ავტორი:

რა იცვლება ახალ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის

რა იცვლება ახალ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის

ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში შესული დეპუტატებისთვის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

მომზადებულია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოპოზიციონერი წევრების კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეებად და სპიკერატში, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევას ეხება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს, სავარაუდოდ, 25 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე წარედგინება.

ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ფრაქციის ფორმირების წესში ცვლილებები არ იგეგმება და საპარლამენტო ფრაქციის შექმნას კვლავ არანაკლებ 7-კაციანი შემადგენლობა დასჭირდება.

“რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს, რათა ოპოზიციურ საპარლამენტო ჯგუფებს პარლამენტის საქმიანობაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ცვლილებები დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ კომიტეტებში და სპიკერატში მონაწილეობა მიიღონ - მოხდეს მათი არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და ვიცე-სპიკერად“, - განმარტა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის წევრის, “ევროპელ სოციალისტ“ დავით ზილფიმიანის განცხადებით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პირადად მან მედიით შეიტყო და ჯერ-ჯერობით უცნობია, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მათი გუნდიდან ვინ რომელ საპარლამენტო თანამდებობაზე იქნება არჩეული.

ზილფიმიანი ირწმუნება, რომ საპარლამენტო თანამდებობაზე არჩევის საკითხზე “ევროპელ სოციალისტებს“ შიდა კონსულტაციები არ ჰქონიათ.

“როდესაც ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შევედით, გვკითხეს, თუ სად ვიქნებოდით. ლოგიკურია, პირადად მე ორ მიმართულებას ავირჩევდი - ეს არის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. გამოვთქვი სურვილი, რომ შემეძლო აღნიშნულ კომიტეტებიდან ერთ-ერთში თავმჯდომარის მოადგილე ვყოფილიყავი. პასუხად მივიღე, რომ თურმე რეგლამენტით ეს არ შეიძლება, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ ყოფილიყო ისე, როგორც შეიძლებოდა. პარლამენტში ოპოზიცია რომც შესულიყო, რეალურად “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ფრაქციისათვის შვიდი კაცი არავის უგროვდება და გამოდის, რომ “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არავის აქვს პარლამენტში რაიმე თანამდებობის დაკავების უფლება. როგორც ჩანს, ამაზე დაფიქრდნენ და ეს არის ცვლილებების მომზადების მიზეზი, რაც ცუდი სულაც არ არის - ხომ არ შეიძლება ყველა თანამდებობა “ქართულ ოცნებას“ ეკავოს?!“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების, ასევე ვიცე-სპიკერების წარდგენის უფლებამოსილება ფრაქციებს აქვს, რომელთა ფორმირებას სულ მცირე შვიდი წევრი სჭირდება.

საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი მეათე მოწვევის პარლამენტში “პატრიოტთა სიით“ შესულ ოთხ დეპუტატს აქვს, რომლებმაც სადეპუტატო მანდატების აღების შემდეგ პარტია “ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გეგმავენ პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენლები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

"რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი

დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის მიმდებარედ - სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "კომენდანტის საათს" არ ემორჩილებიან

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა