ავტორი:

კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ

კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების ნაწილი მზიურში, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე აქციას შეუერთდება.

მათ, მთავრობის წევრებს სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვის მოსახსნელად 48 საათი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთ შესაძლებლობად სამთავრობო უწყებების პიკეტირება დაასახელეს.

,,ჩვენი მოთხოვნაა სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა, იმ უტოპიური შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ყველას აზარალებს. ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა ეს ყველაფერი. პიკეტირება ერთ-ერთ ვერსიად განიხილება და 48 საათში დაანონსდება ყველაფერი”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ.

დღეს გამართულ აქციაზე სამთო-სათხილამურო ბიზნესის წარმომადგენლები, მოთხილამურეები და სნოუბორდისტებიც იმყოფებოდნენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანია ,,ტრაფიკტრაველის” დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ,,გადაწყვეტილების მიმღები ხალხი” სამთო-სათხილამურო კურორტებს არ სტუმრობს.

,,მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ხალხი რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს გუდაურში ნამყოფი არ არის და ადგილობრივ სპეციფიკას არ იცნობს. გუდაურში საბაგიროებზე შესაძლოა ხალხის განთავსება ისე, რომ ხალხს შორის ახლო დისტანცირება არ მოხდეს. თითო ექვსადგილიან სკამზე დაჯდეს ორი კაცი და ასე იმუშაოს საბაგიროებმა. რაც შეეხება რესტორნებს, ყველა რესტორანს აქვს გარე სივრცე, სადაც შესაძლოა მაგიდები დაიდგას დისტანციის დაცვით და ადამიანები განთავსდნენ ისე, რომ არ წარმოადგენდნენ საფრთხეს სხვა ხალხისთვის”, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

აქციაზე იმყოფებოდნენ ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

"ასეთი ღრმა კრიზისის პირობებში სტანდარტული, ხისტი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის გამართლებული და საჭიროა, გონივრული რეგულაციები, გონივრული, არასტანდარტული აზროვნება, - ამის შესახებ კანცელარიასთან “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით, საჭიროა საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

“აქ მოვედი სოლიდარობის გამოსახატავად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უგუნურ შეზღუდვებს, ჩვენი მთავრობისთვის დამახასიათებელს, აპროტესტებენ. საზოგადოდ ასეთი კრიზისისთვის საჭიროა არასტანდარტული მიდგომები და არა ისეთი ზოგჯერ, ხისტი და გაუმართლებელი შეზღუდვები, რომელსაც ჩვენი მთავრობა იყენებს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება არასტანდარტული საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. მაგალითად, თითქმის ვაქცინაციის ტოლფასია ის, რომ ადამიანებს ბევრს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი, შესაბამისად, მათ აქვთ მდგრადობა ვირუსით დაინფიცირებასთან დაკავშირებით, შესაბამისად შესაძლებელია პასპორტიზაციის მსგავსი რამის გაკეთება იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც უკვე კოვიდი გადაიტანა. ასეთ ადამიანებს არის შესაძლებლობა მიეცეთ უფრო მეტი თავისუფლება, იმიტომ, რომ მათი დაინფიცირების რისკი დაბალია, ან თითქმის 0 ტოლფასია. ანუ, ასეთი ღრმა კრიზისის პირობებში სტანდარტული ხისტი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის გამართლებული და საჭიროა, გონივრული რეგულაციები, გონივრული, არასტანდარტული აზროვნება. არასტანდარტული გამოსავალი უნდა მოიძებნოს იმისთვის, რომ ეკონომიკა არ იყოს ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი, რომ აღორძინებას უამრავი დრო დასჭირდეს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, აშშ-ში იყო, სახლში ჯდომას არ აპირებს, რადგან „პისიარ“ ტესტი გაკეთებული აქვს და დემონსტრაციულად უაზრო შეზღუდვის კანონს არღვევს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ დაწესებული რეგულაციები უაზროა, რადგან ხალხს შიმშილით კვდება, ეკონომიკა კი „ამოხუთულია“.

ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე ასევე განაცხადა, რომ სახალხო პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

"უაზრო შეზღუდვის გამო, მე უნდა ვიჯდე სახლში. უცხოეთში ვიყავი, ამერიკაში, სადაც გადაადგილების პრობლება, როდესაც "პისიარ" ტესტი წარვადგინე არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და 12- დღიანი კარანტინი გამომიწერეს. ამბობენ, რომ ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულოად ვარღვევ ასეთ უაზრო შეზღუდვას და ასეთი უაზრო შეზღუდვები უამრავია! ხალხს შიმშილით კლავენ, ეკონომიკა ამოხუთეს. არავინ არ გვისაბუთებს, რატომაა ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები უმუშევარი, მშიერი დატოვო და შენ უბრალოდ, თვითკმაყოფილი იჯდე სკამში და ამბობდე: ესაა ყველაზე საუკეთესო ქმედება. დემონსტარციულად ვარღვევ იმ ერთ უწესო წესს, რომელიც დააწესეს, რომლის პრეცენდენტი ძალიან ცოტაა მსოფლიოში. ჩვენ უნდა დავიწყოთ, ხალხო, პროტესტი და მათ არ უნდა დავემორჩილოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

სახლი დიდ ბრიტანეთში, ბინები თბილისში, ნაკვეთები ბაკურიანსა და ციხისძირში - რა ქონებას ფლობს ბადრი ჯაფარიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ნიკა მელიას დაკავებაზე იქნება სრული წინააღმდეგობა - მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? - დავარტყამ!" - გიგი უგულავა