ავტორი:

"მინდა, ადამიანებს ჩემ მიმართ გაჩენილი შიში მოვუხსნა..." - იპოვის თუ არა ნიკა გვარამია "მთავარ ჭკვიანს"?

"მინდა, ადამიანებს ჩემ მიმართ გაჩენილი შიში მოვუხსნა..." - იპოვის თუ არა ნიკა გვარამია "მთავარ ჭკვიანს"?

პირველ იანვარს "მთავარი არხის" ეთერში ინტელექტუალური გადაცემა "მთავარი ჭკვიანი" დაიწყო. ის არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიჰყავს.

როცა შოუზე სასაუბროდ ნიკა გვარამიას დავუკავშირდით, AMBEBI.GE-სთან საუბარი ამ ფრაზით დაიწყო - "ჩვენ ვთამაშობთ "მთავარ ჭკვიანს". ამბობს, რომ ერთი თვის შედეგებით კმაყოფილია - "პროექტმა რეკორდები მოხსნა იმ თვალსაზრისით, რომ დასაწყისშივე მაღალრეიტინგული აღმოჩნდა. თან, ეს მეგაშოუ არ არის, სტუდიური გადაცემაა" - აღნიშნავს გვარამია.

- ე.ი. ასეთი ნიკა გვარამია მოსწონს მაყურებელს?

- სატელევიზიო რეიტინგი ამის მთავარი მაჩვენებელია და გამოხმაურებაც ძალიან კარგია, კი, ასეთი ნიკა გვარამია მოსწონთ...

- ამ ცხარე პოლიტიკურ პერიოდში მოულოდნელად სხვა ამპლუაში ყოფნა, პრაქტიკულად, გარდასახვა რატომ გადაწყვიტეთ?

- მე ვფიქრობ, საჭირო იყო და უკვე დრო იყო, ასეთი ნიკა გვარამიაც გაეხსენებინათ...

- ...რომელიც ადრეულ წლებში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" მოთამაშე იყო?

- დიახ, მაგრამ ახლა წამყვანია... კიდევ იმისთვის დავიწყე, რომ მინდა ადამიანებს ჩემ მიმართ გაჩენილი შიშის გრძნობა მოვუხსნა...

- გამარჯვებულისთვის ასეთი მაღალი ჯილდო (50 000 ლარი) რატომ დააწესეთ?

- ჯერ ერთი, შედეგამდე ძალიან რთულია მისვლა, მერე მაყურებლის მაღალი ინტერესიც რომ გამოეწვია... ძალიან მიხარია, გადაცემაში მონაწილეობის მსურველთა სერიოზული მოზღვავება. თუმცა, ძალიან შეშინებულები მოდიან, ხომ ვამბობ, ჩემ მიმართ შიში და კომპლექსი აქვთ, მოთამაშის სკამზე "დაჭმუჭნულები" სხდებიან, მე კი მათ დახმარებასთან ერთად, ვცდილობ, ფსიქოლოგიურად გავაშლევინო ფრთები.

ამის გარდა, ვეხმარები მაყურებელს, ლოგიკას "ვუღეჭავ", რომლითაც სწორ პასუხამდე უნდა მივიდეს. ეს არ არის მხოლოდ მოთამაშის დახმარება, პირველ რიგში, მაყურებელს ვეთამაშები.

- ინტელექტუალური გადაცემის წამყვანის ამპლუაში როგორ გრძნობთ თავს, რადგანაც ასეთ შოუში აქამდე ყოველთვის მოთამაშე იყავით...

- კარგად. ბევრად მომწონს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ჩემი ამპლუა - კეთილია, კარნახობს... მაგრამ კი არ ვკარნახობ, ვთამაშობ და ამას პირველ რიგში, როგორც გითხარით, მაყურებლისთვის ვაკეთებ. შემიძლია, მაგალითად, მოთამაშეს ორ შეკითხვაზე დავეხმარო, რაღაც თანხამდე ავიყვანო და მესამეზე ისე დავაბნიო, რომ თავიდანვე სწორი პასუხი ჰქონდეს და ვერ უპასუხოს, რადგანაც ეს თამაშია.

ამიტომაც ვახსენებ ხოლმე აგატა კრისტის ორმაგი ტყუილის თეორიას. ეს თამაშის აურაა... გადაცემაც ამის გამოა წარმატებული. შედეგებმა აჩვენა, რომ მაყურებელს მოსწონს.

- ამბობთ, "ჩემი ეშინიათო" - ასეთი სტერეოტიპი რატომაა ჩამოყალიბებული?

- მკაცრი ტიპი ვარ, განსაკუთრებით, ჩემი მოღვაწეობის ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, მერე ორი "ბრინჯაოს მოაზროვნე" მაქვს მოგებული (მაშინ "ბროლის ბუ" არ იყო), ცოტა ჭკუა მომეკითხება... ამ ქვეყანაშიც რაღაცები გამივლია, პატარა ბიჭიც აღარ ვარ, ჩემ პირისპირ ჯდომა, გინდა ინტერვიუ ერქვას და გინდა - თამაში, მარტივი არ არის. ამას გრძნობენ და ეს მათთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური პრესიც არის...

- მოთამაშეების შესარჩევად კასტინგს ვინ ატარებს?

- სამი ადამიანი. ამ გადაცემის ორი მთავარი "ტვინი" "რა? სად? როდის?" ვარსკვლავები არიან - ლევან ჩხეიძე და მისი მეუღლე თამუნა კორახაშვილი. ლევანი ამიერკავკასიაში "რა? სად? როდის?" ყველა ქვეყნის ჩემპიონატის თამაშების საუკეთესო კითხვების ავტორია. ასე რომ, ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგშია. გვყავს ფანტასტიკური კასტინგ მენეჯერი იმავე თამაშიდან ნინო გოგინაშვილი (ყველანი ჩემი მეგობრები არიან).

ამ სამ ადამიანთან ერთად, მაია ლომიძე ჩემი შემოქმედებითი, სატელევიზიო მენეჯერია. ის მოთამაშეს პორტრეტულად უყურებს, სატელევიზო კუთხით აფასებს - ტიპაჟი თამაშის დროს საინტერესო იქნება თუ არა. მაიკო საუკეთესო ჟურნალისტია...

თავიდან მოთამაშეები მშრალ გასაუბრებას გადიან - რა იციან, რა - არა და "გაქაჩავენ", თუ ვერა.

- იმ რთულ ბარიერებს, რასაც გადაცემაში მოთამაშეებს კითხვების სახით სთავაზობთ, როგორ ფიქრობთ, ვინმე დაძლევს და დაეუფლება 50 000 ლარს? საქართველოში არიან ამ მონაცემების ადამიანები?

- კი, რა თქმა უნდა, ახლა რეგიონების სერია დაიწყება და ნახავთ, როგორ თამაშობს ხალხი, შემდეგ გადაცემას აუცილებლად უყურეთ. რეგიონებში განსაკუთრებით დიდი "განძია" დაბუდებული. არც თბილისშია ცოტა და იმედია, თბილისელებსაც ეყოფათ გამბედაობა და გადაცემაში მოვლენ. ჯერჯერობით რეგიონებიდან ბედავენ და მათი მთელი სერია ამიტომ მოვაწყეთ.

- ნიკა გვარამია - გადაცემების წამყვანი, ტელევიზიის გენერალური დირექტორი, სამართალმცოდნე... ჩამონათვალი ვრცელია. რა გაძლევთ რესურსს, რომ ეს ყველაფერი პარალელურად, თანაბარ ხარისხში აკეთოთ?

- არ ვიცი... ალბათ განათლება და გამოცდილება. ისე, რა მაძლევს იმის რესურსს, ამდენი ენერგია დავხარჯო, ჩემთვისაც გამოცანაა... უბრალოდ, ვიცი, რომ მიზანს უნდა მივაღწიო და ეს არის...

- თქვენზე ამბობენ - "არ არსებობს ისეთი რამ, რაც ნიკამ არ იცის" - მართლა ასეა?

- რა თქმა უნდა, მართლა არსებობს ისეთი რამ, რაც ნიკამ არ იცის...

- ცოდნა როგორ და რა დროს დააგროვეთ?

