ავტორი:

"მათ გააჩნდათ უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშზე ანაბარი... გირაოს განსაზღვრისას მხედველობაში ეს იყო მიღებული" - პროკურორი

"მათ გააჩნდათ უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშზე ანაბარი... გირაოს განსაზღვრისას მხედველობაში ეს იყო მიღებული" - პროკურორი

გირაოს ოდენობის განსაზღვრისას ბრალდების მხარის მიერ მხედველობაში იყო მიღებული ბრალდებულების ქონებრივი და მატერიალური შესაძლებლობები, - ამის შესახებ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებულებს გააჩნდათ, როგორც უძრავი ქონებები ასევე, ანაბარი, რაც თავისუფლად უზრუნველყოფდა გირაოს გადახდას.

“ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი სახით შეცვლის თაობაზე, რაც განპირობებული იყო ძირითადად იმით, რომ ბრალდებულების მიმართ უკვე ამოწურული არის გამოძიება და ის საფრთხეები, რაც არსებობდა თავდაპირველი გადაწყვეტილების მიღებისას პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში არ იყო იმ სტანდარტით უკვე წარმოდგენილი, რომ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. შესაბამისად, უფრო ნაკლებად მძიმე ღონისძიებას უკვე შეეძლო უზრუნველყო პროცესის მიზნები.

თანხასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გირაოს ოდენობის განსაზღვრისას ბრალდების მხარის მიერ მხედველობაში იყო მიღებული ქონებრივი და მატერიალური შესაძლებლობები ბრალდებულების. მათ გააჩნდათ როგორც უძრავი ქონებები ასევე, საბანკო ანგარიშზე ანაბარი, რაც თავისუფლად უზრუნველყოფდა მათ მიერ აღნიშნული ოდენობით გირაოს გადახდას. ამავდროულად, პატიმრობის დროს ივერი მელაშვილს შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება, პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მას აღუდგებოდა უფლებამოსილება, მისი თანამდებობაზე ყოფნა იყო დამაზიანებელი მართლმსაჯულებისთვის და გამოძიებისათვის, ამ მოტივით ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი იქნა თანამდებობიდან გადაყენება რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა და დაკმაყოფილდა”, - განაცხადა მუჯირმა.

ამასთან, პროკურორის თქმით, ივერი მელაშვილი ადამიანი ზემდგომი თანამდებობის პირების მითითების მიხედვით მოქმედებდა და ეს პროცესი იყო საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

“ადვოკატები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელი იმდენად რამდენადაც თვალსაჩინო არის, თავად ივერი მელაშვილი ამბობს, რომ მას არ სურდა ხელმოწერა იმ ალბომებზე, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს საზიანოდ მიღებულ შეთანხმებას და ციტირებას მოვახდენ - "ნასტრაენია" იყო მაშინ ესეთი და ამიტომ მოუწია ხელის მოწერა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ადამიანი ამ პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების მითითების მიხედვით მოქმედებდა და ეს პროცესი იყო საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ”, - განაცხადა გიორგი მუჯირმა.

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავჯდომარის, გიორგი მანჯგალაძის და სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის მალხაზ მიქელაძის მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს და აღნიშნავს, რომ არც ერთი თანამდებობის პირი არ იქნება საგამოძიებო ორგანოსთვის დამაბრკოლებელი.

“მოდით, გავმიჯნოთ ორი სისხლის სამართლის საქმე, ეს არის ერთი - კონკრეტულად ამ ბრალდებულთა მიმართ წარმოებული და მეორე გახლავთ უკვე ის დავალების გამცემი პირი თუ პირთა წრე, რომელიც პირდაპირ შემხებლობაში იყო დანაშაულთან. ამ მეორე სისხლის სამართლის საქმეზე ბუნებრივია არსებობს საჯარო ინტერესი, ბუნებრივია არსებობს საზოგადოების ინტერესი, საგამოძიებო ორგანო მოწადინებულია, რომ ყოველმხრივ და სრულყოფილად იქნას გამოძიება წარმოებული და ამ მიზნიდან გამომდინარე მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ წინასწარი პროგნოზები გავაკეთო.

გამორიცხული არ არის, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირის მიმართ იარსებებს შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები, რაც საკმარისია პირის ბრალდებისათვის. არც ერთ პირზე - ანუ საკითხი ეხება საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინტერესს არც ერთი თანამდებობის პირი თუ პიროვნება არ იქნება საგამოძიებო ორგანოსთვის დამაბრკოლებელი, რომ შესაბამისი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა”, - აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გამართლდა - ვინ ცნო სასამართლომ დამნაშავედ?

ივერი მელაშვილის ადვოკატის კომენტარი ტექნიკის მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც მის კლიენტს "მოღალატე" და "გამყიდველი" უწოდეს

რას აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის ახალდანიშნული უფროსი, რომელსაც ბრალს დებენ, რომ 2012-წლამდე "ოცნებას" "ატერორებდა"