ავტორი:

"ჩანაწერში ბრალდებული ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად" - პროკურორი

"ჩანაწერში ბრალდებული ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად" - პროკურორი

ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა ზემდგომების დავალების შესაბამისად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, იმის მიუხედავად, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ მას ამის გაკეთება არ სურდა, საზღვრის ხაზი საქართველოს ინტერესების საზიანოდ გაავლეს და ასე შეათანხმეს ის კომისიების მუშაობის ფორმატში, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც პროკურორმა განმარტა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუიდიო-ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს, როდესაც ბრალდებული აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და ფაქტობრივად ამბობს, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად.

ამირან გულუაშვილის თქმით, საქართველოს მხარეს თავდაპირველად გააჩნდა განსხვავებული პოზიცია, თუმცა მოხდა ამ პოზიციის შეცვლა და საბოლოო ჯამში, საქართველოს გარკვეული ტერიტორია საზღვრის გავლებული ხაზის შესაბამისად, გადავიდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

„ბრალდებული პირდაპირ ამბობს, რომ მას ამის გაკეთება არ უნდოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 3 500 ჰექტარი, რომელიც ისტორიულად და კარტოგრაფიული მასალაზე დაყრდნობით წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიას, დღეს, შეთანხმებული საზღვრის მონაკვეთების თანახმად არის აზერბაიჯანის ტერიტორია. სსკ-ის 308-ე მუხლი არ გულისხმობს გადაცემას, როგორც დასრულებულ პროცესს, იმისათვის, რომ მოხდეს ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნაც კი, ისჯება სისხლის სამართლის წესით და თავისუფლების აღკვეთა საკმაოდ ხანგრძლივი ვადით არის გათვალისწინებული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისათვის და სწორედ ამიტომ, კანონი უმკაცრესად უდგება საკითხებს, თუნდაც საფრთხის შექმნის დონეზეც კი. შესაბამისად, ბრალდებულების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ქმედებებმა, რაც გამოიხატა ისტორიულ სინამდვილესთან სრულიად აცდენილი საზღვრის ხაზის გავლებაში, საფრთხე შეუქმნა საქართველოსგან გარკვეული ტერიტორიების გასვლას და უცხო სახელმწიფოსთვის მათ გადაცემას. ამაში გამოიხატა მათი დანაშაულებრივი ქმედებები. მათ უგულებელყვეს რელევანტური კარტოგრაფიული მასალა. არსებობდა სულ მცირე, 5 რუკა, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიები იყო. ამის მიუხედავად არცერთი მათგანი მათ არ გამოიყენეს. უფრო მეტიც, ფაქტობრივად, მათ ზემდგომების დავალების შესაბამისად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმის მიუხედავად, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ მას ამის გაკეთება არ სურდა, საზღვრის ხაზი გაავლეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ და ასე შეათანხმეს ის კომისიების მუშაობის ფორმატში“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

როგორც ბრალდებულ ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძე აცხადებს, ის ხალხი, რომელიც სამართლიანობას უნდა იცავდეს, „იმით არიან დაკავებული რა დააბრალონ წესიერ, ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს“ და ამ საქმის გააქტიურებით ჩვენი ქვეყანა ნამდვილად დაზარალდება.

,,ვინაიდან, საქმე მიმდინარეობდა არ იყო გამორიცხული მოსმენები ყოფილიყო, სიმართლე გითხრათ ეს არ გამკვირვებია. თუმცა, როდესაც განაცხადეს, ხვალ გავასაჯაროებთ ამ ჩანაწერებსო ჩემს ქმარში ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი. ვიცი, რომ სუფთა პატრიოტი და წესიერი, თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანია. ვიფიქრე, რაიმე ხომ არ დაამონტაჟეს და ესეც ხომ არ იკადრეს - მეთქი, მაგრამ, რასაც დღეს მოვუსმინე ეს არის ორი თანამშრომლის ლაპარაკი რაღაც საქმეზე, მე იქ ვერაფერი დანაშაული ვერ დავინახე. მახსოვს, ჩემმა ქმარმა ჩიჩხიტურზე თქვა, რომ არსებობს დოკუმენტები სადაც რუსულად წერია, რომ საზღვარი გადის უდაბნოს ქედზე, ჩიჩხიტურის გავლით. ამაზე ძალიან წუხდა, ეს სიტყვა რომ არ ეწეროს, ჩვენ მთლიანად მოვაქცევდით ჩვენ მხარეზეო.

არაფერი იქ დანაშაული არ არის და სამწუხაროა ის ხალხი, რომელიც სამართლიანობას უნდა იცავდეს, პირიქით იმით არიან დაკავებული, რა დააბრალონ წესიერ და ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს. ამასობაში, გარდა იმისა, რომ ამ აზარალებენ აზიანებენ ქვეყანასაც. ამ საქმის გააქტიურებით ნამდვილად დაზარალდება ჩვენი ქვეყანა. თუ ისარგებლებენ იმ რუკებით, რომელიც ხიდაშელმა აქ ჩამოაფრიალა „წითელი ხიდი“ და ძალიან ბევრი სხვა ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა, ის რუკები ძალიან ხარვეზიანია და არ შეიძლებოდა მათი გამოყენება. სინამდვილეში, საქართველოს საზიანოდ არაფერია გაკეთებული, მხოლოდ საქართველოს სასარგებლოდ არის გაკეთებული და თუ ამას ძალიან „გააბუქებენ“ შესაძლოა, პირიქით აზერბაიჯანმა წამოგვიყენოს გარკვეული პირობები“, - განაცხადა თამარ სულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.