ავტორი:

"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში

"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში

12-წლიანი განხილვის შემდეგ, 2021 წლის 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელსაც საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს - რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების დარღვევა, უკვე სამართლებრივად გაფორმდა.

მაშინ, როდესაც ქართული მხარე თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, რუსეთი მეორე დღეა ამტკიცებს, რომ მას სასამართლოში არ წაუგია ამიტომ, რუსულ მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები სათაურით - "საქართველომ სტრასბურგში რუსეთს მოუგო, მაგრამ "რუსეთს არ წაუგია".

რუსული მხარის განცხადებით, სასამართლოს განმარტების თანახმადვე, მოპასუხე მხარე, ანუ რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ “საქართველოს მოქალაქეები თავიანთი უსაფრთხოებისთვის ესხმოდნენ თავს სამხრეთ ოსეთელებს, რომლებიც თავის მხრივ, ცხინვალზე თავდასხმის გამო ქართველებზე შურისძიებას ცდილობდნენ".

საქართველო რუსეთის დავას გამოხმაურებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მხრიდანაც მოჰყვა. ოსები და აფხაზები დააბნია იმან, რომ რუსული არხები საქართველოს წინააღმდეგ მორიგ გამარჯვებაზე საუბრობენ.

"გასაგებია, რომ ჩვენთან რუსული პროპაგანდა გუგუნებს, მაგრამ წაგებულის მოგებად წარმოჩენა? ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ?!"

"რუსეთი ჩვენი მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობს და ირწმუნება, ქართული აგრესიისგან ჩვენ დავიცავით ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობაო, თან ირიბად გვანიშნებს, ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთო, მაგრამ თუ წლებია ამას გვეუბნებიან, სამტკიცებელი რა იყო აქ? და თუ მართლა ასეა, მაშ რა უხარია საქართველოს, რომელიც ორი დღეა ამ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს?! საინტერესოა, სად არის სიმართლე" - წერენ ოსები და აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მართალია, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა ორივე რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ რეგიონების სუსტი და კორუფციული "ხელისუფლებების" გამო, ვერც ერთმა მმართველმა ვერ შეძლო, "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობა უფრო მეტად საერთაშორისოდ აღიარებული ყოფილიყო, მეტიც, სახელმწიფო ნიშნებიც კი არ გვაქვს და ამას რუსებიც პირდაპირ გვეუბნებიან... ახლა ბოლომდე ჩვენს ხელში ხართო, გვითხრეს" - წერს მურადი ტუჟბა.

"რაც გავიგე, რუსეთის მომხრეები წუხან, საქართველომ დოკუმენტები გააყალბაო. კიდევ გავიგე ის, რომ ქართველები დაბრუნებას ითხოვენ. დაბრუნდეს ეს ხალხი თავის სახლებში, ოღონდ ის ნაწილი, ვინც ტყვიას არ გვესროდა, მათ არაფერი დაუშავებიათ, ცარიელი სახლების ნაწილი მაინც შეივსება. ამაზე ჩვენს ხომ ვსაუბრობდით ადრე, მაგრამ აქ უფრო სხვა პოლიტიკაა, რომელსაც ჩვენ, უბრალო ადამიანებს არავინ გვეტყვის" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ახლა ვინ რას იტყუება და ვინ სიმართლეს ამბობს ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ რაც უნდა სამწუხარო იყოს იმის აღიარება, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიზირებულია და ამერიკის მხარდაჭერით მიღებული, ჩვენთვის მაინც ძალიან ცუდია, რადგან რუსეთი ამ მექანიზმს ჩვენ ხელისუფლებაზე წნეხისთვის გამოიყენებს, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით, ჩვენი ხელისუფლება კი, მომგებიან პოზიციაში იქნება - კიდევ კარგი, რუსეთთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ისევ თქვენივე უსაფრთხოებისთვისო" - წერს ალიკა კაკუტია.

“თუ მსოფლიო თვალს დახუჭავს იმაზე, რაც საქართველომ 2008 წელს ცხინვალში ჩაიდინა, მაშინ გამოდის, მართლა უსამართლოა ეს სამყარო... დარწმუნებული ვარ, არ არსებობს არავითარი მექანიზმი, რომელიც ქართველებს აქ დააბრუნებს, თუმცა, მე წინააღდეგი არ ვარ ის ხალხი დაბრუნდეს, ვისაც ჩვენს წინააღმდეგ არ უბრძოლია. ისედაც გამორბიან აქეთ იქ არსებული უმძიმესი ეკონომიკური ფონის გამო..." - წერს ელენა ჩოჩიევა.

“ვიდრე ჩვენი ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას ებრძვის, ციხეში ყრის და სასტიკად უსწორდება, ქართველებმა დრო იხელთეს, ამერიკის დახმარებით, მასალები გააყალბეს და ახლა გვეუბნებიან, ჩვენ კი არ დაგესხით თავს, რუსეთმა ერთნაირად დააზიანა ქართველები და ოსებიცო..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით, “გულან გიჩი".

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ საქართველოს მიერ შეტანილ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-8 მუხლები, ანუ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, კერძო და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და წამების აკრძალვის ვალდებულება.