ავტორი:

"ბოდიში მოიხადოს, ან შემდეგი სალომე სამადაშვილი იქნება" - დეპუტატის თავზე ნაგვის დაყრის ინციდენტი "ნაცმოძრაობაში" სკანდალით გაგრძელდა

"ბოდიში მოიხადოს, ან შემდეგი სალომე სამადაშვილი იქნება" - დეპუტატის თავზე ნაგვის დაყრის ინციდენტი "ნაცმოძრაობაში" სკანდალით გაგრძელდა

გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

აღნიშნულ ინციდენტს "ნაცმოძრაობაში" და სხვა ოპოზიციციურ პარტიებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ირაკლი ჩავლეიშვილმა მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" დააკისრა.

„არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს და ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

მელიას შეფასებით, ძალიან ვცდებით, თუ გვგონია, რომ მხოლოდ ფეისბუქში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით დაამარცხებენ „მოძალადე, არჩევნების ქურდ ხელისუფლებას“.

„არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა, მაგრამ „ხელისუფლებამ“ საზოგადოებას, თავს ლაფი დაასხა - ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ „ხელისუფლებას“ გვერდით მიუჯდა.

ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ.

ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს“, - წერს ნიკა მელია ფეისბუქში.

"ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება? - დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ "ფეისბუქში".

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგა პოლიტიკოსებო, არ მომწონს და არავის მოვუწოდებ იგივე გააკეთოს, რაც ბათუმში მოხდა, მაგრამ ნამდვილად არაა სწორი, მორალური მაღალი პიედესტალიდან ვამუნათოთ და საჯაროდ ვლანძღოთ ის ახალგაზრდები, რომლებსაც სჯერათ (მგონი ჩვენც ასე ვფიქრობთ ხომ), რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში პუტინის გეგმის შემსრულებელი, მოღალატური რეჟიმი გვყავს და ამ რეჟიმმა არჩევნები გააყალბა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.

შესაბამისად, ისინი ვინც ამ რეჟიმის ზურგის გამაგრებით (პარლამენტში შესვლა იქნება თუ სხვა რამ) ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებით არიან დაკავებულები მათ მიმართ ხალხის აგრესია რა გასაკვირია?

ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება?

ისევ ვიტყვი, რომ არც ერთს მოვუწოდებ ვინმეს და არც მეორეს, მაგრამ ამ რეჟიმის იძულება რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს, როგორ გონია ვინმეს, მარტო ტელევიზიით კარგად საუბრებით მოხდება და ის ახალგაზრდები (შეიძლება ვიღაცამ ზედმეტად რადიკალურებად მონათლონ) და სხვა ყველა გულანთებული პატრიოტი, ვინც მშვიდობიანად იბრძვის როგორც იცის და წარმოუდგენია სწორად, აღარ გვჭირდება და მათ გარეშე წარმოგვიდგენია?

ამ ბრძოლაში ყველა ადამიანი და ჩვენთაგანი მნიშვნელოვანია, ყველამ ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ და გვერდში დავუდგეთ, მით უფრო ჩვენ, პოლიტიკოსებს, ჩვენს მომხრეებთან და პატრიოტ თანამოქალაქეებთან მიმართებაში გვევალება ეგ ყველაფერი. საქართველოს გარე თუ შიდა მტრებს (სამწუხაროდ რომ გვყავს ფაქტია) ნუ გავაცინებთ, ტვ "ნადეჟდას" სიუჟეტების გმირებად ნუ გამოვაყენებინებთ თავს ჩვენი ემოციური განცხადებებით. ძალა ერთობაშია და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - დაწერა ბარამიძემ.

ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი სალომე სამადაშვილირა და მან ინციდენტში მონაწილეები გააკრიტიკა.

“ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება”, - დაწერა სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის შეფასებამ ქობულეთის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბონდო თედორაძე გაანაწყენა.

როგორც ბონდო თედორაძემ განაცხადა, იგი არ აპირებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გაკეთებულ მსგავს განცხადებებზე თავის შეკავებას.

