხვევები 200-ზე ნაკლები არ გამხდარა, დამშვიდება ნაადრევია", - აცხადებს ზვიად კირტავა.

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს (ვიდეო)

საქართველოში მიწისძვრა მოხდა