ავტორი:

13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო

13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო

13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები ოჯახმა თავისი ინიციატივით განაახლა.

როგორც დაკარგული მოზარდის მამა დავით ფილფანი AMBEBI.GE-სთან საუბრში აცხადებს, ამ დროისთვის არც ოჯახს და არც გამოძიებას რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე და წინსვლა არ აქვთ.

"მას შემდეგ, რაც ენგურჰესი გააჩერეს და კაშხალთან წყლის დონემ დაიკლო, ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დავიწყეთ. ტერიტორია ძალიან დიდია და წყლის დონის დაკლების შემდეგ იქ ისეთი ტალახია და ყველგან ფეხით მისვლა შეუძლებელია, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს ამ ტერიტორიების დრონების მეშვეობით დათვალიერება ვთხოვე და შეასრულეს.

საერთოდ, ჩვენი ძალებით ვახორციელებთ სამძებრო სამუშაოებს, თუმცა თუ დახმარება დაგვჭირდება, ვთხოვთ შესაბამის უწყებებს" - ამბობს დავით ფილფანი.

უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ბიჭის საქმეში "ადამიანის უფლებათა ცენტრია" ჩართული. ორგანიზაციის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის თქმით, დაზარალებულად ცნობილმა ოჯახმა პროკურატურისგან საქმის მასალები უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს.

"ჩვენ სექტემბრიდან ჩავერთეთ ამ საქმეში. იმ ეტაპზე ოჯახს არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი და ჩვენი მიმართვის საფუძველზე მიანიჭეს. რაც შეეხება გამოძიების პროცესს, ამ დროისთვის ვერაფერს გეტყვით, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია რა გააკეთეს საგამოძიებო უწყებებმა და რა სიახლეები იკვეთება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში მივიღებთ საქმის მასალებს და გვეცოდინება ამ კითხვებზე პასუხები.

მოგეხსენებათ, დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ საპროცესო კოდექსში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულკს აქვს უფლება მიიღოს საქმის მასალების ქსეროასლები. აქამდე მხოლოდ ადგილზე გაცნობა და ხელით გადმოწერა იყო შესაძლებელი. უახლოეს მომავალში ველოდებით საქმის ქსეროასლებს და უკვე გვექნება ნათელი წარმოდგენა რა მიმართულებით მუშაობს გამოძიება - რა გაკეთდა და რა უნდა გააკეთონ" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან დიმიტრი ნოზაძე.

ცნობისთვის, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 2020 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მოზარდს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. ოჯახმა ბავშვის პოვნისათვის ფულადი ჯილდოც დააწესა.

ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.