- მთელი ცხოვრება ვაგროვებ. როცა ვმუშაობ, მას გამოცდილებითაც ვაგროვებ. ვარ პასუხისმგებლიანი და ყველაფერს ძალიან სკურპულოზურად ვუდგები, უნდა ვიცოდე... ტელევიზიის დირექტორი რომ გავხდი, დავიწყე ტექნიკურ საკითხებში გარკვევა - როგორ მუშაობს კამერა, სამონტაჟო და ა.შ. განათლების სამინისტროში რომ მივედი, არაფერი ვიცოდი, 2 დღე ჩავიკეტე და ფიზკულტურის საათების ჩათვლით, ყველაფერი შევისწავლე, სხვანაირად მუშაობა არ შემიძლია.

მე ვარ კარგი მენეჯერი, მაგრამ ცოდნა უნდა მქონდეს იმის, რის მენეჯმენტსაც ვაკეთებ. ყველაფრის ცოდნა ბუნებრივია ვერ გექნება, მაგრამ ვიცი კარგი ადამიანების შერჩევა, ვინც ამ ცოდნას შემივსებს. ვიცი, ასევე საკითხის, თემის სწრაფად გაცნობიერება, შესწავლა, მოქმედება და გადაწყვეტილების მიღება. ასე შეიქმნა ჩემი ტელევიზია - "მთავარი არხი".

- განათლების სამინისტრო ახსენეთ და გამახსენდა ფრაზა: "ვინც საკლასო ჟურნალი არ იცის, განათლების მინისტრად არ უნდა დანიშნო"... თქვენზე ალბათ ამას ვერ ვიტყვით, რადგან, როგორც აღნიშნეთ, თანამდებობაზე მისვლისას, ყველა საკითხი შევისწავლეო...

- ჟურნალი კი არა, ჟურნალის ახალი ფორმატი დავამტკიცე. სანამ მასწავლებლებთან შემოვლას დავიწყებდი, რაც ამ სისტემას სჭირდებოდა, საერთოდ ყველაფერი ვისწავლე. შეკითხვებზე, რომელიც მასწავლებლებს შეიძლებოდა ჰქონოდათ, ყველაფერში წვრილად გავერკვიე. თუ მათ პირველივე შეხვედრაზე აგითვალწუნეს, არ მიგიღეს, არ დაგაფასეს, არ გაღიარეს, მერე კაპიკია შენი ფასი. მგონია, რომ ასეთი რამ ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა.

ბევრი მასწავლებლისთვის საუკეთესო მინისტრი ვიყავი-მეთქი - ამას არ დავიჩემებ, რადგან კახა ლომაიაზე მეტი არაფერი გამიკეთებია, თუმცა ყოფილ პროკურორს მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაცია გამომდიოდა. რთული გამოწვევა იყო, მაგრამ გავუმკლავდი...

- საკლასო ჟურნალი ვახსენეთ. ცუდი ნიშანი სკოლაში მიგიღიათ?

- ცუდი ნიშანი? არა... ორიანი იმის გამო მიმიღია, რომ ცუდად მოვიქეცი. 4-იანი მიმიღია, ეს ცუდი ნიშანი იყო ჩემთვის, იმიტომ კი არა, რომ ჩაციკლული ვიყავი, აუცილებლად 5 უნდა მიმეღო, კარგად ვსწავლობდი და მაინტერესებდა ის, რასაც მასწავლიდნენ. უფრო საბუნებისმეტყველო საგნები მომწონდა. საყვარელი საგანები იყო - ბიოლოგია, ქართული ლიტერატურა და გეომეტრია.

- ბიოლოგიის სიყვარულით, სამედიცინოზე ჩაბარება არ გიფიქრიათ?

- სხვათა შორის, ვაპირებდი, მაგრამ არ ჩავაბარე.

- კმაყოფილი ხართ პროფესიული არჩევანით?

- ვფიქრობ, ჩემს პროფესიაში შემდგარი ვარ, თუმცა ჩემს პროფესიაში ბევრს რომ ვმუშაობდე, უკეთესი შედეგები მექნებოდა. საბოლოო ჯამში კი, ჩემთვის მთავარი პროფესია კრიზის-მენეჯმენტია.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც თქვენს შოუში მოსვლა უნდა?

- არ შეეშინდეთ, თამამად მოვიდნენ. რომ მოვლენ არ ინერვიულონ, იღელვონ. ღელვა - ეს კარგია! ჩემი რჩევაც ესაა...