ავტორი:

"მას პუტინის შემცვლელად მივიჩნევ" - როგორ აფასებს რუსეთში მიმდინარე პროცესებს რუსი პოლიტოლოგი

"მას პუტინის შემცვლელად მივიჩნევ" - როგორ აფასებს რუსეთში მიმდინარე პროცესებს რუსი პოლიტოლოგი

რუსეთში, 17 იანვარს, ბერლინიდან მოსკოვში ჩაფრენისას ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შაბათს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე, სადაც ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ, პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 3500-ზე მეტი ადამიანი დააკავა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. დაკავებულია ნავალნის მეუღლეც.

სასამართლომ რუსეთში, რუს ოპოზიციონერს 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო მოგვიანებით გადაწყვეტს, შეუცვლის თუ არა 3.5-წლიან პირობით სასჯელს პატიმრობით.

ცნობისთვის, ნავალნი 5 თვის წინ, სამხედრო ტიპის ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამლეს. 29 აგვისტოს, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე ცუდად გახდა. პილოტი იძულებული იყო თვითმფრინავი დაესვა ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში - ომსკში, საიდანაც გერმანიაში გადაიყვანეს.

გერმანელმა სპეციალისტებმა სხეულიდან აღებული ნიმუშებით დაადგინეს, რომ ნავალნის მოწამვლას საბჭოთა კავშირში შექმნილი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" შეეცადნენ.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციონერის დაკავების შემდეგ, ამის შესახებ რუსი პოლიტოლოგი და ბლოგერი, ლეონიდ გოზმანი გვესაუბრება:

- ნავალნის წინა დაკავებების დროსაც დავდიოდი აქციებზე ტრანსფარანტით, "თავისუფლება ნავალნის" და ეს ფოტო დღემდე აქტუალურია... სიამაყით ვიტყვი, ბოლო დღეებში რუსეთში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ სხვა ქვეყანაში გავიღვიძეთ, რადგან საზოგადოებამ გვაჩვენა, როგორ შეიძლება სწრაფი მობილიზება, ერთიანობა. ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ ქვეყანაში ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს.

- რას ელოდებით ამ პროცესებისგან?

- საპროტესტო ტალღა მხოლოდ მოსკოვში კი არა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად დაიწყო. საქმე ის არის, რომ ეკონომიკური, სოციალური და გნებავთ, მორალური პრობლემები, რომელსაც ძალადობრივი რეჟიმის ქვეშ მყოფი ადამიანები განიცდიან, პუტინის მმართველობის წლებში დაგროვდა. 20 წელია მას უშედეგოდ ვებრძვით, ახლა კი, ეს ტაღლა ფართოვდება და გრანდიოზული ცვლილების იმედს აჩენს.

ალექსეი ნავალნი

- რას ფიქრობთ, ალექსეი ნავალნი არის ის პერსონა, რომლის გარშემო ადგილობრივი ოპოზიცია გაერთიანდება?

- ნავალნიმ რუსეთში ჩამოსვლით დაამტკიცა, რომ ოპოზიციის ლიდერია, პატიმრობა, სასამართლოები, "ნოვიჩოკი" მას არ აშინებს, მეტიც, ამან კიდევ უფრო გააძლიერა და გამოკვეთა მისი ლიდერის უნარები. აჩვენა ყველას, რომ შეუძლია გააერთიანოს ოპოზიცია. მისი დაკავება პუტინის სირცხვილია.

- მასზე დიდ იმედებს ამყარებთ...

- მას პუტინის შემცვლელად მივიჩნევ. თუ მას არ დააპატიმრებდნენ, ვიფიქრებდი, რომ კრემლში ეყოთ ჭკუა იმისთვის, რომ გაიხანგრძლივონ ძალაუფლებაში ყოფნა, ახლა კი პუტინმა აჩვენა თუ რამდენად სუსტია სინამდვილეში და როგორ მარტივად შეუძლია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავიდეს. მან პატიმრობაში დატოვა ნავალნი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტიმული მისცა ოპოზიციას, იბრძოლოს უფრო დიდი მასშტაბებით და უფრო აქტიურად.

- თუმცა, რუსი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პროცესების "ბელარუსიზაცია" მოხდეს.

- არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ რა?!. ბელარუსში დანებდნენ, აღარ იბრძვიან და ხელები ჩამოუშვეს?!. რა თქმა უნდა, არა, ისეთ ფესვებგადგმულ დიქტატორებთან, როგორიც ლუკაშენკო და პუტინი არიან, შედეგზე ორიენტირებულ ბრძოლას ბევრად მეტი დრო სჭირდება. ბოლო დღეებში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი პერიოდი დაიწყო, ვგულისხმობ იმას, რომ თუ ადრე საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი არ იყო, ახლა ამის ყველა რესურსიც კი ამოიწურა. ახლა პუტინის მმართველობას ერთადერთი გამოსავალი აქვს, გააძლიეროს ძალაუფლება რეპრესიებით, ეს კი არასდროს არის გამართლებული. ხელისუფლებამ დამარცხების გზა აირჩია...

თუმცა, ძალისხმევას არ დაიშურებენ როგორც ოპოზიციაში, ასევე საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანონ, კრემლის პროპაგანდა და ОМОН -ის წევრები ამას ცდილობენ... მათი მუშაობის მაგალითები გვაქვს ბელარუსში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მაგრამ არც ისაა გამორცხული, რომ ისინიც ხალხის მხარეს გადმოვიდნენ. ვიცი, რომ ამის სურვილი არის. ასე რომ, ბრძოლა არ იქნება ადვილი, მაგრამ ვფიქრობ, ყინული დაიძრა. არ ვიცი, რა გზით გაიმარჯვებს ოპოზიცია, მაგრამ მჯერა, რომ გაიმარჯვებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მალტაში საქართველოს საპატიო კონსული თავისი არხებით ცდილობს მიიღოს ვაქცინების სათანადო რაოდენობა" - რას აცხადებს იტალიაში საქართველოს ელჩი

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას - "მალტამ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს ღარიბ ქვეყნებს - რატომ არ მიმართავთ, რომ ნაწილი უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!"