ავტორი:

"თუ ოპოზიცია განულდა, დიდი ხიფათია, რომ ერთპარტიული პარლამენტი კი არა, უკვე ერთპარტიული ქვეყანა მივიღოთ" - რამ განაპირობა ოპოზიციის რეიტინგის  ვარდნა?

"თუ ოპოზიცია განულდა, დიდი ხიფათია, რომ ერთპარტიული პარლამენტი კი არა, უკვე ერთპარტიული ქვეყანა მივიღოთ" - რამ განაპირობა ოპოზიციის რეიტინგის  ვარდნა?

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია "ქართული ოცნება". 5% კი ასეთად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს. რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არცერთი პარტია არ დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელიწადში შემცირებულია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მათ პოზიციასთან ახლოს მდგომ პარტიად ოპოზიციურ ძალას ასახელებდა. კერძოდ, NDI-ის მიერ 2020 წლის იანვარში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, იგივე შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე ნაწილდებოდა: მოსახლეობის 19% მიიჩნევდა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარი პარტია "ქართული ოცნება“ იყო, 14%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურდა, ხოლო მოსახლეობის 13%-ისთვის ყველაზე ახლოს მდგარი პარტია "ნაციონალურ მოძრაობა” იყო.

რა არის ოპოზიციის რეიტინგის ასეთი მკვეთრად დაცემის მიზეზი?

ambebi.ge-სთან NDI-ის კვლევის შედეგებს ექსპერტები აფასებენ:

  • "ოპოზიცია კიდევ უფრო მეტ ნეგატივებს ქმნის, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე უფრო პოზიტიური გეგმა შესთავაზოს მოსახლეობას"

გია ხუხაშვილი:

- ვფიქრობ, ეს შედეგი კანონზომიერია იმიტომ, რომ დღეს ადამიანებს ორი ძირითადი პრობლემა აქვთ, ქვეყანაში დადის შიმშილის და სიკვდილის შიში, ადამიანებისთვის ეს პრობლემებია პრიორიტეტული. ამ დროს ოპოზიცია კიდევ უფრო მეტ ნეგატივებს ქმნის, იმ გზავნილს ტრანსლირებს, რომ ყველაფერი უფრო ცუდად იქნება, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე უფრო პოზიტიური გეგმა შესთავაზოს მოსახლეობას.

ოპოზიცია უარეს მოლოდინებს აჩენს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, მაგრამ რაღაცას მაინც ფაფხურობს. ვფიქრობ, ხელისუფლებაც არ არის ერთგვაროვანი - ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა გახარია ქაჩავს ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი ჭაობის კაბინეტია. გახარია ბევრად უფრო ადექვატურად გამოიყურება, ვიდრე დანარჩენი ოპოზიცია - ეს არის მოცემულობა.

იმავე კვლევით ჩანს, რომ პარლამენტი აბსოლუტურად დელეგიტიმიზირებულია, 15% ძალიან დაბალია. პარლამენტის მამები ამაყი სახეებით კი გამოდიან და ამბობენ, ისტორიულ მინიმუმზეაო დასული "ნაცმოს" რეიტინგიო. კი ბატონო, დავეთანხმები, მაგრამ პარლამენტის რეიტინგიც ისტორიულ მინიმუმზე არ არის? პარლამენტის მუშაობას მხოლოდ 15% აფასებს დადებითად. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს შედეგები კანონზომიერია. პარტიების რეიტინგის დაბალი პროცენტულობა ოპოზიციის მოქმედების შედეგია. თუმცა ეს რეიტინგები მერყევი და სწრაფად ცვლადია. დღეის მდგომარეობა ასეთია და ხვალ რა იქნება, ვნახოთ.

  • "ლაპარაკი, რომ არჩევნები კატასტროფულად გაყალბდა, არა მგონია, ოპოზიციისთვის მთლად რელევანტური იყოს"

ვახტანგ ძაბირაძე:

- აქ საინტერესო ისაა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და “ქართულ ოცნებას” შორის არსებული პროცენტული სხვაობა, რაც მათ არჩევნებზე მიიღეს, თითქმის ტოლია. აქაც სადღაც 15%-ია განსხვავება, მაგრამ ეს იმიტომაა, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა პარტია მაქსიმუმს კრებს. რაც ეხება ოპოზიციური პარტიების ჯამურად 9%-ს, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ოპოზიციაში ხდება, როგორც ჩანს, ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ სხვა პარტიებისთვის, მესამე ძალისთვის მეტი ნდობა უნდა გამოეცხადებინა, ვიდრე "ნაცმოძრაობისთვის". ზოგადად, მთლიანობაში საინტერესო ისაა, რომ ოპოზიციის ჯამური შედეგი არაა მეტი ხელისუფლების პროცენტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არ არის საპროტესტო განწყობილება, ტყუილად აქვს ოპოზიციას ამის იმედი. მოსახლეობას ურჩევნია, პარლამენტში შევიდეს ოპოზიცია და იქედან ებრძოლოს უმრავლესობას, ვიდრე ის, ქუჩაში დადგეს და ელოდოს, როდის დაგროვდება ისეთი უარყოფითი მუხტი, რაც საშუალებას მისცემს, ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულოს. ოპოზიციისადმი ნიჰილიზმს აღვივებს ის დაპირისპირება ოპოზიციურ ძალებს შორის, რასაც ყოველ დღე ვუყურებთ უკვე.

25%, რომელმაც არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი, ეს ცუდის მოლოდინისგანაა გამოწვეული - ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ თუ ქუჩაში დარჩება ოპოზიცია, შეიძლება პროცესები არასტაბილური მიმართულებით განვითარდეს, მით უმეტეს, როდესაც ასეთი განწყობაა თავად ოპოზიციაში. ბუნებრივია, რომ 80%-ს უნდა, ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს და დამშვიდდნენ - თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, არასტაბილური ვითარების განვითარების ნაკლები ხიფათი იქნება. ჩემი აზრით, ეს ციფრი ამას უფრო გამოხატავს, ვიდრე პარლამენტისადმი დამოკიდებულებას.

მთლიანობაში, კვლევის კითხვებზე პასუხები იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არის საკმაოდ დიდი პრობლემები, რომელთაც მოსახლეობა ხედავს, მაგრამ ამასთანავე მიიჩნევს, რომ ძირითად ნაწილში ხელისუფლება გამოწვევებს უმკლავდება. აქედან დასკვნა: ჩანს, რომ ამომრჩევლის მეტმა პროცენტმა მხარი დაუჭირა “ოცნებას” და ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები კატასტროფულად გაყალბდა, არა მგონია, ოპოზიციისთვის მთლად რელევანტური იყოს. შესაბამისად, ხელისუფლებისადმი ამომრჩევლის დამოკიდებულება არის ისეთი, როგორიც არის. ოპოზიციას მეტი ანალიზი, რეალობასთან ახლოს მისადაგებული პოზიცია და გეგმები სჭირდება. ისტორიას არ ახსოვს, რომ თუ ხალხში საპროტესტო განწყობა არ არსებობს, რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ან ფიგურას ეს მუხტი ძალით აეგორებინოს. მილიონებიც რომ დახარჯო, ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვან. ოპოზიციამ ეს უნდა დაინახოს.

NDI-ს თუ დავაბრალებთ, რომ კვლევები “ოცნებამ” დაუკვეთა, მაშინ მარტივი სიტუაციაა, მაგრამ თუ რეალობას შევხედავთ, პროცენტებზე შეიძლება იდავო, მაგრამ კვლევებში ყოველთვის ჩანს ტენდენციები. და როდესაც 46% დადებითად ახასიათებს გახარიას საქმიანობას და 32% - საშუალოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოკითხულთა ეს რაოდენობა, მეტ-ნაკლებად ენდობა ამ ხელისუფლებას.

თუ ოპოზიცია განულდა, დიდი ხიფათია, რომ ჩვენ ერთპარტიული პარლამენტი კი არა, უკვე ერთპარტიული ქვეყანა მივიღოთ. ეს უნდა გააანალიზოს ოპოზიციამ, რადგან ერთპარტიული ქვეყანა არის დაღუპვა და კატასტროფა. პარლამენტს კიდევ არა უშავს, დღეს იქნება თუ ხვალ, მისი გადარჩევა შეიძლება, მაგრამ თუ ასარჩევი აღარავინ იქნა, მაშინ უკვე პრობლემაა. არაა გამორიცხული, ოპოზიციის ქმედებებმა აქამდე მიგვიყვანოს.

  • "გამოკვლევის შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ..."

ჩვენ პარტიის დაცემული რეიტინგის თაობაზე, ვკითხეთ "ნაციონალურ მოძრაობასაც".

ლევან ბეჟაშვილი:

- გასული წლის კვლევის შედეგებს თუ შევადარებთ, თვითონ კვლევის ფორმა და შინაარსი განსხვავებული იყო - გასულ წლებში თუ ხდებოდა ინდივიდუალური გამოკითხვა, სადაც ნდობის ხარისხი მაღალია, ახლა კვლევა ჩატარებულია ღია სატელეფონო გამოკითხვით. რაც იმას გულისხმობს, რომ სანდოობა და რეპრეზენტაბელურობა მცირდება. სატელეფონო კავშირების მიმართ ნდობა ნაკლებია, ვინაიდან აღიარებულია, რომ სატელეფონო მოსმენები ხორციელდება, უტყუარი ფაქტია, რომ ადამიანებს შიშის ფაქტორი აწუხებთ. ადამიანი ტელეფონში არ აფიქსირებს იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობს, რაც კვლევაშიც კარგად ჩანს.

უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა - 49% კითხვებზე უარს აფიქსირებს და მათაც რომ ეპასუხათ, დარწმუნებული ვარ, მონაცემები რადიკალურად შეიცვლებოდა. ყველაფრის მიუხედავად, კვლევა მაინც იძლევა გარკვეულ ორიენტირებს, ასახავს საზოგადოების მდგომარეობას, ინფლაციას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ასევე ჩანს პოლიტიკოსებისადმი ნიჰილიზმიც. რა თქმა უნდა, რიგით ამომრჩეველს მიაჩნია, ქუჩაში პოლიტიკის კეთებაზე უმჯობესია პარლამენტში პოლიტიკური პროცესების წარმართვა, ოპოზიციის და ხელისუფლების დებატები და სხვა. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ იმავდროულად, თუ კითხვა დაისმებოდა, მხარს უჭერს თუ არა ოპოზიციის ბოიკოტს, ამაზეც გავიგებდით პასუხს. გამოკვლევის შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ გამოკითხვის ფორმა, სატელეფონო გამოკითხვა არარელევანტურია. მეორეა დროის ფაქტორი - როცა გამოკითხვას დეკემბერში, არჩევნებიდან 2 თვეში ატარებ, ესეც არარელევანტურია. იმ დროს, როცა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი უნდა გადაწყდეს, ამ კვლევების გამოქვეყნება ამ მხრივადაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ფაქტია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ამ ვითარებაზე პასუხისმგებელი ვინ არის, ყველამ ვიცით. ჩვენ ამ გამოკითხვას ყურადღების გარეშე არ დავტოვებთ, ეს გარკვეულწილად ჩვენთვის ორიენტირია და ამ ორიენტირებზე მუშაობაა საჭირო.

აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას მართავენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

"რას აკეთებს “ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა, იღებს ჩანაწერებს, ჩეხავს, ცვლის კონტექსტს და ცდილობს ხალხის გაბრაზებას" - მამუკა მდინარაძე

გოგი წულაიამ "თავისუფალი საქართველო" დატოვა - რა გახდა პარტიიდან წასვლის მიზეზი?