ავტორი:

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

"ჯეოქეისის" მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ზვიად კირტავა "ინტერპრესნიუსს" ვაქცინაციის პროცესის სირთულეებისა და ვაქცინების გვერდითი ეფექტების შესახებ ესაუბრა.

"საქართველოში არ გვექნება ერთი ვაქცინა - იქნება მინიმუმ ორი ან სამი. ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მომენტები.

დადებიათია ის, რომ ვაქცინები მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და რაც უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდება (და უკვე 2 ამერიკული, 1 ბრიტანული, 1 რუსული და 2 ჩინური ვაქცინის აქტიურად გამოყენება ხდება), მით უფრო მეტად გამოჩნდება არა მხოლოდ ლოჯისტიკური ან ეკონომიკური ფაქტორების განსხვავება, არამედ ეფექტურობის და გვერდითი ეფექტების დივერსიფიცირება - სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან, თუ რისკ ჯგუფებთან მიმართებაში.

ჯერჯერობით ვიცით, რომ ყველა ვაქცინას ორჯერადი აცრა სჭირდება. თუმცა იანვრის ბოლოს შეიძლება იყოს სამეცნიერო ანგარიში Johnson&Johnson - Janssen ვაქცინაზე, რომლის ერთჯერადი დოზაც შეიძლება საკმარისი იყოს. ვფიქრობ, ეს სერიოზული უპირატესობა იქნება.

უარყოფითი მომენტია ის, რომ სანამ დაზუსტებით არ ვიცით, რა და რამდენი შემოგვაქვს, საინფორმაციო კამპანია სრულყოფილი ვერ იქნება. იმედია, ამას მალე გავარკვევთ, რადგან საზოგადოების მომზადებას და ვაქცინის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას რამდენიმე კვირა ან თვეც კი შეიძლება დასჭირდეს.

ახლა ითქვა, რომ პირველ ეტაპზე შეიძლება მივიღოთ პფაიზერის ვაქცინა - 20,000 დოზა, რაც 10,000 სამედიცინო პერსონალისთვის იქნება გამოყენებული.

მართალია, საქართველოში 3 ადგილზე - თბილისში, ბათუმში და ქუთაისში გვაქვს ამ რეჟიმის -80°С შესანახი სამაცივრე საწყობები, მაგრამ გასათვლელია, როგორ მოხდება ვაქცინირება - საყინულიდან გამოღების შემდეგ ეს ვაქცინა მხოლოდ 5 დღე ინახება, ხოლო ფლაკონი გახსნიდან 5 საათში უნდა დაიხარჯოს. ასე რომ, ან აქცენტი გაკეთდება მედპერსონალის ამ სამ ქალაქში ვაქცინირებაზე. რაც მოუხერხებელია, ან ზუსტად გათვლა, რომ ვაქცინები ისე დავაგზავნოთ ყველა პუნქტში, რომ ზუსტი სია გვქონდეს, ვინ როდის და რომელ საათზე იკეთებს.

საყინულიდან გამოღების შემდეგ ეს ვაქცინა მხოლოდ 5 დღე ინახება, ხოლო ფლაკონი გახსნიდან 5 საათში უნდა დაიხარჯოს

ისიც გასათვლელია, რომ ალერგიულ პაციენტებს 15-30 წუთი დაკვირვება სჭირდებათ და ისიც, რომ თუ პროცესი თებერვალში დაიწყება, მაღალმთიან რაიონებში თოვლიანობამ ჯერ კიდევ შეიძლება შეიტანოს კორექტივები. თანაც ამ პერიოდში ღია სივრცეებს ვერ გამოვიყენებთ ვაქცინაციისთვის, რაც ზაფხულში საკმაოდ მისაღები იქნება, ვაქცინირების ადგილებში დისტანცირების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით.

ასე რომ ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლოების საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით მაინც საკმაოდ ფრთხილი - გეგმაც არ გვინახავს", - აღნიშნა ზვიად კირტავამ.

ექიმი თავად ვაქცინების დადებით და უარყიფით მხარეებზეც საუბრობს და ვარაუდობს, რომ საქართველოში რუსული და ჩინური ვაქცინების შემოტანა არ მოხდება.

"მე მოვისმინე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ქალბატონ ირმა ხონელიძის განცხადება, რომ არა მარტო ცალკეული ქვეყნების, ბრიტანეთი, გერმანია, დანია, არამედ აშშ-ს ცალკეული შტატების ვაქცინაციის გეგმები შეისწავლეს, ისევე როგორც ჯანმოს, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, იუნისეფის და სხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციათა რეკომენდაციები და ისე მოამზადეს ვაქცინაციის გეგმა. ეს იმედით განგვაწყობს. მეორე მხრივ, კარგი და დეტალიზებული გეგმა იმის საფრთხეს შეიცავს, რომ მრავალი დეტალიზებული საკითხის განხორციელება მოკლე დროში ადვილი არ იქნება. ამ მხრივ, შეიძლება ვიხუმროთ, რომ სუსტი გეგმის კარგად განხორციელების შანსი შეიძლება მეტიც კი იყოს.

ჩემი პირადი მოსაზრებით Moderna-ს და Johnson&Johnson ვაქცინები, რომელთა 1 (Moderna) ან 3 (Johnson&Johnson) თვემდე შენახვა 2-8 გრადუსზეც კი შეიძლება ჩვეულებრივ მაცივარში, ხოლო უფრო დიდი ხნით -20 გრადუსზე, რაც ჩვეულებრივი საყინულის მდგომარეობაა - უფრო გამართლებულია ჩვენთვის ლოჯისტიკური თვალსაზრისით.

AstraZeneca/Oxford-ის შემთხვევაში ამას ემატება ძალიან ხელსაყრელი ფასიც. თან ასტრაზენეკა და ჯონსონ და ჯონსონის ვაქცინები ჯანმოს და ვაქცინების ალიანსის COVAX პლატფორმის პროგრამაში ყველაზე დიდი მოცულობითაა წარმოდგენილი. კარგია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმი ხელმისაწვდომია და ვაქცინაციის გეგმა ყველა შესაძლებლობას ითვალისწინებს.

იმედია, რამდენიმე კვირაში უფრო დეტალურად გაირკვევა, რომელი რა რაოდენობით შემოვა და ყველა პრიორიტეტულ ჯგუფში - მედპერსონალი, 75 წელზე მეტი ასაკის პირები, 65-75 წლის ასაკის პირები, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციონირების სამსახურების თანამშრომლები, ქრონიკული დაავადებების და რისკ-ფაქტორების მქონე პირები - არა მარტო ის უნდა განისაზღვროს, ვის და რომელ ცენტრში რა ვაქცინა უკეთდება, არამედ დეტალური სიები, საათობრივი განრიგი, და ისიც, ვინ იქნება სარეზერვო სიებში.

რადგან არც ის იქნება კარგი, რომ გახსნილ ფლაკონში გამოუყენებელი დოზები დარჩეს, და არც ის, რომ ამ დოზების გამოყენება დადგენილი პრიორიტეტული ჯგუფების გარეთ მოხდეს, რაც გაუგებრობის და ინსინუაციების საფუძველი შეიძლება გახდეს.

რაც შეეხება ვაქცინას, ვფიქრობ, რუსული სპუტნიკის გამოყენება საქართველოში არ მოხდება და არა მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად მიუღებელი იქნება აგრესორი ქვეყნისგან მოწოდებული ვაქცინა შევთავაზოთ მოსახლეობას, არამედ იმიტომაც, რომ ობიექტურად არსებობდა ბევრი კითხვის ნიშნები ამ ვაქცინის რეგისტრაციის სისწრაფის, კვლევების გამჭვირვალობის და გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობის კუთხით, როგორც მსოფლიოში, ასავე თავად რუსულ სამეცნიერო წრეებში.

ამ თემას ბიბისი-მ სპეციალური მიმოხილვა მიუძღვნა სათაურით - „არ გვაჩვენებენ, ესე იგი არის რაღაც დასამალი“.

ჩინეთმა ვაქცინების მასობრივი გამოყენება მილიონობით მოქალაქეზე ჯერ კიდევ კვლევების მესამე ფაზის დასრულებამდე დაიწყო. რაც ასევე საკმაო ეჭვს აღძრავს პროცესის ტრანსპარენტულობაზეც და იმაზეც, რომ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი იყო, გათვლილი განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში მასიურ გავრცელებაზე, სადაც ჩინეთს შორსმიმავალი პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს.

ამავდროულად, რამდენადაც ჩინური ვაქცინების უმეტესობა უფრო ტრადიციული მკვდარი ვირუსის ნაწილაკების მეთოდოლოგიით იქნა დამზადებული და მათი შენახვის პირობები უფრო ხელსაყრელია, განსაკუთრებით ცხელი კლიმატისა და არასრულყოფილი ინფრასტრუქტურის პირობებში, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის რიგ ქვეყნებში, ეს ვაქცინები, სავარაუდოდ, ფართო გამოყენებას ჰპოვებს.

აზერბაიჯანმა გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა თურქეთმა - ჩინური ვაქცინა კორონავაკის (სინოვაკის) გამოყენება. მასვე იყენებს ინდონეზია და ბრაზილია. საინტერესოა, რომ ამ ქვეყნებში ჩატარებული მესამე ფაზის კვლევებით დასახელებული ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებლები საკმაოდ განსხვავებული იყო - 50.4% (ბრაზილია), 65.3% (ინდონეზია) და 91.25% თურქეთი", - აცხადებს ზვიად კირტავა.

მკვლევარი ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების სკეპტიციზმისა და უნდობლობის თემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ სახელმწიფოს დიდი შრომის გაწევა მოუწევს. ექიმი ასევე ასახელებს ვაქცინების შესაძლო გვედრით ეფექტებსაც.

"ვაქცინების მიმართ არსებულ უნდობლობას სჭირდება სერიოზული განმარტებითი მუშაობა, ფაქტების და სტატისტიკის მოშველიება, ადვოკატირება. ე.წ. ანტივაქსერული მოძრაობა და ვაქცინებზე ყოყმანი საკმაოდ დიდ ძალას იკრებს მსოფლიოში რამდენიმე მიზეზის გამო.

  • ჯერ ერთი, ვაქცინებს ნამდვილად გააჩნიათ გარკვეული გვერდითი ეფექტები - საკმაოდ ხშირია გასივება და ტკივილი ნანემსარის არეში, ისევე როგორც თავის და კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მატება, სისუსტე, შემცივნება. ეს სახიფათო არაა და 48 საათში, როგორც წესი თავისით გადის.
  • იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სერიოზული ალერგიული რეაქციები, მაგალითად, პფაიზერის ვაქცინის დროს ეს დაფიქსირდა 80,000-დან 1 შემთხვევაში, თუმცა ყველა მათგანის დროულად შეჩერება მოხერხდა 15-30 წუთიანი დაკვირვებისა და/ან ადრენალინის ინექციის მეშვეობით.

მსოფლიოში უკვე ვაქცინების 52 მილიონი დოზა იქნა გამოყენებული, მათ შორის 4 მილიონზე მეტი - მეორე დოზა. ჯერჯერობით არ არის ვაქცინის გამო დადასტურებული სიკვდილის არცერთი შემთხვევა.

ნორვეგიაში 23 ასაკოვანი და გამოფიტული პაციენტის სიკვდილი გამოკვლეულ იქნა და ვაქცინის გამო ლეტალობა არ დადასტურდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი ჯერჯერობით იყო სახის ნერვის ე.წ. ბელის დამბლა. კვლევების მონაწილე 73,000 პირიდან ასეთი 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული - 4 პფაიზერის და 3 მოდერნას კვლევებში.

იმის თქმა, რომ ვაქცინების გამოყენებას მძიმე გართულებები და სიკვდილი არასოდეს მოჰყოლია, არ იქნება სწორი. მაგრამ გაცილებით მაღალია წამლებთან დაკავშირებული მძიმე გვერდითი ეფექტები. კლინიკურ ფარმაკოლოგიაში არსებობს სამწუხარო ოქროს წესი - რაც უფრო ეფექტურია და ძლიერი წამალი, მით უფრო ძლიერი და პოტენციურად სასიკვდილოც კი შეიძლება იყოს მისი არასასურველი გვერდითი ეფექტები.

