ავტორი:

"მოღალატეებად გამოაცხადეს და ახლა ორი-სამი კაცის შესვლა რომ "გააპრავონ" პარლამენტში, უშვებენ" - რა შეფასებები მოჰყვა მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას?

"მოღალატეებად გამოაცხადეს და ახლა ორი-სამი კაცის შესვლა რომ "გააპრავონ" პარლამენტში, უშვებენ" - რა შეფასებები მოჰყვა მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას?

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ეს პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგია.

ალეკო ელისაშვილი: "ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა როდესაც სახელმწიფო ტყუილუბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია , რომ “ქართული ოცნება“ გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: ფარისევლობს, ვინც ამტკიცებს, რომ მელაშვილი-ილიჩოვას გამოშვება ოპოზიციის მიმართ რევერანსია.ეს ადამიანები თვითონ ხელისუფლებისთვის იქცნენ სერიოზულ ტვირთად და ამ თემის ჩაფარცხვა მათივე პოლიტიკური ინტერესია.

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი: "ციხეში გამოამწყვდიეს ხალხი, გაანადგურეს. სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს ასაკოვანი ხალხი და ახლა, ორი-სამი კაცის შესვლა რომ "გააპრავონ" პარლამენტში, უცებ უშვებენ. ეს ყველაფერი იმის პირდაპირი აღიარებაა, რომ სისტემამ შეიძლება გაგანადგუროს და შენი ქვეყნის მოღალატედ ისე გამოგაცხადოს, თუ არჩევნებისთვის დასჭირდება, სულ ფეხებზე ეკიდოს, გული გაგისკდება თუ არა უმძიმესი ბრალდებებით და ტყვეობით..

კიდევ უფრო გავბრაზდი ამ ორი მეცნიერის უდანაშაულოდ დატყვევების გამო. ახლა კიდევ უფრო მეტად გავბრაზდი. სამარცხვინოები. თავად მოღალატეები . სულ თავში უნდა ურტყა ეს საქმე ყველა იმ უნამუსოს, ვინც ორი მხცოვანი მეცნიერის დამნაშავეობას უმტკიცებდა ქვეყანას".

ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი : პირველ რიგში ვულოცავ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას!"მაგარი" მართლმსაჯულების სისტემა გვაქვს. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ "სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი!"თან იქამდე ნათქვამი აქვს, რომ პარლამენტში არ შევალ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიანო.ეს ყველაფერი ნორმალურია?

პროკურატურამ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა და პატიმრობიდან გაათავუსუფლა ისინი.პოლიტიკოსების შეთანხმება, რომ საბოლოოდ მართლმსაჯულების პროცესებზე აისახება, ჯერ ეს არის პრობლემა სასამართლოს დამოუკიდებლობის კონტექსტში.და მერე, ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომ ეს სატრაბახო ჰგონია ძალიან უხერხულია!

ზაზა ბიბილაშვილი: "მელაშვილის და ილიჩოვას დროებით გათავისუფლებაზე მეტად გამახარებს მათი ფორმალური გამართლება. ალბათ ამაზე მეტად გამახარებს ამ საქმის შემკვეთებისა და შემსრულებლების მართლმსაჯულების ხელში გადაცემა. მანამდე კი, შევეცდები, გული არ ამერიოს, როცა კინტო ელისაშვილი იტყვის, ივანიშვილის მიერ მძევლების გათავისუფლება ჩემი და თავდაუბანელი ბოლშევიკის მოლაპარაკების შედეგი იყოო".

ირაკლი ქადაგიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: "მე ერთ რამეს, მინდა, მკაფიოდ გავუსვა ხაზი, რამდენი პოლიტიკური პარტიაც არის საქართველოში და რამდენი ექსპერტიც არის, რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი და დღის წესრიგი გააჩნია და ყველა მოვლენას თავისი დღის წესრიგიდან გამომდინარე აფასებს. ამ შემთხვევში მე მაინც ვიხრები იქითკენ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა მუშაობს და დღეს საკმაოდ დასაბუთებული ახსნა მოგვცა პროკურატურამ, თუ რატომ აღარ წარმოადგენს აუცილებლობას, რომ ეს ორი ბრალდებული შეიძლება, რომ გარეთ გამოვიდნენ გირაოთი. ყველა ის საგამოძიებო ქმედება, ყველა ის ჩვენება და მტკიცებულება, რომელიც ამ ორი ადამიანისგან სჭირდებოდა გამოძიებას მოპოვებულია, ამიტომ მათთვის დამატებით ინტერესს მათი იზოლაციაში ყოფნა აღარ წარმოდგენს.

აქედან გამომდინარე, ეს მიმაჩნია სწორ განმარტებად, ის რომ ზოგადად განცხადებები და მოვლენები დროში ერთმანეთს შეიძლება ემთხვეოდეს, არ ნიშნავს იმას, რომ ესენი ერთმანეთთან არიან კავშირში. აქედან გამომდინარე აქ პოლიტიკური მდგენელი არ არის. ჩემთვის ამ საქმეში არის ერთი მთავარი პოლიტიკური მდგენელი, რომ როცა სასამართლო დაასრულებს ამ საკითხის განხილვას და თუ სასამართლო დაამტკიცებს და დაადასტურებს იმას, რომ იქ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დავით გარეჯის ნაწილში იქნება თუ ნებისმიერ სხვა ნაწილში, ეს არის ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე პოლიტიკური კავშირი ამ საქმესთან. სხვა მხრივ მე ყოველ შემთხვევში, "ქართული ოცნების" მხრიდან ამ საკითხზე ვერანაირ პირდაპირ პოლიტიკურ კავშირს ვერ ვხედავ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი: "თუ სამშობლო გაყიდეს - გირაოთი როგორ უშვებთ, მაგაზე უარესი რა უნდა ჩაედინათ.და თუ არ გაუყიდიათ - მაშინ გარეჯი საქართველოაო, რას ბღაოდით?".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: ხელისუფლების მომხრეებს მინდა გკითხოთ: არც ახლა გჯერათ, რომ მელაშვილის და ილიჩოვას დაპატიმრება პოლიტკური სპექტაკლი იყო?როცა მათ წინასწარ პატიმრობას ვაპროტესტები (დავაკონკრეტებ, წინასწარ პატიმროაბზე ვსაუბრობ და მათ დამნაშავეობა-უდანაშაულობას არ ვარკვევე ახლა), თქვენ მიწერდით: ეტყობა, რაღაც საფრე არის მათ გარეტ დატოვებაშიო და ახლა აღარაა ეს საფრთხე?ან იქნებ გგონიათ, რომ ეს გამოშვება შემთხვევიტ დაემტხვა დროში იმ დღეების მოახლოაბს, როცა უნდა გადაწყდეს, რამდენი დეპუტატი შევა პარლამენტში? თუ ისიც შემთხვევითი დამთხვევა გგონიათ, „ოცნებასთან“ მოლაპრაებების შემდეგ ელისაშვილი რომ აცხადებდა, ჩვენ პოლიტპატიმრების საკითხი დავაყენეთო და დღეს ეს ხალხი რომ გამოუშვეს?არავინ გიშლით რომელიც გინდატ იმ ხლეისუფლების მომხრე იყავიტ, მაგრამ ადამიანების ბედით თამაშს ნუ გაუპრავებთ ნურავის!

„ვოლვო კავკასიის“ ახალი შოურუმი ახლა უკვე უზბეკეთში

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაქვთ დანიშნული, ქვეყანაში კი კომენდანტის საათია?

"საკურთხეველთან ყავარჯნით მისვლაზე არც ერთი პატარძალი არ ოცნებობს, მაგრამ..." - ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა