ავტორი:

გ. ელიავას სახელობის  სადიაგნოსტიკო  ცენტრისა და ავტორიზებული აფთიაქის ფილიალი რუსთავში გაიხსნა

გ. ელიავას სახელობის  სადიაგნოსტიკო  ცენტრისა და ავტორიზებული აფთიაქის ფილიალი რუსთავში გაიხსნა

გ.ელიავას სახელობის „ბაქტერიოფაგის“ სადიაგნოსტიკო ცენტრი - ,,დიაგნოზი 90” 1990 წელს დაარსდა და დღემდე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ორგანიზაციის მთავარი დევიზი იყო და არის თანამედროვე სტანდარტებზე დამყარებული, დროული, ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი ფასებით მომსახურება. ათეული წლების განმავლობაში ცენტრის მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მუშაობამ და მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულებამ კმაყოფილი და ერთგული მომხმარებლების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა განაპირობა.

დღეს ცენტრი მომსახურების არეალს აფართოებს და ფილიალს რუსთავში ხსნის.

სადიაგნოსტიკო ცენტრში საჭირო კვლევების ჩატარების, ზუსტი დიაგნოსტირების და ექიმის მიერ მიცემული დანიშნულების შემდეგ, პაციენტებს ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ელიავას სახ. ავტორიზებულ აფთიაქში შეუძლიათ შეიძინონ ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პიო, ინტესტი, ფერსისი, სეს, ენკო და სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგები. ავტორიზებულ აფთიაქში, ექიმის რეცეპტზე დაყრდნობით მზადდება ბაქტერიოფაგების რბილი სამკურნალო ფორმებიც: მალამო და სანთლები (სუპოზიტორიები). აფთიაქში, ასევე, შესაძლებელია ინდივიდუალური, პაციენტისთვის მორგებული ფაგური პრეპარატების დამზადებაც. ყველა ფაგურ პროდუქტზე მითითებულია, რომ დამზადებულია ელიავას სახ. ინსტიტუტის ბაზაზე, რაც მის ხარისხსა და სანდოობას ხაზს უსვამს. გარდა ამისა, აფთიაქში სხვა, ნებისმიერი ფარმაცევტული პროდუქტიც ხელმისაწვდომია.

მზარდი მოთხოვნილების გამო, ამიერიდან ელიავას სახ. ინსტიტუტში შექმნილი ექვსი ფაგური თხიერი პრეპარატის, მალამოებისა და სანთლების შეძენა უკვე რუსთავშიც შესაძლებელი გახდა.

ცენტრის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ ბაქტერიოფაგის სადიაგნოსტიკო ცენტრის ,,დიაგნოზი 90-ის“ დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ინგა გიორგაძე გვესაუბრება.

- მოგვიყევით დიაგნოსტიკური ცენტრის შექმნის ისტორია. როგორ დაიწყეთ?

ელიავას სახ. ინსტიტუტში 1966 წლიდან ვმუშაობდი, მეცნიერ–თანამშრომლობიდან დავიწყე და ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელიც ვიყავი.

1990–იან წლებში, საქართველოში რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო და შესაბამისად, ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერებიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამ პერიოდში გადავწყვიტე გამოსავალი მეპოვა და ჩემს შვილთან, მიშიკო მეგრელიშვილთან ერთად დამეარსებინა სადიაგნოსტიკო ცენტრი. სადიაგნოსტიკო კვლევები და ფაგურ პრეპარატებზე მუშაობა დავიწყეთ. ეს იყო პერიოდი, როდესაც ანტიბიოტიკები ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად შემოიჭრა და მისი გამოყენება მოსახლეობამ ემპირიულად, კვლევების გარეშე დაიწყო. მალევე აღმოჩნდა, რომ ჭარბად და უკონტროლოდ ანტიბიოტიკების მიღება უამრავ გართულებას, გვერდით მოვლენასა და რეზისტენტობასაც იწვევდა. სწორედ ამ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო აქტიურად გვემუშავა ისეთ ბიოლოგიურ პრეპარატებზე, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მძიმე, გვერდით ეფექტებს არ გამოიწვევდა და მხოლოდ მიზნობრივად იმოქმედებდა.

- რომელი იყო თქვენი პირველი პრეპარატი?

- ჩვენ გადავწყვიტეთ, პრეპარატ „ინტერფერონთან“ კომბინაციაში ფაგები გამოგვეყენებინა. ასეთი კომბინაცია ორივე პრეპარატის ეფექტურობის გაზრდას შეუწყობდა ხელს. ჩვენ მიერ მიღებულ ნაერთს სანთლებისა და მალამოების სახე მივეცით. ეს პრეპარატები სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს წარმატებით გამოიყენებოდა.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სამედიცინო მომსახურების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ვიყოთ ორიენტირებულები. ჩემს პარტნიორებთან, ნანა თოფურიასა და ლია ტყემალაძესთან ერთად, სამეცნიერო გრანტების მოპოვებით, საშუალება მოგვეცა დამწვრობის ბაქტერიული გართულებების დროს გამოსაყენებელი ეფექტური მალამო შეგვექმნა.

30 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით და ლაბორატორიული დაკვირვებების საფუძველზე, ელიავას სახელობის ინსტიტუტთან ერთად ახალი ფაგური პრეპარატები: ფერსისი, სეს და ენკო - ბაქტერიოფაგები შევქმენით.

- რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებელს სადიაგნოსტიკო ცენტრი?

- ჩვენთან მრავალმხრივი ლაბორატორიული კვლევები ტარდება, კერძოდ: კლინიკური, მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური, მოლეკულური ანალიზები. პაციენტებს ხშირად სხვადასხვა კვლევა ესაჭიროებათ, შესაბამისად, ცენტრში ყველა შესაძლო ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულების სპეციალისტი გვყავს.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, ჩვენ აბსოლუტური სიზუსტისთვის კლასიკური მიკრობიოლოგიის მეთოდებსაც ვიყენებთ. ინდივიდუალური მიკროსკოპული კვლევები საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ის ნიუანსები, რასაც ავტომატიზებული მანქანა ვერ იჭერს. ლაბორატორიაში ამ პროცესს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად ახორციელებენ.

უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, დავიწყეთ კოვიდ 19-ის PCR (პჯრ) ტესტირება. ჩვენთან, კოვიდ 19-ის ტესტირების სრული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი - ანტიგენზე დამყარებული, ანტისხეულების და პჯრ კვლევა. პაციენტებს ვთავაზობთ ანალიზების სრულ სპექტრს, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო გაიდლაინით არის მოწოდებული.

- მოგვიყევით ზოგადად ფაგებზე, რით არიან ეს ვირუსები გამორჩეული და რატომ არის მათი გამოყენება მნიშვნელოვანი?

- ზოგადად, ფაგები ბაქტერიული ინფექციის საწინააღმდეგოდ ინიშნება. ფაგი არ არის პანაცეა, მაგრამ კონკრეტული მიზნებისთვის ის ძალიან ეფექტურია. ჩვენ მას განსაკუთრებულ რეკომენდაციას ვუწევთ მაშინ, როდესაც უკუჩვენებაა ანტიბიოტიკების გამოყენება ან მისი მოქმედება არ არის ეფექტური.

ფაგები ადამიანის სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემის ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ გამოიყენება. მაგალითად, მინდა, გამოვყო ჩვენს სადიაგნოსტიკო ცენტრში გინეკოლოგიური კვლევების მრავალფეროვნება. პრობლემის აღმოჩენისას, გინეკოლოგები აქტიურად ნიშნავენ აღნიშნულ კომბინირებულ პრეპარატებს - ფაგების შემცველ სანთლებს (სუპოზიტორიებს). უნდა აღინიშნოს, რომ ფაგების გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის დროს, ისე ახალშობილებისთვის. ეს ფაგების გამოყენების 100 წლიანი ისტორიით არის დადასტურებული.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფაგური პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია ქრონიკული დაავადებების დროს, ასევე კარგი ეფექტი გვაქვს პოსტოპერაციული ჭრილობებისა და დამწვრობების მკურნალობისას.

- ფაგები ნებისმიერი ბაქტერიული ინფექციის არსებობის დროს ინიშნება?

- უპირველესად, მნიშვნელობა აქვს რომელ მიკრობთან გვაქვს საქმე. არის მიკრობები, რომელთა ამოთესვისას ფაგოთერაპია, როგორც მონოთერაპია, საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, მაგალითად, სტრეპტოკოკული ინფექციის დროს ფაგებთან კომბინაციაში აუცილებელი წესით ანტიბიოტიკების დანიშვნის რეკომენდაციას ვიძლევით.

ზოგადად, ფაგური პრეპარატების შედეგს მკურნალობის დროს მოგვიანებით ვიღებთ, რაც მათ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ფაგები მიზანმიმართულად მოქმედებენ და ისინი ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხონი არიან.

- როდის ხდება ინდივიდუალური პრეპარატების დამზადება?

- როგორც იცით, მზა სახით ჩვენ ექვსი ფაგური პრეპარატი გვაქვს. თუმცა თუ ლაბორატორიულად დადგინდა, რომ იდენტიფიცირებული ბაქტერია - დაავადების გამომწვევი რეზისტენტულია (მდგრადია) არსებული ექვსი ფაგური პრეპარატის მიმართ, დღის წესრიგში დგება ინდივიდუალური ფაგური პრეპარატის დამზადების საკითხი, რომლის ეფექტურობა ინფექციის გამომწვევი მიკრობის მიმართ განსაკუთრებით მაღალია.

ფაგური პრეპარატების უვნებლობის მიუხედავად, მათი მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არაა. ექიმი ანამნეზის შეგროვების და სწორი დიაგნოსტიკის პირობებში პაციენტს შესაბამის ფაგს ურჩევს და ადექვატურ მკურნალობას უნიშნავს. პაციენტების მკურნალობას ელიავას კონსორციუმში არსებული - ფაგოთერაპიის სამედიცინო ცენტრი წარმართავს. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე არსებობს შემუშავებული გაიდლაინები, რომლებიც წლების განმავლობაში მკურნალობის ეფექტურ შედეგებს ეფუძნება.

ფაგური პრეპარატებით მკურნალობა და დოზები განისაზღვრება დაავადების გამომწვევით, ასევე, მისი ხანგრძლივობით და სირთულით. არის შემთხვევები, როდესაც ფაგურ პრეპარატებს, პაციენტის გარდა მის ოჯახის წევრებსაც ვუნიშნავთ (მაგ. სალმონელოზი). ასეთ შემთხვევაში, პროფილაქტიკის მიზნით ენიშნებათ უმეტესად „ენკო ფაგი“ ან „ინტესტი ფაგი“.

როგორც მოგეხსენებათ, ზღვაზე მოგზაურობისას ხშირია ენტეროვირუსები. კვლევებმა გვიჩვენა, რომ ვირუსული ინფექციის შემდეგ ხშირია მეორადი - ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი, ასეთ დროსაც ფაგს ვნიშნავთ პროფილაქტიკის მიზნით.

- ვეტერინარიაში რა მიმართულებით მუშაობთ?

ჩვენთან ცალკე ფუნქციონირებს ლაბორატორია ცხოველების დაავადებების დიაგნოსტირებისთვის. უკვე წლებია, ზოოპარკსა და სხვადასხვა ვეტერინარულ ცენტრთან წარმატებით ვთანამშრომლობთ. ვიკვლევთ სხვადასხვა სახეობის თევზს. ასევე, ვიკვლევთ წყალს და ვადგენთ მისი დაბინძურების ხარისხს.

უახლოეს ხანში ვგეგმავთ საკვები პროდუქტების დაბინძურების მიზეზის და ხარისხის განსაზღვრასაც, რაც დღევანდელ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად გვევლინება.

ბოლო პერიოდში Covid -19–ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა გაჩნდა, თუმცა ჩვენი სადიაგნოსტიკო ცენტრი შეუფერხებლად მუშაობს, ავითარებს სხვადასხვა ახალ მიმართულებას, ხსნის ახალ ფილიალებს და დაუღალავად ემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელ პაციენტებს.

27 იანვარს "Fuckup Nights საქართველო“ გაიმართება

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა თამბაქოს მოწევას თავს ანებებ

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა