ავტორი:

"მწვერვალზე რომ ავედით, ერთმა სალამური ამოიღო და დააკვნესა..." - ცნობილი ქირურგის უცნობი გატაცება და მთის თავგადასავლები

"მწვერვალზე რომ ავედით, ერთმა სალამური ამოიღო და დააკვნესა..." - ცნობილი ქირურგის უცნობი გატაცება და მთის თავგადასავლები

ყველასთვის კარგად ნაცნობი პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე მოყვარული მთამსვლელია - ასულია "მყინვარწვერზე", რამდენჯერმე "იაკობ გოგებაშვილზე", ასევე "გურამ თიკანაძესა" და "გურამ რჩეულიშვილზე", "თეთნულდზე" ასვლის ორი უშედეგო მცდელობა ჰქონდა, თუმცა წელს იქ კიდევ ერთხელ გეგმავს დაბრუნებას - "უნდა ვცადოო" - ამბობს...

პანდემიის დროს "გოგებაშვილზე" კიდევ ერთხელ მეგობართან ერთად იყო. გვიხსნის, როდის, რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელიც მწვერვალზე ასვლას აპირებს: "ზამთრის ასვლა რომ განახორციელო, განსაკუთრებულ ფორმაში უნდა იყო, რადგანაც ამ პერიოდში სიტუაცია რთულდება - დღე მოკლეა, კლიმატური პირობები ცვალებადი, სიცივე ადამიანის ორგანიზმს ფიტავს, მთას კი დიდი ენერგია და ფორმაში ყოფნა სჭირდება".

- როდის დაიწყო თქვენი ეს გატაცება?

- სამწუხაროდ, ადრეულ წლებში არ ვიყავი ამით დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ დედა, ნანა იაშვილი, რომელიც პროფესიით მიკრობიოლოგია, მთამსვლელიც იყო და პირველთანრიგოსანია, ამ ყველაფრით არასდროს დავინტერესებულვარ... შეიძლება, პერიოდი იყო ისეთი, ან სამეგობროში არავინ იყო, ვისთან ერთადაც ამას შევძლებდი. მახსოვს, ბოტანიკურ ბაღში, სავარჯიშო კლდე იყო ხოლმე, სადაც მეკლდეურები ცოცვაში ვარჯიშობდნენ. სოლოლაკში ვცხოვრობდით და ხშირად ვსტუმრობდი იქაურობას და ვუყურებდი, ახალგაზრდები როგორ ვარჯიშობდნენ...

მოკლედ, მთით საკმაოდ გვიან, 5-6 წლის წინ დავინტერესდი. ისე, ქვეცნობიერად ალბათ სულ მქონდა სურვილი, წავსულიყავი, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცას ველოდებოდი. მერე ჩემს მეწყვილეს, როსტომს ვუთხარი, - მყინვარწვერზე მინდა ასვლა-მეთქი. პირდაპირ მანდედან ვერა და "იაკობ გოგებაშვილით" დავიწყოთო. გუდაურთან ახლოსაა 3 400 მ-ია და იქ წავედით. ორდღიანი მარშრუტი იყო. პირველ დღეს ნისლის გამო ვერ ავედით, ღამე იქ გავათენეთ. ეს იყო საოცრება.

ყველა სხვადასხვანაირად აღწერს მთაში სიარულს, ასვლას, მაგრამ არ ვიცი, ამაზე მეტი სიამოვნება რა უნდა იყოს?!

- თქვენ როგორ აღწერთ?

- ერთი შეხედვით, ვითომ ხომ ვიცნობთ საკუთარ თავს, ფიზიკურ, მორალურ შესაძლებლობებს, მაგრამ მთაში აღმოჩნდება, რომ შენს თავს ბოლომდე არ იცნობ. გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლია. ის ყველაფერი გამოცდასავითაა. სერიოზულ გამოცდას აბარებ საფრთხესთან, სიამოვნებასთან - ყველაფერი ერთადაა...

- და დაიპყარით "იაკობ გოგებაშვილი"?

- "დაპყრობა" - ასე თქმა არ შეიძლება. მთისთვის ეს შეურაცხყოფასავითაა. იტყვიან - მთაზე ავედი, ან მთამ მიმიღო... იქ ყოველთვის ხიფათია, ამიტომ თამაში არ შეიძლება. წვრილმანებს, თითოეულ ნაბიჯს მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თოკში შენს მეწყვილესთან ერთად ხარ ჩაბმული. საერთოდ სხვა განწყობაა. იმ დროს მხოლოდ შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი. პასუხს სხვაზეც აგებ. მოკლედ, სულ სხვა შეგრძნებებია...

თეთნულდზე

- როგორ ემზადებით მთისთვის?

- მომზადება ყველას სჭირდება. აკლიმატიზაცია უნდა გაიარო, ფიზიკურად მხნედ უნდა იყო... თამბაქოს არ ვეწევი, ალკოჰოლს იშვიათად ვსვამ, ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრება მქონდეს. მამა დავითთან ვცხოვრობთ, მთაწმინდაზე ასვლა-ჩამოსვლა შაბათ-კვირას გამოწერილი მაქვს. ველოსიპედით ხშირად ავდივარ, ვცდილობ, ზედმეტი წონა არ მქონდეს, ფიზიკურად აქტიური ვიყო, რადგან მწვერვალი პატარა ნიუანსსაც არ გაპატიობს...

საკუთარი თავი გამოცდის წინაშე მთაში ყოფნისას დავაყენე და მივხვდი, რომ ის, რაც მანამდე მოუგვარებელ პრობლემად მეჩვენებოდა, ყველაფერი უმნიშვნელოა და მარტივად მოსაგვარებელი. იქიდან ჩამოსული ისეთი ენერგიის და ძალის მოზღვავებას ვგრძნობ, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად გცვლის.

გუგა ქაშიბაძის მიერ გადაღებული მწვერვალი უშბა

- თოკში ჩაბმა აუცილებელია?

- კი, რადგანაც არსებობს ნაპრალში ჩავარდნის საფრთხე. თუ ერთი ჩავარდა, ზევით ერთი მაინც რომ დარჩეს, ქედზე გადასვლისას თუ ერთ-ერთი ერთ მხარეს ვარდება, მეორე მეორე მხრიდან იკავებს, რომ არ მოწყდეს. ასეთ დროს უბედური შემთხვევებიც არის ხოლმე...

რისკები დიდია, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად არის დაგეგმილი, რისკი მინიმალურია. დიდ ძალას ითხოვს, ამას ემატება დაღლა, სიცივე, რა დროსაც ყურადღება უნებლიედ იფანტება. ეს განსაკუთრებით დაშვებისას ხდება.

- დაშვება უფრო ძნელია?

- ამბობენ, მეტი ყურადღებაა საჭიროო. პროცენტულად დაშვებისას მეტი სახიფათო სიტუაცია იქმნება. ეს შეიძლება ფსიქოლოგიურიც იყოს - რაღაცას მიაღწიე, სიმაღლეზე ახვედი და ჩამოსვლისას დეტალებს ყურადღებას აღარ აქცევ, დუნდები... ისე, ჩემი მხრიდან ცოტა თამამადაც კი გამოდის ამ თემაზე საუბარი...

- ეს ხომ თქვენი გატაცებაა და არა პროფესია. რა მოხდა მერე?

- კი, გატაცებაა, რომელიც ძალიან სერიოზული სპორტია... საქართველოში მაგარი ადგილები გვაქვს, ჩვენი მთების სანახავად საიდან არ ჩამოდიან, რამხელა გზას გადიან. ამ დროს აქვე დღე-ნახევრის, ერთი დღის სავალზე გვაქვს ეს ადგილები, მაგრამ იქ ადრეულ წლებში იშვიათად თუ შეხვდებოდი ქართველს. სულ უცხოელები დადიოდნენ...

"ყაზბეგზე" ასვლის წინ მეტეოსადგუზე ვიყავით და გოგონა შეუძლოდ გახდა. როგორც ექიმმა, დახმარება ვცადე, წნევის აპარატი მოვიკითხე. მითხრეს, პარამედიკოსები მოვლენ და დახმარებას აღმოუჩენენო. ვიფიქრე ქართველები იქნებოდნენ, მაგრამ 2 პოლონელი მოვიდა... აღმოჩნდა, რომ იქ იმდენი პოლონელი დადიოდა, ცუდად გახდომის ფაქტებიც ხშირი იყო და მთავრობამ დაფინანსება გამოყო, ორკვირიანი მორიგეობაც შემოიღეს, კარავი ჰქონდათ გამართული. საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს ეხმარებოდნენ.

- წარსულში მთამსვლელი დედა, როგორ შეხვდა თქვენს ამ გატაცებას?

- როგორ შეიძლებოდა, არ გახარებოდა? საერთოდ, ვინმეს მთაში სიარული შეიძლება, არ მოუწონო და არ გაგიხარდეს? ვიმეორებ, ვაჟკაცური სპორტია. ამისთვის სპეციალური უნარ-ჩვევები თუ არ გაქვს, პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდები, დამატებით კიდევ სხვა რაღაცებიც გჭირდება - სიმამაცე, მეგობრობა და ა.შ. მაგალითად, ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ჟანგბადი გაიშვიათებულია, აზრებიც სხვანაირი გაქვს და ქცევებიც...

- ოდესმე ასეთ დროს ლექსების თქმის ხასიათზეც ხომ არ დამდგარხართ?

- სხვათა შორის, "იაკობ გოგებაშვილზე" რომ ავედით, სამნი ვიყავით და ჯგუფის ხელმძღვანელმა გვითხრა, - თქვენთვის სიურპრიზი მაქვსო... ნეტავ, რას გვიმზადებს-მეთქი? სალამური ამოიღო და დააკვნესა. იმ დროს მთის წვერზე ვიდექით, ქვემოთ ღრუბლები იყო, კავკასიონის რამდენიმე წვერი და ''შხარა'' მოჩანდა, ისმოდა სალამურის ხმა - ნამდვილ სიურეალიზმში ვიყავით...

- რას ურჩევდით მათ, ვინც მთაში ჯერ არ ყოფილა?

- პირველი რჩევა ის იქნება, რომ უსაფრთხოების წესები დაიცვან, როგორც ვთქვი, იქ წვრილმანები არ არსებობს, ყველა წვრილმანს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჯობია, თუ მთაზე ასვლა უნდათ, პროფესიონალის მომსახურებით ისარგებლონ, რჩევა-დარიგებები მათგან მიიღონ. მით უმეტეს, რომ საქართველოში პროფესიონალი გიდები და გამყოლები გვყავს და რამდენი წელია, უცხოელები მათი მომსახურებით სარგებლობენ.

ასეთი ბუნება, მთები გვაქვს, მათ სანახავად უცხოელები რამდენ გზას გადიან, რომ ჩამოვიდნენ... ეს ხელშეუხებელი ბუნება გვაქვს, ისეთი, უმეტეს ადგილებში ადამიანის ფეხიც რომ არ მოხვედრილა და იქ წასვლის სურვილი არ გვიჩნდება. ნებისმიერ მწვერვალთან არსებობს მისასვლელი გზა. უბრალოდ ამისთვის საჭიროა სურვილი და მომზადება...

ბოლო 24 საათში 17 850 ტესტის ჩატარების შემდეგ საქართველოში 723 ახალი ინფიცირებულია, გარდაიცვალა 19 ადამიანი - მონაცემები რეგიონების მიხედვით

"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა

სკანდალური ქადაგების შემდეგ დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს - "ქადაგებამ, რომელიც იყო არაკორექტული, დიდი შეშფოთება გამოიწვია..."