ავტორი:

"ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი... ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე" - სალომე სამადაშვილის აპოლიტიკური პორტრეტი

"ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი... ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე" - სალომე სამადაშვილის აპოლიტიკური პორტრეტი

უყვარს გამოთქმა - ცხოვრება არის მოგზაურობა და არა - დანიშნულება. ამბობს, - მეც ისე ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, როგორც მოგზაურობას, მთავარია, დანიშნულების ადგილამდე მივიდეო. უკან ყურება არ სჩვევია, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ვერ ივლიდა. ახლახან კოვიდი დაამარცხა, ამბობს, იოლად გადავიტანე და მგონი, ამაში D ვიტამინი დამეხმარაო. ბავშვობაში ბალერინობა ჰქონდა ოცნებად, ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც სწავლობდა, მაგრამ, საბალეტო კარიერის გაგრძელება არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, ძალიან შორს გაიჭრა - კონტინენტიდან კონტინენტზე და ქვეყნიდან-ქვეყანაში სიარული დასჭირდა გამოცდილებისა და განათლების დასაგროვებლად. მათ შორის ცხელ წერტილებშიც ჩადიოდა, ტერაქტსაც ძლივს გადაურჩა და სასწრაფოდ ევაკუაციამაც მოუწია. პოლიტიკოსი, დიპლომატი და მკვლევარი სალომე სამადაშვილი მის მთავარ პოლიტიკურ ამოცანად იმ დანიშნულებამდე მისვლას მიიჩნევს, რასაც საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრება ჰქვია.

  • "ჩვენი ეზო"

- გავიზარდე პლეხანოვზე, ახლა აღმაშენებელი რომ ჰქვია, თბილისურ ეზოში. მას მწერლების ეზოს ეძახდნენ. ბევრ ცნობილ მწერალს შორის, ჩემს მეზობლად ჩემი საყვარელი მწერალი ოთარ ჭილაძეც ცხოვრობდა.

პატარა სალომე

ერთის მხრივ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, იმიტომ, რომ ბევრი მეგობარი მყავდა, ჩვენს ეზოში ახალგაზრდები მოდიოდნენ გასართობად, იყო დიდი მხიარულება. ბავშვობაში ეს ეზო ისე მიყვარდა, რომ ჩემთვის კოშმარი იყო, საცხოვრებლად სხვაგან რომ გადავდიოდით. დღემდე ძალიან მიყვარს პლეხანოვის 179... მიუხედავად იმისა, რომ იქ აღარ ვცხოვრობ, ის მაინც ჩემს სახლად მიმაჩნია. ბრიუსელში როდესაც ვცხოვრობდი და ელჩი ვიყავი, ძალიან გადაღლილმა მძღოლს ვუთხარი, სახლში წავიდეთ, პლეხანოვზე-თქო და გაოცებულმა შემომხედა. ასე რომ, ეს სახლი ჩემს სახლად დარჩა. ერთი ძმა მყავს, რომელიც დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობს და მუშაობს. ესეც ჩვენი ქვეყნის ერთი მთავარი პრობლემაა, როცა ოჯახების უმრავლესობიდან ერთი წევრი უცხოეთშია წასული.

  • "ასე აღმოვჩნდი ამერიკაში"

- თბილისში ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე და მეორე კურსიდან ამერიკაში წავედი სასწავლებლად, იქ მივიღე განათლება პოლიტიკური მეცნიერების და საკონსტიტუციო სამართლის ადმინისტრირების დარგში. ჩემი ეს არჩევანი მაშინ ძალიან არაორდინალური იყო, ვინაიდან, ქალისთვის იურიდიული ფაკულტეტი მაინც და მაინც არ იყო პოპულარული. პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე და ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი. რატომღაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. მერე საერთაშორისო ურთიერთობებზე ვფიქრობდი ჩაბარებას და მაშინ შევხვდი ძალიან საინტერესო ადამიანს - ანა კორძაია-სამადაშვილის დედას, ქალბატონ ნანულის - იურისტსა და პროფესორს და მან დამარწმუნა, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი ქულები მივიღე, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დავტოვე იურიდიული ფაკულტეტი. ამის შემდეგ გავიმარჯვე კონკურსში, ამერიკის საელჩომ საქართველოდან 4 ადამიანი შეარჩია სწავლის გასაგრძელებლად და სრული დაფინანსებით. ასე აღმოვჩნდი ამერიკაში...

მამაჩემი პროფესორია ტექნიკურ უნივერსიტეტში, მამაც და დედაც ინჟინერ-ფიზიკოსები არიან და ინტელიგენციის იმ ფენას მიეკუთვნებოდნენ, რომლებსაც 90-იან წლებში ნამდვილად არ ჰქონდათ ამერიკაში ჩემი განათლების დაფინანსების საშუალება. ძალიან გამიმართლა, როცა ამერიკის კონგრესის სრული დაფინანსებით წავედი ამერიკაში და მერე უკვე შევძელი, რომ სტიპენდიები მიმეღო და ამის დახმარებით შევძელი ამერიკასა და ევროპაში განათლების მიღება. დავამთავრე პოლიტიკური მეცნიერება და ფილოსოფია კოლეჯში, ბაკალავრიატის დონეზე, შემდეგ ორი მაგისტრის ხარისხი დავიცავი - ერთი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, საკონსტიტუციო სამართალში და მეორე - ვაშინგტონში, ამერიკის უნივერსიტეტში სახელმწიფოს მართვის მიმართულებით. ჩემი განათლება სრულად ჩემს მიერ იყო დაფინანსებული სტიპენდიების დახმარებით. მაგისტრატურაში სწავლის დროს, პროფესორის თანაშემწედ ვმუშაობდი საკონსულტაციო ფირმაში, ვაშინგტონში. ასე რომ, ძალიან დატვირთული სტუდენტობა მქონდა, თან ვსწავლობდი, თან - ვმუშაობდი.

  • დაბრუნება საქართველოში

- 2003 წელს დავბრუნდი, "ვარდების რევოლუციის” შემდეგ. მაშინ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ახალი რეალობა დგებოდა. მანამდე ისე უიმედოდ გამოიყურებოდა ამ ქვეყნის მომავალი, რომ ალბათ ჩემი პროფესიული კარიერის გაგრძელებას საქართველოში, არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავდი. "ვარდების რევოლუციამ” ახალი შესაძლებლობები მოიტანა... რევოლუციის შემდეგ ვიყავი პარლამენტის წევრი, ერთი წლის შემდეგ კი ელჩად გავემგზავრე ბრიუსელში, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ვიყავი, საელჩოდან წასვლის შემდეგ კი - საერთაშორისო ორგანიზაციებში.

მოგეხსენებათ, 2016 წელს "ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი ახალი ადამიანი შეუერთდა, არჩევნებზე პარტია განახლებული შემადგენლობით წარდგა და მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ალბათ ყველა ადამიანს აქვს წარმოდგენილი, რას უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში, ყველას თავისი საზომი აქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს, გახდეს ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იქნება ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ მკითხავთ, რა არის ჩემთვის მთავარი პოლიტიკური ამოცანა, გიპასუხებთ, რომ სწორედ ეს - ჩვენი ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაწევრება. ამას ოცნებას არ დავარქმევ, ეს არის ჩემი პოლიტიკური საქმიანობის მიზანი. ყველაზე ბედნიერი დღეები ვფიქრობ, წინ არის - ველოდები დროს, როდესაც ნატოში საქართველოს დროშა აღიმართება.

  • ტერაქტს გადარჩენილი

- მგონია, ცხოვრებაში უნდა გააკეთო ის, რაც რთულია და საინტერესო. მაშინ ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამაზე ვმუშაობდი და ცხელ წერტილშიც მიწევდა ჩასვლა. რთული ქვეყანა იყო ლიბია, მაგრამ საინტერესო გამოცდილება მივიღე. მიმაჩნია, რომ ცხოვრება, ზოგადად, საინტერესო გამოცდილებებისგან შედგება... არც ის იყო მარტივი, რომ 18 წლის ასაკში მარტო წავსულიყავი ამერიკაში. მაშინ ინტერნეტი, სკაიპი არ არსებობდა და სრულიად მოწყვეტილი იყავი შენს ოჯახს, მეგობრებს. მივიჩნევ, რომ რთული გადაწყვეტილებების მიღება ქმნის ადამიანს იმად, რაც არის. ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი...

ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე. სიმართლე გითხრათ, მაშინ ლიბიაში, ტრიპოლში ჩასვლა მართლა რისკის შემცველი იყო იმიტომ, რომ ჩამოშლილი იყო სახელმწიფო, არც პოლიცია ფუნქციონირებდა, არც - ჯარი, ხშირი იყო უცხოელებზე თავდასხმა და ტრიპოლში ვინმე უცხოელი თუ ჩადიოდა, არ იცოდა, რით დასრულდებოდა მისი ვიზიტი. ერთ-ერთი ჩასვლის დროს, სულ რაღაც წამებით ავცდი ტერორისტულ თავდასხმას და სასწრაფოდ ევაკუაციამ მოგვიწია. როცა ასეთ გარემოში მუშაობ საერთაშორისო მიმართულებით, უნდა იფიქრო შედეგებზე, თუმცა ასეთ პოლიტიკურ გარემოში მუშაობა, ამავე დროს, საინტერესოც არის...

  • "დეკლარაციაში უნდა შეიტანო, ძვირფასი საჩუქარიაო..."

- დიდი ხნის წინ, ირლანდიაში ჩემი სახსრებით შევიძინე ბინა. ჩემი ძმა ირლანდიის მოქალაქეა, ძმიშვილები მყავს ნახევრად ირლანდიელები და იქ ისინი ცხოვრობენ, ჩემი ოჯახის ნაწილი ირლანდიაშია. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ჩავდივარ...

ნიდერლანდების დედოფლის სასახლეში, რწმუნებათა სიგელის გადაცემისას

მთელი ცხოვრება სამ კონტინენტზე და 6 სხვადასხვა ქვეყანაში ვარ ნაცხოვრები და ნამუშევარი, მაგრამ, ჩემი აზრით, საკუთარ ქვეყანაში ყოფა-ცხოვრება ყველაფერს სჯობია. ამიტომაც კარგად მესმის ემიგრატების, მათი გულისტკივილის. შენს სახლში ყოფნას არაფერი სჯობს, მოგზაურობა კი ყველგან კარგია. აკადემიურ საქმიანობას ვეწევი და დღემდე ბრიუსელის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის მრჩეველი ვარ, ასევე, ვმუშაობ სადოქტორო დისერტაციაზე ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის თემაზე, ვკითხულობ ლექციებს. თავისუფალი დრო ცოტა მაქვს და ვცდილობ, ვიკითხო.

ადრე, ვიდრე ჩაგვკეტავდნენ, დაკავებული ვიყავი სპორტით - ცურვით და თხილამურებით სრიალით. ახლა, სამწუხაროდ, არც ერთია და არც - მეორე, ვცდილობ ეს დრო ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარო, ამისთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს. კიდევ, მყავს ძალიან საყვარელი არსება, ბიშონი ლუი, რომელიც 2 წლის წინ მაჩუქეს. სამწუხაროდ, ლუი დიდ დროს ჩემს მშობლებთან ატარებს, ესეც ჩემი მოუცლელობის გამო. მგონია, რომ შინაური ცხოველები ადამიანებს ცხოვრებას ულამაზებენ და უხალისებენ. ბატონი რომან გოცირიძე მეხუმრებოდა, ლუი დეკლარაციაში უნდა შეიტანო, - ძვირფასი საჩუქარიაო. ბავშვობიდან სულ მინდოდა, ძაღლი მყოლოდა და ახლახან ამისრულდა ოცნება..

  • "მალე დამთავრდა ჩვენი სიყვარულის ისტორია"

- სიყვარულის თემაზე არ მიყვარს საუბარი. მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა ცხოვრებაში ის არის, წყვილები ასაკში რომ არიან ერთად. ჩემი აზრით, ეს არის სიყვარული. ამიტომ არ ვიცი... მგონია, მანამდე ყველა ურთიერთობა გატაცებაა. ეს დიდი ხნის წინ იყო, ვიყავი ქორწინებაში.. მალე დამთავრდა ჩვენი ისტორია, დავშორდით... პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს და ამიტომ ვერ ვისაუბრებ.

  • მთავარი შემფასებელი შენი საკუთარი სინდისია

- ჩემი პრინციპი ცხოვრებაში ძალიან მარტივია - შენ უნდა იყო სწორი და მართალი საკუთარ თავთან. როდესაც სინდისთან, მსოფლმხდველობასთან ხარ მართალი, შეგიძლია აიტანო ნებისმიერი კრიტიკა, უსამართლობა და თავდასხმა, იმიტომ, რომ მთავარი შემფასებელი შენი საკუთარი სინდისია.

ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგთან ერთად

ჩემთვის ასეა, ამიტომ, რაც სწორად მიმაჩნია, იმას ვაკეთებ. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს არც კრიტიკა, არც თავდასხმა, მაგრამ მშვიდად შემიძლია ამას შევხედო იმიტომ, რომ ჩემს თავში ვარ დარწმუნებული, სწორი ნაბიჯი გადავდგი. ამაში თუ არ ვარ დარწმუნებული, მაშინ ვინერვიულებ. თუმცა ასეთი რამ ძალიან იშვიათად მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. თუ ყველანი ვთანხმდებით, რომ უსიამოვნო სანახაობაა ადამიანის თავზე ნაგვის დაყრა, მაშინ არ მესმის, რა არის აქ სადავო. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ "ქართულმა ოცნებამ” მოახერხა აქამდე მიეყვანა ქვეყანა - ჩაეტარებინა ისეთი არჩევნები, როგორიც ჩაატარა და მოეშალა ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპი. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ამ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

  • "მოდელების შექმნა, ჩემი ერთ-ერთი ჰობია"

- ვფიქრობ, ჩაცმის კლასიკური სტილი მაქვს, მაგრამ ხანდახან ცხოვრების გასახალისებლად საჭიროა ლურჯი, ან შავი პიჯაკის გახდა. მომწონს ფერადოვნება. ვერ ვიტყვი, რამე პრეფერენციები მაქვს, ჩემით ვარჩევ სამოსს. ზოგადად, დიზაინი ჩემი ჰობია. კერვა არ ვიცი, რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ მოდელების შექმნა ჩემი ერთ-ერთი ჰობია, თუმცა ამისთვის, სამწუხაროდ, დრო არ მაქვს. რომ მკითხოთ, პოლიტიკოსი რომ არა, ვინ იქნებოდიო, გეტყვით - დიზაინერი. ბავშვობაში ბალერინობა იყო ჩემი ოცნება, დავდიოდი ბალეტზე და ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც ვსწავლობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავაგრძელე საბალეტო კარიერა, არ მქონდა ამის მონაცემები. იმაშიც უნდა გამოვტყდე, რომ ხელსაქმე არ არის ჩემი ძლიერი მხარე.

  • "ცხოვრება მოგზაურობაა"

- მიყვარს გამოთქმა - ცხოვრება არის მოგზაურობა და არა - დანიშნულება. მეც ისე ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, როგორც მოგზაურობას. ერთი დანიშნულება უკვე გითხარით და ნამდვილად მინდა ამ დანიშნულებამდე - ნატომდე მივიდეთ. საერთოდ ყველანაირი პარტნიორობა არის მიზნისთვის. თუ შენი მთავარი მიზანი მოითხოვს პარტნიორობას და ეს ემსახურება მიზნის განხორციელებას, მაშინ ეს არის სწორი ასპარეზი. პოლიტიკა არ არის ერთადერთი სფერო, ბევრი ინტერესი მაქვს ცხოვრებაში. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარ ამოცანად მიმაჩნია იმ გზით გამოვიდეთ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანაა შესული, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და არა - პირიქით. არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც უკან ყურება სჩვევია. სალომე ყოველთვის მომავალზეა ორიენტირებული და სწორეცაა - უკან თუ იხედე, წინ ვერ წახვალ.