ავტორი:

20 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში და უნივერსიტეტებში მუშაობენ

20 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში და უნივერსიტეტებში მუშაობენ

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში უამრავი ქართველი მეცნიერი საქმიანობს. საქართველომ ბევრის სახელი და გვარი მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ქვეყანას მათი ინტელექტუალური თუ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება დასჭირდა.

AMBEBI.GE წარმოგიდგენთ 20 ქართველ მეცნიერს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილნი არიან და მნიშვნელოვან პროექტებშიც მონაწილეობენ:

  • გიორგი ბაბუაძე

კანადაში, ლავალის უნივერსიტეტში მუშაობდა. დოქტორანტი მოლეკულური ვირუსოლოგიის მიმართულებით, 2017 წლიდან დნმ-ის სხვადასხვა ტიპის ვაქცინაზე მუშაობდა.

ბაბუაძე კანადაში მეცნიერთა იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც სწორედ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის შექმნაზე იმუშავა. ამ ტიპის ვაქცინა ორგანიზმში ცოცხალი ვირუსის ან ანტივირუსის შეყვანას არ საჭიროებს, არამედ, დნმ პლატფორმის მეშვეობით, ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმია. გიორგი ბაბუაძე 2020 წლის ივნისიდან ტორონტოში, სანიბრუკის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტში მუშაობს.

  • მამუკა მაჩაიძე

ქართველი ფიზიკოსი და ინფექციონისტი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი-ინფექციონისტი ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილი გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.

ის ხშირად აქვეყნებს კორონავირუსის შესახებ სამეცნიერო მიმოხილვას და დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად საზოგადოებას რჩევებს სთავაზობს. მედიცინის დოქტორი სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებში იღებს მონაწილეობას. დამთავრებული აქვს ემორის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტები.

  • გოჩა ხელაშვილი

სხივური თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი, ფიზიკის აკადემიური დოქტორია, რომელიც უკვე 25 წელია, აშშ-ში მოღვაწეობს. არის სამედიცინო ფიზიკოსი ჩიკაგოში, ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო აკედემიურ ცენტრში.

ამასთან, მისი ჩართულობით ხორციელდება სხივური თერაპიის კურსის დაგეგმარება ონკოლოგიის ცენტრში. გოჩა ხელაშვილს ფიზიკის მიმართულებით ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა აქვს დამთავრებული, დოქტორის აკადემიური ხარისხი კი ილინოისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო.

  • სოფია ადამია

აშშ-ში მცხოვრები ქართველი დოქტორი საქმიანობს დან-ფარბერის კიბოს ინსტიტუტსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში.

მისი კვლევის მიმართულებებია: ონკოლოგია, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეები (ლეიკემია, მიელომა), ადამიანის გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია. სამეცნიერო ლიტერატურის ყველაზე დიდ ონლაინ-ბიბლიოთეკა Google Scholar-ზე მისი 140 პუბლიკაცია იძებნება.

  • თენგიზ გლოველი

გერმანიაში სამუშაოდ 1992 წელს წავიდა - ის ბერლინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის Charité-ს ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორია, ასევე, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ნერვული ქსელის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი თავის ტვინის ნორმალური და პათოლოგიური აქტივობის მექანიზმებს იკვლევს.

  • მერაბ კოკაია

პროფესიით ფიზიოლოგი, წლებია შვედეთში საქმიანობს. ის დღესდღეობით არის: ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტრის ეპილეფსიის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1998 წლიდან - ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტი ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში; 2008 წლიდან - პროფესორი; 2011-დან - ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2013-დან - ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი;

მერაბ კოკაიას სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში 120-ზე მეტი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. ლაბორატორია, რომელსაც ქართველი მეცნიერი ხელმძღვანელობს, კვლევებს ატარებს ნევროლოგიური დაავადებების, კერძოდ, ეპილეფსიის მკურნალობის ახალ მეთოდებზე. ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორია მერაბ კოკაიას უმცროსი ძმა, ზაალ კოკაიაც. 2010 წლიდან ის შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიულ კვლევით დარგს ხელმძღვანელობს.

  • თამარ პაზიაშვილი

სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორია. რამდენიმე წლის წინ ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის Michael Prize-ის ჯილდო გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებითაც მღრღნელებს ოპტოგენეტიკის (ნერვული უჯრედების გამოკვლევის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შედგება მასში მემბრანების მოთავსებით სპეციალური გზებით "ოპსინებით") დახმარებით ეპილეფსიური კრუნჩხვები უწყდებათ.

პაზიაშვილმა, ასევე, აღმოაჩინა ნეირონების წრედი, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია. ის 33 წლის ასაკში სან-ფრანცისკოსა და სტენფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორი გახდა და გლადსტოუნის ინსტიტუტმა ლაბორატორიის გახსნა შესთავაზა, რომელსაც მისი სახელი დაერქვა (Paz Lab). აღნიშნულ ლაბორატორიაში ადამიანის ტვინსა და ტვინის პრობლემებს იკვლევენ.

  • ალექსანდრე ესაძე

ჰოპკინსის უნივერსიტეტში ერთ-ერთია მეცნიერთა ჯგუფში, რომელიც შიდსის მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს.

ახალგაზრდა მეცნიერმა სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობა 2008 წელს ტეხასის უნივერსიტეტში დაიწყო. მისი საკვლევი მიმართულებებია: დნმ-ის აღდგენა, დნმ-ის გამარტივებული სკანირება, იმუნოლოგია/ვირუსოლოგია/უჯრედის ბიოლოგია. Google Scholar-ზე ალექსანდრე ესაძის 32 ნაშრომის მოძიებაა შესაძლებელი.

  • გია დვალი

მისი სახელი და გვარი სხვა მეცნიერებთან შედარებით ყველაზე კარგად ნაცნობია ქართული საზოგადოებისთვის. დვალი ევროპის ბირთვული კვლევების ლაბორატორია CERN-ში მიმდინარე დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში მონაწილეობდა, რაც დიდი აფეთქების თეორიის ექსპერიმენტულ მოდელირებას გულისხმობს. სწორედ მასშტაბური კვლევებისა და რევოლუციური თეორიების გამო ქართველი ფიზიკოსი პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატი გახდა.

ამასთან, დვალი მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი და ასევე, ნიუ-იორკის სამეცნიერო უნივერსიტეტის პროფესორია თეორიულ ფიზიკაში. ძირითადად, მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. გია დვალის ექსპერიმენტები გერმანიის სამეცნიერო ინსტიტუტმა სამმილიონ-ნახევარი ევროთი დააფინანსა.

  • ვლადიმერ პაპიტაშვილი

ის ყველაზე გავლენიანი მეცნიერია ანტარქტიდის კონტინენტზე.1990 წლიდან აშშ-ში საქმიანობს. პაპიტაშვილი ამუნდსენ-სკოტის სამხრეთ პოლუსის სადგურის მთავარი მეცნიერია, ანტარქტიდის კონტინენტზე ამერიკულ სამეცნიერო პროგრამას ხელმძღვანელობს და დედამიწის სამხრეთ პოლუსზე კვლევებს ატარებს.

დედამიწის ყველაზე ცივ კონტინენტზე მდებარე ამერიკულ სადგურში მკვლევარები სპეციალური აპარატით თვეების განმავლობაში იკვლევენ 2000 მ სიღრმეზე გაბურღულ ყინულს. ქართველი ფიზიკოსი და მეცნიერებათა დოქტორი მიჩიგანის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

  • ლერი დათაშვილი

20 წელია, გერმანიაში, მიუნხენში ცხოვრობს და მიუნხენის აეროკოსმოსურ ინსტიტუტში საქმიანობს. ის ერთ-ერთი იყო ქართველ კონსტრუქტორთა შორის, რომელთაც პირველი ქართული კოსმოსური ანტენა დაამზადეს - მეცნიერი პირველი კოსმოსური ანტენის პულტზე მუშაობდა.

ახორციელებს ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტებს და ამასთან, არის პროფესორი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. გარდა ამისა, ლერი დათაშვილი გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეა.

  • თეიმურაზ ლომთაძე

25 წელიწადზე მეტია, იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პიზის დეპარტამენტის ფიზიკოს-ექსპერიმენტატორია.

ამასთან, არის CERN-ის ექსპერიმენტის: კომპაქტური მიონური სოლენოიდის დეტექტორის წევრი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს 2019 წელს იტალიის ელჩმა საქართველოში, ანტონიო ბარტოლიმ მას იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა, რომელიც ქართველ მეცნიერს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა.

  • არჩილ კობახიძე

ავსტრალიაში, სიდნეის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის ასოცირებული პროფესორია 2012 წლიდან. მანამდე იყო ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარი, ასევე მონაწილეობდა კვლევებში აშშ-ში - ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში და მელბურნის უნივერსიტეტში.

მისი კვლევები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: თეორიული ნაწილაკების ფიზიკა, გრავიტაცია და კოსმოლოგია. Google Scholar-ზე კობახიძის 144 ნაშრომს ვხვდებით.

  • ვახტანგ ქართველიშვილი

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, CERN-ის ასოცირებული თანამშრომელი და ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორია. მეცნიერი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს პედაგოგიურ და კვლევით მოღვაწეობას.

სპეციალობით თეორეტიკოსმა ფიზიკოსმა მანჩესტერის უნივერსიტეტში, ლექტორის პოზიციაზე დაახლოებით 25 წლის წინ დაიწყო მუშაობა. ის ასევე ექსპერიმენტული ჯგუფებისთვის მუშაობდა და მათი დავალებით სწავლობდა დეტექტორის ეფექტებს. ვახტანგ ქართველიშვილმა თავისი მეთოდი შეიმუშავა, მისი ნაშრომი 1996 წელს გამოქვეყნდა და ამჟამად 100-ზე მეტ ანალიზშია გამოყენებულია.

ფიზიკოსი CERN-თან (ატომური ფიზიკის ევროპული ცენტრი) თანამშრომლობს: როგორც მანჩესტერის უნივერსიტეტის ექსპერიმენტატორი ჯგუფის წევრი, იგი მუშაობდა CERN-ის წინა ამაჩქარებელის ერთ-ერთი ექსპერიმენტში - OPMM; ასევე,“ატლასის“ ექსპერიმენტში და რამდენიმე ანალიზში კვარკოლიუმის ფიზიკის მიმართულებით. ვახტანგ ქართველიშვილის პირველი კონტაქტები CERN-თან მოსკოვში ყოფნის პერიოდს უკავშირდება, როდესაც იგი ასპირანტურაზე სწავლობდა.

  • ია იაშვილი

ფიზიკის დოქტორი და პროფესორი ნიუ-იორკის სახელმწიფო (ბუფალოს) უნივერსიტეტში. იაშვილმა სადოქტორო დისერტაცია ბერლინში, ჰუმბოლტის უნივერსიტეტში დაიცვა. მისი კვლევის სფეროა მაღალი ენერგიის ფიზიკა, მის სპეციალობაში შედის: ექსპერიმენტული მაღალი ენერგიის ფიზიკა და ნაწილაკების ფიზიკა.

ია იაშვილი და ავთო ხარჩილავა

  • ავთო ხარჩილავა

ბუფალოს უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში კიდევ ერთი ქართველი დოქტორი საქმიანობს, რომლის კვლევის არეალიც მაღალი ენერგიის ექპერიმენტებია. როგორც იაშვილი, ასევე ხარჩილავა თანამშრომლობენ CERN-თან.

  • ზურაბ გუგუჩია

დოქტორი ფიზიკის დარგში შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო ცენტრის - პოლ შერერის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი და მაღალი ველის მიუონის ლაბორატორიაზე პასუხისმგებელი პირია. პარალელურად მიწვეული მეცნიერია პრინსტონის უნივერსიტეტში.

2016-2018 წლებში მუშაობდა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პოსტდოქტორის პოზიციაზე. ზურაბ გუგუჩიას კვლევები შემდეგ მიმართულებებზე ფოკუსირდება: მაღალტემპერატურული ზეგამტარობის მექანიზმის დადგენა, ახალი თვისებების მქონე ტოპოლოგიური ზეგამტარების და მაგნიტების შესწავლა და ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარების შექმნა.

ჯერ მხოლოდ 33 წლის ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა სრულიად ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარები. ამასთან, მის სახელს უკავშირდება პრინციპულად ახალი თვისებების მქონე ე.წ. ტოპოლოგიური (ვეილის) ზეგამტარული და მაგნიტური ნივთიერებების მიკროსკოპულ დონეზე შესწავლა მიუონის სპინის ბრუნვის მეთოდით. Google Scholar-ზე გუგუჩიას 166 ნაშრომი იძებნება.

  • ესტატე ხმალაძე

ველინგტონში, ახალ ზელანდიაში საქმიანობს და ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში მუშაობს. ის სტატისტიკოსია და ყველაზე მეტად ცნობილია თავისი - "ხმალაძის ტრანსფორმაციით" სფეროში შეტანილი წვლილით. ხმალაძე თბილისიდან სიდნეიში, ავსტრალიაში 1996 წელს, შემდეგ კი ველინგტონში, ახალ ზელანდიაში გადავიდა, სადაც 2002 წელს სტატისტიკის პროფესორად დაინიშნა.

ხმალაძის შემოქმედების დამახასიათებელი ნიშანი ერთმანეთისგან დაშორებულ ანალიტიკურ თემებს შორის კავშირის ძიებაა. მისი მათემატიკური კვლევის უმეტესი ნაწილი ემპირიულ პროცესებსა და სტატისტიკური ჰიპოთეზის შემოწმების დროს განაწილებისგან თავისუფალ მეთოდებზეა კონცენტრირებული.

ესტატე ხმალაძე მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: სტატისტიკის გამოყენება, ციტო-გენეტიკა, ფიზიოლოგია, დემოგრაფია და დაზღვევა, ტექსტების სტატისტიკური ანალიზი, ეკონომიკისა და ფინანსების სხვადასხვა პრობლემები.

  • თეიმურაზ ფირაშვილი

ქართველი მათემატიკოსია, რომელიც 2006 წლიდან დიდ ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტში მუშაობს - ჯერ ლექტორად, 2007 წლის შემდეგ კი - პროფესორად. ის 1999 წელს ჰუმბოლტის საზოგადოების პრემიის ლაურეატი გახდა.

გარდა ამისა, არის საფრანგეთის რიგი უნივერსიტეტების (სტრასბურგი, ნიცა, ნანტი, მონპელიე, პარიზი) სადოქტორო დისერტაციების ჟიურის წევრი. ფირაშვილი 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორია. ამასთან, არის ჟურნალ “Extracta Mathematicae” სარედაქციო კოლეგიის წევრი. მეცნიერი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, როგორც მომხსენებელი, ასევე, როგორც თანაორგანიზატორი.

  • ქეთევან მამისეიშვილი

დაახლოებით 20 წელია, აშშ-ში ცხოვრობს. ის აკადემიური და სტუდენტური საკითხების ასოცირებული დეკანი და უმაღლესი განათლების პროფესორია არკანზასის უნივერსიტეტის განათლებისა და ჯანდაცვის კოლეჯში. მაგისტრის ხარისხი მოიპოვა აშშ-ში, მისურის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ლიდერობისა და პოლიტიკის ანალიზის სფეროში.

2008 წლიდან მუშაობს არკანზასის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, რეაბილიტაციის, ადამიანური რესურსების და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ქეთევან მამისეიშვილს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული წამყვან ჟურნალებში. ამასთან, არის ორი საერთაშორისო კონფერენციის მიმომხილველი და უმაღლესი განათლების მიღების ასოციაციის ერთ-ერთი სხდომის თავჯდომარე.