„რამდენჯერ დაგვაკავეს, რამდენი უბედურება გადაგვხვდა თავს ამ რვა წლის განმავლობაში და ჯერ არ მახსოვს, სალომე სამადაშვილს და ბევრ ლიდერს დაედოს პოსტი ჩვენზე და გამოეხატოს მხარდაჭერა (პოსტზე ვსაუბრობ, პოსტზე). ახლა კი, ბათუმში მომხდარ ფაქტს ამაზრზენი უწოდა და ყველას ვისაც მოეწონა, ასევე ამაზრზენად მოიხსენია! საჯაროდ ვაცხადებ: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს თავი გადადებული და არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო „პეროობა“ და ან რამე მსგავსი! ჩემი თუ გაინტერესებთ: თანამებრძოლი (თუნდაც დაუშვას შეცდომა) ბრძოლაში არ მიიტოვება! არც მივატოვებ არავის! სხვა საკითხია რა მომწონს და რა არ მომწონს!“ - დაწერა ბონდო თედორაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. მისივე თქმით, გამოხატვის ფორმა არასასურველია.

"სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს ან დატოვოს "ნაციონალური მოძრაობა"", - ეს განცხადება კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ჯელალ ქიქავამ გააკეთა.

ჯელალ ქიქავას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ირაკლი ჩავლეიშვილის შემდეგ სალომე სამადაშვილი იქნება.

„სალომე სამადაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს აქციის თითოეულ მონაწილეს, ან დატოვოს “ნაცმოძრაობა”, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი იქნება თვითონ, თუ ბათუმში ჩამოვა“, - წერს ჯელალ ქიქავა სოციალურ ქსელში.

"ეს ადამიანები სამი თვე დგანან ქუჩაში, აპროტესტებენ და შესაძლებელია, იყოს გარკვეული გადაცდომები, რომელსაც ჩვენ არ მივესალმებით, თუმცა ეს არის გამოხატულება იმ უკანონობაზე, იმ ამორალურობაზე რაც თუნდაც ამ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინა", - ასე გამოეხმაურა ინციდენტს "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული მეთოდი არ არის ის პოლიტიკური სტანდარტი, რომლის დამკვიდრებაც შესაძლოა, რომ მოხდეს.

“რაც მოხდა ბათუმში ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ლამაზი სანახავი და არ მივესალმები, ჩვენ როგორც პოლიტიკოსები არ შეიძლება მივესალმოთ ასეთ გამოხატულებას და ეს არ არის ის პოლიტიკური სტანდარტი,რომელიც შეიძლება დავამკვიდროთ, მაგრამ ასევე აღსანიშნავია, ის გაზრდილი პროტესტი ის უკმაყოფილება, რაც ადამიანებში არის. ეს ადამიანები სამი თვე დგანან ქუჩაში, აპროტესტებენ და შესაძლებელია იყოს გარკვეული გადაცდომები, რომელსაც ჩვენ არ მივესალმებით, თუმცა ეს არის გამოხატულება იმ უკანონობაზე, იმ ამორალურობაზე რაც თუნდაც ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ჩვენი გადასახედით, ჩაიდინა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ არ არის ლამაზი სანახავი და არავის არ მოვუწოდებ, რომ მსგავსი მეთოდებით იმოქმედოს”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა "სოციალური სამართლიანობისათვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე და მომხდარს "ხულიგნური თავდასხმა" უწოდა.

"სოციალური სამართლიანობისთვის" ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული დეპუტატზე თავდასხმის ფაქტი.

“მე, როგორც უფლებადამცველი, მზად ვარ დავეხმარო ირაკლი ჩავლეიშვილს სამართლიანი გზით ხულიგნობის ჩამდენი პიროვნება დაისაჯოს. ჩვენი გუნდი "სოციალური სამართლიანობისათვის" მას უცხადებთ სრულ მხარდაჭერას. ვუსურვებ მშვიდად და მხნედ გააგრძელოს მუშაობა, რადგან მას ნეიტრალური პოზიცია უკავია იმ სპექტაკლში, რასაც ხელისუფლება და ქუჩის ოპოზიცია თამაშობს. შეიძლება სამართლიანი პროტესტიც ჰქონოდათ აქციის მონაწილეებს, მაგრამ პოლიტიკური შეხედულების გამო, არ შეიძლება, ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო", - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

ინციდენტს გამოეხმაურა ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ომბუდსმენის განცხადებით, ძალადობის წახალისება ან გამართლება არ შეიძლება.

„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ - წერს სახახლო დამცველი სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, ინციდენტზე კომენტარი თავად ირაკლი ჩავლეიშვილმაც გააკეთა.

"არ მრცხვენია არაფრის, ეს მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება გააკეთა. ამ ქალაქში მიღვაწია, საქმეები მიკეთებია და საზოგადოება შეაფასებს", - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება.

“ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა, ეს წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და გრძელდება. მაშინაც ვაპროტსტბდი და ახლაც ვაპროტესტებ, ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ. მე საჯარო პირი ვარ და მთელი ცხოვრებაა გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ის, რაც დღეს მოხდა ღმერთმა შეუნდოს. ინცინდენტისას, რომ მოვბრნდი ჩემი ტოლი შემხვედროდა საკადრის პასუხს გავცემდი, შვილიშვილისხელა ბავშვი შემხვდა, რომელმაც არ იცოდა რას შვებოდა. მე ამას როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს... ალბათ განსჯის საკითხი გახდება საზოგადოებაში. თუ ადამიანს პატივს არ ვცემთ, ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერც ნატო-ში ვერ შევალთ და ვერც ევროკავშირში. ეს მაგონებს 20-30 -იან წლებს, როდესაც ბოლშევიკები ეკლესიებს არბევდნენ. ერთმა ხატი გამოიტანა და ფეხებით შედგა - "ნახეთ რამე თუ მიქნას ხატმაო", მღვდელმა უთხრა - ამაზე მეტი რა უნდა გიქნას, გაგაგიჟა შენ საწყალოო... ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, ჩვენ ასეთი სახელმწიფო ნამდვილად არ გვინდა. ის რაც ხდება და ამ ახალგაზრდებს აგულიანებს, ცხადია პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე, „ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებს მინდა მადლობა ვუთხრა, რომლებმაც ეს საქციელი დაგმეს. მთელი ცხოვრება საფრთხეში ვცხოვრობ. 20 წლის ვიყავი როცა პირბელ აქციაზე გამოვედი და მას შემდეგ ამ საფრთხეებით ვცხოვრობ. არ მრცხვენია არაფრის, ეს მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება გააკეთა. ამ ქალაქში მიღვაწია, საქმეები მიკეთებია და საზოგდოება შეაფასებს," - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს ორგანიზაცია "დაიცავი ძველი ბულვარიც" გამოეხმურა. ორგანიზაცია დეპუტატზე განხორციელებულ ფაქტს გაემიჯნა და განაცხადა, რომ მომხდარმა ინცინდენტმა აქცია გადაფარა.

"ის რაც აქციის შემდეგ მოხდა, ის რაც მოძრაობა ''ალტერნატივის'' აქტივისტებმა იკადრეს და აკადრეს უპირველეს ყოვლისა თავიანთ მოძრაობას, ირაკლი ჩავლეიშვილს და ქალაქს წარმოუდგენელია! ეს არის ანომალია და ასე თუ კეთდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა, მაშინ ყველაფერი გასაგებია... შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ამ ამაზრზენმა ინცინდენტმა სრულიად გადაფარა ის აქტუალური თემა, რისთვისაც ბათუმელები შევიკრიბეთ, ლამის დისკრედიტირებულ იქნა ის მოძრაობა, რომელსაც ჩაეყარა საფუძველი. საქვეყნოდ ვაცხადებ, მოძრაობა "დაიცავი ძველი ბულვარი'' კატეგორიულად გმობს ძალადობას და ვემიჯნებით ამ უმსგავსობას", - დაწერა მოძრაობის წარმომადგენელმა ზეინაბ დიასამიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ "ბეტონყმობა", "ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში", "ხელები შორს ჩვენი ქალაქისგან", - ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში ბათუმში მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი იმ ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ბათუმელების ნაწილი აქციას მართავდა. ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია - ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები" - სალომე სამადაშვილი

"სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს "ნაცმოძრაობას" და მისი ნაბიჯი არ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს" - გიორგი ბარამიძე

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიულ შეთანხმებაზე