მაშინ რატომ ნაკლებად ნერვიულობენ პაციენტები წამლების მიღებისა და უფრო მეტი აჟიოტაჟია ვაქცინების დროს? საქმე იმაშია, რომ წამალს ავადმყოფს მძიმე მდგომარეობის დროს უნიშნავენ და შესაძლო სარგებლის და პოტენციური რისკის თანაფარდობის ხილვა უფრო ადვილია. ხოლო ვაქცინის გამოყენება პოტენციური დაავადების რისკის პრევენციისთვის ხდება - და ჯანმრთელი ადამიანისთვის კი ეს ბალანსი განსხვავებულია და ხშირად რთულია განეწყოს აცრის სასარგებლოდ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ცოფის და ტეტანუსის აცრა - ყველამ იცის რა კატასტროფულად მაღალია აცრის გარეშე ამ დაავადებების განვითარებისას სიკვდილობა - და მაინც, ზოგჯერ საკმაოდ ინფორმირებული ადამიანებიც კი ფიქრობენ, იქნებ ისედაც გადავრჩე... იგივე ლოგიკა მით უფრო მოქმედებს კოვიდის დროსაც, როცა სიკვდილობა 1-3%-ია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს 2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი, და რომ სწრაფი გავრცელების შემთხვევაში პანდემიასთან დაკავშირებული ლეტალობა გაზაფხულზე 15-20%-ს აღწევდა.

ვაქცინების მიმართ ეჭვებს გარკვეულწილად ხელს უწყობს ის, რომ მედია გაცილებით მეტი მონდომებით აშუქებს იმ თითოეულ შემთხვევას, რომელსაც გართულება მოჰყვა, და უკეთეს შემთხვევაში თითქმის იგივე მოცულობით, ან - ნაკლებადაც გვაწვდის ინფორმაციას ვაქცინების მილიონობით წარმატებულ შემთხვევაზე.

ათეულ მილიონობით გადარჩენილ სიცოცხლეზე ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, წითელას, ყივანახველას, B ჰეპატიტის, მენინგიტის და სხვა დაავადებებისაგან, რომ არაფერი ვთქვათ ყვავილის ერადიკაციაზე, მილიარდობით დოლარის დაზოგილ თანხებზე, რაც იმუნიზაციის ფასდაუდებელ სარგებელს წარმოადგენს. რეალობაა, რომ ვაქცინაცია და იმუნიზაცია საზოგადოებრივი სიკეთეა, ვაქცინირებით პირველ რიგში საკუთარ თავს ვიცავთ, მაგრამ ასევე მთელ საზოგადოებას, როგორც ჯანმრთელობას, ასევე ეკონომიკას. ვაქცინაციის გარეშე ვერ მოხერხდება ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა და მილიონობით ადამიანი განწირული დარჩება შიმშილისათვის, ხოლო დასუსუტებულ ქვეყნებს არასტაბილურობა, კრიმინალის ზრდა, დემოგრაფიული კოლაფსი ემუქრებათ.

საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ინფორმაცია გროვდება, რომ დასავლურ ქვეყნებში ანტივაქსერულ მოძრაობას აძლიერებს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაფინასებული ტროლები და ბოტები. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რუსული ინტერნეტ კვლევების სააგენტოს, ტროლების ქარხნის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები. ამიტომ რათქმა უნდა, აუცილებელია ერთი მხრივ, ნებისმიერი გვერდითი ეფექტის და ლეტალობის საეჭვო შემთხვევის სერიოზული კვლევა და საზოგადოების უწრაფესად ინფორმირება, ხოლო მეორე მხრივ, დეზინფორმაციის გამოვლენა, სოციალურ ქსელებში დამაჯერებელი არგუმენტირება და განეიტრალება უნდა მოჰყვეს", - აცხადებს ზვიად კირტავა. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

"კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა" - რას წერს ქეთი წიკლაური მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე