ავტორი:

"ეგრე გამოვიდა, რომ ოჯახშიც თინიკო და მისი რაზმი ვართ" - თავდაცვის ექსმინისტრის გულახდილი ინტერვიუ

"ეგრე გამოვიდა, რომ ოჯახშიც თინიკო და მისი რაზმი ვართ" - თავდაცვის ექსმინისტრის გულახდილი ინტერვიუ

საკმარისია ახსენო თავდაცვის ქალი მინისტრი საქართველოში და ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვისზეა ლაპარაკი. იმ პერიოდში გადაწყვიტა იურისტობა, როცა მიიჩნევდნენ, რომ ეს პროფესია ქალის საქმე არ იყო და “გიჟადაც მთვლიდნენო, - ამბობს. მერე ყველგან იყო - არასამთავრობოშიც, პარტიაშიც, პარლამენტშიც, საკრებულოშიც, სამინისტროშიც... "არ ვიცი, რატომ უნდა გიხაროდეს მინისტრობა, მაგრამ თუ კი არსებობს საჯარო სამსახურში რაიმე ყველაზე უფრო საპატიო საქმე, ალბათ ეს არის ემსახურო შენი ქვეყნის ჯარს და უსაფრთხოებას, ამიტომ ეს იყო ძალიან დიდი პატივი ჩემთვის”, - გვეუბნება და წარმოუდგენლად არაფერი ეჩვენება - “კოსმოსში გაფრენაც კი”. აქვს ერთი კარგი თვისება, იცის სად დასვას წერტილი და დაიწყოს ახალი ფურცლიდან. დანარჩენზე პოლიტიკოსი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”-ს თავმჯდომარე თინა ხიდაშელი თავად გიამბობთ.

  • თინა და მისი რაზმი

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, 99-ე სკოლა დავამთავრე, ისანში. ძირითადად, ბურთით და ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. ახტაჯანა გოგო ვიყავი და სკოლაში რამე თუ შავდებოდა, თინა და მისი რაზმიო, - გამოძიება ასე იწყებოდა. უფროსი ძმა მყავს, რომელიც მოზრდილობაში გავიცანი, ერთად არ ვიზრდებოდით, ბავშვობა არ მქონია მასთან დაკავშირებული... დღეს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, ძალიან იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს, წლები ისე გადის, ერთმანეთს ვერ ვნახულობთ...

დედისერთა ვიყავი, თუმცა ყველაფრის უფლება მქონდა, ყოველგვარი შეზღუდვებისა და ბრძანებების გარეშე გავიზარდე. მშობლები თავიდანვე იმის მომხრენი იყვნენ, ბავშვობიდანვე პასუხისმგებლობის აღება შემძლებოდა, არაფერს მიშლიდნენ, ოღონდ, იმ პირობით, რომ შედეგებზე პასუხს მე ვაგებდი. შესაბამისად, მერე ეს მაიძულებდა ვიდრე რამეს ვიზამდი, ორჯერ დავფიქრებულიყავი, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, ხელს ვერავისკენ გავიშვერდი და ვერავის ვერაფერს დავაბრალებდი. ეს იყო მნიშვნელოვანი ყველაფრისთვის, რაც მერე მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

  • რა გინდა იურიდიულზეო?

- ოჯახში იურისტი არავინ მყოლია. პირველ კურსზე ერთ-ერთ საგანს გავდიოდი და ერთ პროფესორს ჰქონდა ასეთი სტილი - როდესაც გამოცდაზე შედიოდი, გეკითხებოდა - მამაშენი პროკურორია? მამა პოლიციის უფროსია? დედაშენი მოსამართლეა?.. აღმოჩნდა ისე, რომ ჩემი არც ერთი არ იყო. მკითხა, აბა, აქ რა გინდა, იურიდიულზე რატომ ჩააბარეო. ვუპასუხე, - იმიტომ, ჩემს შვილებს რომ ჰკითხავენ თქვენნაირები, უპასუხონ, დედა იურისტი მყავსო. ამ პასუხზე ორივემ ბევრი ვიცინეთ და შემდეგ გაგრძელდა გამოცდა. პრინციპში, ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა იურიდიულზე იურისტების შვილები აბარებდნენ, სამედიცინოზე - ექიმის შვილები და მედალოსნები. მეც მედალოსანი ვიყავი, მაგრამ ექიმობა არასდროს მდომებია. კარგად მახსოვს მთელი “ტრაგედია”, რომელიც ამ მოვლენის ირგვლივ განვითარდა. ჩემი ქიმიის მასწავლებელმა ჩემი ატესტატი დამალა, სკოლიდან არ მატანდა, თვლიდა, ქიმია ისე ვიცოდი, ეროვნულ დანაშაული იყო, იქ რომ არ ჩამებარებინა.

  • "ორმოცივემ რაღაცნაირად საკუთარი "დაღი" დაასვა ამ ქვეყანას”

- როგორც მედალოსანი, სამართლის ფაკულტეტზე ერთი გამოცდით მოვეწყვე. არ ვიცი, საიდან დავიწყო... ჩვენს ჯგუფში მომავალში სამი თავდაცვის მინისტრი აღმოვჩნდით - ალასანია, ოქრუშვილი და მე. საქართველოს ისტორიაში იყო მომენტი, როდესაც ორივე სასამართლოს თავმჯდომარე - უზენაესის და საკონსტიტუციოსი ჩემი ჯგუფელი იყო - კუბლაშვილი და პაპუაშვილი. მათ შორის, პარლამენტის სხვადასხვა გამოშვების 20-მდე წევრიც ჩემი ჯგუფიდან იყო, ამჟამად პარლამენტში მხოლოდ გაგა კახიანია დარჩენილი. ჩემი პარლამენტში ყოფნის დროს, ექვსნი ვიყავით ჯგუფელები და გვაშაყირებდნენ, ბარემ ფრაქცია გააკეთეთ და 95 დაარქვითო (1995-ში დავამთავრეთ). ჩვენი კურსიდან ბევრი ელჩიც იყო...

ჩვენ საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დავამთავრეთ, რომელიც იმ წელს გაიხსნა, როდესაც ჩვენ ჩავაბარეთ, სულ 125-მა ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე და იქედან 40 კაცი ამოგვარჩიეს. გამოვიდა ისე, რომ ორმოცივემ რაღაცნაირად საკუთარი "დაღი" დაასვა ამ ქვეყანას, ზოგმა კარგი, ზოგმა - ცუდი. ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა თანამედროვე ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. მე როგორი დაღი დავასვი? - ალბათ ის, რომ თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი დარჩება საქართველოს ისტორიაში. დანარჩენი ჩემი სათქმელი არ არის...

  • “კი ვიცოდით, არანორმალური რომ იყო, მაგრამ მთლად ასეთი თუ იყო, არ გვეგონაო”

- ჩემი ცხოვრების ყველაზე საამაყო ფურცლად იყო და დარჩება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, მისი შექმნა. დღემდე მნიშვნელოვანია მისი როლი და საკმაოდ ჯანსაღი აღმოჩნდა ის პირველი მარცვლები, რომლებიც სწორედ ამ ოჯახის ორმა წევრმა ჩადო ორგანიზაციის შექმნაში. ვფიქრობ, დღემდე ღირსეულად მოდის აქამდე, ამიტომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ყოველთვის დარჩება “საია”. ერთმნიშვნელოვნად ემსახურო ქართულ ჯარს, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე საპატიო საქმეა, რაც მიკეთებია. არ ვიცი, რატომ უნდა გიხაროდეს მინისტრობა, მაგრამ თუ კი არსებობს საჯარო სამსახურში რაიმე ყველაზე უფრო საპატიო საქმე, ალბათ ეს არის ემსახურო შენი ქვეყნის ჯარს და უსაფრთხოებას, ამიტომ ეს იყო ძალიან დიდი პატივი ჩემთვის. ძალიან პოზიტიური იყო ამ ხალხის დამოკიდებულება ჩემდამი. არ მახსოვს წამი და წუთი, როდესაც უარყოფითი განცდა ან ხინჯი მქონია, მაგრამ დანარჩენი საზოგადოების მხრიდან იყო უარყოფითი განწყობა.

როგორც ჩანს, საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან უჭირთ შეეგუონ აქტიურ, წარმატებულ ქალს, მით უმეტეს, როცა ეს ქალი იმ სამსახურში მუშაობს, კაცები მათ საქმედ რომ მიიჩნევენ... ჩემთვის ახალი ამბავი არ იყო ეს დამოკიდებულება. როცა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაშინაც ასე ითვლებოდა, - გოგოს რა უნდა იურიდიულზეო. 120 კაციდან ჯგუფში მხოლოდ 6 გოგო ვიყავით. მე პირადად, ყველა გიჟად მიმიჩნევდა, როცა გადავწყვიტე და გამოვაცხადე, იურიდიულზე ვაბარებ-მეთქი, ჩემი ახლობლები, ნათესავები, მეზობლები ალმაცერად მიყურებდნენ, უთქვამთ, კი ვიცოდით, არანორმალური რომ იყო, მაგრამ მთლად ასეთი თუ იყო, არ გვეგონაო. მას მერე 20 წელზე მეტი გავიდა და დღეს იურისტი გოგონები ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და როგორც ვიცი, იურიდიულ ფაკულტეტზე გოგონები უმრავლესობაშიც კი არიან. ჯარშიც და პოლიციაშიც თუ ასევე იქნება, ამ პროცესს არაფერი შეაჩერებს, მაგრამ ვიღაცა უნდა იყოს ყინულმჭრელი და ვფიქრობ, ბევრი მიმართულებით და ბევრი თვალსაზრისით, მე ეს როლი შევასრულე ამ ქვეყანაში.

  • "ჯერ კიდევ წარმომიდგენია, რომ შეიძლება კოსმოსში გავფრინდე"

- იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, რომელთაც წარმოუდგენლად არაფერი ეჩვენება. 47 წლის ვარ და ჯერ კიდევ წარმომიდგენია, რომ შეიძლება კოსმოსში გავფრინდე. ამას არ ვგეგმავ, მაგრამ ასეთი რამ რომ დამემართოს, არ გამიკვირდება. კიდევ, იმ კატეგორიას ვეკუთვნი, ვინც ყველა გამოწვევისთვის მზად არის და მუდმივად კმაყოფილი ხვდება ახალ გამოწვევებს. უკიდურესად რისკიანი ვარ, მებრძოლი, მაგრამ ასევე, ჩემი ხასიათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ ვიცი დროის და მომენტის ფასი. ვიცი, როდის უნდა მორჩეს ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი და დაიწყოს ახალი. არასოდეს ამ ნაწილში ფუნდამენტური შეცდომა არ დამიშვია, თორემ შეცდომები როგორ არ დამიშვია. ზუსტად ვიცი, რომ რაღაც მორჩა, ამიტომ გამოკიდება, ჩამოკიდება, ტირილი და სხვა არ მჩვევია. ცხოვრებაში ოცნებები არ მქონია, ბავშვობაშიც კი და არც წარსულს მივტირი, ვარ პრაგმატული და რაციონალური ადამიანი, მყარად ვდგავარ მიწაზე, ვმოძრაობ, არასდროს ვჩერდები და მჯერა, რომ წარმატება ამის თანმდევია.

  • როგორ გავიცანი “უფროსი ბიჭი”

- ეგრე გამოვიდა, რომ ოჯახშიც თინიკო და მისი რაზმი ვართ, უფრო სწორად - თინიკო და მისი ბიჭები. როგორ გავიცანი უფროსი ბიჭი, ამაზე სხვადასხვა ვერსია არსებობს. დათო სხვა ვერსიაზე საუბრობს, მე - სხვაზე და ჯერჯერობით ვერ შევაჯერეთ ვერსიები. ის ამტკიცებს, რომ ჩვენ გვასწავლიდა უნივერსიტეტში, მე კი ვამბობ, რომ ისტორიას აყალბებს და არასდროს ყოფილა ჩემი მასწავლებელი. დათო რამდენიმე ლექციაზე შემოვიდა ჩვენთან ავთო დემეტრაშვილის ნაცვლად, მისი ასპირანტი იყო. რადგან ავთო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო, ხშირად აცდენდა ლექციებს და მოკლედ, გაირკვა, რომ მის ნაცვლად დათო შემოვიდა ლექციაზე. აი, აქ არის პრობლემა, რომ მე არ მახსოვს ეს ამბავი... არასდროს დავსწრებივარ დათოს ლექციას და არაფერი მახსოვს... ჩემს პროფესიული განვითარებას, დიდწილად, სწორედ ავთო დემეტრაშვილს ვუმადლი, რომელმაც, ფაქტობრივად, როგორც საკუთარი შვილი, ისე გამზარდა, - რა თქმა უნდა, პროფესიულად. მასთან ერთად ხშირად ვესწრებოდი საკონსტიტუციო კომისიის სხდომებს, როცა უცხოელი სტუმრები ჰყავდა, თარჯიმნად მივყავდი, 1992-93 წლებში მასთან ერთად დავდიოდი აფხაზებთან სახელმწიფო მოლაპარაკებებზე... ავთო თუ არ იყო, პრინციპში, მეც არ ვიყავი. მაღალი ალბათობით, მე და დათო უნივერსიტეტში შევხვდით იმიტომ, რომ მაშინ ავთოს ჰქონდა იდეა, რომ მისი სხვადასხვა დროის აქტიური სტუდენტები ერთმანეთისთვის გაეცნო. იმ პერიოდში გავიცანი გიგლა აგულაშვილი, ლევან ალაფიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, კობა დავითაშვილი... მოკლედ, შეგვკრიბა სტუდენტები სხვადასხვა ჯგუფიდან, რომლებიც ავთო დემეტრაშვილის აზრით, აქტიურები ვიყავით და ჩათვალა, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და სემინარები წაგვადგებოდა. წაგვადგა კიდეც...

  • "ასეთი საყვარელი ისტორია გვქონდა..."

- ალბათ როცა ბუდაპეშტში წავედი სასწავლებლად, ეს ერთწლიანი დაშორება გახდა მოტივატორი მე და დათოს დაახლოების იმიტომ, რომ როცა დავბრუნდი, ძალიან სწრაფად, რამდენიმე თვეში ვიქორწინეთ. მერე თვითონ წავიდა ამერიკაში 2 წლით (იცინის). ასეთი საყვარელი ისტორია გვქონდა... თუ თქვენ გჯერათ იმისი, რომ ქორწინების გარკვეულ ეტაპზე ორი ერთი ხდება, ეს ჩვენს შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ - ჩვენ შორის ზღვარი აბსოლუტურად მოშლილია, გვაქვს საერთო ინტერესები, ღირებულებები, ხედვები როგორც საჯარო, ისე კერძო ცხოვრებაში, შვილების აღზრდასთან და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებითაც. ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, პანდემიას თუ გამოვტოვებთ, ძალიან ცოტა დროს ვატარებთ ერთად იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ხშირად არ ვართ ხან ერთი, ხან - მეორე. ამას წინათ, ჩემმა უმცროსმა შვილმა პასპორტში ბეჭდები დაითვალა და მითხრა, სულ 35 ღამე გაქვს სახლში გატარებული, ეგ სახლი აღარ არის, სასტუმროა და ფული გადაგვიხადეო. ის, რომ ინტერესთა თანხვედრა გვაქვს, ხშირად ერთად ვართ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 365 დღეს ერთად ვატარებთ.

  • "როცა ერთმანეთი ყველამ თავიდან აღმოვაჩინეთ"

პანდემია ჩვენს ოჯახს ძალიან წაადგა, ერთმანეთი ყველამ თავიდან აღმოვაჩინეთ და ერთმანეთს რეპლიკებს ვესვრით, - ვა, შენ რეები გცოდნია... ამ თვალსაზრისით პანდემია ძალიან მოგვეწონა. უფროსი შვილი - სანდრო 20 წლისაა და კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირებას სწავლობს. პატარა სკოლაშია, მე-9 კლასში სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ხშირად ჭორაობდნენ ჩვენს შვილებზე, რომ თითქოს უცხოეთში გადავმალეთ და სხვა, აგერ, გიგა ჩემი სახლის წინ, ბახტრიონზე სწავლობს და ამას გარდა, არც ერთი დღე არსად უსწავლია.

ძალიან გამიხარდება, სადმე თუ წავა სასწავლებლად, მაგრამ მიზანი, რომ მაინც და მაინც სადღაც უნდა გაქანდნენ, არ გვაქვს. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ აუცილებლად წავა იმიტომ, რომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი პიროვნული განვითარებისთვის, დამოუკიდებელ ცხოვრებასთან შეგუებისთვის და ბევრი სხვა თვალსაზრისით. გიგა მთელი ცხოვრება სამედიცინოზე აბარებს და ეს ერთი წელია, აზრი შეიცვალა, ლაპარაკი კარგად გამომდის და იურიდიულზე უნდა ჩავაბაროო - გამოაცხადა. ასეთია მისი ბოლო პოზიცია და ვნახოთ... ჰგონია, რომ იურისტობა კარგი ლაპარაკის ცოდნაა...

  • "სარკეში რომ ჩავიხედავ..."

დათო ბოლო დროს აღარაა “ბუნჩულა”, როგორც ჩანს ზღვარი აქვს ყველაფერს, მათ შორის მის ნერვებსაც, ამიტომ გადაწყვიტა ტაიმ-აუტი. მეც მგონია, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და კარგი პოლიტიკოსია, მასში ალბათ ის თვისებები მომწონს, რომელიც მე არ მაქვს. დათოს აქვს საოცარი მოთმინების უნარი და ამტანობა. მე ხანდახან არ მყოფნის ნერვები, უცბად ვიცი გულის აცრუება და გაგიჟება. ასეთ სასწაულად სტაბილურ ადამიანს მეორეს არ ვიცნობ და ეს თვისება აუცილებელი მგონია იმ პროცესში, რაშიც ის მონაწილეობს.

მე რაც შემეხება, რაც მინდა, იმას ყოველთვის ვაღწევ და ვაკეთებ, დავდივარ ყოველგვარი ნატვრების და ოცნებების გარეშე. ჩემთვის არ არსებობს ბარიერი, რომელიც არ გადამელახოს. მიზანმიმართული ადამიანი ვარ, რომელმაც ყოველთვის იცის, რა უნდა. ჩემი ერთადერთი “ნაკლი” ალბათ ის არის, რომ არ შემიძლია ადამიანების თავებზე სიარული, არა და, ამ ქვეყანაში ასე თუ არ აკეთებ, სუსტად ითვლები - ვინმეს თუ შეურაცხყოფას არ აყენებ, პარალელურად 1-2 მაკომპრომეტირებელი მასალა თუ არ გიდევს ჯიბეში და ამით თუ არ ცხოვრობ, ითვლება, სუსტი ადამიანი ხარ.

ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, როგორ, თავდაცვის მინისტრი იყავი და იქედან არაფერი წამოიღეო? ეს აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი კონცეფციაა ჩემთვის და სწორედ ეს არის ჩემი ძლიერი მხარეც. ამის გარეშე და უამისოდაც არ არსებობს ამოცანა დამესახოს და არ მიმეღწიოს. საამისოდ სულაც არ არის აუცილებელი ბინძური წესებით ცხოვრება. სარკეში რომ ჩავიხედავ, მინდა, იქიდან რომ მიყურებს, ის ადამიანი არ მეზიზღებოდეს, ეს არის ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში. უნდა ვიყო თავისუფალი ყოველგვარი გარიგებების, უსინდისობის, ტყუილის, ღალატის და მსგავსი ტიპის ამბებისგან. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. დედამიწის ზურგზე საერთოდ არაფერი მიღირს იმად, რომ ჩემს შვილებს მის მშობლებთან დაკავშირებით ოდესმე ვინმემ რამე წამოაძახოს. სულელ ადამიანებს რა გამოლევს, მაგრამ მთავარი ამოცანა ის არის, რომ არც ერთი ეს ამბავი სიმართლე არ იყოს..

  • "ზუსტად ვიცი, სად და როდის დავსვა წერტილი"

ვერც კი წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს, პოლიტიკაში რომ დავბრუნდე, იმიტომ, რომ წეღან გითხარით, ჩემი ერთ-ერთი კარგი თვისება ის არის, რომ ზუსტად ვიცი, სად და როდის დავსვა წერტილი და ახალი ფურცლით დავიწყო. ამ ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა ისეთი, რამაც მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ საჯარო სამსახურს, ხალხის სამსახურს უნდა დავუსვა წერტილი. ნამდვილად აღარ მაქვს სურვილი, ამხელა უმადურობას და უკულტურობას ვუყურო, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებოდი. დღეს საკუთარ თავს ვეღარ ვხედავ პოლიტიკაში, თემატურად სრულიად ახალი და საინტერესო საქმით ვარ დაკავებული, საქართველოში მინიმალურად, უფრო - უცხოეთში. ძალიან მომწონს ჩემი საქმე და ჩემი ცხოვრება.

"ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ..." - რა გადაწყდა "ლილოსთან" დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე?

ტელეკომპანია "იმედი“ იყიდება

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა