ავტორი:

"თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!" - როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო", სტუდენტის სტატუსითა და შეცვლილი იმიჯით

"თეატრალურზე" ჩაბარების სურვილი არ მქონდა, სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?!" - როგორ ცხოვრობს ეკრანს მიღმა "ჯეკო", სტუდენტის სტატუსითა და შეცვლილი იმიჯით

პოპულარული სერიალი "ჩცდ" კორონაპანდემიის გამო შეჩერებულია, თუმცა როგორც პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, გაზაფხულზე ის თავის ჩვეულ რიტმს და ერთგულ მაყურებელს დაუბრუნდება. ცნობილი სერიალის ცნობილი პერსონაჟების კადრს მიღმა ცხოვრება მკითხველს ყოველთვის აინტერესებს.

ამიტომ, AMBEBI.GE "ჩემი ცოლის დაქალების" ყველაზე ცნობილ ბავშვს, ჯეკოს, იგივე გიორგი ბარბაქაძეს შეეხმიანა, რომელიც სულაც აღარ არის პატარა, უკვე 19 წლის არის და სტუდენტიც გახდა. თუმცა თავის სტუდენტურ ცხოვრებაზე ჯერ ბევრს ვერაფერს ამბობს, რადგანაც პანდემიის გამო თითქმის სულ სახლში უწევს ყოფნა და ლექციებს ონლაინ ესწრება.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნესმენეჯმენტის მიმართულებით ვსწავლობ. უნივერსიტეტში მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ჩემი თანაკურსელები და ლექტორები პირისპირ ჯერ არც მინახავს" - ამბობს გიორგი ბარბაქაძე.

- შენი არჩევანი იყო, რომ "ბიზნესმენეჯმენტზე" გესწავლა?

- კი, ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ მისი არჩევაც ისე მოხდა, რომ არ ვიცოდი, რა ჩამეწერა იქ, სადაც ჩავწერე. ისე, ახლაც არ ვარ დარწმუნებული, მინდა, თუ არა ეს დარგი. ჯერ გამოვცდი, ვნახავ და ყველაფერს მივხვდები...

- მისაღები გამოცდები რთული იყო?

- არ გამჭირვებია...

- მოკლედ, ახლა შენი სტუდენტობა, პირველი კურსი ჯერჯერობით ონლაინლექციებით შემოიფარგლება, ხომ?..

- კი. როგორც გითხარით, თანაკურსელებიდან პირადად ჯერ არცერთი მინახავს. ეს ჩემთვისაც და ყველასთვის ძალიან უცნაურია, არც ლექტორებს შევხვედრივარ...

- ასე წარმოგედგინა შენი სტუდენტობა?

- ნამდვილად არა, მაგრამ კორონა წავა და მერე შეცვლიან ყველაფერს...

- ამდენწლიანი სამსახიობო გამოცდილების შემდეგ, თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ სწავლას თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელებდი. ამაზე არ გიფიქრია?

- "თეატრალურზე" მიფიქრია, მაგრამ იქ ჩაბარება არ მინდოდა. არ მქონდა ამის სურვილი. მინდოდა სხვა რამ მეცადა, რადგანაც სულ მსახიობი ხომ არ ვიქნებოდი?! ისე, "თეატრალურზე" ჩაბარება, ჯობიაო - ამას ბებია სულ მეუბნება.

- სერიალი, სადაც გაიზარდე, პოპულარული გახდი - რა არის შენთვის?

- პირველ რიგში, ჩემი კარიერა და პროფესიაა. ყველა იმ ადამიანთან, ვინც იქ გავიცანი, ვმეგობრობ. ეს სერიალი ჩემთვის მეორე ოჯახივითაა.

- გახსოვს კადრთან მუშაობის პირელი დღე?

- როგორ არ მახსოვს... თუმცა მანამდე, სანამ სტუდიაში შევიდოდით, რომ მივედით, თავიდან დაცვასთან გავჩერდით, სადაც ასევე მოვიდა ჩემი ეკრანული და - ტასო და დედა - ნინო. მოკლედ, ერთმანეთი "ოჯახის წევრებმა" პირველად იქ ვნახეთ, ასე გავიცანით. მათთან ყველასთან ვმეგობრობ - უახლოესი ადამიანები არიან.

ტასო მაშინ 4 წლის იყო, მე - 9 წლის. ძალიან მარტივად გავუგეთ ერთმანეთს... ტექსტების დამახსოვრების პრობლემაც არასდროს გვქონია... შენიშვნაც არ დაგვიმსახურებია, უბრალოდ, როდესაც რეჟისორები რაღაცეებს გვირჩევდნენ, ზუსტად იმას ვითვალისწინებდით, რასაც გვეუბნებოდნენ. ყოველთვის ჭკვიანები ვიყავით.

- ახლა ძველ სერიებში პატარა ჯეკოს რომ უყურებ, მოგწონს?

- ძალიან კარგია, კი, მომწონს...

- როდესაც ტასოს ვესაუბრე, მითხრა, ადრე, სულ თავიდან ეკრანზე ჩემს თავს ვერ ვუყურებდი და სერიალი რომ იწყებოდა, სხვა ოთახში გავდიოდიო. შენ?

- მე საერთოდ არ ვუყურებდი, არ მქონდა სურვილი, რომ მენახა, რატომ? ამაზე პასუხი არ მაქვს...

- შენს გმირს ბაბუის სახელი ჰქვია. სერიალში ამ როლს მსახიობი ლეო ანთაძე ასრულებს. როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან...

- ძალიან მიყვარს ლეო ანთაძე, კარგი კაცია. ისეთია, რომ დაინახავ და გაგიხარდება. ძალიან კარგი ადამიანი და პიროვნებაა. ეკრანულ ბებოზეც, მედიკო ლორთქიფანიძეზე იგივე შემიძლია გითხრათ...

- როგორ ფიქრობ, შენში რეჟისორებს და პროდიუსერებს რა მოეწონათ?

- ალბათ, ჩემი ბუნებრიობა...

- შენი პერსონაჟი თუ მოგწონს?

- კარგი ტიპია, მაგრამ ჩემგან განსხვავდება... რთული პერიოდები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს კარგად მოიქცა, რომ მშობლებს და მეგობრებს დაელაპარაკა...

- სერიალის ბოლო სეზონი ცოტა გაუგებრად დამთავრდა. ნინოსთან დაკავშირებით მაყურებელს ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. ის სახლიდან წავიდა... როგორ ფიქრობ, დაბრუნდება?

- ჯერ ერთი, არ ვიცი, რა მოხდება და რომც ვიცოდე, მაინც ვერ გეტყოდით, არ მაქვს ამის უფლება.

- გინდა, რომ დაბრუნდეს?

- რა თქმა უნდა, და ჩემი ვარაუდით, უნდა დაბრუნდეს, თუმცა არ ვიცი, ხომ ვამბობ, რა მოხდება.

- სერიალის და სწავლის გარდა, დროს რას უთმობ, რა გატაცებები გაქვს?

- კიბერსპორტი მიტაცებს. ეს არის ვიდეოთამაშები, რომელსაც მეგობრებთან ერთად ვთამაშობ, მათთან ერთად ვერთობი, დროს ვატარებ და მინდა, ამას გავყვე კიდეც. ჯერ გამოცდილებას ვიღებ. 21-ე საუკუნეში ის ყველაზე პოპულარული და განთქმული ვიდეოთამაშებია. საქართველოში არ არის ისე განვითარებული, მაგრამ ყველაფერი წინაა. ამ საქმეში ბევრი ჩემი თანატოლია ჩართული, უმეტესობას ვიცნობ და არიან ისეთებიც, ვისაც არ ვიცნობ...

- პოპულარული რომ გახდი, შენს თანატოლებში რამე შეიცვალა?

- არაფერი. ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორიც მანამდე მქონდა.

- ხუჭუჭა ჯეკო აღარ ხარ. თმა შეგიჭრია.

- კი, თმა შევიჭერი, მაგრამ ამოვა...

- ეკრანულ დაზე რომ ვისაუბრეთ, რეალურად შენი დედმამიშვილები გაგვაცანი...

- ჩემი ძმა არის ბიკო, რომელიც 22 წლისაა, ვიქტორი ჰქვია და ბიკოს ვეძახით, ჩემი და მარიამი 24 წლის არის. მე უმცროსი ვარ.

- ბავშვობაში ცელქი იყოო - შენზე მითხრეს...

- ახლაც ცელქი ვარ, უფრო მოუსვენარი, ერთ ადგილზე გაჩერება არ შემიძლია.

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია გამართა

"გთხოვთ, თავი შეიკავოთ ავტომობილებით გადაადგილებისგან" - თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი